“ლივერპული” და “არსენალი” “ენფილდზე” დაზავდნენ (ვიდეო)

დრამატულ ბრძოლაში წარიმართა ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-10 წუთზე რობერტო ფირმინომ გამოიჩინა თავი. ზუსტად ოთხ წუთში აარონ რემსიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ხუთი წუთის შემდეგ ფირმინომ დუბლი შეასრულა და “ენფილდროუდელები” კვლავ დააწინაურა. 25-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კვლავ გაათანაბრა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარში ჟირუმ დუბლი გაიფორმა. მატჩის ბოლო წუთზე კი ჯო ალენმა ბოლო გოლი გაიტანა და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.

ინგლისის პრემიერლიგა
XXI ტური
“ლივერპული” — “არსენალი” 3:3 (2:2)

გოლები: რობერტო ფირმინო 10′, 19′, ალენი 90′ — რემსი 14′, ჟირუ 25′, 55′.
გაფრთხილებები: ფირმინო 10′, კლაინი 53′.

ვენგერი: “იანვარში შესაძლოა, ერთი მოთამაშე დავიმატოთ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის ტრავმირებულ მოთამაშეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მეთოფეებმა” შესაძლოა, ერთი ფეხბურთელი დაიმატონ.

“ჩვენი გუნდის ლაზარეთი ზედმეტად სავსეა. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან როსიცკი, უელბეკი, სანჩესი, უილშირი და შესაძლოა, კიდევ ერთი მოთამაშეც დავიმატოთ. ახალი ტრავმირებული მოთამაშე არ გვყავს, ამიტომ არ ვნერვიულობ. ისევ იმავე რაოდენობის დაშავებული ფეხბურთელები რომ გვყავდეს, უბრალოდ ძალიან მცირე არჩევანი მექნებოდა”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.

 

“რეალს” ალექსის სანჩესი სურს

როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი სთარი” წერს, მადრიდის “რეალი” დამდეგ ზაფხულს ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” 26 წლის ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.

ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩილელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

გვარდიოლა: “ჩვენი თამაშით ძალიან ვამაყობ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად ლონდონის “არსენალთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით ამაყობს.

“ჩვენ თამაშის გაკონტროლებას ვცდილობდით და მომენტებიც შევქმენით. ჩვენი თამაშით ძალიან, ძალიან ვამაყობ.

გუნდი ძალზედ მონდომებული თამაშობდა. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ საბოლოოდ გადაგვეწყვიტა ჯგუფიდან ჩვენი გასვლის საკითხი, თუმცა ეს ვერ შევძელით. ახლა მომდევნო მატჩს დაველოდებით. ორივე მეკარემ საოცრად ითამაშა. მხიარული თამაში გამოვიდა”, – ციტირებს გვარდიოლას კომენტარს BBC.

 

ვენგერი: “მთავარი ფიგურა ჩეხი იყო”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის “არსენალმა” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის მეკარე პეტრ ჩეხი გამოარჩია.

“უმაღლესი ხარისხის თამაში იყო. ჩვენ დისციპლინირებულად და მჭიდროდ ვითამაშეთ. ორივე მეკარემ შესანიშნავი სეივები განახორციელა.

პეტრ ჩეხი მთავარი ფიგურა იყო. იგი გონივრულად მოქმედებდა. დღეს საღამოს მსოფლიო კლასის ორი მეკარე ვიხილეთ”, – ციტირებს ვენგერის კომენტარს BBC.

 

უოლკოტმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთმანეთი დახატეს (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები მოედნის მიღმაც აქტიურად განაგრძობენ ურთიერთობას. ამჯერად თეო უოლკოტმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთ-ერთი საბავშვო შოუს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ერთი წუთის განმავლობაში ფეხბურთელებმა ერთმანეთი დახატეს, აუდიტორიამ კი უკეთესი ნახატის ავტორი გამოავლინა.

გთავაზობთ ამ სახალისო ვიდეოს.

ანრის აზრით, ვინ გახდება პრემიერლიგის წლის მოთამაშე

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თვდამსხმელმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ტიერი ანრიმ ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

“ჩემი აზრით, წლის საუკეთესო მოთამაშე ალექსის სანჩესი გახდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას უკვე ჰქონდა შესანიშნავი სეზონი.
თუ “არსენალს” ჩემპიონობა სურს, ალექსისმა ასეთივე სეზონი უნდა ჩაატაროს და ვფიქრობ, მას ეს შეუძლია კიდეც”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მოურინიო: “თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის სუპერთასზე “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მან “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა. ამ ფაქტმა სპორტულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა თავად პორტუგალიელი თვლის, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არც უნდა ჩამოართვან.

