35 წელი “ლივერპულის” თბილისური კრახიდან

დღეს თბილისის “დინამო”—”ლივერპულის” ჩვენთვის სახელოვანი მატჩიდან 35 წელი გავიდა.

1979-1980 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში “დინამოს” მეტოქედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) გუნდი — “ლივერპული” ერგო. თბილისელებს მანამდეც მრავალჯერ მიუღიათ მონაწილეობა ევროპულ ტურნირებში, მაგრამ საკმაოდ უშედეგოდ, თუმცა ცალკეულ მატჩებში სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამარჯვებები მოვიპოვეთ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი “ლივერპულთან” დაპირისპირებაც.

ქართველი ქომაგი თავიდანვე მოუთმენლად ელოდა “ლივერპულთან” შეხვედრას. აბა, რა იქნებოდა, თბილისში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ. პირველი შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს “ენფილდ როუდზე” მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: მატჩის 30 წუთზე ჯონსონმა გახსნა ანგარიში, ჩივაძემ 37-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, ხოლო 45-ე წუთზე კეისმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა. განმეორებით მატჩს კი უკვე 3 ოქტომბერს “დინამოს” სტადიონი მასპინძლობდა. თამაშზე ტევა რომ არ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. თბილისელი ქომაგები (და არამხოლოდ თბილისელი) ამ მატჩისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ.

“დინამო”—”ლივერპულის” მატჩამდე თბილისელმა გულშემატკივრებმა დილის 4 საათზე იმ სასტუმროსთან, სადაც მერსისაიდელები იმყოფებოდნენ, მსვლელობა მოაწყვეს “დინამო”, “დინამოს” ძახილით და ინგლისელებს ნორმალურად ძილის საშუალება არ მისცეს, რითაც მერე “ლივერპულის” ფეხბურთელები იმ მარცხის გამართლებას ცდილობდნენ.

მატჩის შესახებ საუბარს სჯობს ქვემოთ მოცემულ ვიდეოს მიადევნოთ თვალყური. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თბილისის “დინამოს” ყველა დროის უძლიერესი “ლივერპული” ჰყავს განადგურებული. მთავარი მარტო ანგარიში როდი იყო, თბილისელებმა გულშემატკივები მოხიბლეს მძლავრი და მაღალტექნიკური თამაშით, ბრძოლის წარმართვის დიდი კულტურით. მერსისაიდელებს მსაჯის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, თუმცა იმ დღეს თბილისის “დინამომ” თავისი თამაშითა და ფეხბურთის ტრადიციების სრული დაცვით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

1979 წლის 3 ოქტომბერი. თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 90 000 მაყურებელი
უეფას ჩემპიონთა თასის მატჩი
თბილისის “დინამო” — “ლივერპული” 3:0 (0:0)

“დინამო”: გაბელია, გ.მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ.მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, შენგელია, ყიფიანი.
მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი.

“ლივერპული”: კლემენსი, ნილი, კენედი, ტომპსონი, ჰანსენი, ირვინი, დალგლიში, კეისი (ფეარკლაფი 77′), ჯონსონი, მაკდერმოტი, სუნესი.
მთავარი მწვთნელი: ბობ პეისლი.

გოლები: გუცაევი 57′, შენგელია 75′, ჩივაძე 81′(პენ).

მსაჯი: ჰ. ალდინგერი (გფრ).
საინტერესოა, რას წერდა ბრიტანული პრესა მატჩის შემდგომ:

Daily Mirror: “ლივერპული” გამარჯვებისთვის იბრძოდა, როგორც ეს ჩემპიონს შეჰფერის, მაგრამ დამარცხდა უძლიერესთან…”

Daily Telegraph: “მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულელები” მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებით ცდილობდნენ ქართველი ფეხბურთელების იერიშების შეჩერებას, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეტოქისათვის, რომელიც მათ სჯობდა ტექნიკით…”

Daily Mal: “ცეცხლი მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა… “ლივერპული” ცდლობდა, მისთვის ჩვეული სტლით ეთამაშა, მაგრამ იგი გაანადგურეს ფეხბურთელებმა, რომლებიც საუცხოოდ თამაშობდნენ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში”.

 

ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.

