იტალიაში მოთამაშე ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელები

იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის საფეხბურთო თემატიკაზე ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. კერძოდ, მოთამაშეებს სთხოვეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეული შეედგინათ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეულში მოხვდნენ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი და „ინტერის“ ნახევარმცველი ესეკიელ სკელოტო, რომელიც იჯარის წესით „სასუოლოში“ თამაშობს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, „პესკარას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ყველაზე გადამეტფასებულ მოთამაშედ საკუთარი თავი დაასახელა.

ბექა დოგრაშვილი

მარკიზიოს ნაკრებში თამაში მოენატრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნებით კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შუახაზელი მიღებული ტრავმის შემდეგ, ერთ თვეზე მეტს მკურნალობდა, რის გამოც წინა სანაკრებო პაუზის დროსაც ვერ ითამაშა.
„ნაკრები ნამდვილად მომენატრა. ახლა ვმკურნალობ და აძურის ფორმის ჩასაცმელად კვლავ ვარ მზად. ჩვენ მეგობრული კოლექტივი გვყავს, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. მადლობა ჩეზარე პრანდელის უნდა გადავუხადოთ, რომლის წყალობითაც ასეთ მაღალ დონეზე ავედით“,- აცხადებს მარკიზიო.
„ხვალ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, კარგი თამაშის ჩვენება გვსურს“, – დაასრულა „ბიანკონერის“ მოთამაშემ.
ცნობისთვის, „სკუადრა-აძურას“ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჩატარებული შეხვედრაში 20 ქულა აქვს მოპოვებული. ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩეზარე პრანდელი გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „ტოტი უკვდავია“

ტურინის „იუვენტუსის“ კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ „რომას“ თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის ყოლას ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული, ტოტიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ ორ მატჩში ითამაშოს: 11 ოქტომბერს იტალიელები დანიაში ითამაშებენ, 15 ოქტომბერს კი სომხებს უმასპინძლებენ.

„ტოტი უკვდავი მოთამაშეა. ის შესანიშნავ ფორმაშია და შეუძლია, გუნდს დიდი სარგებელი მოუტანოს. ტოტი არის იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ჩემპიონი“, – ბუფონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა, პირლომ ყოფილ გუნდს გაუტანა

იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ „მილანი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„როსონერი“ სალი მუნტარის ზუსტი დარტყმის წყალობით მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში მე-15 წუთზე გაათანაბრა, როდესაც ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა დანარჩენი ორი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს: 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სებასტიან ჯოვინკომ გამოიჩინა თავი, ექვსი წუთის შემდეგ კი ჯოჯრო კიელინიმ შეარხია კრისტიან აბიატის კარის ბადე. აღსანიშნავია, რომ ამ გოლში პირლომაც შეიტანა თავისი წვლილი, რადგან მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, კიელინიმ კი დამატებაზე ითამაშა. 74-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მილანელთა მცველი ფილიპ მექსესი გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს: 90-ე წუთზე მუნტარიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილიც დასვა – 3:2.

ამ გამარჯვების შემდეგ „იუვენტუსმა“ 19 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ დაეწია, რომელიც მეორე ადგილს იკავებს. „მილანს“ რვა ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია აქვს დაკავებული.

სერია А
მეშვიდე ტური
„იუვენტუსი“-„მილანი“ 3:2 (1:1)

გოლები: პირლო 15′, ჯოვინკო 69′, კიელინი 75′ – მუნტარი 1′, 90′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 23′ – დე იონგი 14′, კონსტანტი 17′, მექსესი 69′, მუნტარი 90+2′.
გაძევება: მექსესი 74′.

