ჩავი: “კლასიკო” ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ, სხვა გზა არ გვაქვს”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის VIII ტურში “ეიბარის” დამარცხების (3:0) შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ კატალონიური გუნდი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 25 ოქტომბერს გასამართ მატჩშიც მოიპოვებს გამარჯვებას.

“პირველი გოლის გასატანად გარკვეული დრო დაგვჭირდა, თუმცა ამის შემდეგ საქმე მნიშვნელოვნად გაიოლდა. კარგად ვითამაშეთ და გოლი არც ამჯერად გაგვიშვია. რაც შეეხება “ელ კლასიკოს”, უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ გვაქვს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი 25 ოქტომბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

“რეალისა” და “ბარსელონას” ლეგენდები ერთმანეთს დაუპირსპირდებიან

Panamá Legends Cup-ის ეგიდით, მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ლეგენდების მატჩი გაიმართება.

შეხვედრა 11 ოქტომბერს, პანამაში შედგება.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ რივალდო, ლუიშ ფიგუ, ფაბიო კანავარო, კრისტიან კარამბე, პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.

 

“ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრება

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ესპანური ფეხბურთიდან მოიკვეთებიან.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგიდან გაძევება დანარჩენ კატალონიურ გუნდებსაც ემუქრებათ. კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ამა წლის 9 ნოემბერს გაიმართება.

“თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ესპანეთში აღარ ითამაშებენ”, – განაცხადა ტებასმა.

რეგლამენტის მიხედვით, ესპანეთის დივიზიონებში მხოლოდ ერთ არაესპანურ კლუბს შეუძლია თამაში — “ანდორას”.

რამდენიმე თვის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, “ბარსელონამ” ასპარეზობა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

 

კრიშტიანუ რონალდუმ დანი ალვესი მიწაზე რესლინგის ილეთით დააგდო

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის ერთ-ერთმა მოთამაშემ საინტერესო ეპიზოდი დააფიქსირა — აღნიშნულ მომენტში მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ბარსელონას” მცველ დანი ალვესს რესლინგის ილეთის აგდებს მიწაზე.

ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციის შესახებ

თანამედროვე ფეხბურთში “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შორის დიდი კონკურენციაა გაჩაღებული, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელი ამბობს, რომ პორტუგალიელს მსოფლოს საუკეთესო მოთამაშის წოდების მოსაპოვებლად არ ეცილება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე კრიშტიანუ რონალდუმ წუხელ 69-ე გოლი გაიტანა, რაც ერთით აღემატება ლეო მესის მონაგარს. სავარაუდოდ, ძალიან მალე ორივე მათგანი გაუსწრებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირ რაულს, რომელსაც 71 ბურთი აქვს გატანლი.

“არც რონალდუს და არც არავის არ ვეჯიბრები. ინდივიდუალურ ჯილდოებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. უბრალოდ მინდა, რომ გუნდს დავეხმარო. არ ვფქრობ იმაზე, თუ რა ადგილს დავიკავებ ფეხბურთის ისტორიაში. ვცდილობ, კიდევ უფრო გავძლიერდე და გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო.

“ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკება მალევე დასრულდა, რადგან ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება გახლდათ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გუნდში დავრჩებოდი. ზაფხულში ძალიან კარგი მოთამაშეები დავიმატეთ, რომლებმაც გუნდთან ადაპტაცია მალევე გაიარეს. ახლა შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებში ჩემს თამაშს, პრესაში ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, თუმცა ეროვნულ გუნდში ასპარეზობას გავაგრძელებ”, – მესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

დავიდ ლუისი: “დღეს ოცნება ამიხდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან გატანილი სამი ბურთიდან ერთი დავიდ ლუისის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ოცნება აუხდა.

“ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. სეზონი არცთუ ისე კარგად დავიწყეთ, თუმცა დღეს ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინა. ასეთ მატჩში გოლის გატანა მართლაც წარმოუდგენელი რამ გახლავთ. ჯერ ყველას მოლოდინი არ გამიმართლებია, თუმცა მე დღეს ოცნება ამიხდა”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჯგუფებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად გადადით ბმულზე: ცხრილები

 

იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპს II ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა “ლიონის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარცხენა ქუსლი დაიშავა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპონატის ბოლო ორი ტურის გამოტოვებაც მოუხდა.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროთ 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ნიკოლა რიცოლის ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მოურინიო აბრამოვიჩს მესის ყიდვას სთხოვდა

მთელი გასული სეზონის განმავლობაში ხშირად ისმოდა სპეკულაციები ლიონელ მესისა და “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. როგორც ირკვევა, ლონდონის “ჩელსი” ამ სიტუაცით სარგებლობას ცდილობდა.

კერძოდ, პარასკევს კატალონიურ ტელეკომპანია TV3-ზე გამოაცხადეს, რომ ინგლსური გუნდის მთავარ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს მესის ყიდვას სთხოვდა. წყაროს ცნობით, “ჩელსი” მზად იყო, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გაეღო, თუმცა არც მესი და არც “ბარსელონა” ამ წინადადებით არ დაინტერესებულან. პირიქით, კატალონიური გუნდის ლიდერმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონ ევროს შეადგენს.

 

29 ოქტომბერს “ბარსელონას” ფინალი ელის

29 ოქტომბერს “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ერთმანეთს კატალონის სუპერთასზე დაუპირისპირდებიან.

კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გუნდები ძირითადი შემადგენლობებით ითამაშებენ.

ცნობისთვის, კატალონიის სუპერთასის გამართვამდე ოთხი დღით ადრე “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მადრიდის “რეალთან” მოუწევს შეხვედრა. სეზონის პირველ “ელ კლასიკო” 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

კრუიფი: “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარული კლუბია, ვიდრე მიუნხენის “ბაიერნი”. მისი თქმით, ასეთი ვითარება სრულიად ბუნებრივია.

“გლობალური მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”. მაგალითად, სამხრეთ ამერკაში ყველა უყურებს ესპანეთის ჩემპიონატს. იქ “ბარსელონა” გაცილებით ფასეული კლუბია, ვიდრე “ბაიერნი” და ასე იქნება ყოველთვის”, – ციტრებს კრუიფის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ღირსებას 1973-დან 1978 წლამდე იცავდა. 1988–1996 წლებში კი, ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ამპლუაში თავკაცობდა.

 

როდის გაიმართება სეზონის პირველი “ელ კლასიკო”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის IX ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი, სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს ჩატარდება.

“სეზონის პირველი “ელ კლასიკო” შაბათ დღეს გაიმართება”, – განაცხადა პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს დისკვალიფიკაცია 24 ოქტომბერს ეწურება. ამრიგად, ურუგვაელ ფეხბურთელს “რეალის” წინააღმდეგ თამაში შეეძლება.

 

ლუის სუარესს “ბარსელონაში” დებიუტი ხვალ ექნება

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესს ხვალ კატალონიური გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ექნება. ურუგვაელი ფეხბურთელი გამპერის თასის ამხანაგურ ტურნირზე “ლეონთან” გასამართ მატჩში ითამაშებს.

“სუარესმა ბოლო ორ ვარჯიშზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაღალი დონის ფეხბურთელია. ხვალ ლუისი გარკვეული ხნით ითამაშებს. რაც შეეხება მის დისკვალიფიკაციას, საკმარისად ძლიერი გუნდი მყავს, რომ მის გარეშეც ვიბრძოლოთ”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს sport.es.

“ბარსელონასა” და “ლეონს” შორის გასამართი მატჩი ხვალ, თბილისის დრით 22:30 საათზე დაიწყება.