ესპანურ გრანდებს სერხიო აგუერო სურთ

კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იუწყება, რომ „ბარსელონას“ ყურადღების არეალში „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო მოექცა. არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ბარსას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იჩენს. გარიგება შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო აგუეროთი მადრიდის „რეალიც“ არის დაინტერესებული, რომელიც მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გაიღოს.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში სერხიო აგუერომ „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინი: „აგუერო ორ წელიწადში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ კლუბის თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კარიერა სწორედ „ქალაქელთა“ რიგებში უნდა გააგრძელოს.

„არა მგონია, რომ აგუერო ესპანეთში დაბრუნდეს. „მანჩესტერ სიტი“ შესანიშნავი კლუბია საუკეთესო ფეხბურთელებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც აგუერო და იაია ტურე არიან.

თუ აგუერო მადრიდის „რეალში“ გადავა, „სამეფო კლუბი“ მაინც არ იქცევა მის გუნდად, „რეალი“ ისევ კრიშტიანუ რონალდუს გუნდი იქნება. იგივეს თქმა შემიძლია „ბარსელონაზე“, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს.

აი, „სიტი“ კი მისი გუნდი გახდება. ორ წელიწადში აგუერო „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს“, – პელეგრინის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

აგუერო მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო შემდეგ კვირას „კარდიფთან“ მატჩში, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას მოახერხებს. ამის შესახებ „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა.

„აგუერო მუშაობას აგრძელებს და, შესაძლოა, შემდეგ კვირას სერხიო მოედანზეც კი დაბრუნდეს“, – განაცხადა ფეხბურთის ჩილელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, „კარდიფთან“ მატჩს „სიტი“ თვრამეტ იანვარს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პელეგრინი: „აგუერო საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამე ადგილზეა“

როგორც მოგეხსენებათ, პრემიელრიგის XII ტურში „მანჩესტერ სიტიმ” „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ანგარიშით 6:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა სერხიო აგუერომ, რომელიც 10 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა. დუბლი ხესუს ნავასმაც გაახერხა, კინკილა გოლი ალვარო ნეგრედოს ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი სანდრომ ჩაჭრა საკუთარ კარში.

მატჩის შემდეგ მანუელ პელეგრინიმ გუნდის შეტევითი ხაზის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ნეგრედო ძალზედ კმაყოფილია იმით, როგორც განვითარდა მისი კარიერა ინგლისში. ჩემი აზრით, აგუერო მისთვის იდეალური პარტნიორია. სერხიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს შემდეგ სწორედ აგუერო დგას. ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოთამაშეთა შორის მესამე ადგილზეა. ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. ასეთ სტილში თამაში აგუეროსთვისაც კომფორტულია“, – აღნიშნა პელეგრინიმ.

ბექა დოგრაშვილი

აგუეროს მიზანი – მუნდიალის მოგება და „ოქროს ბურთის“ დასაკუთრება

„მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასა და „ოქროს ბურთის“ დასაკუთრებაზე ოცნებობს. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, ეროვნულ ნაკრებში მისი მიზანი ლიონელ მესის დახმარებაა. აგუერო თვლის, რომ მესის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ მას თანაგუნდელები მაქსიმალურად უნდა დაეხმარნონ.

„ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაა. ამ მიღწევით ისტორიაში შევალ. რაც შეეხება ნაკრებში ჩემს როლს, ჩემი საქმე მესის დახმარებაა. ის დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული, ხალხი მისგან ბევრ რამეს ელის.  მე მას ვეხმარები, რომ ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს, რაც ისევ გუნდს წაადგება. ქომაგები არგენტინის ნაკრებისგან წარმატებას ელიან და ეს კარგია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი გავახაროთ“, – კუნ აგუეროს სიტყვებს La Nation-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აგუეროს შეძენის თხოვნით მიმართა

„ბარსეოონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის სერხიო აგუეროს შეძენა სთხოვა, რის შესახებაც ცნობას ესპანური პრესა ავრცელებს.

ზაფხულს „ბლაუგრანსის“ მენეჯერები აგუეროს შეძენის ვარიანტს განიხილავდნენ და მის აგენტსაც კი დაუკავშირდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ნეიმარის დამატება უფრო ისურვეს. ასეა თუ ისე, მესის თხოვნის შემდეგ, გამორიცხული არ არის, „ბარსელონამ“ აგუეროსთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს.

სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელთან ერთ-ერთი დაახლოებული პირის თქმით, სერხიო „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნს“ აგუეროს დამატება სურს

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის The People-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები „მანჩესტერ სიტის“ მენეჯერებთან სერხიო აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას აპირებენ.

ამავე წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ მანჩესტერელთა მფლობელებს 40 მილიონზე ნაკლების მიღება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ აგუერო ინგლისის პრემიერლიგაში 2011 წელს გადაბარგდა. მაშინ, მის სანცვლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ 38 მილიონი ფუნტი მიიღო. „ქალაქელთა“ მაისურით ას ჩატარებულ მატჩში სერხიომ გოლის გატანა 58-ჯერ მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარადონამ აგუეროს უნებისყოფო უწოდა

დიეგო მარადონა თვლის, რომ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო უნებისყოფო ადამიანია.

აგუერო მიმდინარე წლის იანვრის თვეში გაშორდა მეუღლეს, მარადონას ქალიშვილ ჯანინას, რომელთან ერთადაც ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ დროისთვის ჯანინა ვაჟიშვილ ბენჟამინთან ერთად მადრიდში ცხოვრობს.

