რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯილდო კოლუმბიის ნაკრებმაც მიიღო

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ჯილდო კოლუმბიის ნაკრებმაც მიიღო.

ხოსე პეკერმანის გუნდმა ფიფასგან „ფეარ პლეის“ პრიზი დაიმსახურა.

ეს ჯილდო იმ ნაკრებს გადაეცემა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლებ ყვითელ და წითელ ბარათს მიიღებს.

ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კოლუმბიელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ხუთი ყვითელი ბარათი მიიღეს.

 

ფეარ პლეის გასაოცარი შემთხვევა საუდის არაბეთში

გასაოცარი შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში. „ალ ნაჰდასა“ და „ალ იტიჰადს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ფეხბურთელმა მასპინძელი გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა, თუმცა გოლკიპერს ამ დროს ბურთი ხელში ეჭირა და სანამ თამაშში შეიყვანა, 6 წამის წესი დაირღვა. მთავარმა არბიტრმა, წესის მიხედვით, თავისუფალი დარტყმა დანიშნა. სტუმრებმა გაითვალისწინეს, თუ რა ვითარებაში დაინიშნა სტანდარტი და ამით ხეირის ნახვის ნაცვლად, ბურთი მოედნის პირით ხაზს იქით შეგნებულად გადააგდეს, რითაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ცნობისთვის, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

 

„მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“

მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც გვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბატონ სულხან იაშვილს შევხვდით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წესის თანაავტორი გახლავთ. მოგეხსენებათ, მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, როცა მას გადაცემას მისივე გუნდის მოთამაშე ფეხით აწვდის. თავის დროზე აღნიშნული წესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სწორედ ბატონმა სულხანმა შესთავაზა.

„ეს წესი 20 წელზე დიდი ხანია, რაც დაინერგა. ამის საშუალებით სათამაშო ტემპი ნარჩუნდება. ფიფას ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისგან – ჟოაო აველანჟისა და ზეპ ბლატერისგან მადლობის წერილებიც მაქვს მიღებული. 2006 წელს ბლატერმა წიგნი გამომიგზავნა ფიფას 100 წლიანი ისტორიის შესახებ. თბილისის „დინამოს“ ძველი გულშემატკივარი ვარ. თავის დროზე ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. თავისუფალ დროს საფეხბურთო სტატისტიკის მოძიებით ვარ დაკავებული“, – აღნიშნავს ბატონი სულხანი.

სულხან იაშვილი

სულხან იაშვილმა გაგვანდო, რომ კიდევ აქვს შემუშავებული სხვადასხვა საფეხბურთო წესები.

„ერთ-ერთი წესის მიხედვით, თავით პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირდეს. აღნიშნული იდეა ფიფას შევთავაზე, თუმცა იქიდან წერილი მოვიდა, რომ ეს ჯერ ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გამოსცადოს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. მეორე წესიც მაქვს: კუთხურის ჩაწოდების, საჯარიმო და თავისუფალი დარტმების დროს მეკარის ბაქანზე მოედნის ფეხბურთელები არ უნდა შევიდნენ. ასეთ დროს მოთამაშეთა შორის ერთი გაწამაწია იმართება ხოლმე, თან მეკარესაც ხელს უშლიან. ეს წესი ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებს“, – გვითხრა ბატონმა სულხანმა.

შესაძლოა, აღნიშნული წესების დანერგვა გამოსაცდელი ვადით მაინც ღირდეს.

სულხან იაშვილის თქმით, ის საფეხბურთო წიგნის – „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ გამოცემას აპირებს, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა საინტერესო საკითხები: ფეხბურთის ისტორია, ფეხბურთის როლი ეროვნულ მოძრაობაში, ფეარ-პლეის პრინციპი და სხვა. წიგნის გამოცემას გარკვეული თანხა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის დამფინანსებელი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა, თუნდაც იმიტომ, რომ „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს ფაქტია.