ესპანეთის პრიმერადივიზიონის სეზონის სიმბოლური გუნდი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”);

მცველები: ჟორდი ალბა, დანიელ ალვესი, ჟერარ პიკე (სამივე – “ბარსელონა”), ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”);

ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”);

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”);

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე (“ბარსელონა”).

La liga symbol team

 

პრიმერადივიზიონში ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად პეპე ჯარიმდება

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი პეპე ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კოლეგებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არღვევს თამაშის წესებს. გაზეთ “მარკას” თანახმად, ლა ლიგის XV ტურის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ ხისტი ხასიათით გამოირჩევა, მხოლოდ ხუთჯერ ჰყავთ დაჯარიმებული.

პეპეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ყვითელი ბარათი ამ დრომდე არ აქვს მიღებული, როცა მის თანაგუნდელ სერხიო რამოსს თამაშის წესი ოცჯერ დაურღვევია და ხუთჯერ გაფრთხილებაც მიუღია.

ცნობისთვის, პეპეს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

“რეალმა” “ბარსელონას” მიღწევა გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” “ბარსელონას” მიღწევა გაიმეორა, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 2005/06 წლების სეზონში აჩვენა. კერძოდ, საუბარია მიჯრით 18 მატჩის მოგებაზე.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIV ტურში “სამეფო კლუბმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთთრიკის წყალობით “სელტა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მომდევნო შეხვედრაში ახალი რეკორდის დამყარების შესაძლებლობა მიეცა.

სტატისტიკაში ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩი იგულისხმება.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რეკორდი დაამყარა კრიშტიანუ რონალდუმაც, რომელმაც პრიმერადივიზიონში 23-ე ჰეთთრიკი გაიფორმა.

 

ანჩელოტი: “გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

“კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით. არსებულ გეგმას მივყევით და ამან გაამართლა.
კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დაცვაში ჩემი გუნდის პრობლემები კლასის ნაკლებობით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ ამ ნაკლის გამოსწორებაზე თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებდა.
პროფესიონალების გუნდი მყავს. ფეხბურთელებს ესმით, რას ნიშნავს “რეალში” თამაში.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა, ბურთს ვფლობდით და ფლანგებს ვიყენებდით. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ასი”.

 

ლუის ენრიკე: “რეალმა” გამარჯვება დაიმსახურა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

კატალონური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თვლის, რომ ეს მარცხი “ბარსასთვის” კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს.

“მარცხი მეტყველებს იმაზე, რომ “რეალი” ისევე ძლიერია, როგორც – ჩვენ. დღეს მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ეს მარცხი უნდა გავაანალიზოთ. ხან მოიგებ, ხან დღევანდელის მსგავსი შედეგით დაასრულებ მატჩს.
შეგვეძლო, ანგარიში 2:0 გაგვეხადა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც დავისაჯეთ.
მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვებაც დაიმსახურა”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.

 

ფანტასტიურ საფეხბურთო ილეთი ნეიმარის შესრულებით

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. კატალონიური გუნდის რიგებიდან ეს ერთადერთი გოლი ნეიმარის ანგარიშზეა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლის გარდა ამ მატჩში ერთი შესანიშნავი ილეთითაც დაგვამახსოვრა თავი.

“ელ კლასიკო”: სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” დღეს გაიმართება. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” მიღებს. ჯერჯერობით უცნობია გუნდების სასტარტო შემადგენლობები, თუმცა სხვადასხვა გამოცემები სავარაუდო განაცხადებს აქვეყნებენ.

გთავაზობთ მატჩში მონაწილე გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს “მარკას” მიხედვით.

“რეალი”: კასილასი, კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ხამეს როდრიგესი, ისკო, ბენზემა, რონალდუ.

Real XI

“ბარსელონა”: ბრავო, დანი ალვესი, პიკე, მატეუ, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, პედრო, მესი, ნეიმარი.