 

მიხალ ბილეკი: „ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე „აქტობე“ გავიდა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისი“ სტუმრად „აქტობესთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა, ორი მატჩის ჯამში 0:4 დამარცხდა და ევროსარბიელს დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ყველანი შეტევაში წავედით, რის გამოც ბევრი ცარიელი ზონა გაჩნდა. „აქტობემ“ ამით ისარგებლა“, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „დინამოს“ ჩეხმა თავკაცმა.

— დღეს „აქტობემ“ გაგაკვირვათ?
— ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ „აქტობემ“ ანგარიშით 3:0 მოგვიგო. ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე მეტოქე გუნდი ითამაშებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პირველი გაშვებული გოლის შემდეგ სრულად გავიხსენით. „აქტობე“ ძალზედ კარგი გუნდია და შანსები გამოიყენა. ვულოცავ ამ გუნდს და მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ.

 

რაგბის მსოფლიო თასი თბილისშია

რაგბის უმაღლესი ჯილდო – უებ ელისის თასი თბილისშია! რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, პრიზი საგაისო მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება და ეს დღეები საქართველოში იქნება. დღეს ჯილდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მედიამენეჯერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა, რომელიც სპეციალურად თასთან ერთად ეწვია საქართველოს, განაცხადა: „რაგბი ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ჯილდო კი ყველა მორაგბის ოცნებაა. რამდენადაც ვიცი, თასი პირველად გამოიფინება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან გაიხარებენ – საქართველო ხომ მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრია”!

დღეს დილით უებ ელისის თასი კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა, შაბათს, 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთა თასისთვის ითამაშებენ. სხვათა შორის 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, ეს ჯილდო საქართველო-რუმინეთის დაპირისპირების მასპინძელ სტადიონზეც იდგა.

რაგბის მსოფლიო თასი პირველად 1987 წელს, ახალ ზელანდიაში გათამაშდა. მას შემდეგ ეს პრიზი მხოლოდ ოთხმა გუნდმა აღმართა: 1987 და 2011 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებმა, 1991 და 1999 წლებში ავსტრალიამ, 1995 და 2007 წლებში სამხრეთი აფრიკამ, 2003 წელს კი ერთადერთმა ევროპულმა გუნდმა – ინგლისმა.

უებ ელისის თასი ოქრო-ვერცხლისგან 1906 წელსაა დამზადებული და 38 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სხვადასხვა ორნამენტებით დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პრესონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა, სადგამზე კი იმ გუნდების დასახელებებია ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. ავსტრალიაში ამ ჯილდოს „ბილ”-საც უწოდებენ.

საქართველოს შემდეგ უებ ელისის თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ურუგვაისა და იაპონიაში გამოიფინება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ქუთაისის სტადიონზე დაკავებულები პირები დააჯარიმეს

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გუშინ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი გაიმართა.

25 პირი დაჯარიმდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადმინისტრაციული სახდელი „ტორპედოს“ იმ გულშემატკივრებს დაეკისრათ, რომლებიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლით სტადიონზე აიყვანეს. მოსამართლემ ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალურად დაადგინა, თანხა 200-დან 500 ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 58-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი შეიჭრა და ჯერ „დინამოს“ ფეხბურთელებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა შემდეგ კი, თბილისური კლუბის ქომაგებთან მოხდა დაპირისპირება. ანგარიში ამ დროს „დინამოს“ სასარგებლოდ 2:0 იყო.

 

„დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს რუსული კლუბის წინააღმდეგ გამართავს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს, რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„სპარტაკი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსული გუნდისთვის ეს თურქულ შეკრებაზე გასამართი რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მატჩი „სპარტაკმა“ ბულგარულ „მონტანასთან“ ანგარიშით 0:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე იცავს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისური გუნდისთვის ეს ამ შეკრებაზე რიგით მეხუთე მატჩი იქნება. წინა შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:

„დინამო თბილისი“ 1:1 „პოდბესკიძიე“ (28 იანვარი);
„დინამო თბილისი“ 1:2 სპლიტის „ჰაიდუკი“ (31 იანვარი);
„დინამო თბილისი„ 1:2 „მლადა ბოლესლავი“ (3 თებერვალი);
„დინამო თბილისი“ 1:0 „ჩერნომორეცი“ (შეწყდა 65-ე წუთზე; 6 თებერვალი).

