მოურინიო: „ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. დიდ ინტერესს იწვევს „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გასამართი მატჩი.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

„ისტორიულად „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს ის „ბარსელონა“ აღარ არის , რასაც ადრე ვუყურებდით.

მათ ლეო მესის სახით განსაკუთერებული მოთამაშე ჰყავთ, გუნდში სხვა კარგი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“. „სიტის“ გამარჯვების შანსი აქვს“, – მოურინიოს სიტყვები itv-მ გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერმა, თქვენ გინდოდეთ, თორემ მე პრეზიდენტობა კიდევ შემიძლიაო

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს. ამის შესახებ მან შვეიცარიულ რადიოსადგურ RTS-ის ეთერში განაცხადა.

„საკმაოდ ჯანმრთელი ვარ და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე. თუ ფიფაში შემავალი ასოციაციები არჩევნებში მონაწილეობას მთხოვენ, მე ამაზე უარს არ განვაცხადებ“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტად არჩევისთვის რამდენჯერმე ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხიც დაისვა, თუმცა 77 წლის ბლატერი ამბობს, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ქმედება არაკორექტული იქნება.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაიმე საქმიანობაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება დისკრიმინაციის ტოლფასი იქნება“, – ამბობს ბლატერი.

აღნიშნულ საკითხზე ფიფას კონგრესმა სან-პაულუში, მიმდინარე წლის ივნისის თვეში უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს. ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინიც აპირებს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე რეალურ კანდიდატად გვევლინება.

აქვე გეტყვით, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.Com

მიულერი: „ბაიერნი“ და „არსენალი“ ერთ დონეზე არიან“

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება. ბავარიელთა ფეხბურთელი ტომას მიულერი თვლის, რომ ჩრდილოლონდონური გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას გაწევს.

„მეთოფეები“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ეს ყველაზე რთული მეტოქეა, რომელიც შეიძლება შეგვხვედროდა. ახლა „ბაიერნი“ და „არსენალი“ ერთ დონეზე არიან. ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ჩვენ ლონდონელებზე უკეთ გამოვიყურებით, ამიტომ ფავორიტად „ბაიერნი“ მიიჩნევა“, –  მიულერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

წყვილის პირველი მატჩი ლონდოში, 19 თებერვალს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

პლატინი „ოქროს ბურთის“ შედეგებს აკრიტიკებს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ „ოქროს ბურთი“ მის თანამემამულე ფრანკ რიბერის არ გადაეცა. როგორც მოგეხსენებათ, პრიზი კრიშტიანუ რონალდუს ერგო.

„ფრანკმა 2013 წელს ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, თუმცა „ოქროს ბურთი“ მას არ გადაეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა არსებობს. ანალოგიური სიტუაცია გვქონდა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ ესპანელ ფეხბურთელებთან მიმართებაში.

რაღაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ოქროს ბურთს“ ფიფა ათამაშებს. 50 წლის განმავლობაში მთავარი ყურადღება შედეგებსა და ტიტულებს ექცეოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ფრანგული პრესა.

ბექა დოგრაშვილი

“რეალი” ალონსოს “2+1″ სქემიან კონტრაქტს სთავაზობს

მადრიდის “რეალი” მომდევნო კვირაში ნახევარმცველ ჩაბი ალონსოსთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კონკრეტულ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ABC-ს ცნობით, მადრიდული კლუბი ფეხბურთელს “2+1″ სქემიან კონტრაქტზე ხელის მოწერას სთავაზობს.

გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, ჩაბი ალონსოს დაჰპირდეს, რომ თუ ეს უკანასკნელი სხვა გუნდისგან უკეთეს შეთავაზებას მიიღებს, მაშინ “რეალი” მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

ზემოთნახსენები გამოცემის ინფორმაციით, ალონსო მზადაა, “რეალში” დარჩეს, თუმცა ეჭვი ეპარება იმაში, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ უმაღლეს დონეზე მოახერხებს თამაშს, რადგან ტრავმის შემდეგ გარკვეულ პრობლემას განიცდის.

აქვე, “რეალის” ხელმძღვანელობამ 32 წლის ფეხბურთელს უკვე აცნობა, რომ დაზიანების შემდეგ, მისი გამოჯანმრთელების პროცესით კმაყოფილია.

პლატინი სომხურად ალაპარაკდა

როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის საუკეთესო სომეხ ფეხბურთელად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დაასახელეს.

„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წლის ფეხბურთელის ტიტული მე გადმომეცა. მადლობას ვუხდი ჩემს სანაკრებო თანაგუნდელებს, რომელთა წყალობითაც ამ წარმატებას მივაღწიე“, – მხითარიანის ეს სიტყვები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.