„ის უნებისყოფოა. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა. ჩემი შვილის ადვოკატთან მომდევნო შეხვედრაზე დასწრება მეც მინდა. მაინტერესებს, რითი გაიმართლებს თავს ის (აგუერო)“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს „ინდეპენდენტი“.

30 ოქტომბერს დიეგოს 53 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა იუბილე დუბაიში აღნიშნა.

„ორი დღით ადრე ბენჟამინმა ასეთი რამ მითხრა: „ბაბუა, თუ ამ დღეს ვერ გნახავ, მაშინ წინასწარ მოგილოცავ იუბილეს“. ამ სიტყვებმა ამატირა“, – აღნიშნა მარადონამ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ ტორესის გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესმა ბოლო წუთზე გაიტანა.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმდენად გაახარა ამ გოლმა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ხალხის მასებს შეერია და გამარჯვება ლონდონური კლუბის ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

„ჩელსიმ“ „სიტი“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლონფდონელები მინიმალური უპირატესობით იგებდნენ – 1:0. გოლი ანდრე შიურლემ 33-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის 49-ე წუთზე სერხიო აგუერომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ფერნანდო ტორესმა „სიტის“ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და „ჩელსის“ საჭირო 3 ქულა მოუტანა – 2:1.

„ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას 20 ქულით იკავებს. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელებს“ აქტივში 16 ქულა დარჩათ და მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდნენ.

პრემიერლიგა
IX ტური:
„ჩელსი“-„მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: შიურლე 33′, ტორესი 90′ – აგუერო 49′.
გაფრთხილებები: ლამპარდი 22′, რამირესი 52′ – ზაბალეტა 27′, ნასტასიჩი 31′, ხავი გარსია 60′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

 

„ჩელსი“ vs „სიტი“ – სამი დუელი

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

მატჩამდე გთავაზობთ იმ სამი მთავარი დუელის შესაძლო შედეგის განხილვას, რომლითაც შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს.

დავიდ ლუისი vs სერხიო აგუერო

არგენტინელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია. აგუერო რეგულარულად თამაშობს და იტანს – 98 მატჩში 56 გოლი უბრალო შედეგი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, მან პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ახლა აგუერო უბრალოდ დაფრინავს მოედანზე. 173 სმ-ის სიმაღლის კაცი თავითაც კი იტანს – გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში თავით გატანილი პირველი გოლი აღნიშნა.

„სიტის“ ფორმალურ სქემაში – 4-2-3-1 – აგუერო სამ შემტევ ფეხბურთელთა შორის გადის, თუმცა ის არ თამაშობს, როგორც შემტევი ნახევარმცველი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „სიტიმ“ მოსკოვის „ცეესკას“ წინააღმდეგ გამართა (2:1), აგუერო ძირითადად შეტევის პირველ ხაზში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, ცენტრალური თავდამსხმელები მოქმედებენ. აი, ალვარო ნეგრედო კი – უფრო ხშირად იწევდა უკან. ალბათ, „ჩელსის“ დაცვის ცენტრის გამაგრებას დავიდ ლუისი შეეცდება. ბრაზილიელი სწრაფია, უფრო მობილურია, ვიდრე ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, სწორედ მას დაევალება აგუეროს განეიტრალება. თუ დავიდ ლუისი არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლებლობებს მაქსიმალურად შეუზღუდავს, მაშინ „ჩელსის“ შანსები, არ გაუშვას გოლი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრენკ ლამპარდი vs იაია ტურე

მიმდინარე სეზონის დასაწყისში სპილოს ძვლის კუნძულელი ნახევარმცველი ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებს. საოცარი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა, შეტევის დაწყება, განვითარება და დაგვირგვინება – ამაზე მეტი დადებითი თვისებით პრემიერლიგის არცერთი ნახევარმცველი არ არის მომადლებული. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც შესანიშნავად ასრულებს. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი მანაქანაა, რომელსაც მებრძოლი სპილოს დაუღალავი ძალა აქვს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ტურეს განეიტრალება დაევალოს, ობი მიკელი და რამირესი კი, ალბათ, უფრო ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან. ესე იგი, ტურეს ბრძოლა ფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ მოუწევს. ლამპარდმა სამაშაბათს გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში სრულად კი ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას დღესაც დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დიადი ლამპარდი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურეს შეჩერებას.

ბრანისლავ ივანოვიჩი vs დავიდ სილვა

ესპანელი ჯადოქარი, რომელმაც სეზონის სასტარტო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, იბრუნებს ფორმას და კვლავ ხდება „სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა. „ის მოედანზე ხედავს და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც პრემიერლიგაში სხვა ვერავინ აკეთებს. ის იბრუნებს ფორმას და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია „ქალაქელებისთვის“, – განაცხადა „ბიბისის“ ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მატჩის მიმდინარეობისას დავიდ სილვა საშუალოდ ოთხჯერ აკეთებს სახიფათო გადაცემას.

დავიდ სილვა თუნდაც მარცხენა ფლანგზე დააყენონ, მაინც მუდმივ მოძრაობაშია, მოქმედებს შეტევითი ფრონტის მთელ ხაზზე. ეშლი კოული მოედანს უბრუნდება, თუმცა დავიდ სილვას განეიტრალება, ალბათ, მაინც ბრანისლავ ივანოვიჩს დაევალება. სერბმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ის დღესაც მარცხენაფლანგელ მცველად მოგვევლინოს. ივანოვიჩი სწრაფია, მობილურია, ზომიერად უხეშია და სილვასთან ორთაბრძოლაში დროულად შესვლა შეუძლია. თუ მას ესპანელის განეიტრალება გამოუვა, „სიტის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

ბექა დოგრაშვილი