ესპანეთი — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ედუარდო ვარგასი დაასახელეს, რომელმაც ბოლო სეზონის სწორედაც ესპანურ „ვალენსიაში“ გაატარა. მან დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა.

24 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

ინიესტა: „ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის კრახით დაიწყო. „ფურია როხა“ ჰოლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 1:5 განადგურდა და საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა, თუმცა ესპანელთა გამოცდილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს და ჯგუფიდანაც გავა.

„ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ. მცირე დეტალები წონასწორობას გვაკარგვინებს. დღეს ძალიან მძიმე საღამო გვქონდა.

ყველაფრისთვის მზად ვართ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა დღევანდელ მარცხს არ დავივიწყებთ“, – ინიესტას სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანელები დარჩენილ ორ შეხვედრას ჩილესა (18 ივნისი) და ავსტრალიის (23 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ვან პერსი: „ვან გალმა გოლი მიწინასწარმეტყველა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. მატჩის გმირად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა.

„მატჩის წინ ვან გაალმა მითხრა, რომ გოლის გატანა შემეძლო. ასეც მოხდა – ამიტომაც აღვნიშნე ესპანელთა კარში გატანილი პირველი გოლი მწვრთნელთან ერთად. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ტაქტიკა სწორად გავანაალიზეთ და მათ წინააღმდეგ მატჩს სრულად შეიარაღებულნი შევხვდით“, – განაცხადა ვან პერსიმ.

 

ვან გაალი: „თავი არ უნდა მოვიტყუოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩი ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.

„არ ველოდი, რომ ეს ტაქტიკა ასე გაამართლებდა. აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ანგარიშით 5:1 დამარცხება მართლაც შესანიშნავი რამ გახლავთ. ისე, მეექვსეს გატანაც შეგვეძლო. თუმცა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ… ჯგუფიდან ჯერ არ გავსულვართ“, – აღნიშნა ვან გაალმა.

 

დელ ბოსკე: „უნდა ვაღიაროთ, მეტოქემ გვაჯობა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ წაგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ეს სპორტია. მარცხს უნდა შევეგუოთ. მეტოქემ მეორე ტაიმში გვაჯობა.

ახლა ვინმეს დადანაშაულების დრო არ არის. არ ღირს, რომ მარცხი რომელიმე ფეხბურთელს დავაბრალოთ, ეს მთელი გუნდის სისუსტე იყო. ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მით უფრო იკერს.

უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა.

საქმე გავირთულეთ, თუმცა პრობლემა უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დასახელდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ვან პერსიმ მოედანზე 79 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ესპანეთის ნაკრებმა ხუთი გოლი უკანასკნელად 51 წლის წინათ გაუშვა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ესპანელებმა ხუთი და მეტი ბურთი უკანასკნელად შორეულ 1963 წელს გაუშვეს. მაშინ „ფურია როხა“ შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 2:6 განადგურდა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ესპანელებმა ამ ტურნირზე ოთხ გოლზე მეტი უკანასკნელად სწორედ ბრაზილიაში გაუშვეს. 1950 წლის ბრაზილიის მსოფლიო პირველობაზე ესპანელები მასპინძლებთან ანგარიშით 1:6 განადგურდნენ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის გახსნითი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ესპანეთი: კასილასი, სერხიო რამოსი, პიკე, ასპილიკუეტა, ჟორდი ალბა, ინიესტა, ჩავი ალონსო, ჩავი, დავიდ სილვა, ბუსკეტსი, დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

ჰოლანდია: სილესენი, ვლაარი, იანმაატი, ბლინდი, დე ვრეი, მარტინს ინდი, რობენი, სნეიდერი, დე იონგი, დე გუზმანი, ვან პერსი.
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.

მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

 

რაული: „შესაძლოა, დელ ბოსკე 4-6-0 სქემას მიუბრუნდეს“

ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა რაული თვლის, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნომინალური ფორვარდის გარეშე ითამაშოს.

„დავიდ ვილიამ და ფერნანდო ტორესმა თავიანთ კლუბებში მთლად კარგად თავი ვერ წარმოაჩინეს. შესაძლოა, დელ ბოსკემ კვლავ მიმართოს 4-6-0 სქემას. თუ ეს გოლების გატანაში დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – მწვრთნელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა. ასეთია საფეხბურთო მწვრთნელისა და მოთამაშეების ბედი.

ტიტულის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ყველა ესპანელი გულშემატკივარი სვამს კითხვას, შეძლებს ესპანეთის ნაკრები ამ ამოცანის დაძლევას? დელ ბოსკე იცნობს თავის გუნდს და იცის, რომელი სათამაშო სქემა გამოადგება. პუიოლის არყოფნაში დაცვა უფრო სუსტი იქნება. დიეგო კოსტას მდგომარეობაც დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ტრავმის მიღებამდე საუცხოო ფორმაში იყო.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. არის ჩემპიონობის სხვა კანდიდატებიც, თუმცა ესპანეთი პირველ რიგში სახელდება. ბრაზილიის ნაკრები საკუთარ კედლებში ითამაშებს, რაც მათ თავდაჯერებას შემატებს. ბრაზილიელებს ამჯერად უფრო ძლიერი მცველები ჰყავს, ვიდრე შემტევები“, – განაცხადა რაულმა.

 

პიკე: „საუკეთესო მესია, მას რონალდუ მოსდევს“

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. არცერთი მათგანი ჩვენს ნაკრებში არ თამაშობს, თუმცა ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთა სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ფეხბურთელი გვყავს… ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ის კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა. ამასთანავე, დელ ბოსკე ისეთივე მოკრძალებულ პიროვნებად დარჩა“, – პიკეს სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „ესპანელთა წინააღმდეგ 5-3-2 სქემით ვემზადებით“

ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ სასტარტო შეხვედრაში გუნდი ხუთი მცველით ითამაშებს.

„მარტში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ მწვრთნელმა 5-3-2 ტაქტიკა მოგვარგო. ვფიქრობთ, რომ კარგი გეგმა გვაქვს. ასეთ სქემაშიც შემიძლია, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ ჰოლანდიური სკოლისთვის დამახასიათებელ უპირატესობებს, თუმც დაცვაში ზედმეტად არ უნდა გავიხსნათ. ახალი ტაქტიკის მომზადებაზე ბევრი ვიმუშავეთ. ასე რომ, არაფერი არ გვაღელვებს“, – რობენის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი