კავანი: “ათასი წელი გავა ახალი მესის დაბადებამდე”

არგენტინულმა გამოცემა “ოლემ” ურუგვაის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ედინსონ კავანი პარიზში მოიხელთა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეც ჩამოვარდა. ასეთად კავანიმ “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი მოიხსენია.

“კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, ვის შევიძენდი? რა თქმა უნდა, მესის. მე უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ვთვლი.

ის ბუნებრივად არის ნიჭიერი. რა თქმა უნდა, ბევრსაც შრომობს, თუმცა მესი გვაჩვენებს, რომ მუშაობასთან ერთად განსაკუთრებული თვისებებიც აქვს.

ათასი წელი გავა ახალი მესის დაბადებამდე”, – აღნიშნა კავანიმ.

 

კავანიმ იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია.

“პატივი უნდა ვცეთ იამაიკას. როგორც სხვა აფრიკული ქვეყნები, ისინიც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა კავანიმ პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

“პირველ რიგში, იამაიკასა და მის ხალხს ბოდიშს ვუხდი. გონებაში თქვენი ნაკრებისა და სხვა აფრიკული გუნდების სტილი და მახასიათებელი ერთმანეთს შევადარე, თუმცა მე ამ შედარების მხოლოდ ნახევარი განვმარტე, ამიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე არაზუსტად.

საჯარო ბოდიშს გიხდით და იმედია, ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ”, – დაწერა კავანიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, იამაიკა კარიბის ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია.

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და იამაიკის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

“პსჟ”-ის პრეზიდენტი: “კავანი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ედინსონ კავანი კლუბს არ დატოვებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი ფეხბურთელით ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “ატლეტიკო” არიან დაინტერესებულნი.

“მე კავანის ყოველთვის ვიცავდი. ის ჩვენთან დარჩება და არასდროს დაგვტოვებს. ედინსონი პარიზში თავს კარგად გრძნობს და ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”, – ალ-ხელაიფის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი “პარი სენ-ჟერმენში” 2013 წელს იტალიური “ნაპოლიდან” გადავიდა. 28 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 52 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

 

“იუვენტუსის” წარმომადგენლები კავანის აგენტს ხვალ შეხვდებიან

ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლები “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ედინსონ კავანის აგენტს ამ ოთხშაბათს შეხვდებიან.

ამ ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

მისი თქმით, “ბებერი სინიორა” ურუგვაელ ფეხბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ცნობისთვის, 28 წლის თავდამსხმელს პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

ედინსონ კავანიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

 

“პსჟ” 3:1 “აიაქსი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” ამსტერდამის “აიაქსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

კავანის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ედინსონ კავანის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის X ტურში “ლანსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაში პარიზელთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ერთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 55-ე წუთზე კავანიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და გოლი გულშემატკივრების მისამართით ნაჩვენები ჟესტით აღნიშნა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს გოლი ასე მანამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, თუმცა ამ ჟესტს ასეთი აჟოტაჟი არ გამოუწვევია. კავანის მეორე ყვითელი ბარათი მთავარ მსაჯთან კამათის გამო მისცეს.

“ლანსი” 1:3 “პსჟ”

საფრანგეთის ჩემპიონატის X ტურში “ლანსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაში პარიზელთა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ერთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 55-ე წუთზე ურუგვაელმა ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და გოლი ჩვეული ჟესტით აღნიშნა. მთავარმა არბიტრმა ამის გამო მას რატომღაც ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც კავანის გაკვირვება გამოიწვია, ურუგვაელი ფეხბურთელი რეფერის ხელით შეეხო, მსაჯმაც უმალ მეორე ყვითელი ბარათი მისცა და მოედნის დატოვება მოსთხოვა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ადამო კულიბალიმ გახსნა. 28-ე წუთზე იოან კაბაიმ გაათანაბრა, ზუსტად ხუთ წუთში მაქსველმა სტუმრებ წინ გაიყვანა, 55-ე წუთზე კი, როგორც მოგახსენეთ, კავანიმ პენალტი გაიტანა — 1:3.

გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

კავანი “პსჟ”-ში რჩება

ფრანგული “კანალ პლუსის” ცნობით, ედინსონ კავანი უახლოეს სატრანსფერო პერიოდში “პარი სენ-ჟერმენიდან” სხვა გუნდში არ გადავა.

ბოლო ხანებში ურუგვაელი თავდამსხმელი ჩვეულად ვეღარ თამაშობს, არადა პარიზელებს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ. აქედან გამომდინარე, სულ უფრო ხშირად ისმის ხმები მის შესახებ, რომ კავანი მალე “პარი სენ-ჟერმენს” დატოვებს. ყველაზე მეტად ინგლისური კლუბები იჩენენ მის მიმართ ინტერესს.

კავანის “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” უკავშირებდნენ, თუმცა თუ “კანალ პლუსის” მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ურუგვაელი ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარსაც პარიზში გაატარებს.

27 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

კავანის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ უნდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის დამდეგ სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს. „წითელ ეშმაკებს“ უკვე დიდი ხანია, ურუგვაელი ფეხბურთელის დამატების სურვილი აქვთ, თუმცა თავად კავანის არ უნდა იმ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

სათქმელია ისიც, რომ ურუგვაელი ფორვარდი პარიზულ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით მთლად კმაყოფილი არ არის, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.