„რომამ“ „ინტერი“ გაანადგურა, ტოტიმ დუბლი გაიფორმა

იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ინტერმა“ „რომა“ მიიღო და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

დედაქალაქური კლუბის თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ დუბლი გაიფორმა – ჯერ მე-18 წუთზე შეარხია სამირ ჰანდანოვიჩის კარის ბადე, შემდეგ კი – მე-40 წუთზე გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. შეხვედრის 44-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი ალესანდრო ფლორენციმ გახადა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე „რომა“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, რადგან მთავარმა არბიტრმა სტუმართა მარცხენა ფლაგის მცველი ფედერიკო ბალძარეტი გააძევა.

ამრიგად, გათამაშების სატურნირო ცხრილს „რომა“ უდანაკარგოდ ლიდერობს – 7 მატჩში 7 გამარჯვება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „მგლებმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს, თავად კი 20 აქვთ გატანილი. რაც შეეხება „ინტერს“, მილანელები 14 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სერია А
მე-7 ტური
„ინტერი“-„რომა“ 0:3 (0:3)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, როლანდუ, რანოკია, ჟუანი, კამბიასო, გუარინი (მილიტო 69′), ტაიდერი (კოვაჩიჩი 57′), პერეირა (იკარდი 46′), ნაგატომო, პალასიო, ალვარესი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
„რომა“: დე სანკტისი, ბენატია, ლეონარდო კაშტანი, ბალძარეტი, ტოროსიდისი, დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (ტადეი 57′), ჟერვინიო, ფლორენცი (მარკინიო 76′),  ტოტი (დოდო 81′).
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ტოტი 18′, 40′ (პენ), ფლორენცი 44′.
გაფრთხილებები: ჟუანი 32′, პერეირა 39′ – პიანიჩი 15′, ბენატია 28′, ლეონარდო კაშტანი 30′, ბალძარეტი 50′, დე სანკტისი 67′, ტადეი 89′.
გაძევება: ბალძარეტი 79′.
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბექა დოგრაშვილი

კაპელომ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მას იტალიის ნაკრების მწვრთვნელობას სთავაზობდნენ, რაზეც მან უარი თქვა.

„მქონდა თუ არა იტალიის ეროვნული ნაკრების სათავეში მოსვლის შანსი? დიახ, ამ საკითხს ჩვენ განვიხილავდით კიდეც, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იტალიის ფეხბურთს ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი ვთქვი. ამჟამად მხოლოდ რუსეთში მუშაობაზე ვფიქრობ. მოგეხსენებათ, რუსეთის ნაკრებთან შეთანხმება 2018 წლამდე მაკავშირებს“, – განაცხადა 67 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, პრესა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ კაპელოს იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ხშირად წერდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუდი გარსია: „არ გვეშინია იმის, რომ შეიძლება „რომას გამარჯვებების სერია შეწყდეს“

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ „რომას“ უმასპინძლებს. რომაელთა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას არ ეშინია იმის, რომ შეიძლება მისმა გუნდმა გამარჯვებების სერია შეწყვიტოს.

„სან-სიროზე გასამართი მატჩი ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ მზად ვართ. გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა. ასე იქნება „ინტერის“ დამარცხების შემთხვევაშიც. არ გევშინია იმის, რომ ჩვენი გამარჯვებების სერია შეიძლება შეწყდეს. ამ გუნდს 200 პროცენტით ვენდობი“, – განაცხადა რუდი გარსიამ.

მატჩი „ინტერსა“ და „რომას“ შორის შაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

პრანდელი: „ბალოტელი რომ არ გამოვიძახო, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნება“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდში გამოიძახებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სერია А-ში დისკვალიფიკაცია მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მსაჯთან კამათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ბალოტელიმ თავისი ქმედების გამო უკვე გადაიხადა. მარიო ნაკრებში რომ არ გამომეძახა, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნებოდა. ფაქტია, რომ „მილანმა“ ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ვარ თუ არა გაბრაზებული მარიოზე? დიახ, ვარ, როგორც ყველა, ვინც მასზე ზრუნავს“, – განაცხადა პრანდელიმ.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს ორი მატჩი დარჩა გასამართი: „სკუადრა აძურა“ 11 ოქტომბერს დანიაში ითამაშებს, 15 ოქტომბერს კი, ნაპოლიში სომხეთის ნაკრებს დაუხვდება.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ პირლოს საქციელის შემდეგ გუნდში ახალი წესი შემოიღო

მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ვერონას“ შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „ხნიერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეცვალა. 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ ისურვა და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. პირლოს ამ ქმედების შემდეგ, გუნდში ახალი წესი დამკვიდრდა.