Barca XI

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

“ელ კლასიკო”: სავარაუდო სასტარტო შემადგენლობების ღირებულება

დღეს “ელ კლასიკოა” — მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” მასპინძლობს. დღეს ორი მდიდარი გუნდის დაპრისპირებაა, “რეალი” და “ბარსელონა” ყველაზე ხარჯვად კლუბთა სიაში მოწინავე ადგილებს იყოფენ და ბუნებრივია, ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებითაც არან დაკომპლექტებულნი. საინტერესოა, რა ღირებულების შემადგენლობები წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე.

“რეალის” სავარაუდო შემადგენლობა:

კასილასი, მარსელო, პეპე, ვარანი, არბელოა, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, რონალდო, ხამეს როდრგესი, ბენზემა.

Real Madrid XI

“ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობა:

ბრავო, ალბა, მატეუ, პიკე, დანი ალვესი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, სუარესი, მესი.

Barcelona XI

გუნდების სასტარტო შემადგენლობების ღირებულება:

“რეალი” — 385,4 მლნ ფუნტი
“ბარსელონა” — 406,5 მლნ ფუნტი
სულ — 792 მლნ ფუნტი

თანხები მოცემულია transfermarkt-ის მიხედვით.

პრიმერადივიზიონის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ გოდინი დასახელდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „ატლეტიკოს“ ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში სწორედ ურუგვაელი მოთამაშის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა მადრიდულმა კლუბმა საჩემპიონო ტიტული. გოდინმა ანგარიში შეხვედრის 49-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა. ეს გოლი იმ მატჩში ბოლო აღმოჩნდა, საყაიმო შედეგი კი ხელს „ატლეტიკოს“ აძლევდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩემპიონიც გახდა.

 

პრიმერადივიზიონის სეზონის სიმბოლური გუნდი

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ჭარბობენ.

სეზონის სიმბოლური გუნდის ასე გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), ემერიკ ლაპორტი („ბილბაო“), დიეგო გოდინი („ატლეტიკო“); ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ანდერ იტურასპე („ბილბაო“), კოკე („ატლეტიკო“), ივან რაკიტიჩი („სევილია“), გაბი („ატლეტიკო“);
თავდამსხმელები: დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“).

 

პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.

ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.

„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.

საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

შეთქმულების ტური პრიმერადივიზიონში

თითქოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ვიღაც შეთქმულებას აწყობს, რომ ჩემპიონატმა მაქსიმალური ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნოს. თითქოს გათამაშების ლიდერები წინასწარ ვიღაცას დაეწყევლოს, რომ 36-ე ტურში ვერცერთი მათგანი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჯერ იყო და „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ დაუზავდა გავარდნის ზღვარზე მყოფ „ხეტაფეს“ — 2:2, შემდეგ „ატლეტიკომ“ დათმო შეხვედრა „ლევანტესთან“ — 0:2. მადრიდის „რეალი“ კი ძლივს გადაურჩა საშინაო მარცხს „ვალენსიასთან“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

44-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ გახსნა. 59-ე წუთზე მას სერხიო რამოსმა უპასუხა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პასი შეირგო, თუმცა ექვს წუთში დანი პარეხომ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2. სხვათა შორის, ეს „რეალისთვის“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-100 გოლი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონია, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატში არანაკლებ 100 გოლს იტანს.

ამ მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „ატლეტიკოს“ აქტივში 88 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მადევარ „ბარსელონას“ 3 ქულით ნაკლები აქვს. 83 ქულით მესამე ადგილზე „რეალია“, რომელსაც მის წინ მყოფ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
36-ე ტური
„რეალი“ — „ვალენსია“ 2:2 (1:0)
გოლები: სერხიო რამოსი 59′, რონალდუ 90+2′ — მატიე 44′, პარეხო 65′.
გაფრთხილებები: დი მარია 51′ — კეიტა 70′, დიეგო ალვესი 80′, ფეგული 90+4′.

ბექა დოგრაშვილი