ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურში „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „ლივერპული“ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. მატჩს ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო, რომელიც ერთხანს მერსისაიდულ გუნდსაც თავკაცობდა. სტადიონზე იყო „ლივერპულის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი კენი დალგლიშიც.
შეხვედრის პირველი ნახევარი მერსისაიდული გუნდის უპირატესობით წარიმართა. „წითლები“ გაცილებით ორგანიზებულად, გუნდურად და გააზრებულად მოქმედებდნენ. შედეგად, ბრენდან როჯერსის გუნდმა პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 მოიგო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა. გოლი ჩრდილოლონდონური გუნდის მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა. ჯორდან ჰენდერსონმა ურუგვაელი თავდამსხმელი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირმა მეტოქე გუნდის ერთი მცველი ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან დარტყმით გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ სუარესს ჰქონდა მორგებული. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, რის გამოც 4-6 კვირა უქმობა მოუწევს. გატანილი გოლის შემდეგ „ლივერპულს“ უპირატესობა არ დაუთმია, პირიქით – აქტიური პრესინგის ხარჯზე „ტოტენჰემი“ გააზრებული შეტევის განხორციელებას ვერ ახერხებდა. შეხვედრის მე-40 წუთზე „ლივერპულის“ მორიგი შეტევის დროს უგო ლორისმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა ფრანგ მეკარეს მცველებმა მხარი ვერ აუბეს, რითაც ჰენერსონმა ისარგებლა და სქაუზერების უპირატესობა განამტკიცა.
როგორც ჩანს, შესვენებაზე ანდრე ვილაშ-ბოაშმა თავისი გუნდი აზრზე მოიყვანა სცადა, თუმცა დღეს „ლივერპული“ მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა. „დეზებმა“ მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრის 63-ე წუთზე „ტოტენჰემის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ სუარესს ფეხი მკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა. თითქოს მასპინძლები საბოლოოდ შეეგუენ მარცხს. მერსისაიდელებმა კი კიდევ სამჯერ გაიხარეს: 75-ე წუთზე ახალგაზრდა ჯონ ფლანაგანმა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა „წითლების“ სწრაფი შეტევა. 84-ე წუთზე სუარესმა ლორისს თავზე გადაუგდო ბურთი და დუბლი გაიფორმა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბომბარდირთა დავაში პოზიციები გაიმყარა და ახლა აღნიშნულ სიას 17 გატანილი გოლით ლიდერობს. სუარესმა 89-ე წუთზე უკვე რაჰიმ სტერლინგს გაატანინა – 0:5.
დღეს „უაით ჰართ ლეინზე“ ერთი გუნდი თამაშობდა – „ლივერპული“ და ასეთი თამაშით როჯერსის გუნდს ნამდვილად შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა. „ტოტენჰემის“ უმოტივაციო თამაშზე კი დღევანდელი შეხვედრის შედეგიც მეტყველებს, „დეზების“ მცველები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდნენ.
ამ გამარჯვებით „ლივერპულმა“ 33 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია დაიბრუნა. „ტოტენჰემს“ კი 27 ქულა დარჩა და მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.
ინგლისის პრემიერლიგა
XVI ტური
„ტოტენჰემ ჰოთსპური“–„ლივერპული“ 0:5 (0:2)
გოლები: სუარესი 18′, 84′, ჰენდერსონი 40′, ფლანაგანი 75′, სტერლინგი 89′
გაფრთხილებები: დოუსონი 27′, უოკერი 43′, ჰოლტბი 66′.
გაძევება: პაულინიო 63′.
ბექა დოგრაშვილი