„ჩელსიმ“ „სიტი“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლონფდონელები მინიმალური უპირატესობით იგებდნენ – 1:0. გოლი ანდრე შიურლემ 33-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის 49-ე წუთზე სერხიო აგუერომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ფერნანდო ტორესმა „სიტის“ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და „ჩელსის“ საჭირო 3 ქულა მოუტანა – 2:1.

„ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას 20 ქულით იკავებს. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელებს“ აქტივში 16 ქულა დარჩათ და მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდნენ.

პრემიერლიგა
IX ტური:
„ჩელსი“-„მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: შიურლე 33′, ტორესი 90′ – აგუერო 49′.
გაფრთხილებები: ლამპარდი 22′, რამირესი 52′ – ზაბალეტა 27′, ნასტასიჩი 31′, ხავი გარსია 60′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

 

„ჩელსი“ vs „სიტი“ – სამი დუელი

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

მატჩამდე გთავაზობთ იმ სამი მთავარი დუელის შესაძლო შედეგის განხილვას, რომლითაც შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს.

დავიდ ლუისი vs სერხიო აგუერო

არგენტინელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია. აგუერო რეგულარულად თამაშობს და იტანს – 98 მატჩში 56 გოლი უბრალო შედეგი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, მან პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ახლა აგუერო უბრალოდ დაფრინავს მოედანზე. 173 სმ-ის სიმაღლის კაცი თავითაც კი იტანს – გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში თავით გატანილი პირველი გოლი აღნიშნა.

„სიტის“ ფორმალურ სქემაში – 4-2-3-1 – აგუერო სამ შემტევ ფეხბურთელთა შორის გადის, თუმცა ის არ თამაშობს, როგორც შემტევი ნახევარმცველი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „სიტიმ“ მოსკოვის „ცეესკას“ წინააღმდეგ გამართა (2:1), აგუერო ძირითადად შეტევის პირველ ხაზში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, ცენტრალური თავდამსხმელები მოქმედებენ. აი, ალვარო ნეგრედო კი – უფრო ხშირად იწევდა უკან. ალბათ, „ჩელსის“ დაცვის ცენტრის გამაგრებას დავიდ ლუისი შეეცდება. ბრაზილიელი სწრაფია, უფრო მობილურია, ვიდრე ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, სწორედ მას დაევალება აგუეროს განეიტრალება. თუ დავიდ ლუისი არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლებლობებს მაქსიმალურად შეუზღუდავს, მაშინ „ჩელსის“ შანსები, არ გაუშვას გოლი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრენკ ლამპარდი vs იაია ტურე

მიმდინარე სეზონის დასაწყისში სპილოს ძვლის კუნძულელი ნახევარმცველი ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებს. საოცარი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა, შეტევის დაწყება, განვითარება და დაგვირგვინება – ამაზე მეტი დადებითი თვისებით პრემიერლიგის არცერთი ნახევარმცველი არ არის მომადლებული. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც შესანიშნავად ასრულებს. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი მანაქანაა, რომელსაც მებრძოლი სპილოს დაუღალავი ძალა აქვს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ტურეს განეიტრალება დაევალოს, ობი მიკელი და რამირესი კი, ალბათ, უფრო ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან. ესე იგი, ტურეს ბრძოლა ფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ მოუწევს. ლამპარდმა სამაშაბათს გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში სრულად კი ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას დღესაც დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დიადი ლამპარდი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურეს შეჩერებას.

ბრანისლავ ივანოვიჩი vs დავიდ სილვა

ესპანელი ჯადოქარი, რომელმაც სეზონის სასტარტო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, იბრუნებს ფორმას და კვლავ ხდება „სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა. „ის მოედანზე ხედავს და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც პრემიერლიგაში სხვა ვერავინ აკეთებს. ის იბრუნებს ფორმას და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია „ქალაქელებისთვის“, – განაცხადა „ბიბისის“ ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მატჩის მიმდინარეობისას დავიდ სილვა საშუალოდ ოთხჯერ აკეთებს სახიფათო გადაცემას.

დავიდ სილვა თუნდაც მარცხენა ფლანგზე დააყენონ, მაინც მუდმივ მოძრაობაშია, მოქმედებს შეტევითი ფრონტის მთელ ხაზზე. ეშლი კოული მოედანს უბრუნდება, თუმცა დავიდ სილვას განეიტრალება, ალბათ, მაინც ბრანისლავ ივანოვიჩს დაევალება. სერბმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ის დღესაც მარცხენაფლანგელ მცველად მოგვევლინოს. ივანოვიჩი სწრაფია, მობილურია, ზომიერად უხეშია და სილვასთან ორთაბრძოლაში დროულად შესვლა შეუძლია. თუ მას ესპანელის განეიტრალება გამოუვა, „სიტის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ მატას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ ხუან მატას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

პარიზული კლუბი უკვე იწყებს მუშაობას, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 25-წლის ნახევარმცველი უკვე მისი საკუთრება გახდეს. სავარაუდოდ, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ მზად არიან, მატა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაუშვან, შემოსული ფულით კი შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

რას აპირებს მოურინიო „ელ კლასიკოს“ დროს?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს გასამართი „ელ კლასიკოსთვის“ თვალყურის მიდევნებას არ აპირებს.

„ელ კლასიკო“ არ მაინტერესებს. თუ მკითხავთ, მინდა თუ არა, რომ რომელიმე გუნდმა, მოიგოს, გიპასუხებთ, რომ ერთ-ერთის გამარჯვება მინდა. არ ვაპირებ, რომ შაბათ საღამოს სიმშვიდე დავირღვიო, რადგან კვირას მნიშვნელოვანი მატჩი მელის. ოჯახთან ერთად სადილობას და შემდეგ დაძინებას ვგეგმავ“, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს „მარკა“.

ამ უქმეებზე მოურინიოს „ჩელსისაც“ უწევს სერიოზულ მეტოქესთან შეხვედრა: კვირას, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.

„კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თავდამსხმელებით. ისინი გოლებს ვერ იტანდნენ, თუმცა მუყაითად მუშაობდნენ. გასული კვირა ფერნანდო ტორესისთვის და სამუელ ეტოოსთვის პოზიტიური გამოდგა, მათ გაიტანეს გოლები და დიდი სიხარული გვაჩუქეს“, – დაამატა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ლამპარდი სირთულეებს მშვენივრად უმკლავდება“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთვნელმა ჟოზე მოურინიომ „არისტოკრატთა“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

„არამგონია, 20 წლისა და 35 წლის ასაკში ყველამ ერთნაირად მოახერხოს თამაში. ასაკის მატებასთან ერთად, ფეხბურთელი ახალ სირთულეებს უნდა გაუკლავდეს, რაც ლამპარდს მშვენივრად გამოსდის. ამით ფრენკი ჩემთვის სასურველი ტაქტიკის არჩევის საშუალებას მაძლევს“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მდიდარი კლუბები სერხიო რამოსის გადაბირებას შეეცდებიან

Punto Pelota-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ მცველით სერხიო რამოსით ერთდროულად სამი კლუბია დაინტერესებული. გამოცემის მტკიცებით, ესპანეთის ნაკრების წევრის შეძენაზე „მანჩესტერ სიტის“, ლონდონის „ჩელსისა“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ფიქრობენ.
ზემოხსენებული კლუბები სერხიოს წლიური ხელფასის სახით 7-9,5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ამავე დროს, სავარაუდო ტრანსფერის ფასი ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ აქამდე „სამეფო კლუბის“ მენეჯერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავენ.
ალექსანდრე მატევოსოვი

„ბარსელონას“ კურტუას შეძენა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ იჯარით მოასპარეზე მეკარის ტიბო კურტუას შეძენას შეეცდება.

კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მომავალში ბელგიელი გოლკიპერის გაყიდვაზე დათანხმდებიან, რადგან, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ტიბოს დამატება მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს

იმ შემთხვევაში, თუ კურტუა „ბლაუგრანასში“ გადავა, „ბარსას“ მენეჯერები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯთან მარკ-ანდრე ტერ შტეგეთთან შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ვარ“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის „სამეფო კლუბის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელის თქმით, მან მადრიდში უნიკალურ შედეგს მიაღწია.

„მე „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ვარ: 100 ქულა, 121 გოლი და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. ჩვენ ვაჯობეთ „ბარსელონას“, რომელსაც იმ პერიოდში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა და თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა. ეს უნიკალური შედეგია“, – განაცხადა მოურინიომ ESPN-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2010–2013 წლებში მუშაობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში თითო-თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2011–12), ქვეყნის თასი (2010–11) და სუპერთასი (2012).

ბექა დოგრაშვილი

ბენზემა „ჩელსიში“?

ევროპული პრესა კვლავ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის კარიმ ბენზემას მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

პორტუგალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ ბენზემას წასვლა უარყო, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გამორიცხული მაინც არ არის.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქარიმის შეძენის სურვილი ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთვნელს ჟოზე მოურინიოს აქვს, რომელმაც ბენზემას შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ჩელსიმ” “სტიაუა” გაანადგურა

ჟოზე მოურინიოს შეგირდებს რუმინეთში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. სასურველ შედეგს მათ მატჩის პირველ ნახევარშივე მიაღწიეს.