აღსანიშნავია, რომ სომეხ ფეხბურთელს ჯილდოს მოგება უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სპეციალური ვიდეომიმართვით სომხურ ენაზე მიულოცა. მხითარიანი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.

„ჩემთვისაც და დამსწრე საზოგადოებისთვის ეს დიდი სურპრიზი იყო. ყოველდღე ვერ მოისმენ უეფას პრეზიდენტისგან შენს გვარს“, – აღნიშნა მხითარიანმა.

დასასრულს, 24 წლის სომეხმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„28 დეკემბერს შვებულებაში გავდივარ. 5 იანვარს „ბორუსიას“ შევუერთდები და ვარჯიშს განვაახლებ. შემდეგ ესპანეთში რვადღიანი შეკრება გვექნება, სადაც სეზონის მეორე წრისთვის მოვემზადებით“.

აქვე გთავაზობთ პლატინის ვიდეომიმართვას.

ბექა დოგრაშვილი

„ერთი გარიგებული მატჩიც ბევრია“ – უეფამ „სუფთა ფეხბურთის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ბილბაოში გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გარიგებული მატჩების წინააღმდეგ საბრძოლველად 11-პუნქტიანი რეზოლუცია დამტკიცდა. დოკუმენტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს, 27 მარტს, ასტანაში გასამართ უეფას კონგრესზე წარადგენენ. მანამდე უეფა თავის ასოციაციებთან კონსულტაციებს გაივლის. ამრიგად, უეფა გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ახალი პროექტის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ისაუბრა.

„გარიგებული მატჩები ფეხბურთის სულზე მოქმედებს. გვინდა, რომ სპორტულ ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ეფექტური თანამშრომლობა გავაძლიეროთ. წელიწადში 32 ათასზე მეტ მატჩს ვატარებთ: ყველა ეს შეხვედრა უეფას ეგიდით ტარდება, გარდა ამისა – უმაღლესი და პირველი დივიზიონის მატჩები იმართება. ამ შეხვედრათა დაახლოებით 0,7 პროცენტი ეჭვის ქვეშ დგება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი გარიგებული მატჩიც ძალიან ბევრია.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროთასებიდან სამი კლუბი მოკვეთა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ისინი ეროვნულ ჩემპიონატებში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მივეცით არბიტრს, რომელიც გარიგებულ მატჩში კი არ მონაწილეობდა, არამედ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ელემენტებთან ურთიერთობდა და ამ ყველაფერს უეფას არ ატყობინებდა. ასე რომ, იმ პირების მიმართ, რომლებიც ასეთ ქმედებებში იქნებიან შემჩნეულნი, ამოქმედდება გრძელვადიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია.

უეფასთვის გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მთავარი მიზანია. ჩვენ ამ გამოვლინების მიმართ კვლავ ნულოვან ტოლერანტობას გამოვიჩენთ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ასოციაციებმა ანალოგიურად იმოქმედონ, გაითავისონ ჩვენი იდეები. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს ასოციაციებს, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ კონკრეტული და ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს. არ შეიძლება, რომ ერთ ქვეყანაში რაღაცა ისჯებოდეს და მეორე ქვეყანაში ანალოგური რამ – არა“, – ინფანტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს.

გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა
დაიწყო „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია – საფა“-მაც.

ბექა დოგრაშვილი

პლატინის ყვითელი ბარათების ჩვენების ნაცვლად მოთამაშეთა დროებით გაძევება სურს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ ფეხბურთში ყვითელი ბარათების ჩვენების ნაცვლად მსაჯებმა მოთამაშეები რამდენიმე წუთით უნდა გააძევონ.

„მსურს, რომ ფეხბურთში მოთამაშეები ისე დასაჯონ, როგორც ამას რაგბში აკეთებენ, როდესაც თამაშს წესის დამრღვევს 10-15 წუთით აძევებენ. ჯერჯერობით ეს უბრალოდ იდეაა. ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება მსგავსი წესის შემოღება“, – განაცხადა პლატინიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფრანჩესკო ტოლდო — სათადარიგო ჩემპიონი

დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 42 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო „ინტერშიც“. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, „ამსტერდამ არენაზე“, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი.

 

მხსნელი ბომბარდირი
ტოლდოს „ინტერი“ ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის „იუვენტუსთან“. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის“ კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის“ კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!

„იების“ საგუშაგოზე

90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ მრისხანე ძალა იყო. „იების“ რიგებში მანუელ რუი კოშტა და „მკვლელად“ წოდებული ფორვარდი გაბრიელ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში „ფიორენტინა“ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას „მილანმა“ და „ლაციომ“ გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან „ფიორენტინამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.

