2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში გამართული ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან ანგარიშით 0:1 დათმო. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მსაჯთან ერთ დროს პრობლემები ჰქონდა.
„სამწუხაროა, რომ თბილისში გამართული ჯგუფის ბოლო მატჩი წავაგეთ. თუ მოგებას არა, წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. პირველი მატჩის შემდეგ, გუნდი ფიზიკურად მზად არ იყო. ესპანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო ქეცბაიას პრესკონფერენცია.
– ფიზიკური დაღლილობა ახსენეთ და გარდა ამისა, რა დააკლდა გუნდს სასურველი შედეგისთვის?
– საჭიროა მეტი შემქმნელი ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს. თავიანთ კლუბებში ზოგიერთი სკამზე ზის, ზოგიერთი ტრიბუნაზე. უნდა ეცადნონ, რომ ნაკრებში მოხვდნენ. ფეხბურთი არის დინამიკა. ფეხბურთელი თუ არ ირბენს, თუ არ გაეკიდება, თუ არ იმოძრავებს, რთულია მისთვის ნაკრებში თამაში.
– ჯანო ანანიძის ფიზიკურ მომზადებაზე გკითხავთ. თითქოს წინა შეხვედრაში არ იყო ფიზიკურად მზად, ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ მატჩში იყო დამაკმაყოფილებელი. ჯანოზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მასზე უკეთესი ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელამდე ბურთს მიიტანს, ფაქტობრივად არ გვყავს?
– გეთანხმები. ასეთი ფეხბურთელები არიან ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე. ორი თამაში ვითამაშეთ და მე არ მახსოვს, რომ სახიფათო მომენტი შეგვექმნა. ცუდია, როცა მათგან ელოდები და შედეგს ვერ იღებ.
– როგორ ფიქრობთ, არბიტრმა გაგვწირა, თუ რეალური პენალტი დანიშნა?
– სწორედ ეს მსაჯი სჯიდა ზუსტად ორი წლის წინათ ლატვიასთან გამართულ შეხვედრას. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი შიში მქონდა. ვაპირებდი, რომ მეთქვა… ამ მსაჯთან პრობლემები გვქონდა, როდესაც კვიპროსში ვთამაშობდი. ამ არბიტრმა თამაში ჩაგვიშალა, არადა ჩემპიონობიოსთვის ვიბრძოდით. ის შეხვედრა წაგებად ჩაგვითვალეს. იმასაც ვფიქრობდით, რომ უეფას მსაჯის შეცვლის მოთხოვნით მიგვემართა. იქ ვცხოვრობ, ამდენი გამიკეთებია იმ ქვეყნისთვის და ალბათ, ვიყავი იმის ღირსი, რომ 50-50-ზე ემსაჯა. ასეთ პენალტს არავინ დადებს.
– რამდენად ლოგიკურია ფინური და ქართული ფეხბურთის გათვალისწინებით, რომ ფინეთის ნაკრები ჯგუფის მე-3 ადგილს იკავებს, საქართველოს კი – მე-4-ს? სხვაობა რაოდენ დიდია?
– ეროვნული ჩემპიონატის მიხედვით, მე-100 ადგილის იქით ვიქნებით. მგონი, იმათ ფინეთის ჩემპიონატიდან არც ჰყავთ ფეხბურთელი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ კარგ ფეხბურთს, რომელსაც 30 წლის წინათ ვთამაშობდით. ოთხი წელია ვიძახი, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ფეხბურთელთა ეს პლეადა არის, მაგრამ ვიღაცამ ეს ხომ უნდა შეცვალოს?! ის ბიჭები წავიდნენ, რომლებიც თამაშობდნენ „იტალიებში“, „გერმანიებში“, „ინგლისებში“, „ჰოლანდიებში“, შოტლანდიაში. ისინი ვიღაცამ ხომ უნდა შეცვალოს?! კლუბი სხვა რამაა. აქ შეიძლება ვიღაც დაიმატო, ვიღაც ჩამოიყვანო, ერთ ფეხბურთელს მეორე შეუწყვილო. ჩვენ გავიზარდეთ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც მსოფლიო დონეზე თამაშობდნენ. ჩვენს შემდეგ კიდევ სხვები მოვიდნენ. ისინი წავიდნენ და იმის მერე აღარავინ მოსულა. ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ თუ ამას დროულად არ მივხედავთ, ძალიან ძნელი იქნება მომავალში. ქვეყანაც არ არის ფინეთის მსგავს სიტუაციაში. სად ფინეთის ცხოვრების დონე და სად ჩვენი?! ჩვენ ქართველები ვართ და გვგონია, რომ ყველაზე უკეთესები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ხალხი მილიონებს და მილიარდებს დებს და ისინი ვერ აღწევენ შედეგს და ჩვენ არაფერს ვდებთ და როგორ გვინდა, რომ ფეხბურთი განვითარდეს?!
