რონალდუ ფიფას ბოიკოტს უცხადებს?

ესპანური AS-ის თანახმად, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ფიფას მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ბოიკოტირებას აპირებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი არ აპირებს, დაესწროს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს, რომელიც 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, რონალდუ ლეო მესის შეადარა და აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

ამ განცხადების შემდეგ, ბლატერმა „რეალს“, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და რონალდუს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიშტიანო ფიფას ხელმძღვანელს ამ სიტყვებს არ პატიობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერმა მადრიდის „რეალს“ ბოდიში მოუხადა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების გამო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მესისთან შედარების დროს აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას. ბლატერის ამ განცხადებამ „რეალის“ ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფიფას მისამართით სპეციალური წერილი მოამზადა.

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ბლატერის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა:

„თქვენი წერილის შინაარსმა გამაკვირვა. მინდა განვმარტო, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს არ განვიხილავდი. შეხვედრის ბოლოს რონალდუს მესისთან შედარება და ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა მთხოვეს. მე ვთქვი, რომ მესი ჰგავს შვილს, რომლის ყოლასაც ნებისმიერი დედა ისურვებდა. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ჩემთვის რონალდუც და მესიც ერთ დონეზე არიან. ორივენი გამორჩეული მოთამაშეები არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი. არასდროს მქონია „რეალის“ მოთამაშეთა და გულშემატკივართა მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა განზრახული“.

ანალოგიური სახის წერილი ბლატერმა პორტუგალიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდუ გომეშსაც გაუგზავნა.

ბექა დოგრაშვილი

მოჯი: „შესაძლებელი იყო, რონალდუს „იუვენტუსში“ ეთამაშა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ თავის დროზე შესაძლებელი იყო, კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგიდან“ არა „მანჩესტერ იუნაიტედში“, არამედ ტურინულ კლუბში გადასულიყო.

„სპორტინგთან“ რონალდუს მარსელო სალასთან გაცვლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. სალასი პორტუგალიაში ჩავიდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა და „რივერ პლეიტში“ გადავიდა. ამ დროს გამოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „სპორტინგს“ ისეთი წინადადებით მიმართა, რომ ჩვენ სიტუაციას გამოვეთიშეთ და იდეაზე უარის თქმა მოგვიხდა“, – აღნიშნა მოჯიმ.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანო რონალდუმ “სანტიაგო ბერნაბეუს” მოუბოდიშა

მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალმა” “მალაგა” ანგარიშით 2 – 0 სძლია. ამ მატჩში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ პენალტის საშუალებით გაიტანა. მან გოლის აღნიშვნის დროს “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ პუბლიკას ჟესტის საშუალებით გამოუყენებელი მომენტების გამო მოუბოდიშა. აღნიშნული ფაქტი მატჩის მთავარ ეპიზოდად იქცა.

 

მესი შეიძლება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

„ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი აგხდეს.

კატალონიური გუნდი მზად არის, 26 წლის არგენტინელ მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც, ლეო მესი წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდუ ითვლება, რომელიც წელიწადში 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

რონალდუ ზიდანს ხვალ შეხვდება

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრისტიანო რონალდუ ხვალ კლუბის ოფისში ზინედინ ზიდანს შეხვდება.

მოგეხსენებათ, ზიზუმ, რომელიც „რეალის“ მწვრთნელად მუშაობს, „ოქროს ბურთის“ ყველაზე რეალურ კანდიდატად საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელა, რასაც რონალდუს უკმაყოფილება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი ზიდანთან სწორედ ამ საკითხს გაარჩევს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანმა ამ სიტყვებით საკლუბო ეთიკა დაარღვია. გარდა ამისა, აღინიშნა ისიც, რომ შესაძლოა, ზიდანმა რონალდუს ბოდიში მოუხადოს.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი: „მოედანზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე მესი და რონალდუ“

მიუნხენის  „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ საკუთარი თავი  „ოქროს ბურთის“ სხვა პრეტენდენტებს შეადარა.

„მე მოედანზე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე მესი და კრიშტიანო რონალდუ. გაცილებით ხშირად ვეხმარები მცველებს და გაცილებით მეტ შედეგიან გადაცემას ვაკეთებ.

კარგი იქნებოდა  „ოქროს ბურთის“ მოპოვება. ახლა საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი და ეს მოედანზეც ჩანს.

