შედეგიანი ფრე პარიზში (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული პირველი მატჩი მეტად საინტერესოდ წარიმართა და ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩი სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც დავიდ ლუისმა სერხიო აგუეროს წინაარმდეგ თამასის წესი დაარღვია, რის გამოც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. იგი განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს. მე-14 წუთზე ინგლისელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარტყმული ჯო ჰარტმა მოიგერია და ტაბლოზე ნულები დარჩა. შვედ ფორვარდს ცოტა ხანში მეორე შანსიც მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ მყოფმა ეს შესაძლებლობაც გაანიავა. გუნდებმა გოლები ტაიმის მიწურულს გაცვალეს: ჯერ ბლეზ მატუიდის შეცდომით ისარგელეს სტუმრებმა და კევინ დე ბრეინემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი იბრაჰიმოვიჩმა აღადგინა წონასწორობა კურიოზული გოლით.

მეორე ტაიმის დებიუტში მსაჯმა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი მატუიდიც გააფრთხილა, რომელსაც საპასუხო შეხვედრაში ასევე უქმობა მოუწევს.  59-ე წუთზე პარიზელები წინ გავიდნენ: გოლი ადრიენ რაბიომ გაიტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს: მცველების შეცდომით ფერნანდინიომ ისარგებლა და 2:2.

წყვილის განმეორებითი მატჩი მანჩესტერში 12 აპრილს გაიმართება.

“ლიონმა” “პსჟ”-ს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთში პირველი მარცხი აგემა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სტად დე ლიუმერზე” შედგა, სადაც “ლიონმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატში 2015 წლის 15 მარტის შემდეგ პირველად წააგეს. მაშინ ლორან ბლანის გუნდი “ბორდოსთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

“პარი სენ-ჟერმენი” სატურნირო ცხრილს 73 ქულით ლიდეობს. “ლიონს” 42 ქულა აქვს და მესამე პოზიცია უკავია.

საფრანგეთის ჩემპიონატი
28-ე ტური
“ლიონი” — “პარი სენ-ჟერმენი” 2:1 (2:0)
გოლები: კორნე 13′, დარდერი 45+2′ — ლუკას მოურა 51′.
გაფრთხილებები: იანგა-მბივა 43′, ფერი 72′, რაფაელი 73′ — მოტა 23′, ვან დერ ვილი 58′, კავანი 63′, რაბიო 74′, ლუკას მოურა 89′.

ბლანი: “პსჟ”-ში იბრაჰიმოვიჩის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ჯერაც გაურკვეველია და შესაძლოა, შვედმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდი გამოიცვალოს.

“ზლატანის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივება დიდწილად თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩი 34 წლის გახლავთ, ის ჯერაც კარგად თამაშობს”, – აღნიშნა ბლანმა.

თავად ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჯერაც არ იცის, რა იქნება სეზონის ბოლოს.

 

“პსჟ”-ის ფეხბურთელები უახლოეს მატჩებში სპეციალური მაისურებით ითამაშებენ

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები უახლოეს ორ მატჩში მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვლენ, რითაც პატივს მიაგებენ 13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში “მალმიოსა” და საფრანგეთის ჩემპიონატის XV ტურში “ტრუას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებს მაისურზე სატიტულო სპონსორის გერბის ნაცვლად გამოსახული ექნებათ წარწერა: “JE SUIS PARIS” (“მე ვარ პარიზი”).

კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის სპონსორებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ.

 

“პარი სენ-ჟერმენმა” ბლანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენმა” მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს ახალი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. 50 წლის ფრანგ სპეციალისტს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება ძალაში. კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ბლანი ხელშეკრულებას ხელს 2015 წლის ბოლომდე მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ლორან ბლანი “პარი სენ-ჟერმენს” 2013 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ერთხელ კი ქვეყნის თასს დაეუფლა.

 

“პსჟ” რონალდუს ტრანსფერისთვის 100 მილიონს ამზადებს

უცხოურ პრესაში კვლავ ვრცელდება ინფორმაცია “პარი სენ-ჟერმენის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუსადმი დაინტერესების შესახებ. გავრცელებული ცნობის თანახმად, პარიზელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბს” 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი აცხადებს, რომ მისი კლუბი რონალდუს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთი მოლაპარაკების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია გასაიდუმლოებული იქნებოდა.

