ინტერვიუ გიო ქინქლაძესთან

სამშაბათს, “დინამო არენაზე” “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. მატჩის ელჩი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, რომელთანაც უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

— რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის უეფას სუპერთასის მასპინძლობა?
— ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია. მადლობას ვუხდი უეფას, ჩვენს მთავრობასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მატჩის ჩვენს ქალაქში ჩატარებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს.

— რამდენად არის თბილისი საფეხბურთო კერა?
— თბილისი საფეხბურთო ქალაქია, განსაკუთრებული ქომაგებით. მათ მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებათ და უმალ გეტყვიან, ვის აქვს დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი. მათ ისეთი მატჩებისთვის და ფეხბურთელებისთვის აქვთ ნაცქერი, რომ ფეხბურთი საკმაოდ ღრმად შეისწავლეს. დღესდღეობით ამ გულშემატკივრებს ნაკლებად აქვთ ინგლისში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში თავიანთი ემოციების ყოველკვირეულად გამოხატვის საშუალება, ეს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებზე ხდება, თუმცა ადრე სხვაგვარად იყო. ჩვენ საკმაოდ ემოციური ფანები გვყავს, ფეხბურთი კი ყოველთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

— თქვენი ბავშვობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
— თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშეს, რომლებიც ჩვენთვის გმირები იყვნენ. განსაკუთრებით კი დავით ყიფიანს ვბაძავდი. ფეხბურთელობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ყიფიანი არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ ზუსტად 10 ნომერი იყო, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონდა. მისი ტექნიკა და სათამო სტილი არამხოლოდ მე, არამედ მთელ ქვეყანას აღაფრთოვანებდა. იშვიათია ასეთი ფეხბურთელი.

— კარიერის განმავლობაში ცნობილი იყავით ჰიპნოზის მომგვრელი დრიბლინგების შესრულებით. რას ფიქრობთ ლიონელ მესიზე, რისი გაკეთება შეუძლია მას ბურთით?
— სერ ალექს ფერგიუსონი ერთ-ერთ ინტერვიუში მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს. დიეგო მარადონა ძალიან მიყვარს, მაგრამ მესი ნამდვილი მოვლენაა. იგი საკლუბო დონეზე წარმოუდგენლად ასპარეზობს. ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში ითამაშო, მაგრამ არა – მთელი ამ წლების მანძილზე. მან ეს თამასა თავიდანვე ძალიან მაღლა ასწია.

— რას ფიქრობთ “ბარსელონასა” და “სევილიაზე”?
— ასეთი დიდი კლუბებისთვის მთავარი ტიტულების მოპოვებაა. ძალიან მომწონს “ბარსელონას” სათამაშო სტილი, დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი თამაშის ცქერით. “სევილიაც” კარგი გუნდია. მათ ევროპის ლიგა მეოთხედ მოიგეს. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.

— რას ნიშნავს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თამაში?
— ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა თამაში. მენატრება ის დრო, როდესაც მატვეი ბლანტერის “ფეხბურთის მარშის” თანხლებით გუნდები მოედანზე გამოდიოდნენ. ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის.

— თქვენი კარიერიდან ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტი რომელია?
— ალბათ, დღე, როდესაც თბილისის “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი და ასევე, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა.

— თქვენ ახლა “ცხინვალის” სპორტული დირექტორი ხართ, რომელმაც ამ სეზონში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა…
— ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრს არაფერს მოველოდით, თუმცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ფეხბურთელები არ გყავს, როგორებსაც ვართ მიჩვეულნი. ვწუხვარ, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

— რას ურჩევდეით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იწყებენ თამაშს?
— უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ფეხბურთელი ვარჯიშისა და თამაშის გარდა სხვა რამეზე არ უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, საჭირო კონდიციებშიც უნდა იყო. საქართველოში ტალანტები იბადებიან და მათ მხოლოდ თავიანთი უნარები უნდა განავითარონ, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლონ.

 

“რომა” ჯეკოს შეუთანხმდა

“სქაი სპორტსის” თანახმად, “რომამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ახლა “მგლებს” ინგლისურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებაზე მოუწევთ მოლაპარაკება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მზად არის, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღოს.

ისიც ითქვა, რომ იტალიელები დასახელებულ თანხაზე მეტს არ გადაიხდიან და ახლა ინგლისელების პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ჯეკო “რომასთან”, სავარაუდოდ, ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.

“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.

Lampard

შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.

მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.

 

სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.

არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.

 

“ინტერს” იოვეტიჩი სურს

Football Italia-ს ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ სიტისთან” თავდამსხმელ სტევან იოვეტიჩთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა.