 

„ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის „არსენალთან“ სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა „ჰაიბერიზე“ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მის შემდეგ არ ჰქონია.

 

ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. გარდა ამისა, ის შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.

2010 წლის 7 ივლისს ფრანჩესკო ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა:  „კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.

ტოლდო ამჟამად იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობს.

ბექა დოგრაშვილი

რევაზ არველაძე: „ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ“

გასულ კვირაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია უეფას წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი 2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასისთვის მოსამსადებელი სამუშაოების დათვალიერება და ქართული მხარისთვის რეკომენდაციების გაწევა იყო.

რამდენიმედღიანი ნაყოფიერი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, უეფას დელეგაცია თბილისიდან კმაყოფილი და იმედიანი წავიდა. ვიზიტის შესახებ კი, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ.

რევაზ არველაძე: „უეფადან საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები გვყავდა. ვიზიტის ძირითადი თემა იყო უეფას 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხები; ისეთები, როგორიცაა თამაშისთვის მომზადება, აეროპორტისა და ქალაქში ტრანსპორტირების თემები, ორივე მონაწილე გუნდის გულშემატკივრებისთვის ფან-ზონების გაკეთება, სტადიონების დათვალიერება – რომელი იქნება უფრო კარგი ამ ღონისძიებისთვის და ა.შ.

უეფას დელეგაციაში იყო საკლუბო გათამაშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინალური მატჩების დირექტორი, რომელიც უკვე წლებია ხელმძღვანელობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ფინალების ჩატარების ორგანიზებას; აქ იყვნენ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები და რასაკვირველია, უეფას იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც უკვე დაგვიტოვა იმ დიდი ხელშეკრულების ე.წ. „დრაფტი“, რომელზეც უეფამ და ქართულმა მხარემ უნდა მოაწერონ ხელი. მხარეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე იგულისხმება რამდენიმე ინსტანცია – აეროპორტი, სტადიონი, ქალაქის მერია და სხვა საჭირო ორგანიზაციები.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, რომ სტადიონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. მარტისთვის უკვე დავგეგმეთ უეფას მომდევნო ვიზიტი თბილისში, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოგვიტანს ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა იმისა, რომ ყოველდღიური, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ჩვენს ფედერაციაში, სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრა ქალაქის მერთან, ორივე სტადიონის („დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“) ხელმძღვანელობასთან და უშუალოდ, თამაშების პროცესში ნახეს ეს სტადიონები; ასევე, დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც შეიძლება განთავსდეს ფან-ზონები. ნახეს რამდენიმე ვარიანტი, სადაც უნდა გაიმართოს სუპერთასის ოფიციალური გალა-ვახშამი, რომელიც ამ დიდი ღონისძიების ტრადიციული ნაწილია და სადაც წარმოდგენილია თასი, ესწრებიან უეფას და კლუბების ხელმძღვანელები… ვიმუშავეთ იმ თემაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ბრენდინგი – ანუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქი ამ ღონისძიებისთვის.

როგორც უკვე გითხარით, უეფას მომავალი ვიზიტი, სავარაუდოდ, 2014 წლის მარტში შედგება. ჩვენი ძირითადი ამოცანა კი, მათ ჩამოსვლამდე სტადიონების თემაზე უფრო კარგად ჩამოყალიბება იქნება. რა რეკომენდაციებიც ჩვენ მივიღეთ, არაფერი განსაკუთრებული და რთული ამაში არ არის. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები; მერე, ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბოლო ეტაპია ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბილეთის ფასს, სტადიონს, რადგან ძალიან გვინდა, რომ სუპერთასს „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლოს, მაგრამ ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით გადაწყდება. ახლავე შემიძლია გითხრათ და ეს უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ბილეთების საკითხი კვოტირებული იქნება: მონაწილე კლუბები მიიღებენ გარკვეულ რაოდენობას, ნაციონალური ფედერაციები თავის კვოტას, უეფა, მისი სტუმრები, სპონსორები და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი გარკვეულ რაოდენობას. დანარჩენი ბილეთები კი, როგორც ყოველთვის uefa.com – ზე გაიყიდება.

მარტში კი, მთავარი რაც მოხდება – გაფორმდება ხელშეკრულება უეფასა და ქართულ მხარეს შორის, სადაც მხარეების ყველა ვალდებულება დეტალურად იქნება გაწერილი.

დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ. კმაყოფილები ჩვენი მზაობით, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ინტელექტუალური რესურსითა და კომუნიკაბელურობით, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება“.

