ინგლისის პრემიერლიგაში ჯარიმა ფეხბურთელის ნაცვლად ფანმა შეასრულა

კურიოზული შემთხვევა მოხდა ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართულ მატჩში (0:1). შეხვედრის 64-ე წუთზე “დეზების” ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა, ამ დრომს მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და ბურთს ფეხი დაარტყა. უნდა აღინიშნოს, რომ ქომაგმა მოულოდნელად კარგად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი იოლად დაიჭირა.

მოედანზე შეჭრილი ფანის მიერ შესრულებული დარტყმის შემდეგ ერიქსენმა თავში ხელები წაიშინა, თუმცა უცნობია, ეს იმის გამო გააკეთა, რომ ქომაგს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა თუ იმის გამო, რომ ის მოედანზე გამოვარდა.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები სამართალდამცავებმა დააკავეს და აღმოსავლეთ ლონდონის პოლიციის განყოფილებაში აყურყუტეს.

გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას.

“ტოტენჰემს” აშშ-ის ნაკრების წევრი შეუერთდება

“ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ამერიკულ “სიეტლი საუნდერსთან” დეანდრე იედლინის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

აშშ-ის ნაკრების მარჯვენა ფლანგის მცველი “დეზებთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუმცა გუნდს მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

შეთანხმების მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელი დამდეგ სეზონს “სიეტლიში” გაატარებს.

დეანდრე იედლინი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ამერიკელ მცველს “სიეტლიში” 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

“ტოტენჰემმა” ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრი შეიძინა

ინგლისის ახალგაზრდული გუნდის მცველმა ერიკ დაიერმა “ტოტენჰემ ჰოთსპურში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ჩრდილოლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

20 წლის ფეხბურთელი მანამდე ლისაბონის “სპორტუნგის” ღირსებას იცავდა.

ოფიციალური მხარე ტრანსფერის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა დაიერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

 

„ტოტენჰემმა“ „სუონსის“ ორი მოთამაშე დაიმატა

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „სუონსი სიტის“ ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატა: მეკარე მიშელ ვორმი და მცველი ბენ დევისი.

დევისმა „დეზებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ვორმა კი ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

დევისი „სუონსის“ აღზრდილი გახლავთ, ვორმი კი აღნიშნულ კლუბში 2011 წლიდან გამოდიოდა. უელსელმა მცველმა „გედების“ რიგებში 91 მატჩი ჩაატარა, ჰოლანდიელმა კი — 97.

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „ლორისი „არსენალში“ გადმოსვლის წინააღმდეგი არ არის“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მეკარე უგო ლორისი სიამოვნებით ითამაშებდა „მეთოფეთა“ რიგებში.

„უგოსთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ვლაპარაკობთ ცხოვრების, საფრანგეთის ნაკრების, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ.

ვისურვებდი თუ არა მის ხილვას „არსენალში“? დიახ, მინდა, რომ მან ჩვენთან ერთად ითამაშოს და არც თავად არის აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი“, – ჟირუს სიტყვები The World Game-მა გამოაქვეყნა.

 

„ტოტენჰემი“ ჰალკით დაინტერესდა

ბრიტანული პრესის ცნობით, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელ ჰალკით დაინტერესდა.

„სპორტს დირექტ ნიუსის“ ინფორმაციით, „დეზები“ მზად არიან, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღონ და კლუბის სატრანსფერო რეკორდიც მოხსნან. ცნობისთვის, „ტოტენჰემმა“ თავის დროზე რობერტო სოლდადოს სანაცვლოდ 26 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, ერიკ ლამელას ნაცვლად კი – 30 მილიონი. ინგლისური კლუბი ჰალკის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა „ზენიტის“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

„პსჟ“-ს ლორისი მოუნდა

ავტორიტეტული ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა „დეილი ექსპრესი“ იუწყება, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარე უგო ლორისი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, 27 წლის კიპერის სანაცვლოდ „დეზებს“ 16 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეაძლიოს. არც თავად ლორისი იქნება პარიზში გადაბარგების წინააღმდეგი, თუ ჩრდილოლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

მიმდინარე სეზონში ლორისმა ინგლისის პრემიერლიგის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 9 შეხვედრაში კარი მშრალად დაიცვა.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერს თასის მოგება სურს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ტოტენჰემთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ტოტენჰემის“ დამარცხება გვსურს. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენების საშუალებას მხოლოდ იმ მოთამაშეებს მივცემ, რომელთაც ტრავმა აქვთ. წინ უმაღლესი დონის დერბი გველის და მას პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. ინგლისის თასის მოგების სურვილი გვაქვს, ამიტომაც ამ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. აღნიშნული ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული და თასის მეხუთედ აწევაზე უარს არ ვიტყოდი“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბეილი: „ინგლისში მომწონდა, თუმცა სხვა სტილის ფეხბურთიც მიზიდავს“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც იგი ესპანეთში გადავიდა.

„ტოტენჰემში“ ყოველთვის ბურთის მიღებას ვცდილობდი და ჩემს თანაგუნდელებს ვეხმარებოდი. „რეალში“ კი ნებისმიერ პოზიციაზე მსოფლიო დონის შემსრულებლები თამაშობენ, ამიტომაც ყურადღების გადატანა მხოლოდ ჩემს პოზიციაზე შემიძლია“, – აღნიშნა ბეილმა.

„ინგლისში თამაში მომწონდა, თუმცა ფეხბურთის სხვა სტილიც მიზიდავს. ესპანეთში ახალ სტილებსა და ახალ თამაშს ვსწავლობ, რაც მეტ გამოცდილებას მაძლევს. ამის დახმარებით, წარმატებას, როგორც კლუბს, ისე ნაკრებს მოვუტან“, – დაასრულა უელსელმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ამინდის პროგნოზი ვილაშ-ბოაშისგან

ერთ-ერთი შვედური ტელევიზიის მაყურებლები გაოცდნენ, როდესაც ამინდის პროგნოზის წამყვანად „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ აწ უკვე ყოფილი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში დაინახეს.

ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ლონდონური კლუბიდან ორშაბათს დაითხოვეს, უკვე მოძებნა ახალი სამსახური. ამიერიდან ის შვედურ ტელევიზიაში ამინდის პროგნოზს წაიყვანს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა პორტუგალიელთან ფიზიკურ მსგავსებას არც თავად წამყვანი ნიცან კოენი უარყოფს.

„მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებთაც ერთმანეთთან რაღაც მსგავსება აქვთ, თუმცა ჩვენი შემთხვევა მართლაც წარმოუდგენელი და სასაცილოა“, – აღნიშნა დიქტორმა.

ვილაშ-ბოაშსა და კოენს შორის მსგავსება იმავე ტელევიზიის სპორტულმა რეპორტიორებმა შენიშნეს. თავად კოენი ფეხბურთით დაინტერესებული არ გახლავთ.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: „ტოტენჰემმა“ ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა

„ტოტნჰემ ჰოთსპურმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრე ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით იქნა მიღწეული. ჩვენ ანდრეს წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი „ლივერპულთან“ გუშინ გამართულ საშინაო მატჩში ანგარიშით 0:5 განადგურდა.

ბექა დოგრაშვილი