25 წლის მონტენეგროელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. თავად იოვეტიჩი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. შეგახსენებთ, რომ ის “მანჩესტერ სიტიმდე” “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებასი სტევან იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

პრემიერლიგის მსაჯმა მატჩში დაშვებული უხეში შეცდომა აღიარა

როგორც გაცნობეთ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გუშინ გამართული მატჩის (3:0) მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია. მსაჯმა მოგვიანებით შეცდომა აღიარა.

“არბიტრი აღიარებს, რომ თამაშის წესი სხვა ფეხბურთელმა დაარღვია. შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ დამნაშავე მოთამაშის იდენტიფიცირება შეცდომით მოხდა. მსაჯმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა”, – ნათქვამია მსაჯთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

პრემიერლიგის მატჩში წითელი ბარათი კვლავ უდანაშაულო ფეხბურთელს უჩვენეს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგაში მთავარი მსაჯები საოცარი შეცდომების დაშვებას განაგრძობენ. ჩემპიონატის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გამართული მატჩის მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია.

მსგავსი შეცდომა პრემიერლიგის 27-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩშიც (2:0) მოხდა, როდესაც მთავარმა არბიტრმა როჯერ ისტმა წითელი ბარათი არა ჯონ ოშის, არამედ შეცდომით უეს ბრაუნს უჩვენა.

 

“მანჩესტერ სიტი” იაია ტურეს გასაყიდად ემზადება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაია ტურეს გასაყიდად მზად არის.

“ქალაქელები” 31 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს მილანის “ინტერი”. “მანჩესტერ სიტის” სურს, რომ კოტ დივუარელის ნაცვლად კლუბში “ვოლფსბურგის” 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიიყვანოს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში იაია ტურემ 22 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მესი: “სიტის” მიზანი “ბარსელონას” ბარიერის დაძლევაა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” შეხვდება. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“გასული სეზონის მსგავსად, წელსაც “მანჩესტერ სიტის” ვხვდებით, რომელიც საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ძალიან მძიმე დაპირისპირება იქნება. ინგლისელებს ჩვენი ბარიერის დაძლევა და მეოთხედფინალში თამაში სურთ. მათ ამ სტადიაზე დიდი ხანია არ უთამაშიათ. თანაბარი თამაში იქნება. ყველაფერს მცირე შეცდომები გადაწყვეტს. მეტოქე ძლიერია და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა”, – განუცხადა მესიმ “მუნდოს”.

წყვილის პირველი მატჩი “ეტიჰადზე”, 24 თებერვალს გაიმართება.

 

მოურინიო: “სხვაობა შვიდი ქულა – ეს არაფერია”

“ჩელსის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს არ სჯერა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს.

როგორც იცით, გუშინ ლონდონელებმა “ვილა პარკზე” 1-2 იმარჯვეს, ხოლო მათმა კონკურენტმა “მანჩესტერ სიტიმ” საშინაო არენაზე ქულები “ჰალ სიტისთან” დაკარგა.

“იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებოდით სხვა ჩემპიონატში, ვიტყოდი, რომ ეს ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ინგლისში სხვაობა შვიდი ქულა, არაფერია. წინ კიდევ 14 ტურია, საქმე 42 ქულას ეხება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“რას ვიტყვი “მანჩესტერ სიტის” ჩავარდნაზე? – არაფერს. ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ნებისმიერი რამ ხდება. აქ ლიდერი და აუტსაიდერი არ არსებობს. არ ვარ მეტოქის შედეგით დაინტერესებული. რაც მთავარია, ჩვენ დავამარცხეთ “ასტონ ვილა“,“-განაცხადა მოურინიომ.

აგუერომ ტრავმა მიიღო

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში “მანჩესტერ სიტისა” და ლივერპულის “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში (1:0) “ქალაქელთა” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღო.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული.

შესაძლოა, აგუეროს ტრავმა სერიოზულიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“ვნახოთ, რას გვეტყვის ხვალ ექიმი, თუმცა დღეს უკვე გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო კვირას აგუერო ვერ ითამაშებს”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს “მირორი”.

 

იაია ტურე “პსჟ”-ში შესაძლო გადასვლის შესახებ

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ “პარი სენ-ჟერმენში” მისი შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული კოტ დივუარელი ფეხბურთელის გადაბირებით.

“ჯერჯერობით არ ვიცი, რას ელიან ჩემგან. რა მოხდება ხვალ, ეს არავინ არ იცის. მთავარია, ჩემი საქმე გავაგრძელო.

ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანი დიდ კლუბში თამაში და ტიტულების მოგებაა. დიდ კლუბს კარს ვერასდროს დაუხურავ”, – ციტირებს იაია ტურეს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კოტ დივუარელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.