 

კავანი “ნაპოლიში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “ნაპოლიში” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანური კლუბის ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა.

“როდესაც ვახერხებ, “ნაპოლის” თამაშებს ტელევიზორში ვუყურებ. მე მიყვარს ეს გუნდი. “ნაპოლი” ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებს. მჯერა, ეს გუნდი სერია A-ს მწვერვალზე ასვლას მოახერხებს. დავბრუნდები თუ არა “ნაპოლიში”? რატომაც არა?! ფეხბურთში არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შესაძლოა, მომავალში ნეაპოლში დავბრუნდე”, – ციტირებს კავანის კომენტარს “კორიერე დელ მეცოჯორნო”.

 

ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა.

წყაროს თანახმად, 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, ესეკიელ ლავესის პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

 

იბრაჰიმოვიჩმა “რეიმსთან” გამართული მატჩი შეაფასა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის წინათ თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში შვედ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა. იბრაჰიმოვიჩმა მოედანი ამჯერადაც გატანილი გოლის გარეშე დატოვა, უგოლო სერია კი უკვე 419 წუთამდე გაიზარდა.

“კარგად ვარ, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, სათამაშო დროც მომეცა. ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, თუმცა ვგრძნობ, რომ უწინდელ დონეზე ვბრუნდები.

დღეს გატანა შემეძლო, თუმცა რაღაც არ გამომივიდა. ეს “რაღაც” უნდა გამოვასწორო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, მეტს არ ვიმსახურებდით. ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და ყველა ფრონტზე ვიბრძვით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

 

“რეიმსის” თავკაცი: “კანკავას არ გავუკვირვებივარ”

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუხვდა და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც შეხვედრის მე-4 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. ჩვენებური ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა შორის, არაერთხელ ჩაშალა პარიზელთა შეტევა და ადგილობრივი პუბლიკისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ კანკავას თამაში “რეიმსის” თავკაცმა ოლივიე გუჟანმაც შეაფასა:

“კანკავას არ გავუკვირვებივარ. მან საერთაშორისო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა. მისგან სწორედ ასეთ თამაშს მოველოდი”.

 

ჯაბა კანკავამ “პარი სენ-ჟერმენთან” სრულად ითამაშა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში “რეიმსმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის მე-4 წუთზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გაფრთხილება მე-3 ტურში “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაბა კანკავამ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა არაერთი შეტევა ჩაშალა, “რეიმსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ადგილობრივი ქომაგებისგან მაღალი შეფასებაც მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “პარი სენ-ჟერმენის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევებს მრავალფეროვნება აკლდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გახსნეს: პარიზელი მცველები კონტრშეტევას სათანადოდ ვერ დაუხვდნენ და მოედანზე ექვსი წუთის შესულმა ტეოსონ სიებატშეუმ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.

“პარი სენ-ჟერმენმა” საპასუხო იერიშშივე მოახერხა წონასწორობის აღდგენა: ხავიერ პასტორეს გენიალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება “რეიმსს”, გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.

საფრანგეთის ჩემპიონატი (VI ტური)
“რეიმსი” — “პარი სენ-ჟერმენი” 1:1 (0:0)

გოლები: სიებატშეუ 83′ — კავანი 84′.
გაფრთხილებები: კანკავა 4′, კიე 74′ — სტამბული 67′, მატუიდი 80′.

ოფიციალურად: დი მარია “პსჟ”-ში გადავიდა

“პარი სენ-ჟერმენმა” ოფიციალურად დაადასტურა ანხელ დი მარიას ტრანსფერი.

არგენტინელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“პარი სენ-ჟერმენი” ტრანსფერის ფინანსურ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელებმა 63 მილიონი ევრო გაიღეს.

“სიამაყით ვატარებ “პარი სენ-ჟერმენის” მაისურს. ვეცდები, ყველა ტურნირზე გავიმარჯვო – საფრანგეთის მასშტაბით იქნება ეს თუ – ევროპის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარიზში ჩემპიონთა ლიგის თასი ჩამოვიტანოთ”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, სადაც გასული წლის ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ანხელ დი მარიამ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.