ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს

ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს.

კობიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი – 3 ოქტომბერი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.

ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს.

მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!”

 

კახა კალაძე ზვიად სიჭინავას მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში ჩატარებულ სუპერთასის მატჩსა და ზვიად სიჭინავას მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს მოხდა!
საქართველომ , თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!
უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა.
დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!
აქვე მინდა ავღნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი- და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს- ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში- ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც”.

 

საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

აღმოსავლეთი:
„სიონი“ – „რუსთავი“
„საბურთალო“ – „ვიტ ჯორჯია“
„ლიახვი“ – „ლოკომოტივი“

დასავლეთი:
„სამტრედია“ – „მაჭახელა“
„მერანი“ – „ჭიათურა“
„ჩხერიმელა“ – „ტორპედო“
ხობის „კოლხეთი“ – „საპოვნელა“
„ბეთლემი“ – „შუქურა
„საჩხერე“ – „მერცხალი
„გურია“ – „სამეგრელო“
ფოთის „კოლხეთი“ – „მეშახტე“
„ზუგდიდი“ – „იმერეთი“

პირველი მატჩები 17 აგვისტოს გაიმართება, საპასუხი შეხვედრები კი – 25 აგვისტოს.

პლატინი სიჭინავას: “ამას არ დავივიწყებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები”

როგორც რამდენიმე დღის წინათ მოგახსენეთ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ფრანგი წერდა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პირველს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს აცნობდა და მისი მხარდაჭერის იმედსაც აფიქსირებდა. ზვიად სიჭინავამ გადაჭრით თქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პლატინის დაუჭერს, რის შემდეგაც ფრანგმა ფუნქციონერმა სფფ-ში სამადლობელი წერილი გამოაგზავნა.

“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!
გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.
ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ – თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.
დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.
ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამახნევებელი სიტყვებისთვის”, – წერს პლატინი.

 

პლატინიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად სიჭინავას ამცნო

დღეს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

TV Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფუნქციონერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირველად სწორედ სიჭინავას აცნობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სწორედ მას დაუჭერს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის დაუდასტურა, რომ არჩევნებზე მხარს მხოლოდ პლატინის კანდიდატურას დაუჭერს.

სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლატინი წერს, პირველები ხართ თქვენ, ვისაც მინდა, ვაცნობო, რომ მე გადავწყვიტე ფიფას პრეზიდენტობა. ეს ადამიანი აფასებს ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ქვეყანას, გვერდში გვიდგას და ჩვენგანაც უნდა გვერდში დგომა.

ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი ფეხბურთში, რომელიც უნდა იყოს ფიფას სათავეში.

სანამ მე ვარ პრეზიდენტი, სხვა კანდიდატურა არც განიხილება, ვინაიდან მიშელ პლატინიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის: სუპერთასი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2017 წელს, აკადემიის გახსნა და სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ TV Sport-ის ეთერში.

პლატინის საგანგებო წერილი

 

კახი კალაძე: “ეს არის უპასუხისმგებლობა”

უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა. იგი მომხდარს უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ფეხბურთის ფედერაციაც და biletebi.ge-ც მომზადებულნი უნდა შეხვედროდნენ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს. თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, ფეხბურთის ფედერაციას biletebi.ge-სთან ყველა დეტალი უნდა გაევლო, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, რაც მოხდა, ეს არის უპასუხისმგებლობა”.

 

ფეხბურთის ფედერაცია დაზარალებულებს 20 ათასი ლარით ეხმარება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 20 ათასი ლარი გამოყო, რის შესახებაც თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს თანაგრძნობას სტიქიით დაზარალებულთა მიმართ… ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სფფ-მ თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახნილ საბანკო ანგარიშზე (ვითიბი ბანკში) გადარიცხა 20 ათასი ლარი.
ერთად დგომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად დგომითა და სოლიდარობით გადავლახავთ სიძნელეებს…
ვიმედოვნებთ, შემოგვიერთდებიან სხვა სპორტული ფედერაციები და ქართული სპორტული სამყაროს სოლიდარობა ახლაც სამაგალითო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

“კოკა-კოლას” თასი” დაიწყო! (ფოტოები)

დღეს “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედანზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლას” მიერ ორგანიზებული ბავშვთა ყველაზე მასობრივი საფეხბურთო ტურნირი — “კოკა-კოლას თასი”.

წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურნირში გოგონების გუნდებიც ჩაერთვნენ.

