ევროპის ზონიდან საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კიევში შედგა და ის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რამაც „მამლები“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფრანგი გულშემატკივრების დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უკრაინულ ბარიერს დაძლევს, თუმცა სხვა პოზიციაზეა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით გაიმარჯვებს და ბრაზილიის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.
„ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ვართ მზად. ვთვლი, რომ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დეშამმა.
– თუ მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:0 დასრულდება, უკვე იცით, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?
– ჯერ არ ვიცი. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, დაარტყამს ის, ვინც იმ მომენტში იქნება მზად ამისთვის.
– რას ეტყოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს?
– ვიცი, რომ მთელი სტადიონი ჩვენ გვიქომაგებს, თუმცა შედეგი მხოლოდ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული და არა – გულშემატკივრებზე.
– პოსტიდან გათავისუფლებაზე თუ გიფიქრიათ?
–არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში 1 პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი.
– ვარანი არის მზად იმისთვის, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში სრულად ითამაშოს?
– ვფიქრობ, ის ფიზიკურად მზად არის, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავს, რომ მას მუხლთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს.
– რიბერის კიევში ორი-სამი ფეხბურთელი მეურვეობდა. ექნება მას პარიზში მეტი სივრცე?
– ვფიქრობ, მას აქაც ეყოლება რამდენიმე მეურვე. ასეთ მომნტში დანარჩენ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი უფრო მეტად უნდა დაეხმარნონ ფრანკს.
– როგორც ფეხბურთელი, ისურვებდით ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებას?
– დიახ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ძალზედ საინტერესო დაპირისპირებაა.
ცნობისთვის, მატჩი საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის 20 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი