ზიდანი: “თავს არ ვგრძნობ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად”

ხვალ ლა ლიგა სანტანდრის მეცხრე ტურში მადრიდის “რეალი” “ეიბარს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“თავს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად არ ვთვლი. თუმცა, მივიჩნევ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვმუშაობ. რთული გრაფიკი გვაქვს. ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ და ვიცით, რომ შესვენებამდე მიყოლებით შვიდი თამაში უნდა ჩავატაროთ.მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ ორი დღე გვქონდა ძალების აღსადგენად. ახლა თავს კარგად ვგრძნობთ.”

“ტოტენჰემთან” დაპირისპირება რთული გამოდგა. “ბერნაბეუზე” თამაში მოგვწონს, მაგრამ ის შედეგი, რაც დავაფიქსირეთ, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ჩვენი გულშემატკივარისთვის. არ ვღელავ, რადგან დარწმუნებული ვარ, ჯგუფურ ეტაპს დავძლევთ. ხალხს დაავიწყდა, რომ ამ სეზონში უკვე ორი ტიტული მოვიგეთ და ერთი ტურნირი დეკემბერში უნდა ვითამაშოთ.”

“კრიტიკა ბენზემაზე? მხოლოდ მას კი არა, ყველას აკრიტიკებენ. კარიმს 60 გოლი არ გააქვს, თუმცა იტანს 30-ს და აკეთებს 40 საგოლე გადაცემას,” – ამბობს ზიდანი.

ზიდანი: “ბარსელონას” გაწვრთნა? მე თეთრი გული მაქვს”

დღეს ლა ლიგის მერვე ტურში “ხეტაფე” მადრიდის “რეალს” მიიღებს.

დაპირისპირების წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ბეილი მნიშვნელოვანი დანაკლისია. ის ბევრს ვარჯიშობს, რათა მალე დაგვიბრუნდეს. მან შესანიშნავად იასპარეზა დორტმუნდში, თუმცა შემდეგ ტკივილები იგრძნო. არ ვიცი, მას ეს დაზიანება რატომ გაუმიზეზდა. ექიმი არ ვარ და ამაზე ვერ ვისაუბრებ. ვერც რეაბილიტაციის პროცესში ჩავერევი. ვენდობი იმ ხალხს, ვინც გარეთს მკურნალობენ. ის ახლა ყველაზე მეტადაა იმედგაცრუებული, რადგან ძალიან სურს გუნდის დახმარება.”

“დიახ, “ხეტაფესთან” დაპირისპირება მწვრთნელის რანგში მეასე იქნება. ვისწავლე, რომ მეტოქეზე კონკრეტულ ასპექტებში უპირატესობის მოპოვებას მუდამ უნდა ეცადო. ასევე, არასდროს შეწყვიტო შრომა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ლა ლიგის მოგება იყო. ვიცი, რასაც ვაკეთებ და მსურს, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო. “ბარსელონას” გაწვრთნა? გახსოვდეთ, რომ მე თეთრი გული მაქვს,” – აცხადებს “ზიზუ”.

ზიდანი: “ბორუსიასთან” შეხვედრაში ეს დამატებით მოტივაციას მოგვცემს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსია” მადრიდის “რეალს” მიიღებს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“თავს მშვენივრად ვგრძნობთ. უქმეებზე შესანიშნავი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ნებისმიერ მოედანზე თამაში რთულია. თუმცა, დორტმუნდში “რეალს” არასდროს მოუგია და ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. გვინდა, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს თავი წარმატებული ასპარეზობით დავამახსოვროთ.”

“ყოველ სამ დღეში ახალი გამოცდის ჩაბარება გვიწევს. პირველ რიგში, ამით ჩვენს თავს ვუმტკიცებთ, რა ძალასაც წარმოვადგენთ.”

“კაზემირო შესანიშნავი მოთამაშეა. ის შესაძლოა, შევადაროთ დეშამსა და მაკელელეს. იბრაზილიელი აბალანსებს თამაშს შეტევასა და დაცვას შორის. რასაც მან მიაღწია, არავის აკვირვებს. კაზემირო განვითარებას განაგრძობს,” – აცხადებს “ზიზუ”.

