ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, თუმცა საინტერესოა, ორიგინალია თუ არა ტიტული, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ.

ჩემპიონთა ლიგა (უწინდელი სახელწოდება ჩემპიონთა თასი) 1955-1956 წლების სეზონიდან თამაშდება. ტურნირის პირველი თასი დიზაინით დღევანდელისგან განსხვავებული იყო და ის ევროპის ჩემპიონატის ტიტულს უფრო ჩამოჰგავდა. 1967 წელს ეს თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა “რეალს”, რომელსაც იმ დროს გათამაშება ექვსჯერ ჰქონდა მოგებული. ამის შემდეგ ახალი და დღეს არსებული დიზაინის მქონე თასი დამზადდა. მოზრდილი სახელურების გამო ჯილდოს მეტსახელად “დიდი ყურები” შეარქვეს. ეს თასი პირველად გლაზგოს “სელტიკმა” მოიგო, თუმცა შოტლანდიურ კლუბს ტიტული სამუდამო საკუთრებაში არ გადაეცა. დადგენილი წესის თანახმად, ამისთვის საჭირო იყო ტურნირის ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოგება. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ნამდვილი თასი საკუთრებაში ათი თვის ვადით ეძლეოდა, რის შემდეგაც ტიტული უეფაში ბრუნდებოდა, გუნდს კი შემცირებული ასლი ეძლეოდა.

1970-1973 წლებში ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირი მიჯრით სამჯერ მოიგო და გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ტროფეი საკუთრებაში გადაეცა, რის შემდეგაც ახალი ორიგინალი თასი ჩამოისხა. 1973-1976 წლებში იგივე გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნმა” და მასაც გადაეცა ტურნირის ორიგინალი ჯილდო სამუდამო საკუთრებაში. 1994 წელს “მილანმა” გათამაშება მეხუთედ მოიგო და ტიტული სამუდამოდ დაისაკუთრა. 2005 წელს “ლივერპული” გახდა უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ტურნირის ორიგინალი თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა. ამრიგად, მხოლოდ ხუთ კლუბს უდგას მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ნამდვილი თასი.

2008-2009 წლების სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს კლუბებს სამუდამო საკუთრებაში აღარ გადასცემს. ტურნირის მეექვსე ორიგინალი თასი უეფაში ინახება, გამარჯვებულ გუნდებს კი მისი ზუსტი ზომის ასლი გადაეცემათ, რომელზეც მოგებული კლუბის სახელწოდებაა ამოტვიფრული. გარდა ამისა, გამარჯვებულ კლუბებს სურვილისამებრ ტურნირის ორიგინალი თასის ასლის დამზადება შეუძლიათ, თუმცა კოპია ზომით მისი ნამდვილი ანალოგის მაქსიმუმ 80 პროცენტი უნდა იყოს. ახალი წესის თანახმად, კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მეხუთედ ან ზედიზედ მესამედ მოიგებს, სათამაშო ფორმაზე სპეციალური ნიშნის გამოსახვის უფლება ეძლევა.

ჩემპიონთა ლიგის თასის თანამედროვე დიზაინი წარმოადგენს 73,5 სანტიმეტრის ვერცხლის ამფორას, რომელიც შეიგნიდან მოოქროვილია. ტიტული 7,5 კილოგრამს იწონის და მისი ნომინალური ღირებულება ათი ათასი შვეიცარიული ფრანკია. თასზე წინა მხარეს გამოსახულია უეფას ლოგო, ცენტრში კი ფრანგულად აწერია “COUPE DES CLUBS CHAMPIONS EUROPÉENS” (“ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი”). ჯილდო 1967 წელს შვეიცარიელმა იუველირმა იურგ შტადელმანმა დაამზადა.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორიგინალ თასს აღარ იღებს, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ტურნირის პრესტიჟულობასა და მისი მოგების სურვილს.

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის ფინალშია!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედო” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა. გოლი ვერც დამატებით დროში გავიდა. შესაბამისად, დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმები.

საგულისხმოა, რომ პირველი ორი დარტყმა ორივე გუნდმა გამოიყენა. თუმცა, შემდეგ შულაიამ და გურულმა თითო-თითო პენალტი გააცუდეს. საბოლოოდ, გადამწყვეი ფაზა იყო ის, როცა დავით კობოურმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ვაჟა ტაბატაძემ კი გამარჯვების გოლი შეაგდო. შესაბამისად, თერთმეტმეტრიანების სერია ანგარიშით, 5-4 დასრულდა და “ტორპედო” თასის ფინალში გავიდა.

 

საქართველოს თასის 1/4-ფინალში გასასვლელი ბოლო მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

გაირკვა საქართველოს საკალათბურთო თასის 1/4 ფინალში გასასვლელი ბოლო მატჩის ჩატარების თარიღი. როგორც სუპერლიგის ოფიციალური საიტი იუწყება, „აკადემიასა“ და „ვითას“ შორის შეხვედრა 23 თებერვალს, 19 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

აღნიშნული მატჩის გამარჯვებულს 1/4 ფინალში „დინამოსთან“ დაპირისპირება ელის.