„დინამოსა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ამინდის კაპრიზები და “ზესტაფონის” შეკრება თბილისში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 14 დეკემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ზესტაფონელებმა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” უნდა უმასპინძლონ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დიდი თოვლი მოვიდა. გამონაკლისი არც ზესტაფონი გახლავთ. ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ ხერხდება. მინდვრის საფარი თოვლის 40-სანტიმეტრიანი ფენითაა დაფარული. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ზემო იმერეთში კვალავაც თოვს.

აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცხინვალელებთან მატჩისათვის ქვეყნის დედაქალაქში მზადების შესახებ. გუნდი თბილისში დღეს შეიკრიბა და საფეხბურთო კლუბ “ოლიმპიკის” ბაზაზე ემზადება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სადღეისოდ შექმნილი ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

თბილისში პელეს წარმომადგენელი ჩამოვიდა

თბილისში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს წარმომადგენელი და ფიფას აგენტი პედრო კაბრაალ და სილვა ჟუნიორი ჩამოვიდა. ის რიო-დე-ჟანეიროდან საქართველოში პელეს ვიზიტის დეტალების შესათანხმებლად ჩამოფრინდა. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისსა და ქუთაისში გასამართ საქველმოქმედო ახალგაზრდულ ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები.

„მე საქართველოში ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ვიზიტთან დაკავშირებით ვიმყოფები. ქართულ მხარესთან რამდენიმე კონკრეტული დეტალია შესათანხმებელი. თავად პელეს დიდი სურვილი აქვს, ეწვიოს საქართველოს და დაესწროს ტურნირს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილეს მიეძღვნება. მასთან ყველაფერი შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ რამდენიმე საკითხიღა დარჩა დასაზუსტებელი“, – განაცხადა პელეს წარმომადგენელმა.

 

საქართველომ საფრანგეთს დაგეგმილი გამარჯვება არ გაატანა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩში საქართველომ “დინამო არენაზე” საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ის უგოლო ფრით დასრულდა, 0-0.

მატჩი დაბალ ტემპში, ფრანგების უპირატესობით დაიწყო. იმთავითვე აშკარა იყო, რომ ქართველები ფონს გასვლას კონტრშეტევებით ეცდებოდნენ, თუმცა საწყის წუთებში ფრანგები შეტევაზე მწვავედ არ გადმოდიოდნენ და არც სწრაფ გოლზე ჰქონიათ აქცენტი გაკეთებული. პირველი სახიფათო ეპიზოდი უეფას მიერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ფრანკ რიბერიმ შექმნა, როცა რამოდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და საქმე კარში დარტყმამდეც მიიყვანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. პირველ ნახევარში სახიფათო მომენტების დეფიციტი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, ამ მხრივ, სიტუაცია გამოსწორდა და გუნდებმა ერთმანეთს შედარებით მაღალი ტემპი შესთავაზეს. ქეცბაიამ შესვენების შემდეგ კობახიძეს, ანანიძესა და ოქრიაშვილს პოზიციები შეუცვალა, რამაც მეტოქე ერთი ორად დააბნია. საქართველოს ნაკრები ფრანგთა ნახევარზე უფრო ორგანიზებულად და დამაჯერებლად მოქმედებდა. 50-ე წუთზე დაწინაურებაც შეგვეძლო: შეტევის მარჯვენა ფლანგზე ოქრიაშვილმა ბურთი მკერდით გელაშვილს დაუგდო, თვითონ კი საჯარიმოს მიუახლოვდა, თავის მხრივ, “ყარაბაღის” ფორვარდმა ბურთთან კობახიძე დატოვა, რომელმაც საჯარიმოში შეაღწია, ბურთი ოქრიაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი ლორისმა მოიგერია, დამატებაზე თორნიკემ ორ ფრანგ მცველს დაასწრო და კვლავაც დაარტყა, თუმცა ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. ამ მომენტმა ფრანგებზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. მათ თამაშში არაერთხელ ტექნიკურმა წუნმაც იჩინა თავი. ქართველები შეტევაზე გადასვლას კვლავ კონტრშეტევებით ცდილობდნენ, თუმცა ზოგჯერ ძალა არ ჰყოფნიდათ, ზოგჯერ კი მარტო მყოფ ფეხბურთელს პარტნიორები ვერ ეხმარებოდნენ. თუმცა ქეცბაიას ამ ტაქტიკამ ნელ-ნელა უფრო გაამართლა, რადგან საფრანგეთს გოლის გასატანად დიდი ძალებით უხდებოდა შეტევაზე გადასვლა, დაცვა კი, შესაბამისად, უსუსტდებოდათ. 68-ე წუთზე ევრამ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჟინიაკის მისამართით მოახერხა ჩაწოდება, თუმცა გრიგალავამ საქმე დარტყმამდე არ მიიყვანა. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ქართველთა კაპიტნის, ჯაბა კანკავას საუცხოო თამაში მთელი მატჩის განმავლობაში, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში სწრაფად და სწორად მოქმედებდა. ფრანგები შეტევებს კიდევ უფრო ამწვავებდნენ და 84-ე წუთზე მათ მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია ფრანკ რიბერის უძლიერესი დარტყმით დასრულდა, რომელიც გიორგი ლორიამ მოიგერია. 91-ე წუთზე მოედნის ცენტრში ელგუჯა გრიგალაშვილის შეცდომას ჩვენი კარის მიმართულებით მწვავე შეტევა მოჰყვა: ვალბუენამ ბურთი მარტოდ მყოფ ჟირუს ჩაუწოდა, რომელმაც თავით დაარტყა, მაგრამ ლორიამ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. კუთხურის გათამაშების შემდეგ, რიბერის ჩაწოდებულს თავით სანია გამოეხმაურა, რომლის არანაკლებ სახიფათო დარტყმა კვლავაც ლორიამ მოიგერია. ბოლო წუთები საქართველოს ნაკრებმა შეტევაში გაატარა, თუმცა უშედეგოდ. მატჩის თურქ არბიტრს, ფირათ აიდინუსის კი ისღა დარჩენოდა, რომ შეხვედრა დაესრულებინა, 0-0.