„პირლოს საქციელის განხილვას საჭიროდ არ ვთვლი. აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ამიერიდან ახალი წესი გვაქვს, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე გავრცელდება: მატჩის დროს შეცვლილ ფეხბურთელს პირდაპირ გასახდელში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფეხს მოიტეხს, ანდაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, შეცვლილი მოთამაშე მატჩის საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს“, – განაცხადა კონტემ.

აღნიშნული წესის დარღვევა ფულად ჯარიმასა და ერთი თვის განმავლობაში უთამაშებლობას ითვალისწინებს.

ბექა დოგრაშვილი

უკრაინამ იტალია დაამარცხა

დასრულდა მატჩი იტალიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებსა და უკრაინას შორის. მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული მოიპოვებდა შემდეგი წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

იტალია – უკრაინა 58:66 (17:13, 17:22, 14:16, 10:15)

იტალია: ჩინჩიარინი (3 ქ. 4 მ.), ბელინელი (7 ქ. 6 მ.), არადორი (15 ქ. 9 მ.), დატომე (11 ქ.), კუზინი (0 ქ.) – სტარტი; ჯენტილე (10 ქ.), მელი (8 ქ.), დინერი (2 ქ.), მაგრო (2 ქ.)

უკრაინა: ჯეტერი (20 ქ. 4 გ. 3 მ.), გლადირი (5 ქ. 6 მ.), ლიპოვი (4), კორნიენკო(3 ქ. 6 მ.), ნატიაჟკო (6 ქ.) – სტარტი; მიშულა (8 ქ.), პუსტოზვონოვი (8 ქ.), კრავცოვი (6 ქ. 6 მ. 6 ბ.), ზაიცევი (3 ქ. 5 მ.), ზაბირჩენკო (3 ქ.)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 11/34 (32,4%) – 19/41 (46,3%)

სროლები შორი დისტანციიდან: 10/32 (31,3%) – 5/20 (25%)

საჯარიმო სროლები: 6/10 (60%) – 13/19 (68,4%)

მოხსნები: 44-40; გადაცემები: 11-8; დაკარგვები: 13-12

ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, კანავარომ იტალიის ნაკრებს უთავკაცოს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის ფაბიო კანავაროს სახელი”სკუადრა აძურას” შესაძლო მწვრთვნელთა შორის ფიგურირებს.

ცნობილია, რომ იტალიელთა ამჟამინდელი თავკაცი ჩეზარე პრანდელი, უახლოეს მომავალში თავისი კონტრაქტის გახანგძლივებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ არსებული შეთანხმება მხარეებს შემდეგი წლის ზაფხულის ბოლომდე აკავშირებთ.

კანავაროს გარდა, იტალიის ნაკრების შესაძლო თავკაცებად მასიმილიანო ალეგრი, რობერტო მანჩინი, ლუჩანო სპალეტი, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო და ალბერტო ძაკერონი მოიაზრებიან.

Sport Mediaset-ის ცნობით, პირველ რიგში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სწორედ კანავაროს ვარიანტის განხილვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს სამწვრთვნელო გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.

მართალია, ფინანსური თვალსაზრისით, ფაბიოს დანიშვნა საკმაოდ მისაღები უნდა იყოს, რადგან იტალიელები ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ხელფასისთვის გაცილებით ნაკლები თანხის გამოყოფას გეგმავენ. ამჟამად, პრანდელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო კანავაროს მოსვლის შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას შესაძლოა მხოლოდ 600 ათასი ევროს დახარჯვა მოუწიოს.

ალექსანდრე მატევოსოვი