“რონალდუ, სახლში დაბრუნდი”, – “მან იუს” ფანებმა “რეალის” მატჩს გადაუფრინეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში “ვილიარეალსა” და მადრდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობის დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანების ჯგუფმა “ელ მადრიგალს” თვითმფრინავით გადაუფრინა, რომელსაც სპეცალური ბანერი ჰქონდა გამოკიდული. “რონალდუ, სახლში დაბრუნდი”, – ეს წარწერა იყო ბანერზე გამოსახული. აღნიშნული შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ერთ-ერთი გოლი კი სწორედ რონალდუმ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა. ბოლო პეროდში აქტიურად ისმის ხმები იმის შესახებ, რომ პორტუგალელ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება სურს, თუმცა თავად რონალდუ ამას უარყოფს.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა საკუთარი სურვილის გამოსახატავად ამ ხერხს მიმართეს — გასულ სეზონში თვითმფრინავზე გამობმულ ბანერზე დევიდ მოიესის გათავსუფლების მოთხოვნა იყო დაფიქსრებული.

ზაჰა: “ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “კრისტალ პალასში” განათხოვრებული ვილფრიდ ზაჰა იმედოვებს, რომ ადრე თუ გვიან “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება.

“მინდა, რომ “კრისტალ პალასში” კარგად ვითამაშო და შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედში” დავბრუნდე. მე ალექს ფერგიუსონმა მიყიდა, თუმცა მას შემდეგ გუნდში მოსულ მწვრთნელებს ფეხბურთზე სხვა შეხედულებები აქვთ. ამიტომ, გარკვეული ხნით კლუბის დატოვება მომიხდა, თუმცა ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”, – ციტირებს ზაჰას სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

ვილფრიდ ზაჰას ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

 

განსხვავება კრუიფისა და ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიებს შორის

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიას.

“საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ბევრი საერთო არ გვაქვს. კი ბატონო, ორივენი ჰოლანდიელები ვართ და ძირითადი ცნებები მსგავსი გვაქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ გუნდმა უნდა ითამაშოს სწრაფი ფეხბურთი და ბურთსაც უნდა ფლობდეს.
შესაძლოა, ვან გაალმა ჩემზე მეტი იცის, მაგრამ მე მინდა, რომ ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ. როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, გუნდმა პრესინგს უნდა მიმართოს, რათა ის დაიბრუნოს. ეს თავდაცვითი ხერხიც არის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ბურთის ფლობაა”, – კრუიფის სიტყვებს “დეილი მეილი” აქვეყნებს.

ცნობისათვის, ვან გაალის “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსს” უმასპინძლებს. მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”, კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

“მილანი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ერთი ტიტულისთვის შეეცილებიან

იტალიურმა “მილანმა” ლუიჯი ბერლკუსკონის თასის მატჩის აღდგენა გადაწყვიტა. აღნიშნული ტიტულისთვის შეხვედრა უკანასკნელად 2012 წელს შედგა.

“კორიერე დელო სპორტის” თანახმად, მიმდინარე წელს ბერლუსკონის თასის მატჩი 5 ნოემბერს გაიმართება, თუმცა “მილანის” მეტოქე უწინდელივით ტურინის “იუვენტუსი” არ იქნება, “როსონერის” ამ ტიტულისთვის ამჯერად “მანჩესტერ იუნაიტედი” შეეცილება.

ცნობისთვის, ლუიჯი ბერლუსკონის თასი “მილანის” მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ მამის პატივსაცემად 1991 წელს დაარსა და აღნიშნული ტიტულისთვის მატჩი ყოველწლიურად ტარდებოდა.

 

გარი ნევილი: “ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი “არსენალში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიჰყიდა კლუბმა დანი უელბეკი ლონდონის “არსენალს”. ნევილისთვის ამ ტრანსფერის ღირებულებაც გასაკვირია.

“ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი. ამ ზაფხულს მომხდარი ტრანსფერების ღირებულებების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ იყიდა “არსენალმა” ეს ფეხბურთელი მხოლოდ 16 მილიონ ფუნტ სტერლინგად. კლუბები მარცხენა და მარჯვენაფლანგელ მცველებს 15 მილიონად ყიდულობენ და “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი მხოლოდ 16 მილიონად დათმო. უცნაურია. გუნდი დატოვა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელიც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” უშუალო კონკურენტს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ვხედავ”, – ციტირებს ნევილის სიტყვებს “თოქსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ დანი უელბეკი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “არსენალში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადავიდა.

 

დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედისგან” 6 მილიონზე მეტი მიიღო

დევიდ მოიესმა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასული სეზონის ბოლოს გაათავისუფლა, კონტრაქტის გაწყვეტისთვის კლუბისგან 6,5 მილიონი ევრო მიიღო. ამის შესახებ “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აპრილის თვეში გაათავისუფლეს, ლივერპულის “ევერტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:2).

მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასულ სეზონში რეკორდული შემოსავლები მიიღო.

 

ანჩელოტიმ მიანიშნა, რატომ გადავიდა დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიანიშნა, რომ ანხელ დი მარია “სამეფო კლუბიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” მხოლოდ უკეთესი ფინანსური შემოთავაზების გამო გადავიდა.

“ზოგ ფეხბურთელს ბრძოლა უყვარს, ზოგს კი მეტი თანხის გამომუშავება ურჩევნია. თუ მოთამაშეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში სათამაშოდ მოტივაცია სჭირდება, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ის სხვა გუნდში გავუშვა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ “წითელ ეშმაკებთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 59.7 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

დევიდ მოიესი ვან გაალის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მარცხის შემდეგ “წითელი ეშმაკების” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ლუი ვან გაალის კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

“ყველამ იცოდა, რომ მას დრო სჭირდება. ყველას სჭირდება დრო იმისთვის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ღირსეული მემკვიდრე გახდეს. ის, რაც დღეს მოხდა, მე “ვესტ ბრომვიჩის”, “ნიუკასლისა” და “ევერტონის” წინააღმდეგ გასულ სეზონში გამართულ შეხვედრებში დამემართა. პრემიერლიგის ყველა გუნდი ორგანიზებულია, ყველას ჰყავს განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომელთაც მატჩისთვის მიმდინარეობის მიცემა შეუძლიათ”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს espn-ი.

ამ განცხადებამდე კი სოციალურ ქსელში გაჩნდა კომპიუტერული პროგრამით დამუშავებული ფოტო, რომელზედაც მოიესი ვან გაალის გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰოლანდიელ სპეციალისტამდე სწორედ მოიესი თავკაცობდა, რომელიც ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

ვან გაალის კომენტარი დღევანდელი მარცხის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შესახებ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ისაუბრა.

“როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჩვენ გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ შანსის ქონა საკმარისი არ არის. მეგონა კიდეც, რომ მოვიგებდით, თუმცა შესაძლებლობებს გამოყენება უნდა. დღეს გუნდურად ვერ ვითამაშეთ. მანამდე შედარებით უკეთ ვთამაშობდით და ცუდია, რომ დღეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ.
პირველ ტაიმში ვნერვიულობდით, რის გამოც არასწორ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით. მატჩის მეორე ნახევარში გუნდურად ვერ ვითამაშეთ, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი. სამწუხაროა, რომ შინ გამართულ პირველივე მატჩში დავმარცხდით.
ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ — ქომაგები, ფეხბურთელები, მე. ძალიან ცუდი დღე იყო”, – განაცხადა ვან გაალმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

ვან პერსი “სუონსისთან” არ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურში “სუონსი სიტისთან” გასამართ მატჩს გუნდის თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოტოვებს. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელმა, რომელსაც ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასასვენებლად დამატებითი დრო მიეცა, სასურველი ფორმის დაბრუნება ვერ მოასწრო.

“არ არის იმის შანსი, რომ ვან პერსიმ ითამაშოს. მას ვარჯიში სჭირდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსის” შორის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

 

ლიუკ შოუ ერთი თვით ლაზარეთში

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ლიუკ შოუმ მუხლქვედა მყესი დაიშავა, რის გამოც ერთი თვით ლაზარეთში ყოფნა მოუწევს. 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” “საუთჰემპტონიდან” 27 ივნისს გადავიდა. შოუ სწორედ “საუთჰემპტონის” აღზრდილი გახლავთ, ძირითად გუნდში კი 2012 წლიდან გამოდის. “წითელმა ეშმაკებმა” ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს. ფეხბურთელი ინგლისის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი და ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

აქვე გაცნობებთ, რომ ლიუკ შოუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე პატრის ევრას ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი მარცხენაფლანგელი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.

 

“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი კაპიტანი ჰყავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა ჩაებაროს გუნდის კაპიტნის სამკლავური. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ეს როლი უეინ რუნის ანდო. გუნდის ვიცე-კაპიტანი დარენ ფლეტჩერი იქნება.

ვან გაალმა ახალი კაპიტნების შესახებ ისაუბრა.

“გუნდის კაპიტნის არჩევა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი თემაა. უეინს ყველაფრის მიმართ შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. აღმაფრთოვანა ვარჯიშისა და ჩემი ფილოსოფიის მიმართ მის მიერ გამოვლენილმა პროფესიონალიზმმა. ის დიდებული ფეხბურთელია, გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შთაგონების წყაროა. მჯერა, რომ კაპიტნის როლს სულით და გულით მიუდგება.

დარენი ვიცე-კაპიტანი იქნება. ის ბუნებით ლიდერია და რუნის არყოფნის შემთხვევაში, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს. დარენი ძალზედ გამოცდილი ფეხბურთელია, გასახდელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს”, – ვან გაალის სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.