ამგვარად, საქართველოს საფრანგეთს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და რაც მთავარია, ფრანგებს გეგმები აურია. მართალია, საქართველოს ნაკრები ჯგუფში კვლავაც მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა უშუალო მეტოქე ფინეთთან სხვაობას ერთ ქულამდე ამცირებს. სამშაბათს, 21:00 საათზე კი “დინამო არენაზე” მის დამარცხებას შეეცდება.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
საქართველო 0-0 საფრანგეთი
I ჯგუფი

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხუბუტია, კანკავა, კობახიძე (გრიგალაშვილი 60′), გელაშვილი (დვალიშვილი 79′), ანანიძე (თარგამაძე 69′), ოქრიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოსიელნი, აბიდალი, ევრა, გილავოგი (ნასრი 78′), სისოკო, რიბერი, ვალბუენა, ჟირუ, ბენზემა (ჟინიაკი 62′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 37′, ლორია 87′.
მთავარი მსაჯი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი).

ქართველებზე შეყვარებული რუსი კომენტატორი

„ნტვ-პლუსის“ სპორტულმა რედაქციამ თავისი კომენტატორების ინტერვიუები შემოგვთავაზა. მათ შორის იყო ქართველებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ სიმპათიით განწყობილი ჟურნალისტი მიხაილ მელნიკოვი, რომელმაც ამ ინტერვიუშიც ისაუბრა თბილისის „დინამოსა“ და კოტე მახარაძის შესახებ. აღნიშნული ინტერვიუს მონაკვეთებს Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი პერიოდულად აქვეყნებდა, ახლა კი ჩვენი ინტერნეტ-პორტალი უფრო ვრცლად გთავაზობთ მიშა მელნიკოვის აზრს „დინამოსა“ და ლეგენდარულ კოტე მახარაძეზე.

