შევჩენკო: “იმედია, რომში იტალიელები მხარს უკრაინას დაუჭერენ”

ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრები დამტებით დროში დაამარცხა (2:1). შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.

“ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ძალისხმევა არ დაიშურეს. ამ გამარჯვებას ყველა უკრაინელს ვუძღვნით, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ რომში იტალიელი გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ინგლისის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. რთული შეხვედრა გველის”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს “სკაი სპორტ იტალია”.

უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

დეშამი ევრო-2020-ისთვის ნაკრებში ბენზემას გამოძახებას აპირებს

ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას გამოძახებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდისთვის “მამლების” კარი 2016 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში დღემდე არ მიუწვევიათ.

ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელების, უნგრელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

უეფა იმსჯელებს, სად და როგორ ჩატარდება ევრო-2020

უეფა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორი ფორმატით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. ამის შესახებ მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმდჯომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურნირის ამ ფორმატით ჩატარების იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც კორონავირუსის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ ინიციატივის საფუძველი ის იყო, რომ ჩემპიონატს მთელი ევროპა მოეცვა. ვიცი, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი კორონავირუსული პანდემიის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს და ფიქრობს, რამდენად გონივრული იქნება ტურნირის მხოლოდ ერთ ქვეყანაში ჩატარება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლების დაცვით.

უახლოეს რამდენიმე კვირაში უეფას გადაწყვეტს, სად და როგორ ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. რთული საკითხია, მაგრამ ვიცი, რომ ჩეფერინი დიდი სიფრთხილითა და განსჯით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Munchner Merkur-ი.

ტურნირი ევრო-2020-ის სახელწოდებას ინარჩუნებს და ის დღევანდელი განრიგით, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს.

კახა ცხადაძე: “დარწმუნებული ვარ, ევრო-2020-ზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს” (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგადაცემა “არენაში” დარწმუნებით განაცხადა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს”, – აღნიშნა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ უეფას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევრო-2020 სახეშეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები ითამაშებს და მატჩებს ევროპის 13 სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს (მიუნხენი, ბაქო, სანკტ-პეტერბურგი, რომი, კოპენჰაგენი, ბუქარესტი, ამსტერდამი, დუბლინი, ბილბაო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, გლაზგო, ლონდონი).

ევროპარლამენტარი: “უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”

ევროპარლამენტში ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე რებეკა ჰარმსმა უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის უფლების მიცემისთვის გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მასპინძელი 13 ქალაქიდან ერთ-ერთი რუსეთის მეორე დედაქალაქი გახლავთ. სანქტ-პეტერბურგში ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და მეოთხედფინალური რაუნდის ერთი შეხვედრა ჩატარდება.

“რუსეთი მეზობელი უკრაინის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მან საერთაშორისო ფეხბურთის წესი დაარღვა, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში ყირიმის კლუბები მიიღო. ეს მიზეზები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად სანქტ-პეტერბურგი არ დასახელებულიყო.

თუმცა, ყველაფერი ფულით იმართება. უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”, – ციტირებს ევროპარლამენტის წარმომადგენლის სიტყვებს goal.com-ი.

 

ევრო-2020 — სტადიონები

როგორც მოგეხსენებათ, უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები დაასახელა. ტურნირს ევროპის 13 ქალაქი უმასპინძლებს. Fanebi.com-ი წარმოგიდგენთ სტადიონებს, სადაც ევრო-2020-ის მატჩები გაიმართება.

მერვედფინალი და ჯგუგური ეტაპის სამი მატჩი:

კოპენჰაგენი, “პარკენი”. ტევადობა: 38 065

ბუქარესტი, ნაციონალური არენა. ტევადობა: 55 600

ამსტერდამი, “ამსტერდამი არენა”. ტევადობა: 53 052

დუბლინი, “ავივა”. ტევადობა: 51 700

ბილბაო, “სან მამესი”. ტევადობა: 53 332

ბუდაპეშტი, “ფერენც პუშკაში”. ტევადობა: 68 000

ბრიუსელი, “ევროსთედიუმი”. ტევადობა: 60 000

გლაზგო, “ჰემპდენ პარკი”. ტევადობა: 52 063

მეოთხედფინალი და ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი:

მიუნხენი, “ალიანც არენა”. ტევადობა: 70 000

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი. ტევადობა: 68 700

სანკტ-პეტერბურგი, “ზენიტ არენა”. ტევადობა: 66 881

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”. ტევადობა: 62 698

ნახევარფინალები და ფინალი:

ლონდონი, “უემბლი”. ტევადობა: 90 000

ევროპის ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ?

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ამ გეგმის განხორციელება სრულიად შესაძლებელია.

„იდეა განხილვის სტადიაზეა. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად სერიოზულად მიიღებენ ამ გეგმას, თუმცა მისი განხორციელება სრულიად შესაძლებელია. მაგალითად, სამხრეთამერიკებელი კოპა ამერიკის ტურნირზე მუდმივად პატიჟებენ იმ ქვეყნების გუნდებს, რომლებიც თავიანთი კონტინენტის საზღვრებს გარეთ თამაშობენ.  ასე რომ, რატომ არ უნდა გადადგას ევროპამ ეს ნაბიჯი?“ –  ციტირებს პლატინის სიტყვებს Yahoo! Sports-ი.

ცნობისთვის, 2015 წელს გასამართ კოპა ამერიკაზე მოწვეული ნაკრებების რანგში ითამაშებენ მექსიკისა და იაპონიის ნაკრებები.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ევრო-2020-ის მატჩებს ევროპის ერთბაშად 13 ქალაქი უმასპინძლებს.

ბექა დოგრაშვილი