ნაჩო: “რეალს” არასდროს მოუგია დორტმუნდში და ახლა ამის გაკეთება სურს!”

ხვალ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” სტუმრად დაუპირისპირდება.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“აქ არასდროს მოგვიგია. სწორედ ამიტომ, გვინდა, ახლა ვიმარჯვოთ და სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. თავს მშვენივრად ვრძნობთ და მონდომებულები ვართ, წარმატებულად წარმოვაჩინოთ თავი. კონკრეტულ ასპექტებში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. ვგულისხმობ ერთ გუნდად თამაშს, მეტოქეზე მეტ სირბილს. შეტევა შესანიშნავად შეგვიძლია და მეტოქეს დიდ ზიანს მივაყენებთ.”

“ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ვფიქრობ, სეზონი წარმატებულად დავიწყეთ, რადგან მოვიგეთ ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები. იქ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, თუმცა მათ ვაჯობეთ. ახლაც ძალიან მონდომებულები ვართ – როცა ამ მაისურს ატარებ, სხვანაირად არც შეიძლება იყოს,” – აცხადებს ნაჩო.

ზიდანი: “ჩემი ახალი კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია”

ხვალ 23:55 წუთზე მადრიდის “რეალი” “რეალ ბეტისს” მიიღებს. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ინტენსიურობა – ეს არის ის, რაც მინდა, როგორც მწვრთნელმა, დავინახო. ჩემს მოთამაშეებსაც აღნიშნული სურთ. “ბეტისის” წინააღდეგ 90 წუთის მანძილზე ვეცდებით, რომ მეტოქეს შევუტიოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. თუ ჩვენ ინტენსიურობის მაღალ დონეს მივაღწევთ, მაშინ ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ ღირსეულად წარსვდგებით.”

“არ ვაპირებ რონალდუს დისკვალიფიკაციაზე საუბარს. მთავარია, რომ იგი ბრუნდება. კრიშტიანუ ჩვენთვის დიდი ძალაა! ის ახლა გახარებულია, რადგან ძალიან სურს თამაში და ჩვენი მუდმივი დახმარება. რონალდუ საშინაო შეხვედრაში ბრუნდება – ამ სტადიონზე ასპარეზობა კი ყველას ძალიან მოსწონს, მით უმეტეს, როცა ეს რთული პერიოდის შემდეგ ხდება.”

“სებალოსს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც მას დიდ უპირატესობას აძლევს. იგი ტექნიკურია და ძალუძს მეტოქის შეტევის შეჩერება.”

ბოლოს “ზიზუს” მის ახალ კონტრაქტზეც ჰკითხეს: “ჩემი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებბულია,” – განაცხადა მან.

ლუის ენრიკე: “სამი კვირის წინ “ბარსელონას” პრესკონფერენცია დაკრძალვას ჰგავდა”

29 იანვარს, 15:00 საათზე პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურში “ბეტისი” “ბარსელონას” მიიღებს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა კონფერენცია გამართა.

“სამი კვირის წინ, “ბარსელონას” პრესკონფერენციაზე რომ შემოსულიყავით, თავი დაკრძალვაზე გეგონებოდათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. გუნდმა თავდაჯერება და რწმენა განიმტკიცა,რაც ბოლო თამაშების ხარსიხზე და შედეგზე აისახა.”

“ამჟამად აბსოლუტურუად კონცენტრირებულნი ვართ “ბეტისზე”. აუცილებლად გვმართებს სამი ქულის მოპოვება. ლიდერ გუნდებთან ახლოს ვართ. ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, ასე რომ შეცდომის დაშვების უფელბა არ გვაქვს.”

“არაა გამორიცხული, რომ სულ მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ მოწინავე პოზიციებზე,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

 

კრის კოულმენი: “იმედგაცრუებულები ვართ”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა უელსის ნაკრებსა და საქართველოს ეროვნულ გუნდს შორის. მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრის კოულმენმა პრესკონფერენცია გამართა.

“სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, შეხვედრაც ძალიან კარგად დავიწყეთ.  გოლი გავიტანეთ და ეს უპირატესობა უნდა გამოგვეყნებინა, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ მოვეშვით, რის გამოც დავისაჯეთ. მეორე ტაიმში იყო იმის შანსი, რომ წაგვეგო.”

“ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. 4 დღეში  2 შეხვედრა გვქონდა, რაც მარტივი არაა. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ და ასეთ სიტუაციებშიც უნდა ვეცადოთ ას პროცენტიანი შედეგის მიღწევას.”

“გუნდში ბევრი ტრავმა იყო, ბევრი ფეხბურთელები გადაიღალნენ. ამის გათვალისწინებით საქართველოს ნაკრებთან თამაში, თუნდაც საკუთარ მოედანზე, ძალიან რთულია.”

თავები უნდა ავწიოთ და მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ,” – განაცხადა კოულმენმა.

ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს თავისივე პრესკონფერენციაზე ჩასთვლიმა

დღეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რის შემდეგ ფიფას ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის მსვლელობისას ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ისა ჰაიატუს ჩასთვლიმა, რაც ვიდეოკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

The moment when the stand-in FIFA president Issa Hayatou falls asleep in his own press conference… The organisation is an absolute shambles!

Posted by 101 Great Goals.com on 2015 წლის 3 დეკემბერი, ხუთშაბათი

„რეალის“ პრესკონფერენციაზე „გაზპრომს“ წითელი ბარათი უჩვენეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურში დანიური „კოპენჰაგენი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. როდესაც „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და მცველი პეპე მატჩისწინა პრესკონფერენციას ატარებდნენ, მედიადარბაზში „გაზპრომის“ წინააღმდეგ მიმართული არასანქცირებული ბანერი დაკიდეს, რის გამოც ჟურნალისტებთან „რეალის“ წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დამდეგ ზაფხულს „გაზპრომი“ არქტიკის შელფზე კომერციული პროექტის დაწყებას გეგმავს. საერთაშორისო საზოგადოებრივ ბუნებისდამცველ ორგანიზაცია „გრინპისში“ თვლიან, რომ არქტიკა არ არის ადგილი ნავთობის მრეწველობისთვის და საერთოდაც, ამ ადგილას სამრეწველო კომპანიებს თავიანთი პროექტების განხორციელების საშუალება არ უნდა მიეცეთ.

პრესკონფერენციაზე გამოტანილ ბანერს შემდეგი წარწერა ჰქონდა: „Save the Arctic. Show Gazprom the red card“.

მატჩი „კოპენჰაგენსა“ და „რეალს“ შორის 10 დეკემბერს გაიმართება და ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი ლორიას ჩაეხუტა

საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც გიორგი ლორიას ჩაეხუტა და მოედანი თავისივე ნებით დატოვა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

დეშამის 11 პრობლემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის  ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.

„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში  4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.

„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.

ბექა დოგრაშვილი

თემურ ქეცბაია: „დღევანდელი მატჩი მხოლოდ ნახევარი საქმეა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდით ამაყობს, თუმცა სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი უნდა მოსულიყო.

– შეაფასეთ დღევანდელი მატჩი.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ვამაყობ, როგორც მწვრთნელი და ალბათ, მთელი საქართველო ამაყობს იმით, რომ ასეთი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა ქართული ფეხბურთისთვის ასეთ რთულ პერიოდში. იქნებ, ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოვიდეს. საფრანგეთის ნაკრები არის გუნდი, რომელიც ასეთი დონის ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მათ დღეს არაფერი დავუთმეთ. იმ ხალხმა, ალბათ წააგო, ვინც დღეს სტადიონზე არ მოვიდა, თუმცა ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მათ ჩვენი ცუდი შედეგებით ხელი ვკარით. ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა და ის ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ამისთვის ფინეთის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. იმედია, მომდევნო მატჩზე მეტი ხალხი მოვა.

