“ჰათაისფორი” ადასტურებს: “ჰალმა” ლობჟანიძის თაობაზე მოგვმართა”

შოთა არველაძის “ჰალ სიტი” საქართველოს ნაკრებისა და “ჰათაისფორის” გარემარბ საბა ლობჟანიძეს ინგლისურ გუნდში იწვევს. ეს ინფორმაცია თურქული კლუბის ვიცეპრეზიდენტმა მუსტაფა ოზათმა დაადასტურა.

“ჰალ სიტიმ” საბა ლობჟანიძისა და აუბ ელ-ქააბის თაობაზე წინადადებით მოგვმართა. ჩვენ ეს საკითხი კლუბის დირექტორთა საბჭოსთან ერთად განვიხილეთ, თუმცა სატრანსფერო საფასური ჯერ არ დაგვიდგენია”, – ციტირებს ოზათის სიტყვებს Ajansspor-ი.

საბა ლობჟანიძემ 2021-2022 წლების სეზონში “ჰათაისფორის” ფორმით 40 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ოთხ მილიონ ევროდ აფასებს.

შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

შოთა არველაძის “ჰალს” თავი ქუდში აქვს

ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “კარდიფ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ვეფხვებმა” ჩემპიონშიფში ადგილი საბოლოოდ შეინარჩუნეს.

“ჰალის” უშუალო კონკურენტმა “ბარნსლიმ” გასვლაზე “სუონსი სიტისთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. ამ შედეგის გათვალისწინებით, “ჰალ სიტის” ჩემპიონშიფიდან გავარდნის თეორიული შანსიც გაქრა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონიდან სამი გუნდი ვარდება: 28 ქულით ბოლო, 24-ე ადგილზეა უეინ რუნის “დერბი ქაუნთი”, რომელსაც ორი ქულით უსწრებს “ბარნსლი”, ხოლო “პიტერბორო იუნაიტედს” 31 პუნქტი აქვს მოგროვებული. “ჰალი” 47 ქულით გათამაშების მე-19 პოზიციაზე არის გამწესებული.

“ჰალის” მფლობელი კლუბის ფანებს თურქეთში დაასვენებს

“ჰალ სიტის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუმზადა. თურქი ბიზნესმენი ზაფხულში 500 ქომაგს თურქეთში დაასვენებს.

ილიჯალი ფანებს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრებს და ხუთი დღის განმავლობაში ანთალიის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უმასპინძლებს. ბიზნესმენი ყველა ხარჯს თავად დაფარავს. იღბლიან ქომაგთა ერთი ნაწილის ვინაობა ლატარიის მეშვეობით გაირკვევა, მეორე ნაწილი კი ის ფანები იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში “ჰალის” ყველაზე მეტ მატჩს დაესწრებიან.

“ვოცნებობ ისეთ სიგიჟეებზე, როგორიცაა “ჰალის” ხალხის თურქეთში დასვენება და მათთვის ჩემი ქვეყნის სილამაზის გაცნობა”, – ციტირებს ილიჯალის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე დანიშნა. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია და გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.

“ჰალში” არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა (ფოტოები)

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურის მატჩში “სუონსი სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. “ვეფხვები” ტომ ივსმა შეხვედრის მე-5 წუთზე დააწინაურა, მე-17 წუთზე კი კინ ლიუს-პოტერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. დარჩენილ დროში “ჰალმა” უპირატესობა შეინარჩუნა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

გუნდმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგო, აქტივში 32 ქულა დააგროვა, მე-18 პოზიციამდე ამოვიდა და გასავარდ ზონას 12 პუნქტით დაშორდა. “ჰალი” მომდევნო ტურში გათამაშების შუაადგილოსან “პრესტონს” უმასპინძლებს. შეხვედრა 5 თებერვალს ჩატარდება.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩიდან შოთა არველაძის ფოტოკოლაჟს.

შოთა არველაძემ “ფახთაქორი” დაადასტურა

შოთა არველაძე ოთხთვიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერას აგრძელებს. ქართველმა სპეციალისტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს.

“ამ ეტაპზე თითქმის გადაწყვეტილია ჩემი უზბეკეთში წასვლა. ახლა ფორმალური საკითხების მოგვარებას ველოდები. ბევრი ლოდინი არ დამიწყია, არსებულთაგან ყველაზე კარგი შემოთავაზება ავარჩიე”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ არველაძე ბოლოს თელ-ავივის “მაქაბის” წვრთნიდა, რომელიც იანვარში დატოვა.

“ფახთაქორს” უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების მე-12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია უკავია.

შოთა არველაძე “მაქაბის” ხვალ შეუერთდება

შოთა არველაძე თელ-ავივი “მაქაბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. კლუბი ხვალ ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. 43 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს, სავარაუდოდ, ავსტრიაში, ხვალ შეუერთდება. კლუბი არველაძეს ოფიციალურად ხვალვე წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, შესაძლო გახანგრძლივების პირობით.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე უკანასკნელად “ტრაბზონსფორს” თავკაცობდა. მან თურქული კლუბი გასული წლის ნოემბერში დატოვა.

თელ-ავივის “მაქაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შოთა არველაძე თელ-ავივის “მაქაბის” ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა, ისრაელში გააგრძელოს. “სპუტნიკის” ცნობით, 43 წლის ქართველი სპეციალისტით თელ-ავივი “მაქაბი” არის დაინტერესებული და მეტიც, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა. წყაროს თანახმად, არველაძე ჯამაგირის სახით წელიწადში მილიონნახევარ ევროს მიიღებს, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში კი, ამ თანხას ბონუსები დაემატება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე უკანასკნელად “ტრაბზონსფორს” თავკაცობდა. მან თურქული გუნდი გასული წლის ნოემბერში დატოვა.

