ბრაზილიის ნაკრების შტაბი “ჩელსის” ბაზას ეწვია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა, მისი თანაშემწე ანდრეი ლოპესი და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ტექნიკური დირექტორი ჟილმარ რინალდი ლონდონში “ჩელსის” ბაზას ესტუმრნენ. ბრაზილიელმა სტუმრებმა კლუბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჟოზე მოურინიოსთან ერთად ისადილეს. მწვრთნელებმა “ჩელსიში” მოთამაშე ბრაზილიელი ფეხბურთელების საკითხი განიხილეს.

დღეს დუნგა და რინალდი ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ჩელსისა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის გასამართ მატჩს დაესწრებიან, შემდეგ კი “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართ შეხვედრასაც მიადევნებენ თვალყურს. კვირას ბრაზილიელთა დელეგაცია “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩსაც დაესწრება.

 

“ჩელსი” კალეხონით გაძლიერებაზე ფიქრობს

ფიფას აგენტი ჯანფრანკო ჩიკეტი აცხადებს, რომ მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსი” “ნაპოლიდან” ხოსე კალეხონის გადაბირებას შეეცდება.

“ახლა კალეხონის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს “ჩელსი” იჩენს. ლონდონელები მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და კალეხონი დაიმატონ”, – ციტირებს ჩიკეტის სიტყვებს “ტუტონაპოლი”.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხოსე კალეხონს კარგად იცნობს. პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” თავკაცობდა.

 

როგორ მდგომარეობაში დატოვეს “ჩელსის” ფეხბურთელებმა “ენფილდის” გასახდელი ოთახი

“ლივერპულის” ფანები ინტერნეტსივრცეში ავრცელებენ ფოტოს, რომელზედაც მერსისაიდული გუნდის ქომაგების მტიკიცებით, “ენფილდის” გასახდელია აღბეჭდილი. მათი თქმით, ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:2) შემდეგ ლონდონური გუნდის ფეხბურთელებმა სწორედ ასეთ მდგომარეობაში დატოვეს გასახდელი ოთახი.

Anfield dressing room

მოურინიომ შესაძლოა, 2016 წელს “ბარსელონა” ჩაიბაროს

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბრიტანული “დეილი ექსპრესი” წერს, რომ შესაძლოა, 2016 წელს ლონდონის “ჩელსის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბარსელონა” ჩაიბაროს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს კატალონიური გუნდის თავკაცის პოსტზე ჟოან ლაპორტა ხედავს, რომელიც 2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ლაპორტას ნათქვამიც აქვს, რომ მოურინიოს დიდ პატივს სცემს და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობაც აქვს.

წყაროს ცნობით, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება, თუმც რამდენად დათანხმდება პორტუგალიელი შემოთავაზებას, ეს სხვა საქმეა.

 

მოურინიოს რჩევა “ლივერპულს”

ინგლისის პრემიერლიგის XI ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდზე” გამართება, სადაც “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს. მატჩიწინა პრესკონფერენციაზე “პენსიონერთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში ამავე გუნდების მონაწილეობით გამართული შეხვედრა გაიხსენა.

იმ მატჩის ერთ-ერთ მთავარ ეპიზოდად “წითლების” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდის შეცდომა იქცა. მერსისაიდული გუნდის კაპიტანს მოედნის შუაგულში ფეხი დაუცდა და ბურთი დაკარგა, რითაც დემბა ბამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საბოლოო ჯამში, მაშინ “ჩელსიმ” “ლივერპული” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

Gerrard - Ba

“ეს შეცდომა “ლივერპულს” ტიტულის ფასად დაუჯდა. ასე ადვილად მოგო “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონატი. იმ შეხვედრაში მერსისაიდელებს თუნდაც ქულა რომ მოეპოვებინათ, ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ.
ის შეხვედრა ჩვენთვის ღირსებისა და პროფესიული მოვალეობის საკითხი იყო. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გამოთიშულნი ვიყავით, თუმცა თითოეულ შეხვედრაში ვიბრძოდით”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი “ლვერპულის” ფეხბურთელებს ურჩევს, რომ შარშანდელი სეზონი დაივიწყონ და მიმდინარე გათამაშებაზე იფიქრონ.

“ვფიქრობ, დროა, რომ “ლივერპულმა” გასული სეზონი დაივიწყოს და ცუდი მოგონებებით თავი არ დაიტვირთოს. გუნდმა ამ სეზონზე უნდა იფიქროს. მათ საკმაო მოტივაცია ექნებათ ამისთვის. თუ წარსულში გავიხედებით, მაშინ კარგი ისტორიები უნდა გავიხსენოთ, რაც “ლივერპულს” მრავლად ჰქონია”, – აღნიშნა მოურნომ.

მატჩი “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

 

მოურინიო: „ზოგჯერ მგონია, რომ „ჩელსი“ საშინაო მატჩებს ცარიელ სტადიონზე ატარებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის გულშემატკივრები დაიწუნა.

„ყველამ იციას, თუ როგორი ურთიერთობა მაკავშირებს ამ კლუბთან და მის გულშემატკივრებთან. ამ მომენტისთვის საშინაო მატჩებში გვიჭირს, რადგან მგონია, რომ ცარიელი ტრიბუნაბის წინაშე ვთამაშობთ.

