მერტეზაკერი ხედირას “არსენალში” ელის, მაგრამ ის “ბაიერნში” მიდის?

ლონდონის “არსენალის” გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერი აცხადებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირას ხილვა სურს.

“მომხრე ვარ, რომ ჩვენს გუნდში უფრო მეტი მაღალი დონის გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდეს. მე და იოზილს არაერთხელ გვითქვამს ხედირასთვის, რომ “არსენალში” გადმოსულიყო. მას “რეალთან” კიონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება”, – ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს Goal.com-ი.

ამავე დროს ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამი ხედირა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა ბავარიულ კლუბთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა.

 

ფილიპ ლამი სამ თვეს გამოტოვებს

როგორც გუშინ გაცნობეთ, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაკლუბელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო და გერმანულ პრესაშიც უმალ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზული სახისაა.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა კოჭი აქვს გატეხილი. ლამი ტრავმის გამო სამ თვეს გამოტოვებს.

Philipp Lahm injury

 

ფილიპ ლამმა მძიმე ტრავმა მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა დღევანდელ ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაგუნდელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გერმანულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლამმა სერიოზული ტრავმა მიიღო. დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. დიაგნოზი ამ საღამოს უნდა დაისვას.

 

ნოიერი: “გერმანიის ნაკრებს მარცხენაფლანგელი მცველი არ ჰყავს და ამაში დამნაშავე ალაბაა”

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერმა თანაკლუბელი დავიდ ალაბა დაადანაშაულა იმაში, რომ გერმანიის ნაკრებს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს. გერმანელმა კიპერმა ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა.

“როდესაც დავიდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ვეუბნებოდი, რომ გერმანიის მოქალაქეობა მიეღო (ალაბა ავსტრიის ნაკრებში თამაშობს). ჩვენ არ გვყავს მარცხენაფლანგელი მცველი და ამაში დამნაშავე ალაბაა”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Goal.com-ი.

 

დავიდ ალაბა ავსტრიის წლის სპორტსმენად დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი დავიდ ალაბა ავსტრიის წლის სპორტსმენად დასახელდა.

22 წლის ფეხბურთელმა გამოკვეთილ ფავორიტებს აჯობა: მოთხლამურე მარსელ ჰირშერს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი და სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია და ანა ფენინგერს, რომელმაც იმავე ოლიმპიადაზე სუპერგიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ათი ფინალისტიდან ალაბა ერთადერთი იყო, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობას არ წარმოადგენდა.

 

მოსკოვის სასტუმროდან “ბაიერნის” დელეგაციის ევაკუაცია მოხდა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. ბავარიელები რუსეთის დედაქალაქში კვირას ჩაფრინდნენ და სასტუმროშიც დაბინავდნენ, თუმცა დღის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სახანძრო განგაშის გამო სასტუმროდან “ბაიერნის” ფეხბურთელების, მწვრთნელების და მთელი პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

გერმანელები რამდენიმე წუთს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ, ხოსეპ გვარდოლამ და ფეხბურთელებმა მოსკოვის ცივი ჰავისგან თავდასაცავად სპეცალური პლედები მოიფარეს, შემდეგ კი სავაშხმოდ იქვე მდებარე რესტორანს ეწვივნენ.

დაახლოებით ორ საათში “ბაიერნის” დელეგაცია სასტუმროში დაბრუნდა.

ბავარიული გუნდის ზოგიერთი ფანი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი რუსულმა მხარემ განგებ მოაწყო.

ცსკა-სა და “ბაიერნს” შორის შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონის დისკვალიფიკაცის გამო მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

კრუიფი: “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარული კლუბია, ვიდრე მიუნხენის “ბაიერნი”. მისი თქმით, ასეთი ვითარება სრულიად ბუნებრივია.

“გლობალური მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”. მაგალითად, სამხრეთ ამერკაში ყველა უყურებს ესპანეთის ჩემპიონატს. იქ “ბარსელონა” გაცილებით ფასეული კლუბია, ვიდრე “ბაიერნი” და ასე იქნება ყოველთვის”, – ციტრებს კრუიფის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ღირსებას 1973-დან 1978 წლამდე იცავდა. 1988–1996 წლებში კი, ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ამპლუაში თავკაცობდა.

 

რიბერის ყელში ამოუვიდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ ტრავმებისგან დაიღალა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს ზურგის ტკივილების გამო ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა. ცოტა ხნის წინათ კი, რიბერიმ მუხლი აიტკია, რის გამოც “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გუშინ გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში უქმობა მოუწია.

“ყელში ამომივიდა! ეს სიტუაცია საშინლად მაშფოთებს. არ ვიცი, რა ხნით ვიქნები ასე უქმად”, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმნაული გამოცემა “კიკერი”.

 

გვარდიოლა: “თუ ალონსო ასე თამაშს გააგრძელებს, ერთ თვეში მოკვდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ კლუბის ახალწვეული ჩაბი ალონსო თითოეულ მატჩში ბოლომდე ცლის ენერგიას.

32 წლის ბასკმა ნახევარმცველმა ბავარიულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გერმანიის ბუნდესლიგის უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა — “შალკესა” (1:1) და “შტუტგარტის” (2:0) წინააღმდეგ. ალონსო, სავარაუდოდ, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ხვალ გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაშიც ითამაშებს.

“დანარჩენი ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს უნდა დაეხმარონ. თუ ის ასევე გააგრძელებს მთელი მატჩის განმავლობაში თავდადებას, ერთ თვეში მოკვდება. არ შეიძლება თამაშის დროს ამდენი ენერგიის დახარჯვა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს insidespanishfootball.com-ი.

 

მოურინიო: “გვარდიოლა ფეხბურთით ვერ ტკბება”

რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:

“ფეხბურთის სილამაზე მწვრთნელის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე არის დამოკიდებული. მგონია, რომ მოურინიო საბოლოო შედეგისთვის სანახაობას სწირავს. მისთვის მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრებია მნიშვნელოვანი. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებს”.

მოურინიო რისი მოურინიო იქნებოდა, ეს სიტყვები უპასუხოდ რომ დაეტოვებინა.

“როდესაც შენი მუშაობა სიამოვნებას განიჭებს, თმაც არ გცვივა. გვარდიოლა მელოტია. ის ვერ ტკბება ფეხბურთით”, – ციტირებს პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებს El Confidencial-ი.

 

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.

რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.

ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:

“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.

 

ობამეიანგმა “ბაიერნის” კარში გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა

გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 23-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა, მეორე კი – 62-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, “სპაიდერმენის” ნიღაბი გაიკეთა.