— როდის შეგიყვარდათ თბილისის „დინამო“ – 1981 წელს თუ მანამდე?
— არა, მანამდე. ბავშვობაში ალერგიის გამო სამხრეთში ხშირად დავყავდი მშობლებს. გაგრაში, ერთ-ერთ ქართულ სანატორიუმში ვცხოვრობდი, სადაც ყველა კაცი თბილისის „დინამოს“ მატჩებს უყურებდა. ამ პერიოდიდან შევიცანი ფეხბურთი. მამის მსგავსად, ბავშვობაში მეც „ზენიტსა“ და „ცსკა“-ს ვქომაგობდი, თუმცა 70-იანი წლების მეორე ნახევარში დამოუკიდებელი არჩევანი გავაკეთე და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარი გავხდი. მაშინ ეს გუნდი ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობდა. 1978 წელს კი ჩემპიონები გახდნენ. ეს იყო ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, შენგელიას და სხვათა თაობის გუნდი. შემდეგ, ასე რომ ვთქვათ, საფეხბურთო ტრაგედია შემემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „დინამოს“ და სხვა ქართული გუნდების თამაშს ვეღარ ვუყურებდი. რაღაც პერიოდის განმავლობაში ფეხბურთს აღარც ვადევნებდი თვალ-ყურს.

— კოტე მახარაძემ „დინამოს“ შეყვარებაში რაიმე როლი ითამაშა?
— დიახ, რა თქმა უნდა. ამ დრომდე ვფიქრობ, რომ კოტე მახარაძის მიერ რუსულ ენაზე წაყვანილი რეპორტაჟების მსგავსი სხვა კომენტატორებისგან არ მომისმენია და რომც მომესმინა, ალბათ, მაინც ვერ აჯობებდა მახარაძის კომენტირებას. ამ ადამიანს ყველა დროის საუკეთესო კომენტატორად მივიჩნევ. გამიმართლა და ერთხელ დიდი ხნის განმავლობაში მომიწია მასთან ურთიერთობა. ჯერ კიდევ მაქვს მისი კომენტირებით თბილისის „დინამოს“ ჩანაწერები.

— რაში მდგომარეობდა მისი ქარიზმა და უნიკალურობა?
— პირველ რიგში, ის მსახიობი იყო. ის უბრალოდ კომენტირებას არ აკეთებდა, არამედ თამაშობდა ისე, როგორც სპექტაკლში. მეორე რიგში, მას ჰქონდა რაღაც ფენომენი, რასაც ვერ ვხსნი, ძალიან ბევრ ენათმეცნიერს ვესაუბრები მასზე. რუსული ენა იქ უფრო მდიდრდება, სადაც ის მშობლიურ ენად არ ითვლება – მაგალითად, სოხუმში, ოდესაში, ბაქოში. ბევრ ქართველთან ჩამომიყალიბდა ურთიერთობა და ისინი რუსულად შესანიშნავად მეტყველებენ. მე მომწონს მათი აქცენტი, თუმცა ეს მთავარი არ არის. ყოველთვის მაოცებდა ფაქტი, როცა ადამიანებისგან, რომელთა მშობლიური ენა რუსული არ არის, მესმოდა ისეთი რუსული გამოთქმები, როგორიც მოსკოვშიც კი არასდროს გამიგია. აი, ეს არის მეორე ფაქტორი, რატომაც ასე ძალიან შემიყვარდა კოტე მახარაძის მიერ წაყვანილი რეპორტაჟები.

— კოტემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რეპორტაჟების დროს სპეციალურად ამატებდა აქცენტს, რადგან სცენაზე მის გარეშე საუბრობდა.
— ვერ შეგეწინააღმდეგებით და ვერც დაგეთანხმებით, რადგან მისი სპექტაკლები მხოლოდ ქართულ ენაზე მაქვს ნანახი. შეიძლება მართლაც იყენებდა ასეთ ოინს. ის არამარტო საფეხბურთო, არამედ საკალათბურთო მატჩებისაც უკეთებდა კომენტირებას. რამდენადაც ვიცი, ამას კალათბურთის შემოსვლის დროსაც კი აკეთებდა.

— გიცდიათ მისგან რომელიმე ფრაზის დასესხება?
— არა, სად მე და სად ის?!

— იქნებ მაინც გეცადათ?
— არა, თუმც რამდენჯერმე მისი ფრაზის ციტირება მოვახდინე. მაგალითად, „სანამ ბურთი ჰაერშია, მოკლედ გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობებს“. მე ყოველთვის ვამბობ, ეს ჩემი ფრაზაა თუ კოტე მახარაძისგან ნასესხები.

ბექა დოგრაშვილი