– ვის გამოარჩევდით და რა გახდა ამ შედეგის ძირითადი მიზეზი?
– ვინმეს გამორჩევა რთულია. მთელმა გუნდმა, შეცვლებზე შემოსულმა ფეხბურთელებმა წვლილი შეიტანეს და გულშემატკივრებს ეს საღამო აჩუქეს. არ მჩვევია მატჩის შემდეგ ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა და ამისთვის მადლობას ვიხდი. თუ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენსას მივაღწევთ. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და ერთ-ორ წელიწადში ისინი მეტს გააკეთებენ. ვფიქრობ, მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიზანს რეალურად შევხედავთ თვალებში.

– მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდმა ყველაზე ძლიერად ითამაშა, ამ პერიოდში გვქონდა მომენტებიც. შესვენებაზე ეს დაავალეთ გუნდს?
– ჩვენ მეტისმეტად დავაფასეთ საფრანგეთი. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტი ძალით წინ წასულიყვნენ. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდმა კარგად ითამაშა, ხალხიც გვერდში დაგვიდგა. ასეთი დონის გუნდის დამარცხება ადვილი არ არის. სახლში უკეთ ვთამაშობთ. ძლიერ სპარინგ-პარტნიორს თუ არ სურს, მას ძალით ვერ ჩამოიყვან, არადა, შინ ასეთი მატჩების ჩატარება თავდაჯერებას შეგვმატებდა.

– საფრანგეთის ნაკრებისგან მეტს ველოდით. ეს ხომ არ იყო მათი მხრიდან ქართველთა დაუფასებლობა?
– ისე ამბობ, თითქოს გეწყინა ეს შედეგი. ამაზე რომ გიპასუხო, ვინანებ, ამიტომ არ გეტყვი.

– გასახდელში ჩაეხუტეთ თარგამაძეს?
– კი. იგონებენ, თითქოს ნაკრებში დაძაბულობაა. რომელ ჩიტს მოაქვს ეს ამბები? ეს რა ბოღმა ჩიტი ყოფილა?!

– როგორ მოახერხებთ ფინეთის ნაკრებისთვის გუნდის ისე გადაწყობას, რომ პირველ ნომრად ითამაშოთ. საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში გამარჯვება სჭირდება.
– უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთებიდან ხუთი თავდამსხმელი უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტაქტიკა რომ გავამხილოთ, შეიძლება მეტოქემ დაამუშაოს.

– დღეს სათამაშო დისციპლინაც იგრძნობოდა. რა განსახვავება იყო დღევანდელსა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის?
– როცა ამხანაგურ შეხვედრებს ვიგებთ, ზოგიერთები ამბობენ, ეს რათ გვინდაო და როცა ვაგებთ, მაშინ მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ასეთი მატჩები. 31 მატჩიდან 19 გასვლაზე რომ ატარებ, 19-ივეს ვერ მოიგებ, თუმცა ფეხბურთელებმა უნდა შეიგნონ, რომ გუნდისთვის და ქვეყნისთვის ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია და ოფიციალურიც. როცა გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ ჩემი გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძოლებდა. ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც 0:6 და 0:5 აგებდა. მაშინ ხალხი ტრიბუნაზე გინების მეტს არაფერს აკეთებდა, ანდაც სტადიონიდან მიდიოდნენ.

– ფინეთის ნაკრებთან თქვენს მე-11 გამარჯვებას მოიპოვებთ?
– დაპირებები არ მიყვარს. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მომდევნო მატჩსაც ისე ითამაშებს, როგორც დღეს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. ხალხი კი, რომელიც სტადიონზე არ მოვა, ბევრს ინანებს.

– როგორც ჩანს, ეს არის გუნდის ოპტიმალური ტაქტიკა. გარკვეულმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ყველაზე კარგად ამ ფორმაციით ვითამაშეთ და ასე გაგრძელდება?!
– ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ყაზახეთის ნაკრებტან გამართულ მატჩში ორი-სამი და ხუთი ფორვარდით ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. დაცვაშიც უნდა შეგეძლოს ტამაში. რომ არ დააფასებ მეტოქეს, ასეტი იაღლიში მოგივა. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთისთვის ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ვიდრე ყაზახეთან ჩვენი მარცხი.

ბექა დოგრაშვილი