სათქმელია, რომ 1/4 ფინალში ასევე „ბათუმი“, „რუსთავი“ და „სოხუმი“ გავიდნენ.

სასკომ მეტალურგს არ დაუთმო

დღეს, თასის დებიუტანტი სასკო უმაღლეს ლიგელ რუსთავის მეტალურგს ესტუმრა.დაძაბულ ორთაბრძოლაში მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სასკოში უამრავი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. თბილისელები გადახალისებულ რუსთაველებთან თავიდან არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ, რაც პირველ წუთებზე გატანილ გოლშიც აისახა.

გათანაბრება სასკომ პირველი ტაიმის მიწურულს სტანდარტული სიტუაციიდან შესძლო. ბურთი თავით კარში ჯაბა ბერიანიძემ გადაგზავნა.
მეორე ტაიმში გუნდები მთელი 45 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ზვერავდნენ. ბოლო 10 წუთში სასკო გააქტიურდა. მეკარესთან პირისპირ ორჯერ შოთა ჯიქია და დავით რაჟამაშვილი გავიდნენ, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა გოლის გატანა .
მატჩის მიწურულს გიორგი კუცურუას დარტყმული ბურთი მეკარემ იოლად მოიგერია.
ასე რომ უმაღლესი ლიგელის და პირველი ლიგელის დაპირისპირებაში საბოლოოდ გამსვლელის ვინაობა თბილისში მერანის სტადიონზე გაირკვევა, სადაც თბილისური გუნდი საშინაო შეხვედრებს ატარებს.
სასკოს პრეს-სამსახური.

რაგბის მსოფლიო თასი თბილისშია

რაგბის უმაღლესი ჯილდო – უებ ელისის თასი თბილისშია! რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, პრიზი საგაისო მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება და ეს დღეები საქართველოში იქნება. დღეს ჯილდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მედიამენეჯერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა, რომელიც სპეციალურად თასთან ერთად ეწვია საქართველოს, განაცხადა: „რაგბი ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ჯილდო კი ყველა მორაგბის ოცნებაა. რამდენადაც ვიცი, თასი პირველად გამოიფინება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან გაიხარებენ – საქართველო ხომ მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრია”!

დღეს დილით უებ ელისის თასი კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა, შაბათს, 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთა თასისთვის ითამაშებენ. სხვათა შორის 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, ეს ჯილდო საქართველო-რუმინეთის დაპირისპირების მასპინძელ სტადიონზეც იდგა.

რაგბის მსოფლიო თასი პირველად 1987 წელს, ახალ ზელანდიაში გათამაშდა. მას შემდეგ ეს პრიზი მხოლოდ ოთხმა გუნდმა აღმართა: 1987 და 2011 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებმა, 1991 და 1999 წლებში ავსტრალიამ, 1995 და 2007 წლებში სამხრეთი აფრიკამ, 2003 წელს კი ერთადერთმა ევროპულმა გუნდმა – ინგლისმა.

უებ ელისის თასი ოქრო-ვერცხლისგან 1906 წელსაა დამზადებული და 38 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სხვადასხვა ორნამენტებით დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პრესონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა, სადგამზე კი იმ გუნდების დასახელებებია ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. ავსტრალიაში ამ ჯილდოს „ბილ”-საც უწოდებენ.

საქართველოს შემდეგ უებ ელისის თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ურუგვაისა და იაპონიაში გამოიფინება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

“სიონმა” “ზესაფონი” დაამარცხა

2013 წლის 25 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ბოლნისის საფეხბურთო კლუბი ”სიონი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი 13-ე წუთზე მაინც სტუმრებმა შექმნეს – თორნიკე გრიგალაშვილის დარტყმა ბოლნისელთა კარის ძელმა მოიგერია. მასპინძლებმა გიორგი კახელიშვილის სახიფათო გარღვევით უპასუხეს, თუმცა იმერელთა მცველებმა მას გადამწყვეტი დარტყმის განხორციელების საშუალება არ მისცეს.

ამის შემდეგ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და “სიონის” გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილის კართან რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. გიორგი ადამიას და ორჯერ ირაკლი ქობალიას თავის გუნდის დაწინაურების კარგი შანსები მიეცათ, თუმცა ყველა ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა ქვემოქართლელთა გოლკიპერმა.

მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა, თუმცა სანდრო გურულს მაინც მიეცა საკუთარი გუნდის დაწინაურების მშვენიერი შანსი – ის ბოლნისელთა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილმა მოახერხა “სიონის” აშაკარა გოლისაგან ხსნა. სამაგიეროდ, ბოლნისელებმა თავის პირველივე შანსი გოლად აქციეს – სტუმართა საჯარიმოში აკაკი მიკუჩაძის წაქცევისათვის (ამ ეპიზოდის გამო მატჩის არბიტრმა მოედნიდან ილია კანდელაკი გააძევა) დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარებულმა აქცია. პირველი მერვედფინალური მატჩი ბოლნისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

FCZestafoni.GE