“არ მინდა, მომხდარისგან რაღაც ისტორია შევქმნა. როდესაც ქუჩაში მიდიხართ, ვალდებული არ ხართ, ყველას მიესალმოთ და ხელი ჩამოართვათ. როდესაც კლუბს წარმოადგენთ, ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. სუპერთასის დროს ვფიქრობდი ჩემს გუნდზე, გამარჯვებულზე, “უემბლიზე”, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო საფეხბურთო სტადიონია, სადაც შეგიძლია ისე არ მოიქცე, როგორც საჭიროა, თუმცა მე ვთვლი, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”, – განაცხადა მოურინიომ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

“არსენალმა” ლიგის თასი უბრძოლველად მოიგო (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალი” “უემბლიზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე თეო უოლკოტმა გახსნა, როცა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. 50-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შორეული დარტყმით ბურთს საოცარი ტრაექტორია მისცა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. მეორე გაშვებულმა ბურთმა “ასტონ ვილას” საბოლოოდ გადაუწურა თასის მოგების იმედი. ამის შემდეგ ტიმ შერვუდის გუნდი უკვე ინერციით თამაშობდა. 62-ე წუთზე ტანმაღალმა მცველმა პერ მერტეაზაკერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმაც გამოიჩინა თავი – 4:0.

“არსენალმა” ასოციაციის თასი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პირადად არსენ ვენგერმა ეს ტიტული მეხუთედ დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგის თასის ფინალში “არსენალის” გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო გათამაშებაში “ლივერპული” ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან, “საუთჰემპტონი” კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

 

ასოციაციის თასის ფინალი:
“არსენალი” — “ასტონ ვილა” 4:0 (1:0)

გოლები: უოლკოტი 40′, სანჩესი 50′, მერტეზაკერი 62′, ჟირუ 90+3′.
გაფრთხილებები: კლევერლი 14′, ჰატონი 33′, დელფი 37′, ვესტვუდი 52′, აგბონლაჰორი 83′.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “არსენალს” დაუზავდა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 30-ე წუთზე ეშლი იანგის პასით ანდერ ერერამ გახსნა. 74-ე წუთზე დავიდ დე ხეა ფეხის ტრავმის გამო ვიქტორ ვალდესით შეცვალეს. ამ მომენტიდან რვა წუთის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მცველმა ტაილერ ბლექეტმა თეო უოლკოტის გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

“არსენალს” სატურნირო ცხრილში 71 ქულით მესამე პოზიცია უკავია, მეოთხეადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მას ორი ქულით ჩამორჩება.

ინგლისის პრემიერლიგა
37-ე ტური
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “არსენალი” 1:1 (1:0)

გოლები: ერერა 30′ — ბლექეტი 82′ (ა.გ.).
გაფრთხილება: ერერა 90+5′.

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

ლონდონური გრანდები 11 წლის ფეხბურთელს იწვევენ

ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული “ლუთონ თაუნის” 11 წლის ფეხბურთელ ჩარლი პატინოთი. “დეილი მეილის” თანახმად, ლონდონის “არსენალს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” განუზრახავთ პატინოს თავიანთ აკადემიაში მიწვევა.

ჩარლი პატინოს უკვე ადარებენ ჯეკ უილშირს. ორივე ნახევარმცველია, უილშირიც “ლუთონის” აკადემიაში თამაშობდა, “არსენალს” კი ცხრა წლის ასაკში შეუერთდა.

“ჩარლისთვის ყოველივე საუკეთესო გვინდა, – საუბრობს ფეხბურთელის მამა ხულიო. – თუ მას პროფესიონალი ფეხბურთელობა სურს, შანსი უნდა მივცეთ. ის მოწადინებული ბიჭია, ბევრს შრომობს სკოლაში, კარგი შეფასებაც აქვს და ფეხბურთიც ძალიან უყვარს.

ჩარლი ფეხბურთით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. ბურთი მისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე მისი თანატოლი ბიჭებისთვის”.

ჩარლი პატინო

ჩარლი პატინოს ესპანური ფესვები აქვს. მას ბებია-ბაბუა ესპანელები ჰყავს, თუმცა თავად ჩარლი ინგლისში დაიბადა. როგორც აღმოჩნდა, ის ესპანეთის ჩემპიონატის აქტიური მაყურებელია და კატალონიის “ბარსელონასაც” ქომაგობს. მამამისი ხულიო კი “დეპორტივოს” გულშემატკივარია.

“ჩარლი ესპანურ ფეხბურთს უბრალოდ კი არ უყურებს, ის ანალიზს უკეთებს. ფეხბურთელების მოქმედებებს აკვირდება და მეკითხება, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მოთამაშემ. ჭკვიანი ბიჭია. მითხრა, რომ მისი საყვარელი გუნდი “ბარსელონაა”. მასზე აშკარად მოახდინა ესპანური ფეხბურთის სტილმა გავლენა.

ჩარლიმ იცის, რომ დიდ კლუბში ვარჯიშის შესაძლებლობა უჩნდება, თუმცა იმის გარანტიას ვერავინ მისცემს, რომ დაიტოვებენ”, – ხულიოს სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.