თელ-ავივის “მაქაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

“ტრაბზონსფორმა” ათკაციანი “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორმა” მაკედონიური “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა ბალკანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. არველაძემ იმ მატჩის შემდეგ თქვა, შინ მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ჩვენ მოვიპოვებთო, თუმცა ასე არ მოხდა.

მართალია, უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ თურქი ქომაგები ცოტა შეფიქრიანდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა ოქაი იოქუშლუმ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, 2007 წელს შოთა არველაძემ შოტლანდიის ნაკრებს რომ შეუგდო. ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. თურქები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა მცველ დუშკო ტრაიჩევსკის 65-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. “რაბოტნიჩკი” მთელი ძალით თავს იცავდა და როგორც იტყვიან, გაძლებაზე იყო, “ტრაბზონსფორმა” კი რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ხან მაკედონიელთა მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი თამაშობდა ბრწყინვალედ, ხანაც თურქი ფეხბურთელები სცოდავდნენ ბოლო მომენტში. შეხვედრის ძირითადი დრო “ტრაბზონსფორის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. მართალია, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა შეცვლაზე შესული კირე მარკოსკი 112-ე წუთზე თავის მეურვეს დაუსხლტა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში სტუმრებს უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში თურქებს ერთი გოლიც არ ჰყოფნიდათ, თუმც ვერც იმ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ევროსარბიელს გამოეთიშნენ.

ვის შეხვდება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში “რაბოტნიჩკი”, ეს დღეს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “რაბოტნიჩკი” 1:1 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 1:2)

გოლები: იოქუშლუ 55′ — მარკოსკი 110′.
გაფრთხილებები: კონსტანტი 64′, დენის ილმაზი 78′, მბია 80′, კარდოსო 112′ — ტრაიჩევსკი 44′, ალტიპარმაკოვსკი 64′, ილიოსკი 65′, პეტროვიჩი 86′.
გაძევება: ტრაიჩევსკი 65′ (“რაბოტნიჩკი”).

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

თურქეთის სუპერლიგაში რობინ ვან პერსის, ლუკას პოდოლსკისა და სამუელ ეტოოს გადასვლის შემდეგ უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების ათეული შეედგინათ. ამ სიაში “ტრაბზონსფორის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც მოხვდა, რომლის შესახებაც წერია:

“შავიზღვისპირულ კლუბში გადმოსვლამდე მასზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი, თუმცა მალევე გამოავლინა ნიჭი და გოლების გატანაც დაიწყო. 1995 წელს მოიგო თურქეთის თასი, 1995/96 წლების სეზონში კი 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უცხოელი ბომბარდირი გახდა”.

შოთა არველაძის გარდა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდნენ: გეორგე ჰაჯი (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1996–2001); ალექსი (“ფენერბაჰჩე”/ბრაზილია, 2004–12); გეორგე პოპესკუ (“გალათასარაი”/რუმინეთი, 1997–2001); დიეგო ლუგანო (“ფენერბაჰჩე”/ურუგვაი, 2006–11); დიდიე დროგბა (“გალათასარაი”/კოტ დივუარი, 2012–14); ტომაშ სივოკი (“ბეშიქთაში”/ჩეხეთი, 2008–15); პიერ ვან ჰოიდონკი (“ფენერბაჰჩე”/ჰოლანდია, 2003–05); მარიო ჟარდელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 2000-01); კლაუდიო ტაფარელი (“გალათასარაი”/ბრაზილია, 1998–2001).

 

შოთას “ტრაბზონსფორი” “რაბოტნიჩკისთან” დამარცხდა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორი” მაკედონიურ “რაბოტნიჩკისთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 23-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ბლაჟე ილიოსკიმ გაიტანა. განმეორებითი მატჩი ტრაბზონში, 6 აგვისტოს შედგება.

“რაბოტნიჩკიმ” ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მოველოდით. ვფიქრობ, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მით უფრო მეორე ტაიმში, როდესაც გოლის გატანის რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ამის მიუხედავად, სანერვიულო არაფერია. ვფიქრობ, რომ საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ”, – ციტირებს არველაძის სიტყვებს ekipa.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
პირველი მატჩი:
“რაბოტნიჩკი” — “ტრაბზონსფორი” 1:0 (1:0)

გოლი: ილიოსკი 23′.
გაფრთხილებები: ილიოსკი 9′, ვუიჩიჩი 51′ — მეჯანი 5′, ულუდაგი 55′, იოკუშლუ 89′, ჰურმაჯი 90′.

 

შოთა არველაძემ “ტრაბზონსფორი” დატოვა?

თურქულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, “ტრაბზონსფორის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ პოსტი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუნდის მეკარესა და კაპიტან ონურ კივრაკს კლუბის სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმასთან კონფლიქტი აქვს. ჰურმამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არველაძე “ტრაბზონსპორში” სწორედ მისი ძალისხმევით არის მიყვანილი და როგორც თურქულ პრესაში წერენ, ქართველი სპეციალისტი ჰურმასთან ერთად ტოვებს “ტრაბზონსფორს”, რის შესახებაც ხვალ, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაბოტნიჩკისთან” გასამართი მატჩის შესახებ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

ამ ინფორმაციას თავად შოთა არველაძე უარყოფს.

“მე არ გადავმდგარვარ. გუნდთან ერთად ვარ”, – ციტირებს არველაძის სიტყვებს medyahaber-ი.