სფფ-ის პრესსამსახური

ზვიად სიჭინავა: „ეს იყო უეფაში ჩვენი ყველაზე ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტი“

უეფაში მორიგ სამუშაო შეხვედრებსა და კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე.

პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თბილისში ძალიან  კმაყოფილები დაბრუნდნენ.

ზვიად სიჭინავა: „ეს იყო სოციალური ვალდებულებებისა და „Fair Play“ – ს კომიტეტის მორიგი სხდომა და ამის გარდა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები უეფას მაღალ ეშელონებში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე ფედერაციაში ვმუშაობ, ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ვიზიტი და შეხვედრები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა საქართველოში სამი ძალიან მაგარი პროექტის განხორციელების დიდი შანსი. ეს თემა უკვე დაიძრა და როგორც გითხარით, ძალიან სერიოზული პროექტებია. ამ ყველაფერს, უახლოეს დღეებში ჩვენ გავივლით სპორტის სამინისტროსთან და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა. მოკლედ, ეს ყველაფერი დაეფუძნება სამკუთხედის პრინციპს – უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო. როცა ჩვენ აქ ამ ყველაფერს გავივლით, მერე კვლავ გვექნება უეფაში შეხვედრები, რომ ვუთხრათ, მზადაა თუ არა ჩვენი ქვეყანა განახორციელოს ასეთი გრანდიოზული პროექტები.

ახლა მეტის თქმა არ მინდა და არც შემიძლია. როცა გვეცოდინება, რომ ყველანაირად მზად ვართ და სახელმწიფოსგან და უეფასგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაშინ ყველაფერზე ღიად ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუმტკიცა ევროპის საფეხბურთო ოჯახს და უეფას, რომ დიდი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩვენი ფედერაციისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა“.

სფფ-ის პრესსამსახური

რამდენი ნაკრები ითამაშებს 2018 წლის მუნდიალზე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდას სთავაზობს.

უეფას პრეზიდენტის მოულოდნელი შემოთავაზება, ალბათ, ფიფას ხელმძღვანელის, იოზეპ ბლატერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე აფრიკისა და აზიის წარმომადგენელთა გაზრდა ევროპის კვოტის შემცირებით არ გამორიცხა.

„ბატონ ბლატერს სრულიად ვეთანხმები. ტურნირში უფრო მეტი აფრიკული და აზიური ნაკრები უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ევროპული ნაკრებების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, მონაწილეთა ოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლებელია, დავამატოთ ორი ნაკრები აფრიკიდან, ორი – აზიიდან, ორი – ამერიკიდან, ერთი – ოკეანეთიდან და ერთიც – ევროპიდან“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „თაიმსი“.

უეფას პრეზიდენტის წინადადება განსხვავებულად შეიძლება გავიგოთ: როგორც ბლატერის მხარდაჭერა და ევროპისთვის ადგილების შენარჩუნების მცდელობა; ან როგორც სურვილი, გვიჩვენოს ბლატერის იდეის აბსურდულობა. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ფრანგის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარ წინასაარჩევნო ნაბიჯად.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად 13 გუნდი ასპარეზობდა, შემდეგ მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მოგვიანებით ტურნირი 24 ნაკრებამდე გააფართოვეს, ბოლოს კი – ჩემპიონატმა დღევანდელი სახე მიიღო. ახლა ევროპას 13 ადგილი აქვს, აფრიკას – 5, აზიას – 4 პლუს შესაძლებლობა სამხრეთ ამერიკას ერთი ადგილი აართვას.

დღეს არსებული ფორმატით, 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდება (თითოეულში 4 ნაკრები). პლატინის პროექტი, თუ შეიძლება ამას პროექტი დავარქვათ, გულისხმობს თითოეული ჯგუფის 5 გუნდამდე გაფართოებას. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა პლანეტის პირველობის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

„ფეხბურთი იცვლება, უკვე 209 ფედერაცია არსებობს, – საუბრობს პლატინი. – თუ ფიფას წევრთა რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა შევიზღუდოთ? 40 გუნდი ცუდი არ არის. ტურნირის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღით გაიზრდება. სამაგიეროდ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან“.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ განიხილავს პლატინი კოლეგებთან ერთად თავის იდეას. ის დარწმუნებულია, რომ მხარს დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ ზეპ ბლატერმა პლატინის იდეის შესახებ არაფერი იცოდა. პირად საუბრებში ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს. ისე გამოვიდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ბლატერს  თავისი ინოვაციის შესახებ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით ამცნო.

ბექა დოგრაშვილი