ფორმის პიკში ვარ, ბევრს ვიტან და ჩემი თამაშისგან დიდ სიამოვნებასაც ვიღებ“, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმანული გამოცემა  „კიკერი“.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ და ლოპესი მატჩის გმირებად დასახელდნენ

“ელჩესთან” (1:2) გამარჯვების შემდეგ, “სამეფო კლუბის” ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესოებად კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო ლოპესი დასახელდნენ. პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა, ხოლო ლოპესმა პირველ თხუთმეტ წუთში ორი შესანიშნავი “სეივი” განახორციელა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

რონალდო: „რონალდუ სრულყოფილ ფეხბურთელად „რეალში“ იქცა“

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდუ სრულყოფილ ფეხბურთელად „სამეფო კლუბში“ იქცა.

„კრიშტიანო ძალიან კარგი მოთამაშეა. „რეალში“ ის გაცილებით უფრო სრულყოფილი გახდა. მისი თამაშისგან ყველა დიდ სიამოვნებას იღებს. რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ ბევრ გოლს იტანდა, თუმცა მადრიდში ის ბომბარდირად მოგვევლინა“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, რონალდო „რეალის“ საწვრთნელ ბაზას ეწვია, სადაც პორტუგალიელ რონალდუსაც შეხვდა.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: ”თამაში უნდა გავაუმჯობესოთ”

მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთვნელი კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამჟამად კარგ ფეხბურთს აჩვენებს.

”ვილიარეალთან” და ”გალთასარაისთან” მატჩების სტარტი ჩვენთვის არც ისე კარგი გამოდგა. ჩვენი თამაში კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ და ეს ”ხეტაფესთან’ მატჩში უნდა დავიწყოთ. სწრაფდ თამაში შეხვედრის დასაწყისიდანვე არის საჭირო. რონალდუს სამი ჩემპიონთა ლიგის მატჩში? კრიშტიანუ – ფანტასტიკური ფეხბურთელია, თავისი თამაშის გაუმჯობესებას იგი მუდმივად ცდილობს. ყოველი მატჩისთვის იგი კარგად ემზადება და დასრულების შემდეგ, ნაჩვენებ თამაშს აფასებს”, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუნიმ რონალდუს პრანჭიაობაზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი თავის ახალ წიგნში ბევრ საინტერესო თემასთან ერთად კრიშტიანო რონალდუს შესახებაც საუბრობს, რომელიც „წითელი ეშმაკების“ რიგებში” 2003–2009 წლებში გამოდიოდა.

„გასახდელში, რონალდუს ადგილთან ახლოს სარკე ეკიდა. იმ დროის განმავლობაში, როცა ის ჩვენთან ერთად თამაშობდა, ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება: კრიშტიანოს უბრალოდ არ შეეძლო სარკესთან ჩავლა საკუთარი თავის შექების გარეშე და ეს იმ შემთხვევაშიც ხდებოდა, როცა ცხვირწინ მატჩი გვქონდა“, – ეს გახლავთ ციტატა რუნის წიგნიდან „ჩემი ათწლეული პრემიერლიგაში“.

„ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“, – წერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი თავის წიგნში.

რუნიმ გვერდი არ აუარა მასსა და რონალდუს შორის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართულ ჩხუბს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა რიკარდო კარვალიუს უხერხულ ადგილზე ფეხი განზრახ ჩაარტყა, რონალდუ კი მსაჯთან მივარდა და რუნისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოითხოვა, რაც არბიტრმა გააკეთა კიდეც. ამას „სამი ლომის“ თავდამსხმელის გაღიზიანება მოჰყვა და მოედნის დატოვებამდე ინგლისური გინებების მარაგი სულ პორტუგალიელზე დახარჯა.

„როდესაც მინდვრიდან გვირაბში გავედი, მივხვდი, რომ რონალდუ დამნაშავე არ იყო. ის საკუთარი ნაკრების გამარჯვებისკენ იყო მოწადინებული, – ამბობს რუნი. – ვიცოდი, რომ ჩვენს შორის სიტუაცია დაცხრებოდა და როდესაც გვირაბში ერთმანეთს შევხვდით, მე მას ვუთხარი: „გულშემატკივრები ამ ამბისგან დიდ სკანდალს ააგორებენ და მთელი ზაფხული ამაზე ილაპარაკებენ“. მან მე გამიგო. მოგვიანებით გაზეთებში დაიწერა, რომ ის მადრიდის „რეალში“ მიდიოდა, ჩვენ კი ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. ეს სრული სისულელე იყო. სიმართლე კი ისაა, რომ კრიშტიანო ყოველთვის მომწონდა. კარგია, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს“.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი: „რეალში“ ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი რონალდუა“

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „სამეფო კლუბში“ გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი კრიშტიანო რონალდუ იყო.

„კრიშტიანო შესანიშნავი ადამიანია. ის დამეხმარა, რომ გუნდში თავი კომფორტულად მეგრძნო. შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც „რეალში“ გადმოვედი. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად კარგად ვითანამშრომლებთ მოედანზე“, – ციტირებს ბეილის სიტყვებს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სავარაუდოდ, ბეილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი