ლევან მჭედლიძე ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხეს. საუკეთესო ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2007 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოსა და იმ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის თბილისში გამართულ მატჩში (2:0) ანგარიში გახსნა. მაშინ მჭედლიძე სულ 17 წლისა და 207 დღისა გახლდათ.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვყნებულ პუბლიკაციაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვკითხულობთ:

„ლევან მჭედლიძე – თბილისის „დინამოს“ სარეზერვო გუნდის მეკარის, კარლო მჭედლიძის შვილი.  სულ რაღაც 14 წლის ასაკში ქართველი იტალიაში წავიდა, სადაც საკლუბო კარიერა დაიწყო. ის იქ „ქართველ იბრაჰიმოვიჩად“ მონათლეს. სწორედ იტალიელთა წინააღმდეგ ჰქონდა საქართველოს მთავარ ნაკრებში დებიუტი, პირველი გოლი კი მეორე შეხვედრაში გაიტანა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. „ემპოლის“ თავდამსხმელის გოლი ქართველებს დაეხმარა, რომ ჯგუფის ლიდერი დაემარცხებინათ. ამასთანავე, „სკუადრა აძურასაც“ საშუალება მიეცა, ბრიტანელთა ზემოთ მოქცეულიყო.

„როდესაც შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ “ემპოლიში” დავბრუნდი, მომეჩვენა, რომ მთელი საფეხბურთო იტალია მიცნობდა. ამ გოლის წყალობით სამშობლოშიც ცნობილი გავხდი. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტი იყო“, – განაცხადა მჭედლიძემ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება სრულ სიას, პირველ ადგილზე უელსის ნაკრების ფეხბურთელი გარეტ ბეილი გავიდა, რომელმაც 2006 წლის 7 ოქტომბერს, სლოვაკეთის ნაკრებს 16 წლისა და 83 დღის ასაკში გაუტანა.

მესამე ადგილი წილად ხვდა ისრაელის ნაკრების თავდამსხმელ ბენ საჰარს, რომელმაც 2007 წლის 28 მარტს, ესტონეთის ნაკრებს 17 წლისა და 230 დღის ასაკში გაუტანა.

მეოთხე ადგილზე გავიდა ინგლისის ნაკრების ფორვარდი უეინ რუნი, რომელმაც 2003 წლის 6 სექტემბერს, მაკედონიას 17 წლისა და 317 დღის ასაკში გაუტანა.

მეხუთე ადგილი კი ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების ფეხბურთელ ზორან ფილიპოვიჩმა მიიღომ, რომელმაც 1971 წლის 9 მაისს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას გაუტანა.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

საჯარიმო დარტყმის შესრულების გაკვეთილები გარეტ ბეილისაგან

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასწავლის გულშემატკივრებს ჯარიმის კარგად შესრულებას გარეტ ბეილი.

„რეალმა“ ბეილის სერიოზული ტრავმა უარყო

ესპანურ „მარკაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ გარეტ ბეილს სერიოზული ტრავმა დაუდგინდა, „სამეფო კლუბი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბეილს  მალთაშუა თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ  ჩვენი კლუბის სამედიცინო შტაბის წევრებმა ჟურნალისტებს ფეხბურთელის რეალური ტრავმის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს მიაწოდეს. ბეილს დისკოს მცირე დეფორმაცია დაუდგინდა, რაც ძალზედ გავრცელებულია ფეხბურთელებში და ეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის ნორმალურად შესრულებაში ხელს არ უშლის“, – ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.

ბექა დოგრაშვილი

რამდენს იხდიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ?

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილი ნახევარმცველი გარეტ ბეილი შეიძლება არა მადრიდის „რეალში“, არამედ  „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.

აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბეილს უკეთესი შეთავაზება აქვს, ვიდრე მას მადრიდული კლუბი სთავაზობს და ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული.

უცხოურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევროს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო – დაახლოებით 100 მლნ. ევრო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.  მადრიდელთა ახალწვეულის დებიუტი, სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი: „რეალში“ ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი რონალდუა“

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „სამეფო კლუბში“ გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი კრიშტიანო რონალდუ იყო.

„კრიშტიანო შესანიშნავი ადამიანია. ის დამეხმარა, რომ გუნდში თავი კომფორტულად მეგრძნო. შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც „რეალში“ გადმოვედი. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად კარგად ვითანამშრომლებთ მოედანზე“, – ციტირებს ბეილის სიტყვებს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სავარაუდოდ, ბეილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო ბეილი-რონალდუს ტანდემის შესახებ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო დარწმუნებულია, რომ გარეტ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ მადრიდის „რეალში“ კარგ ტანდემს შექმნიან და ერთობლივ წარმატებასაც მიაღწევენ.

„ვფიქრობ, რომ ამ ორ მოთამაშეს კარგი ტანდემის შექმნა და „რეალის“ გულშემატკივართა გაბედნიერენა შეუძლია. ისინი ერთად გაიმარჯვებენ, ქომაგები კი მათი ერთად თამაშით დატკბებიან. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ. დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის ესმით ერთმანეთის“, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

ბექა დოგრაშვილი

„დღე არ გავიდოდა, რომ ბეილს ბურთი ჩემს ბაღში არ გადმოეგდო”

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ მადრიდის „რეალში“ გარეტ ბეილის ტრანსფერის განხორციელებამ ახალი რეკორდი მოხსნა. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტრანსფერამდე ყველაზე ძვირადღირებულ გადაბარგებად კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ითვლებოდა.