აშკარაა, რომ თამაში ლონდონელთა დომინირებით მიმდინარეობდა. პირველი ბურთის გატანა ბრიტანელებმა მატჩის მე-20 წუთზე მოახერხეს. კომბინაციის გათამაშების შემდეგ დასწრებაზე რამირესმა მშვენივრად ითამაშა და ანგარიში გახსნა.

44-ე წუთზე “არისტოკრატებმა” სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს. სამუელ ეტო’ომ კარში ზუსტად დაარტყა, მეკარემ ბურთი აიღო, მაგრამ ხელში გამაგრება ვერ შეძლო და ინერციით წამოსულ გეორგიევსკის ბურთი შემთხვევით საკუთარ კარში შეუგორდა.

55-ე წუთზე რამირესმა მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა. ამ შემთხვევაში მან დარტყმა სიძლიერეზე გათვალა და ნამდვილად გამოუვიდა კიდეც. გოლკიპერს ამ ბურთის მოგერიების შანსი თითქმის არ ჰქონია.
შეხვედრას საბოლოო წერტილი კი ფრენკ ლამპარდმა 90-ე წუთზე დაუსვა. მან კარისკენ უძლიერესად გაისროლა და ე.წ. “შტანგა-გოლი” გაიტანა.

ამგვარად, “ჩელსის” ახლა ჯგუფში სამი ქულა აქვს.

“სტიაუა” 0-4 “ჩელსი”

გოლები: რამირესი, 20, 55, გეოგრიევსკი (ს.კ.), 44, ლამპარდი, 90.

“სტიაუა”: ტატარუშანუ, გეორგიევსკი (ვარელა, 71), ჟუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი, ბურჩანუ, ფილიპი, პოპა (ტატუ, 46), სტანჩუ, ტანასე, პოვაკარი (კაპეტანოსი, 46).

“ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ჯონ ტერი, ეშლი კოული, ოსკარი (ასპილიკუეტა, 79), რამირესი, ლამპარდი, მატა (ვილიანი, 81), ტორესი (ეტო’ო, 11), შურლე.

გაფრთხილებები: ლამპარდი, კოული.

სანდრო საპანაძე

ლამპარდი: “ორი-სამი თვე გვჭირდება, რომ ფეხბურთელები მოურინიოს იდეას ჩაწვდნენ”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიოს თავკაცობით გუნდი წარმატებას მიაღწევს. ინგლისელის თქმით, ფეხბურთელებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რათა მოურინიოს მოთხოვნებს მოერგონ.

“ორი-სამი თვე არის საჭირო იმისთვის, რომ ფეხბურთელები მოურინიოს იდეას ჩაწვდნენ. ეს დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდი წარმატებების მიღწევა შეგვიძლია. ლაპარაკი ადვილია, თუმცა წარმატებისთვის მუდმივი მუშაობაა საჭირო. ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ისინი მწვრთნელის იდეას ჩაწვდნენ. ჩვენ მოურინიოს უნდა ვენდოთ, რადგან ის გამარჯვებული კაცია. მან ეს არა მხოლოდ “ჩელსიში” დაამტკიცა”, – განაცხადა ლამპარდმა.

ბექა დოგრაშვილი

„ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა

„ტოტენჰემ ჰოთსპურსსა“ და „ჩელსის“ შორის ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ფრედ  – 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-20 წუთზე, სიგურდსონმა გახსნა. „არისტოკრატებმა“ ანგარიში 66-ე წუთზე, ჯონ ტერის თავური დარტყმის შედეგად გასული გოლის წყალობით გაათანაბრეს. 82-ე წუთზე, ჟოზე მოურინიოს გუნდის თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. შესაბამისად, „ლურჯები“ მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მაიკ დინმა მეტად საეჭვო გადაწყვტილება მიიღო, რადგან განმეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ესპანეთს ვერტონგენის წინაამღდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია.

„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 1:1
გოლები: სიგურდსონი 20′ – ტერი 66 ‘

„ტოტენჰემი“ : ლორისი, უოკერი, ვერტონგენი, დოუსონი, ნოტონი, პაულინიო, დემბელე, ტაუნსენდი (ჩადლი 63′), ერიკსენი (ხოლტბი 70′), სიგურდსონი

„ჩელსი“: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ტერი, კოული, ობი მიკელი (მატა 46′), ლამპარდი, რამირესი, ოსკარი (ასპილიკუეტა 84′), აზარი (შურლე 69′), ტორესი

გაფრთხილებები: ტაუნსენდი, ერიკსენი, ვერტონგენი, დოუსონი, დემბელე – ტორესი, ივანოვიჩი

გაძევება: ტორესი 82′

ალექსანდრე მატევოსოვი