პოლონეთის ნაკრებს თბილისში ბლაშჩიკოვსკი დააკლდება?

პოლონეთის ნაკრების კაპიტან იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ქრონიკულად არ უმართლებს. 28 წლის ნახევარმცველმა ძლივს მუხლის ტრავმა მოირჩინა, თუმცა უმალ ახალი დაზიანება მიიღო.

ბლაშჩიკოვსკიმ ამჯერად ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიშავა. ამ ტრავმის გამო, პოლონელ ნახევარმცველს ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. არსებობს უფრო პესიმისტური ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მისი თამაში საქართველოს ნაკრებთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ჩვენი გუნდი პოლონელებს 14 ნოემბერს უმასპინძლებს.

ამრიგად, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 11 და 14 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ევრო-2024-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში გერმანია დაწინაურდა

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში გერმანია დაწინაურდა.

როგორც გერმანიის ფეხბურთის კავშირის გენერალურმა მდივანმა ჰელმუტ სანდროკმა განაცხადა, ალემანებს ევრო-2024-ის მასპინძლობის უფლების მოპოვების კარგი შანსი აქვთ.

“ვფიქრობ, რომ გერმანიას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების ძალიან კარგი შანსი აქვს”, – ციტირებს სანდროკის სიტყვებს “ბილდი”.

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენი ევრო-2020-ის მასპინძლობისთვისაც იბრძოდა, თუმცა გერმანიის ფეხბურთის კავშირმა ტურნირის მატჩების მიღებაზე უარი განაცხადა და მხარდაჭერა ლონდონს გამოუცხადა. თავის მხრივ, ინგლისი არ იბრძოლებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის.

 

გერმანიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ფილიპ ლამმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. შესაბამისად, გერმანიის ეროვნულ გუნდში ახალი კაპიტნის არჩევა გახდა საჭირო. “ბუნდესნაკრების” კაპიტნის სამკლავურს ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოირგებს.

30 წლის შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის თანაშემწედ ტომას შნაიდერი იმუშავებს, რომელიც მანამდე “შტუტგარტს” ედგა სათავეში.

“გუნდის კაპიტანი შვაინშტაიგერი იქნება. წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გასვლას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. მატს ჰუმელსი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საეჭვოა სამი ხედირას თამაშიც, ამიტომ გუნდში “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველ სებასტიან რუდის ვუხმეთ.
უახლოეს წლებში ნაკრებში სულ უფრო ხშირად გამოვიძახებთ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ერიკ დურმი და მათიას გინტერი. აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ ისეთ მოთამაშესთან მქონდა საუბარი, რომლებმაც მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხეს”, – განაცხადა ლიოვმა.

ცნობისთვის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდთა შორის გასამართი ამხანაგური მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

მერტეზაკერმა გერმანიის ნაკრები დატოვა

ლონდონის “არსენალის” 29 წლის გერმანელმა მცველმა პერ მერტეზაკერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მერტეზაკერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებუტი 10 წლის წინათ ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში მან 104 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი.

ფეხბურთელის თქმით, მას სურს, რომ “არსენალსა” და ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებიდან მიროსლავ კლოზე და ფილიპ ლამიც წავიდნენ.

 

სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ნოიერი: “არ ველოდი, რომ წლის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელებდნენ”

როგორც მოგახსენეთ, გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელეს. 28 წლის კიპერი გამოტყდა, არ მეგონა, რომ ამ წოდებას მე მარგუნებდნენო.

“ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია. გულწრფელად ვამბობ, ძალიან გამიკვირდა. პატიოსნად გეუბნებით, არ ველოდი, თუმც მესმის , რომ საკმაოდ კარგი მატჩები ჩავატარე. ამ ჯილდოს მოპოვებამ ძალზედ გამახარა. წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და ეს პრიზი სასიამოვნო დანამატია”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისი გავიდა, მესამე პოზიცია კი “ბაიერნის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა დაიკავა. წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი დაასახელეს.

 

გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

გერმანიაში გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. გასულ სეზონში 28 წლის კიპერმა კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო, მიმდინარე ზაფხულს კი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ნოიერმა, რომელიც გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი 2011 წელსაც გახდა, ჟურნალ “კიკერის” მიერ მოწყობილ გამოკითხვაში გერმანელ ჟურნალისტთა 144 ხმა მიიღო.

მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისი გავიდა, მესამე პოზიცია კი “ბაიერნის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა დაიკავა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი დაასახელეს, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა “აუგსბურგის” და “ბაიერნის” დამრიგებლები მარკუს ვაინცირლი და ხოსეპ გვარდიოლა.

 

ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში გაიტანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „დუისბურგთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩს 24 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში ბავარიელთა ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცა 8-წუთიანი ინტერვალის შემდეგ „დუისბურგმა“ გაათაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.