ამ ტურნირის ისტორია 2006 წლიდან იწყება და მას „სკოლბურთის“ სახელით იცნობდნენ. 2007 წლიდან, ტურნირი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 10-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.

გახსნისას მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ მიმართეს.

Coca-Cola Cup 2

რევაზ არველაძე: “ისეთი შესაფერისი ბმა, როგორიც არის ფეხბურთი და “კოკა-კოლა”, ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ “კოკა-კოლა”, განსაკუთრებით კი ქართული, არის ყველაზე გემრიელი და ძალიან უხდება ფეხბურთს. ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლების განმავლობაში ვატარებთ ამ არაჩვეულებრივ ტურნირს. წელს 13 ათასი მონაწილე გვყავს, აქედან 10 ათასი არის ახალგაზრდა ბიჭი და 3 ათასი – გოგონა. დიდი იმედი გვაქვს, რომ რაოდენობრივად იმ ჩამორჩენას, რომელიც გვაქვს ქალთა ფეხბურთში, მაქსიმალურად შეამცირებს წლევანდელი სკოლბურთის გათამაშება. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი ახალგაზრდა დღეს ჩვენთან ერთად არის და თამაშობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშს, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია. მე არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი საქართველოს განათლების სამინისტროს და კომპანია “კოკა-კოლას” ჩვენთან ერთად ამ არაჩვეულებრივი ტურნირის ორგანიზებისთვის”.

თემურ ჭყონია: “ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. ამ ტურნირს ესწრება უამრავი სელექციონერი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, იპოვონ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, ამიტომ დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და განათლების სამინისტროს. გოგოებს ვუსურვებ, რომ მაგრად იყვნენ და არ შეეშინდეთ. “კოკა-კოლას” თასს” გახსნილად ვაცხადებ, მოგილოცავთ და წინ გამარჯვებისკენ!”

Coca-Cola Cup 3

ორად გაყოფილი მოედანი პატარა გოგოებმა და ბიჭებმა დაიკავეს, მინდორზე გუნდი გუნდს ენაცვლებოდა, პატარა ფეხბურთელებს კი ტრიბუნიდან მშობლები და ნაცნობ-მეგობრები ამხნევებდნენ.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 1155 გუნდი, აქედან ბიჭების გუნდები – 935 სკოლა, 9350 მოზარდი და გოგონების გუნდები – 220 სკოლა, 2200 გოგონა, ანუ სულ 11550 ბავშვი მონაწილეობს.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

 

სფფ-მ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

მოგეხსენებათ, შსს-მ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი დააკავა (იხილეთ ვრცლად). ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  ჩაწყობილი –  გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.

სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია  ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა  საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა  თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის  არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა  თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე  ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან  მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე.  მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს“, – ნათქვამია სფფ-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ქართველები უკრაინელ თანატოლებს დაუზავდნენ – შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულა. დღეს კი გამარჯვება უკრაინამ იზეიმა – გიორგი დევდარიანის გუნდი ანგარიშით 3:0 დამარცხდა.

წარმატებას ჩვენმა მეტოქემ კლეცის, შვედისა და წარმოშობით ქართველი მოთამაშის, „შახტარის“ ნახევარმცველის ვაჩიბერაძის გოლებით მიაღწია.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ერთ თვეში ჩაატარებს – 29 მაისს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

უკრაინა U-19 – საქართველო U-19 3:0
გოლები: კლეიცი 14′, შვედი 29′, ვაჩიბერაძე 63′ (პენ)

საქართველო იტალიასთან და შვეიცარიასთან ერთ ჯგუფში მოხვდა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგა. თამაზ კოსტავას გუნდი მეექვსე ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ასევე იტალია, შვეიცარია, ჩეხეთი და ჩარდილოეთ ირლანდია ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების, ანდორისა და მალტის ნაკრებებს შეხვდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები 15 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჰოლანდიაში ჩასატარებელ ტურნირზე რვა ჯგუფის გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში „ფედერაციის თასზე“ ითამაშებს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში ამხანაგურ საფეხბურთო ტურნირზე „ფედერაციის თასზე“ ითამაშებს.

ვასილ მაისურაძის გუნდი ამ შემადგენლობით პირველად იკრიბება და პირველ შეხვედრას 24 მარტს გამართავს – ქართველთა მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება. 25 მარტს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქე უკრაინა იქნება, ხოლო ორ დღეში მაისურაძის ფეხბურთელები მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდებიან.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გუნდი კვირას 22 მარტს გაემგზავრება.