უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების თავკაცის პოსტზე შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს. გუნდის ამჟამინდელმა თავკაცმა მიხაილო ფომენკომ ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უკვე აცნობა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პოსტს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკომ ფომენკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობა გასული თვის მიწურულს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე შევჩენკოს დანიშვნის შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბი სრულად განახლდება.

მოსალოდნელია, რომ ყველა ფორმალური საკითხი ივლისში მოგვარდება, უკვე აგვისტოში კი უკრაინის ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. უკრაინის ეროვნული გუნდი ქვეჯგუფში ხორვატიის, ისლანდიის, თურქეთის, ფინეთისა და კოსოვოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

შევჩენკო: “შესაძლოა, “ოქროს ბურთი” მომდევნო ჯერზე ვიღაცამ პირველად მოიგოს”

ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯილდო “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის დამსახურებულად გადაეცა.

“ვთვლი, რომ ლეომ ეს ჯილდო დაიმსახურა. სხვათა შორის, სწორედ მას ვქომაგობდი. რომ არა ტრავმა, იგი გასულ სეზონს უკეთესად ჩაატარებდა, თუმც “ბარსელონასთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული ისედაც მოიგო.

დიდხანს გაგრძელდება თუ არა მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია? ვფიქრობ, მომდევნო ჯერზე “ოქროს ბურთს” ვიღაც პირველად მოიგებს და ეს შესაძლოა, ნეიმარი ან ლუის სუარესი აღმოჩნდეს”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს უკრაინული “ვესტი”.

 

შევჩენკო მოურინიოს გამოექომაგა

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შევჩენკო ამბობს, რომ გუნდმა მოურინიოს მიღწევები არ უნდა დაივიწყოს.

“ჟოზე დიდებული მწვრთნელია. თითოეულ სპეციალისტს, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მომიწია მუშაობა, საკუთარი სტრატეგია ჰქონდა, მაგრამ ყველას მიზანი სასურველი შედეგის მიღწევა იყო. ამ მხრივ მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს, იცის, სად სჭირდება მის გუნდს გაძლიერება. ზოგჯერ სიტუაციის გამოსწორება დიდ დროს მოითხოვს, ზოგჯერ კი ეს პროცესი სწრაფად მიმდიანრეობს. რაც არ უნდა იყოს, წარსულის დავიწყება არ შეიძლება”, – შევჩენკოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

ანდრეი შევჩენკო მწვრთნელობას აპირებს

უკრაინის ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო უახლოეს პერიოდში სამწვრთნელი კურსის დახურვას აპირებს, რის შემდეგაც ახალი სპეციალობით მუშაობის უფლება მიეცემა. შევჩენკო სწორედ მწვრთნელობას აპირებს.

“ვფიქრობ, რომ ჩემი გზა მწვრთნელობაა. მინდა, კურსი დავხურო. კიევის “დინამოსთან” კავშირი მაქვს, ხშირად ვეკონტაქტები მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. ინფორმაციას ვფლობ. ასე რომ, ვნახოთ, როდის ვიქნები მზად ამ საქმისთვის და რამდენად მომეცემა მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა”, – განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ანდრეი შევჩენკო უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებასაც შეეხო.

“დედაჩემი ყოველდღიურად უყურებს ახალ ამბებს. ჩემი ოჯახის გარკვეული ნაწილი კიევში ცხოვრობს, სადაც დონეცკთან შედარებით ნაკლებად მძიმე ვითარებაა, თუმცა ხალხი აქაც მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში იმყოფება. ბევრმა დაკარგა შვილი, კოლეგა თუ მეგობარი. მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება”, – აღნიშნა შევჩენკომ.

 

შევჩენკო „A“ კატეგორიის მწვრთვნელი გახდა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ უეფასგან „A“ კატეგორიის მწვრთვნელის ლიცენზია მიიღო.

ცნობისთვის, კიევის „დინამოს“, „მილანისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მოთამაშე მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 8 ნოემბრის ჩათვლით სპეციალურ კურსებს გადიოდა. აღნიშნულ პერიოდში მან როგორც მწვრთვნელობის თეორია ისწავლა და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო. ყველაფერთან ერთად, მომავალი მწვრთვნელი ასევე მედიცინას, ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა.

აქედან გამომდინარე, შევჩენკოს უეფასგან „PRO“ ლიცენზიის მისაღებად საჭირო კურსების გავლა უკვე დღეიდან შეუძლია.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი