გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგება, სადაც მიუნხენის „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება. ბავარიელებს ბუნდესსასალათე უკვე განაღდებული აქვთ. სამაგიეროდ, დანარჩენი პოზიციებისთვის მიდის ბრძოლა.
ახლა ყველაზე დიდ ინტერესს ის იწვევს, თუ ვინ დაიკავებს ბუნდესლიგის მეორე ადგილს. გელზენკირხენის „შალკემ“ გუშინ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში „ბორუსიას“ გაუთანაბრდა, თუმცა დორტმუნდელები ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით არ ჩამოქვეითებულან. „შალკესთან“ 3-ქულიანი სხვაობის აღსადგენად „ბორუსიას“ „ალიანს არენაზე“ „ბაიერნის“ დამარცხება მართებს. მართალია, ბავარიელებმა ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოედანზე უმოტივაციოდ გავლენ. ბოლოს და ბოლოს, მათ არენაზე სათამაშოდ ბოლო წლების ყველაზე მედგარი კონკურენტი გამოვა.
დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „შალკესთან“ დაპირისპირებამდე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მის გუნდზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.
„ბორუსიას“ ყველაფერი რიგზე აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო საკუთარი ძალების რწმენა არ დაგვიკარგავს. ყველას როდი შეუძლია ყოველ წელს ნახევარფინალამდე გასვლა. რამდენიმე მშვენიერი გუნდი სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო ადრეულ ეტაპზეც გამოვარდა ტურნირიდან. დავისაჯეთ იმიტომ, რომ მადრიდში ცუდად ვითამაშეთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მარცხი არ უნდა დავივიწყოთ.
ჩვენთვის გერმანიის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ ქულები სჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვდეს. ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ გუნდს აქვს საქმე მოგვარებული, ეს „ბაიერნია“. დანარჩენები დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას განაგრძობენ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კლოპმა.
მატჩი „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ამ კვირის საკონკურსო მატჩთა სიაშია შეტანილი.
ბექა დოგრაშვილი