„ბაიერნმა“ ამ შემადგენლობით ითამაშა: შტარკე, კონტენტო (შტეინჰარტი 55′), ბადშტუბერი (უოლტერი 86′), რაფინია (ბასტა 79′), ალაბა, ჰიობიერგი, გაუდინო, შოლი (ებერლეინი 46′), ბერნატი, სიგჰარტი (შვარცი 46′), ლევანდოვსკი (ტობიას შვაინშტაიგერი 86′).

ოფიციალურად: დორტმუნის „ბორუსიამ“ მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ფრაინურგისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი მათიას გინტერი დაიმატა.

20 წლის ფეხბურთელმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გერმანული პრესის თანახმად, დორტმუნდელებმა გინტერის სანაცვლოდ 10 მილიონი ვერო გადაიხადეს.

„ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ყოველთვის „ბორუსიას“ გულშემატკივარი ვიყავი. ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მოუთმენლად ველოდები პირველ მატჩს ახალი გუნდის შემადგენლობაში“, – აღნიშნა გინტერმა.

ფეხბურთელი „ბორუსიაში“ 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მათიას გინტერი გერმანიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი, თუმცა მას ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

მათიას გინტერმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 34-ივე შეხვედრა ჩაატარა.

 

შვაინშტაიგერი: „გვინდა, ევროპის ჩემპიონატიც მოვიგოთ“

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა იმედი გამოთქვა, რომ „ბუნდესნაკრები“ 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდება.

„ამ გამარჯვებამ წყურვილი გაგვიძლიერა. გვინდა, რომ მომდევნო მსხვილი ტურნირიც მოვიგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღეს. 2016 წელს საფრანგეთში აუცილებლად წავალთ თასის დაუფლების მიზნით.

ეს რთული საქმე იქნება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა გამოცდილი მოთამაშეებიც არიან: ლამი, იოზილი, მერტეზაკერი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების ქვეჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდიც არის მოხვედრილი.

 

ლიოვი: „გიოტცეს ვუთხარი, ეჩვენებინა, რომ მესიზე უკეთესია“

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის შემდეგ „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

— სამი ხედირა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა მოხდა?
— ხედირამ ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მომდევნო დღეს ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ჩვენ კი შეგვეძლო, გაგვერისკა, თუმცა სიტუაცია არ მოითხოვდა რისკს და კრამერის გამოყვანა გადავწყვიტეთ.

— არ შეგეშინდათ, როცა კრამერიც დაიმტვრა?
— არა, თავიდანვე ვემზადებოდით იმისთვის, რომ სამივე ცვლილებას გამოვიყენებდით. ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ნახევარმცველები მზად არიან, რთულ ვითარებაში ერთმანეთი ჩაანაცვლონ.

— რა უთხარით გიოტცეს სანამ მოედანზე შემოვიდოდა?
— „აჩვენე ყველას, რომ მესიზე უკეთესი ხარ და გადაწყვიტე მატჩის ბედი!“ კარგი წინათგრძნობა მქონდა.

— რამდენიმე წლის წინათ თქვენზე თქვეს, რომ ავსტრის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებოდით, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. სამართლიანობა აღდგა?
— გამიმართლა კიდეც. სხვა შემთხვევაში, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ბრაზილიაში ერთად 55 დღე გავატარეთ, თუმცა გლობალურად უკვე ათი წელია, ერთად ვართ. ამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იურგენ კლინსმანის დროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რთული მუშაობის ათი წელი. ჩვენ ვართ პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ახლა რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაოცარი შვაინშტაიგერისა და ყველგან მყოფი ლამის წყალობით მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

— რის ხარჯზე დაამარცხეთ არგენტინის ნაკრები?
— სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სტანდარტულ მდგომარეობებს. ვფიქრობ, ამ ასპექტში განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩემი გუნდი. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის არბიტრის ვინაობა ცნობილია

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი მოემსახურება.

42 წლის მსაჯისთვის აღნიშნულ ტურნირზე ეს რიგით მეოთხე მატჩი იქნება. მანამდე მან შემდეგი შეხვედრები განსაჯა: ესპანეთი — ჰოლანდია (1:5), ნიგერია — არგენტინა (2:3), არგენტინა — ბელგია (1:0).

რიცოლი მესამე იტალიელი არბიტრია, რომელიც მუნდიალის ფინალურ მატჩს განსჯის. 1978 წელს ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ ფინალს (1:3) სერჯიო გონელა მოემსახურა. 2002 წელს გერმანიისა და ბრაზილიის ეროვნულ გუნდთა შორის ფინალური დაპირისპირება (2:0) კი პიერლუიჯი კოლინამ განსაჯა.

ნიკოლა რიცოლი ფიფას მსაჯია 2007 წლიდან. 2011 წელს იტალიის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს. 2013 წელს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა განსაჯა. პროფესიით ხუროთმოძღვარია.

გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართი ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.