ასეთ პირობებში მატჩში სათანადო განწყობით შესვლა ადვილი არ არის.

დღეს სხვადასხვა მხარეს გავიხედე და მივხვდი, რომ სტადიონი ცარიელი იყო. ამ შემთხვევაში, დასწრებადობას არ ვგულისხმობ. ეს ფაქტი გულდასაწყვეტია“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ვან გაალი: “მოურინიო განსაკუთრებულია”

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ლონდონის “ჩელსის” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელ ლუი ვან გაალი მოუთმენლად ელოდება “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები ვან გაალის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში გადადგა. სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შენიშნა მანამდე ყველასთვის უცნობი მოურინიო, რომელიც იმხანად “ბარსელონას” თავკაც ბობი რობსონის თარჯიმნად მუშაობდა. რობსონის შემდეგ კატალონიური გუნდი ვან გაალმა ჩაიბარა, რომელმაც თანაშემწის პოზიციაზე პორტუგალიელი აიყვანა.

Mourinho - van Gaal

“მოურინიო ძალზედ მოკრძალებული და ემოციური ადამიანია და მე მომწონს ეს. განა ამაში რამე გასაკვირია?!

გასაკვირი ის გახლავთ, რომ ჟოზე დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ადამიანი წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა მოხდება მომავალში და ეს იწვევს გაკვირვებას. ხალხს ვერ წარმოუდგენია, რაოდენ მოკრძალებული და ემოციური ადამიანია მოურინიო.

ის ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ერთად ვმუშაობდთ და ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებთ. ასეთ რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “ექსპრესი”.

ცნობისათვის, მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

„ჩელსი“ – „მარიბორი“ 6:0

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მესამე ტურის მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ შინ სლოვენიის „მარიბორი“ მიიღო და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

გოლები: რემი 13′, დროგბა 23′ (პ), ტერი 31′, ვილერი 54′ (ავტოგოლი), აზარი 77′ (პენ), 90′


All goals & Highlights ~ Chelsea 6-0 Maribor 21… noname229617

ყველაზე დიდი ანგარიშები ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „საუთჰემპტონმა“ „სანდერლენდი“ საკუთარ მეოდანზე გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხა. მსგავსი ანგარიში პრემიერლიგაში ასევე სხვადასხვა წელს დაფიქსირდა.

1995 წლის ოთხ მარტს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „იპსვიჩი“ 9:0 გაანადგურა. 2009 წლის 22 ნოემბერს ასევე 9 ბურთი „ტოტენჰემმა“ გაიტანა, თუმცა „იპსვიჩისგან“ შედარებით, „უიგანმა“ მეტოქეს ერთი გოლით უპასუხა. ანგარიში 8:0 ასევე 1999 წლის 19 სექტემბერსა და 2010 წლის 8 მაისს დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, „ნიუკასლმა“ „შეფილდ უენსდი“ გაანადგურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, „ჩელსიმ“ „უიგანი“ დაამარცხა.

PremierLeague

კენი დალგლიში: “მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტისა და მისი თანაშემწე როი კინის ადგილას არც ის ჩამოართმევდა ხელს ჟოზე მოურინიოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიწურულს მოურინიო ლამბერტთან და კინთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, თუმცა შოტლანდელმა სპეციალისტებმა ნაადრევად ამის გაკეთება არ ისურვეს.

“ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს “მირორი”. – მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ადამიანი ასეთ მწვერვალზეა, მან შესაძლოა, მოულოდნელი საქციელი ჩაიდინოს, თუმცა ერთი ძველი სიბრძნე ყველას უნდა გვახსოვდეს: როდესაც მწვერვალზე ხარ, ადამიანებს კარგად უნდა მოექცე, რადგან დაცემისას მათი დახმარება დაგჭირდება”.

 

ვენგერი მასსა და მოურინიოს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“ვნანობ თუ არა? არა. რატომ უნდა ვნანობდე? A პუნქტიდან B პუნქტისკენ მინდოდა გადაადგლება, თუმცა ვიღაცამ გზა გადამიღობა”, – ციტირებს ფრანგი თავკაცის სიტყვებს Yahoo.

ვენგერი ამბობს, რომ მას მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, თუ რა მოუვიდა ალექსის სანჩესს, რომლის წინააღმდეგაც “ჩელსის” მცველმა გარი კეჰილმა უხეშად თამაშა. “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში, B პუნქტი სწორედ სანჩესი იყო.

ვენგერი აცხადებს, რომ მან უმნიშვნელოდ უბიძგა მოურნიოს.

“ახლა ხელს მართლა გკრავთ და მიხვდებთ, რას ნიშნავს ხელის კვრა”, – უთხრა ვენგერმა ჟურნალისტს.

“სიმართლე გითხრათ, არც გამგია, რა მითხრა იმ მომენტში მოურინიომ”, – დაამატა ვენგერმა.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიო მასსა და ვენგერს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“პირადად ჩემთვის ინციდენტი ამოწურულია.
ტექნიკური ზონები ნათლად არის გამოყოფილი, მე ჩემი ტერიტორია მაქვს, მას – თავისი. ვენგერს არ აქვს უფლება, ჩემს ზონაში შემოვიდეს და არბიტრს ჩემი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოსთხოვოს.
მე მას მოვუწოდე, რომ ჩემი ტექნიკური ზონიდან გასულიყო”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPN.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.