ბეილის „რეალში“ გადასვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ბევრი აალაპარაკა, მათ შორის 82 წლის ქვრივი კაცი ბილ ტაუტი. ეს უცნობი ადამიანი გარეტ ბეილის კარის მეზობელია, რომლის თქმითაც, ბავშვობაში ბეილი ფეხბურთს ხშირად თამაშობდა და დღე არ გავიდოდა, ბურთი მოხუცი კაცის ბაღში არ გადავარდნილიყო. ბილ ტაუტი ახლა იმითი იწონებს თავს, რომ, გაბრაზების მიუხედავად, მის ბაღში გადავარდნილ ბურთს ბეილს ყოველთვის უკან უბრუნებდა.

„დღე არ გავიდოდა, რომ ბეილს ჩემს სახლთან ფეხბურთი არ ეთამაშა და ბურთი ჩემს ბაღში არ გადმოეგდო. ერთ ღამეს ბურთი 14-ჯერ გადმოუვარდა, თუმცა 14-ჯერვე უკან დავუბრუნე და მისთვის თამაში არ შემიწყვეტინებია“.

წარსულში მხატვარმა და დეკორატორმა, ბილმა ის ორ მეტრამდე ღობე გვაჩვენა, რომელიც მას ბეილის ოჯახისაგან ჰყოფს და თქვა: „ეს ყველაფერი აქ დაიწყო…“

„მაგრამ მილიონი წელი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბეილი ამ წარმატებას მიაღწევდა და 85 მილიონ ფუნტად გაიყიდებოდა. ის ბავშვობაში როგორც კი სკოლიდან დაბრუნდებოდა, ეზოში მაშინვე ბურთით გამოდიოდა და დაღამებამდე თამაშობდა, მათ შორის ზამთარშიც, როცა ძალიან ყინავდა. მაშინ, როცა ბურთი ჩემს ბაღში აღმოჩნდებოდა, მე ადგილზე ფლეშივით (კომიქსის სუპერგმირი – ავტ.) ვჩნდებოდი, რათა მისთვის განაჩენი გამომეტანა. ბეილი ბავშვობაშიც ძალიან სწრაფი იყო, რადგან ბურთის გადმოვარდნის შემდეგ ის სახლში უმალ შევარდებოდა, მე რომ არ დამენახა“.

„17 წლის ასაკში, როდესაც ის „საუთჰემპტონში“ ჩარიცხვასთან ახლოს იყო, ეზოში, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ბურთის ჰაერში გაჩერებას ცდილობდა“, – ამბობს ტაუტი.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად კვირას, ღამე განხორციელდა, მას შემდეგ, რაც ბეილი კვირაში 300 ათას ფუნტსა და 6-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა.

ბილ ტაუტის მოპირდაპირე მხარეს გარეტ ბეილის მშობლები – ფრენკი და დები – კვლავაც ცხოვრობენ – უითჩარჩში, კარდიფში.

ბილ ტაუტის თქმით, ბეილი ჯერ კიდევ ოთხი წლისა იყო, როცა ბურთს ჰაერში კარგად ფლობდა.

„მახსოვს, ერთხელ ბურთზე კონტროლი დაკარგა, ღობეს გადაცილა და ღია კარში შემოაგდო. ბურთი, საბედნიეროდ, არა – მე, არამედ სკამს მოხვდა, რომელზეც ვიჯექი“.

„ბეილის გამო ბევრჯერ გავღიზიანებულვარ, მაგრამ მის მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს დამიკარგავს. მერე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ პატარა, ცელქი ბიჭი იყო“.

ბილი მთელი ცხოვრებაა ამ სახლში ცხოვრობს, ხოლო ბეილის ოჯახი – 30 წელია.

„გარეტის მშობლები სასიამოვნო ხალხია. ისინი თავიანთი შვილით ამაყობენ. უნდა გამოგიტყდეთ და გითხრათ, რომ არ მეგონა ბეილი ამხელა წარმატენას თუ მიაღწევდა. ვფიქრობდი, რომ მისთვის „ნიუპორტ ქანთრის“ მსგავს გუნდში მოხვედრაც კი საკმარისი იქნებოდა. როცა ვფიქრობ, რომ ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ აქვს. ახლა მიხარია, რომ ჩემს ბაღში გადმოგდებულ ბურთს ყოველთვის უკან ვუბრუნებდი და მისი განვითარებისთვის ხელი არ შემიშლია“.

„ბეილი ყოველთვის მორცხვი ბიჭი იყო, მაგრამ – საყვარელი, მშვენიერი ოჯახიდან. ის რაც ფრენკმა და დებიმ მისთვის გააკეთეს, მსხვერპლშეწირვის ტოლფასი იყო. ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, ბეილის წარმატებით ამაყობს და მადრიდის „რეალში“ მის პირველ თამაშს მოუთმენლად ელოდება“, – დასძინა ბილ ტაუტმა.

გიორგი დოგრაშვილი

პლატინი: „არ ვიცი, ღირდა თუ არა ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდა“

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ მადრიდის „რეალში“ გარეტ ბეილის ტრანსფერის ღირებულების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„არ ვიცი, ღირდა თუ არა ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა. ეს სუბიექტური საკითხია. არ მინდა, რომ ამ საქმეში ჩავერიო, რადგან აღნიშნული საკითხი კლუბებმა მოაგვარეს. ეს ცხოვრებაა“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

ბექა დოგრაშვილი