მალტის რესპუბლიკაში მიმდინარე უეფას წევრი ასოციაციების სტრატეგიულ შეკრებაზე ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობები განიხილეს. ჩანაფიქრის მიხედვით, ტურნირზე იმ გუნდებმა უნდა იასპარეზონ, რომლებიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდებიან.
უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნა არ გამორიცხა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არსებობს.
“ჩვენ ორი შესანიშნავი შეჯიბრება გვაქვს – ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტურნირია და სწრაფად მზარდი ევროპის ლიგა, თუმცა ყველაფერი იცვლება და ვითარდება. არ გვეშინია, ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, თუ რას ვაპირებთ მომავალში. ჯერჯერობით იდეებს ვაგროვებთ. გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილებასაც მივიღებთ – ან არსებულით დავკმაყოფილდებით, ან საკლუბო დონეზე რევოლუციას მოვახდენთ. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული პროექტი არ გვაქვს”, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ უეფა 1995-2008 წლებში ინტერტოტოს თასს ატარებდა. ტურნირის გამარჯვებულები უეფას თასზე თამაშის უფლებას იღებდნენ.
უეფა საკლუბო ტურნირების არსებულ სტრუქტურაში რაიმე ცვლილების განხორციელებას მინიმუმ 2018 წლამდე არ აპირებს, ვინაიდან ყველა წესდება თუ ხელშეკრულება 2017/18 წლების სეზონის ჩათვლით არის დადგენილი.