– მიზანი იყო მე-3 ადგილის დაკავება, რაც ვერ მოვახერხეთ. როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავრი მწვრთნელის შეცდომა და ფეხბურთელების მთავარი შეცდომა?
– გეგმა იყო ის, რომ ეს ორი წელი გამოგვეყენებინა მოსამზადებლად, ახალგაზრდებისთვის შანსი მიგვეცა, რადგან ვიცოდით, რომ ამ ჯგუფში გასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. დავისახეთ მე-3 ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე-3 ადგილს ავიღებდით. არც იმას ნიშნავს, რომ ფინეთზე უკეთესი გუნდი ვიყავით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა მთავარი გეგმა იყო მომზადება, ბიჭებისთვის შანსის მიცემა, რათა ეს ორი წელიწადი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის მოვმზადებულიყავით. მომდევნო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-3 ადგილი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პლეი-ოფს ითამაშებს. შეიძლება მეც დავუშვი შეცდომები, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი შეცდომების გამო ვერ გავედით პირველ ან მეორე ან მესამე ადგილზე. ყველა ცდება. როცა ჩვენ ჩავიბარეთ გუნდი, მე-6 ადგილზე იყო. ერთი ციკლის შემდეგ ჩვენ მე-5 ადგილზე დავასრულეთ, ახლა მე-4 ადგილზე. რაღაც წინსვლა არის, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. იმედია, მომდევნო შესარჩევ ეტაპზე მე-3 ადგილზე გავალთ და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.
– დღევანდელი შედეგი გამოიწვია ტაქტიკურმა პრობლემამ, თუ ფსიქოლოგიურმა წნეხმა, რადგან როდესაც აუცილებლად მოსაგები გაქვს, ფსიქოლოგიურად უფრო რთულია…
– რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია. სულ სხვა არის თამაში საფრანგეთთან და სულ სხვა არის თამაში ფინეთთან. ფინეთთან მეტი შეტევა გინდა. 0:0-ზე კარგი მომენტები გვქონდა. შეიძლება გაგვეტანა და ჩვენ მოგვეგო, მაგრამ ვერ გავიტანეთ და მეტოქემ გაიტანა. ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოინდომონ.
– ჩვენ ადგილას რომ იყოთ, რა კითხვა დაგებადებოდათ?
– უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში აღორძინდეს. თუ რაღაცის იმედი არ გვაქვს, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ?! დავანებოთ ყველაფერს თავი?! საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?! გუნდების ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცეთ, თუმცა მხარი არ დამიჭირეს. თვითონ გუნდებს არ უნდათ, რომ ათამაშონ ეს ფეხბურთელები. მოთამაშე, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში არ თამაშობს, ის სადღაც როგორ უნდა წავიდეს?!
– ხიზანიშვილი რატომ არ მოვიდა: ტრავმა აქვს თუ თქვენი გადაწყვეტილება იყო?
– ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში არ იყო და ალბათ, ეწყინა და ავტობუსში არ ამოვიდა.
ჟურნალისტთა ნაწილმა ქეცბაია პრესკონფერენციიდან ტაშით გააცილა.
ბექა დოგრაშვილი