რონალდუმ მესის გაუსწრო

უეფას სუპერთასზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა, რითაც ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით ლიონელ მესი უკან მოიტოვა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 70 (68 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 სუპერთასზე) გატანილი ბურთია, რაც ორით აღემატება “ბარსელონას” ფეხბურთელის მონაგარს.

ევროთასების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში კრიშტიანუ რონალდუ მეორე-მესამე ადგილს ფილიპო ინძაგისთან იყოფს. პირველ ადგილზე კი რაული გახლავთ, რომელმაც 77 გოლი გაიტანა.

საერთო ჯამში, კრიშტიანუ რონალდუს “რეალის” ფორმით ჩატარებულ 247 მატჩში 254 გოლი აქვს გატანილი.

 

რონალდუს დუბლით “რეალმა” უეფას სუპერთასი მოიგო

მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის უელსის დედაქალაქ კარდიფში შემდგარი უეფას სუპერთასის მატჩი “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

“რეალი” 30-ე წუთზე დაწინაურდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე გარეტ ბეილი გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთს შორეულ ძელთან რონალდუმ მიუსწრო, მეტოქეს პოზიციურად აჯობა და “სევილიას” კარის ბადეც შეარხია.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დუბლი მეორე ტაიმის დებიუტში გაიფორმა. ამჯერად საგოლე პასი კარიმ ბენზემამ გააკეთა, რონალდუმ კი 16 მეტრის მანძილიდან მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, “რეალმა” არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო, მანამდე “სამეფო კლუბი” აღნიშნულ ტიტულს 2002 წელს დაეუფლა, როდესაც ჰოლანდიური “ფეინოორდი” დაამარცხა.

უეფას სუპერთასი
“რეალი” — “სევილია” 2:0 (1:0)

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, ფაბიო კოენტრაუ (მარსელო 84′), კარვახალი, კროოსი, როდრიგესი (ისკო 72′), ბეილი, მოდრიჩი (ილიარამენდი 86′), რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

“სევილია”: ბეტო, ფასიო, ფერნანდო ნავარო, პარეხა, კოკე (ფიგეირაში 84′), კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, დენის სუარესი (რეიესი 79′), ვიტოლო, ვიდალ-პარეუ (ასპასი 66′), ბაკა.
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: რონალდუ 30′, 49′.
გაფრთხილებები: კარვახალი 45′, კროოსი 53′ — ვიტოლო 42′, ფერნანდო ნავარო 66′.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94

 

რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე “მანჩესტერ იუნაიტრედის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში კრიშტიანუ რონალდუ მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას “წითელი ეშმაკების” პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელი ფეხბურთელი მუხლის ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და და მთელი კვირის განმავლობაში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, თუმცა სასურველი ფორმის დაბრუნება ვერ მოასწრო. არადა, რონალდუსაც და ანჩელოტისაც იმედი ჰქონდათ, რომ “რეალის” ვარსკვლავი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშს შეძლებდა.

“რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მატჩი 3 აგვისტოს, თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

 

რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ თამაშისთვის ემზადება

მადრიდის “რეალმა” ახალი სეზონისთვის მზადება მარცხით დაიწყო: “სამეფო კლუბი” საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე ჯერ მილანის “ინტერთან” დამარცხდა, შემდეგ კი “რომასთან”.

“ბლანკოსი” კიდევ ერთი შეხვედრას “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართავს. მატჩი კვირას, მიჩიგანის 100 ათასიან სტადიონზე ჩატარდება.

აღნიშნული შეხვედრის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია “რეალის” მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ტრავმირებული მუხლის მკურნალობას განაგრძობს და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, თუმც რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ თამაშს აპირებს.

მატჩი 3 აგვისტოს, თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

 

ოუენი: „ალბათ, რონალდუ ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა“

მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა კრიშტიანუ რონალდუს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა.

“ჩემი აზრით, რონალდუ, ალბათ, ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. სწრაფია, გოლებს იტანს, ორივე ფეხით შეუძლია თამაში, თავით შესანიშნავად ურტყამს.

კრიშტიანუ ამტანია და ყველა მატჩს ატარებს. ისეთი რამ არ არსებობს, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია“, – ოუენის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

 

ანრი: „მესიც და რონალდუც შესანიშნავი მოთამაშეები არიან, თუმცა მათ შორის განსხვავებაც არის“

ტიერი ანრიმ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მე კრიშტიანუ რონალდუს შრომასაც პატივს ვცემ. მესი მართლაც საოცარი მოთამაშეა. კარგია, რომ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი თამაშით ტკბობის საშუალება აქვთ. პირველ მათგანს ბუნებრივი ნიჭი აქვს, მეორემ კი ამ ყველაფერს მძიმე შრომით მიაღწია.

ლუი საას ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველაზე მეტს სწორედ რონალდუ შრომობდა. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მესი არ შრომობს, თუმცა მას ბუნებისგან აქვს ნაბოძები ეს ნიჭი. კრიშტიანუს ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა იმისთვის, რომ ამ მწვერვალისთვის მიეღწია. ორივე მათგანს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, თუმც მათ შორის მცირე განსხვავება მაინც არის“, – განაცხადა ანრიმ.

 

რატომ გაიპარსა რონალდუმ თმა ზიგზაგურად?

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა თმა ზიგზაგურად გაიპარსა. ბრიტანული პრესის ცნობით, რონალდუმ ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანელ ბავშვს, რომელსაც მიმდინარე წლის მარტის თვეში თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 10 თვის ერიკ ორტიზ კრუზის ოპერაციისთვის 60 ათასი ევრო გაიღო. სწორედ ასეთი ფორმის იარა დარჩა ოპერაციის შემდეგ ბავშვს.

თავად ფეხბურთელს საკუთარ ჟესტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

რონალდუს კარიერას საფრთხე ემუქრება

თუ პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას არ დაასრულებს, შესაძლოა, ამან მისი მომავალი კარიერა შეიწიროს. ამ განცხადებას აკეთებს ექიმი ნორონია, რომელსაც პორტუგალიელი ფეხბურთელი უპირობოდ ენდობა.

რონალდუს მუხლის ტრავმამ თავი შეახსენა, თუმცა ამჯერად გართულებული ფორმით.

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ ფეხბურთელს მედიკოსები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:4) გამოტოვებას ურჩევდნენ, თუმცა რონალდუმ ექიმების რჩევა ყურად არ იღო, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. პორტუგალიელთა კაპიტანს გუშინდელი ვარჯიშის ნაადრევად დასრულებაც მოუწია. თუ რონალდუ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაისვენებს, მის სამომავლო კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნება.

 

რონალდუმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დღევანდელი ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა საწვრთნელი პროცესი დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად დაიწყო, თუმცა გახურების შემდეგ მოედანი დატოვა და ფიზიოთერაპევტს მიაშურა. მედიკოსებმა რონალდუს მარცხენა მუხლზე ყინული დაადეს. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პორტუგალიელთა კაპიტნის თამაში აშშ-ისა (23 ივნისი) და განის (26 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 0:4 განადგურდა.

 

ჯერომ ბოატენგი: „რონალდუ სრულად ჩავკეტეთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

გერმანელი მცველი ჯერომ ბოატენგი ტურნირზე პირველი ჩატარებული მატჩით კმაყოფილია.

„მეტოქეს თავიდანვე პრესინგი მოვუწყეთ. გუნდურად შესანიშნავად ვითამაშეთ. კრიშტიანუ რონალდუ სრულად ჩავკეტეთ. მას სერიოზული პრობლემები ექმნებოდა, როცა ბურთს ფლობდა. ჩვენ მას თავისუფალ სივრცეს არ ვაძლევდით“, – განაცხადა ბოატენგმა.

 

პიკე: „საუკეთესო მესია, მას რონალდუ მოსდევს“

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. არცერთი მათგანი ჩვენს ნაკრებში არ თამაშობს, თუმცა ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთა სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ფეხბურთელი გვყავს… ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ის კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა. ამასთანავე, დელ ბოსკე ისეთივე მოკრძალებულ პიროვნებად დარჩა“, – პიკეს სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი