მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

ნოიერი ევროპის წლის საუკეთესო სპორტსმენთა სამეულში მოხვდა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი ევროპის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის მოხვდა. აღნიშნული გამოკითხვა ევროპის სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.

პირველი ადგილი ფორმულა 1-ის ავტომბრბოლელმა ლუის ჰემილტონმა დაიკავა, რომელმაც სულ ერთი ხმით გაუსწრო მეორე პოზიციაზე გასულ ნოიერს, მესამე კი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩნდა.

 

კურტუა: “ნოიერი დრიბლინგებით უფრო იქცევს ყურადღებას”

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა ტიბო კურტუამ საფეხბურთო საზოგადოებას მიანიშნა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს და არც “ოქროს ბურთის” დასაკუთრება განუზრახავს მიზნად. გარდა ამისა, ბელგიელმა მეკარემ მანუელ ნოიერზეც ჩამოაგდო სიტყვა.

“ინდივიდუალური ჯილდოებისთვის არ ვცხოვრობ. “ოქროს ბურთის” მოგება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ჩემთვის გუნდური ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია. თასების მოგების შემთხვევაში, ინდივიდუალური ჯილდოების დასაკუთრების შანსიც მომეცემა.

ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა? მე მგონია, რომ ის დრიბლინგებით უფრო დიდ ყურადღებას იქცევს”, – ციტირებს კურტუას სიტყვებს “მირორი”.

 

ნოიერი: „ოქროს ბურთი“ ერთმა მეკარემ მოიგო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატს მანუელ ნოიერს ლევ იაშინის სახელი დაავიწყდა.

„ისტორიაში „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთმა მეკარემ მიიღო. ეს რუსი გოლკიპერი იყო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს.

მეკარისთვის ამ სამეულში მოხვედრა ადვილი არ არის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. „ბაიერნისა“ და ნაკრების თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. თუმცა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სამეულში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი მოხვდებოდა. იგი, შესაძლოა, „ბაიერნის“ ან „ბორუსიას“ მოთამაშე ყოფილიყო“, – განუცხადა ნოიერმა „Daily Mail“-ს.

„ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 12 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ ლევ იაშინმა „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მიიღო.

რობენი: “ნოიერი სხვა პლანეტიდან მოსული მეკარეა”

მიუნხენს “ბაიერნის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა მეკარე მანუელ ნოიერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ის არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონი, არამედ სხვა პლანეტიდან მოსული მეკარეა.

მისი ქარიზმა მთელ გუნდს თავდაჯერებას მატებს”, – ციტირებს რობენის სიტყვებს Sport1.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან ერთად “ოქროს ბურთის” მოპოვების პრეტენდენტია.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

ნოიერი: “გერმანიის ნაკრებს მარცხენაფლანგელი მცველი არ ჰყავს და ამაში დამნაშავე ალაბაა”

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერმა თანაკლუბელი დავიდ ალაბა დაადანაშაულა იმაში, რომ გერმანიის ნაკრებს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს. გერმანელმა კიპერმა ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა.

“როდესაც დავიდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ვეუბნებოდი, რომ გერმანიის მოქალაქეობა მიეღო (ალაბა ავსტრიის ნაკრებში თამაშობს). ჩვენ არ გვყავს მარცხენაფლანგელი მცველი და ამაში დამნაშავე ალაბაა”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Goal.com-ი.

 

როისმა ნოიერის მშრალი სერია შეწყვიტა

გერმანიის ბუნდესლიგის X ტურში მიუნხენის “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული მატჩი ბავარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის 31-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა მარკო როისმა ანგარში გახსნა და ბუნდესლიგაში მანუელ ნოიერის მშრალი სერიაც შეწყვიტა.

გერმანელ მეკარეს 30 აგვისტოს, გელზენკირხენის “შალკეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

ამრიგად, მანუელ ნოიერის მშრალმა სერიამ 688 წუთი შეადგინა.

აქვე გთავაზობთ გერმანულ ბუნდესლგაში ყველაზე გრძელი მშრალი სერიების ხუთეულს:

1. ტიმო ჰილდებრანდი (“შტუტგარტი”, 2002/2003, 2003/2004) – 884 წუთი;
2. ოლივერ კანი (“ბაიერნი”, 2002/2003) – 802 წუთი;
3. ოლივერ კანი (“ბაიერნი”, 1998/1999) – 736 წუთი;
4. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, 2014/2015) – 688 წუთი;
5. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, 2011/2012) – 658 წუთი;

 

ოლივერ კანის ფავორიტი მეკარე

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა კიპერმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერია. კანის თქმით, ნოიერმა საკმაოდ ადრეულ ასაკში წარმოაჩინა საკუთარი ნიჭი.

“მის ასაკში ასე კარგად ვერ ვთამაშობდი. მე ფორმის პიკს დაახლოებით 30 წლის ასაკში მივაღწიე. ნოიერმა საუკეთესო მეკარის წოდება გაცილებით ადრეულ ასაკში მოიპოვა. ის სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერად”, – ციტირებს კანის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

 

მანუელ ნოიერმა ხელები დაიზღვია

“ბილდის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების კიპერმა მანუელ ნოიერმა 3 მილიონ ევროდ საკუთარი ხელები დააზღვია. 28 წლის მეკარეს ამ თანხას იმ შემთხვევაში გადაუხდიან, თუ ის ტრავმის გამო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. მცირე დაზიანების შემთხვევაში, თანხა არ ანაზღაურდება.

გელზენკირხენის “შალკესა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში მანუელ ნოიერს 12 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის ორჯერ ბუნდესლიგის სასალათე და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაშ ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

ნოიერი: “არ ველოდი, რომ წლის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელებდნენ”

როგორც მოგახსენეთ, გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელეს. 28 წლის კიპერი გამოტყდა, არ მეგონა, რომ ამ წოდებას მე მარგუნებდნენო.

“ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია. გულწრფელად ვამბობ, ძალიან გამიკვირდა. პატიოსნად გეუბნებით, არ ველოდი, თუმც მესმის , რომ საკმაოდ კარგი მატჩები ჩავატარე. ამ ჯილდოს მოპოვებამ ძალზედ გამახარა. წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და ეს პრიზი სასიამოვნო დანამატია”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისი გავიდა, მესამე პოზიცია კი “ბაიერნის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა დაიკავა. წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი დაასახელეს.