„ინტერს“ მორატას ყიდვა სურს

იტალიური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ალვარო მორატა მილანის „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

„ტუტოსპორტის“ ცნობით, „ნერიაძური“ მზად არის, 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღოს. მორატამ „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რაზეც ძალიან წუხს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას გასული წლის დეკემბრის თვეში იჯარის წესით განათხოვრებაც სთხოვა.

„ინტერი“ დიეგო მილიტოსთან და მაურო იკარდისთან განშორებას აპირებს. მილიტო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, იკარდის მიმართ ინტერესი კი „მონაკომ“ გამოავლინა. აქედან გამომდინარე, მილანურ კლუბში მორატას შესაძლო ტრანსფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ „ინტერი“ უპრობლემოდ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ცენტრალური მატჩი ტურნიში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა

ვნებათაღელვა მატჩამდე კარგა ხნითა დრე დაიწყო. სტადიონის მიმართულებით მიმავალი „ინტერის“ ავტობუსს გზაზე „ბებერი ქალბატონის“ ტიფოზები ხვდებოდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამის გამო, არ არის გამორიცხული, „ბიანკონერი“ დასაჯონ კიდეც. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შანსი, თუმცა კარლოს ტევესს სტუმართა კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ახლო მანძილიდან ორჯერ აუღო. მე-16 წუთზე ტურინელებმა მაინც გაიტანეს: ანდრეა პირლომ საჯარიმოში გენიალური პასი გაუკეთა უყურადღებოდ დარჩენილ სტეფან ლიხტშტაინერს და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ჰანდანოვიჩის კარის ბადე პირველად შეარხია — 1:0. ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „ინტერი“ უპირატესობას დაეუფლა, პირიქით – „იუვენტუსის“ შეტევები უფრო მწვავედ გამოიყურებოდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ინტერმა“ კარგი კონტრიერიში მოაწყო, როდესაც „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელი სტუმართა გუნდის სამი მოთამაშის წინააღმდეგ აღმოჩნდა, თუმცა მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გასულმა როდრიგო პალასიომ ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ნახევარი „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ „იუვენტუსის“ აქტურობით დაიწყო და ამან შედეგი დებიუტშივე გამოიღო:  ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა, რომლის მოწოდების შემდეგაც მილანელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხეს და შეტევაში წასულმა ჯორჯო კიელინიმ ახლო მანძილიდან ჰანდანოვიჩი მეორედ დაამწუხრა. სათქმელია, რომ დისკვალიფიცირებული ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ კიელინის ჰქონდა მორგებული.

56-ე წუთზე არტურო ვიდალის ჯერი დადგა. „ინტერის“ დაცვა ჩავარდა. მართალია, ახლო მანძილიდან პოლ პოგბას დარტყმული ჰანდანოვიჩმა მოიგერია, მაგრამ ვიდალის დამატებაზე სლოვენიელმა მეკარემ რეაგირება ვეღარ მოახერხა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.

71-ე წუთზე „ინტერმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. გოლიც ამჯერადაც კუთხურს მოჰყვა, რის შემდეგაც ტურინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით როლანდომ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოო ჯამში, „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. „ბებერ ქალბატონს“ აქტივში 59 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით უსწრებს მადევარ „რომას“, რომლის შეხვედრაც „პარმასთან“ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. მეექვსეადგილოსან „ინტერს“ 33 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
22-ე ტური
„იუვენტუსი“—„ინტერი“ 3:1 (1:0)

„იუვენტუსი“: სტორარი, ბარძალი (კასერესი 63′), ლიხტშტაინერი (ისლა 82′), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ლორენტე (ვუჩინიჩი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (დამბროზიო 58′), როლანდო, კამპანიარო, ნაგატომო, ჟუანი, კუზმანოვიჩი (მილიტო 55′), ალვარესი, ტაიდერი, კოვაჩიჩი (ბოტა 66′), პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ლიხტშტაინერი 16′, კიელინი 47′, ვიდალი 56′ — როლანდო 71′.
გაფრთხილებები: პოგბა 59′ — კუზმანოვიჩი 13′, ალვარესი 73′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბექა დოგრაშვილი

ხავიერ ძანეტი: „დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს?“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მოგვიანებით კი, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან კლუბი იყიდა.

„ეს წელი დავიწყეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენამდე მოიტანოს თავისი იდეები. ვმუშაობთ, რომ მის გეგმებს მივყვეთ. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარი მიზანი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაა.

პრეზიდენტი თოჰირი ნათელი იდეების მქონე პიროვნებაა. იმედი გვაქვს, რომ „ინტერს“ მაღალ პოზიციაზე დავაბრუნებთ. ვცდილობთ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მადლობას ვუხდი კლუბის ქომაგებს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ. მინდა, რომ მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – აღნიშნა ძანეტიმ.

40 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იმასაც, თუ როდის აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.

„რა არის ჩემი საიდუმლო? ვცდილობ, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია, თანაგუნდელებს დავეხმარო. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ვარ.

ვიმედოვნებ, რომ 2014 წელი ბედნიერი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს „ინტერი“ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, რაც ყოველ ჩვენთაგანს გაახარებს.

დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს? ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია, მოედანზე გუნდს სარგებელი მოვუტანო, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონეებს მაინც შევხვდები. მინდა თუ არა, რომ კვლავ ვითამაშო? დიახ, მინდა, მაგრამ წინ კიდევ ექვსი თვეა და მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „ინტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ერიკ თოჰირი: „მილანურ დერბის ცოცხლად პირველად ვუყურებ“

იტალიის სერია А-ს მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ შედგება, სადაც „ინტერი“ თანაქალაქელ „მილანს“ მიიღებს. „ნერიაძურის“ ახალმა მფლობელმა ერიკ თოჰირმა იმედი გამოთქვა, რომ საინტერესო მატჩი გამოვა. მისი თქმით, დერბის სტადიონიდან მიადევნებს თვალყურს და არა – ტელევიზიის საშუალებით.

„გუნდის შედეგებზე არ ვღელავ, რადგან სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს ვენდობი. „მილანთან“ მატჩი გველის. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ საინტერესო შეხვედრას ველი. ტელევიზიის საშუალებით არაერთხელ მიმიდევნებია მილანური დერბისთვის თვალყური. ამ მატჩს ცოცხლად პირველად ვუყურებ. იმედი მაქვს, შეხვედრას „ინტერი“ მოიგებს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება“, – თოჰირის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „მილანს“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ, „ნერიაძურის“ ქომაგებმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ნეაპოლელთა მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო დისკვალიფიკაცია მიიღეს. მათ მილანურ დერბიში დასწრების უფლება არ ექნებათ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. საბოლოო განაჩენს ფედერალური სასამართლო დღეს გამოიტანს.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი: „კარიერას „ინტერში“ დავასრულებ“

„ინტერის“ ვეტერანმა ხავიერ ძანეტიმ არ იცის, თუ რამდენი ხნით გაგრძელდება მისი კარიერა, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ თამაშს სწორედ „ნერაძურიში“ დაასრულებს.

„მორატიმ თქვა, რომ თამაში 45 წლამდე შემიძლია? ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიმდინარე სეზონში მსურს, „ინტერს“ დავეხმარო, ხოლო რა იქნება მომავალში, ნამდვილად ვერ გეტყვით“, – აცხადებს არგენტინელი.

„კარიერას „ინტერში“ დავასრულებ, რადგან აქ ჩემი სახლია. იტალია – ჩემი მეორე სამშობლოა, რომელმაც მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად თბილად მიმიღო“, – დაასრულა მილანური კლუბის კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ ნეაპოლში დამარცხდა

დასრულდა იტალიის სერია ა-ს XVI ტურის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ მიიღო.

ანგარიში შეხვედრის უკვე მე-6 წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა. 35-ე წუთზე კამბიასომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ოთხ წუთში თავისი გუნდი წინ მერტენსმა გაიყვანა. ორ წუთში ნეაპოლიტანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა – გოლი თავის ანგარიშზე ძემაილიმ ჩაიწერა. „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა ანგარიშის შემცირება პირველი ნახევრის დამატებითი დროის მე-2 წუთზე მოახერხეს – მეკარე რაფაელის კარი იუტო ნაგატომომ აიღო.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რიკი ალვარესმა ყვითელი ბარათი მიიღო. 71-ე წუთზე მსაჯმა იგი მეორედ გააფრთხილა, შედეგად, „ინტერს“ მატჩის დასრულება უმცირესობაში მოუწია.

ალვარესის გაძევებიდან ათ წუთში ხოსე მარია კალეხონმა ზუსტად დაარტყა – ჰანდანოვიჩმა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. დამატებითი დროის მე-2 წუთზე კი შეცვლაზე შესულმა გორან პანდევმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 4:2 და „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ მინიმუმ ხვალამდე 2 ქულით მიუახლოვდა. რაც შეეხება „ინტერს“, მაცარის გუნდი 35 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 4:2
გოლები: იგუაინი 6′, მარტენსი 39′, ჯემაილი 41′, კალეხონი 81′ – კამბიასო 35′, ნაგატომო 45+2′

„ნაპოლი“: რაფაელი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რეველიერი (პანდევი 90+1′); ინლერი, კალეხონი, ჯემაილი; ინსინიე, მერტენსი (არმერო 85′); იგუაინი (ბერამი 78′)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი; რანოკია, კამპანიარო (იკარდი 82′), როლანდო; ტაიდერი (კოვაჩიჩი 61′), ალვარესი, ნაგატომო, კამბიასო, ჟონათანი; გუარინი; პალასიო

გაფრთხილებები: ინსინიე, ინლერი – ალვარესი, რანოკია

გაძევება: ალვარესი 71′

ტურის სხვა მატჩების შედეგები:

„კატანია“ – „ვერონა“ 0:0
„კიევო“ – „სამპდორია“ 0:1
„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 3:0
„ჯენოა“ – „ატალანტა“ 1:1
„ლაციო“ – „ლივორნო“ 2:0
„პარმა“ – „კალიარი“ 0:0
„უდინეზე“ – „ტორინო“ 0:2
„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 4:0

იტალიის პირველობის XVI ტური ხვალ, „სან-სიროზე“ დასრულდება, სადაც ერთმანეთს „მილანი“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ჩელსი“ გუარინის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდის

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მილანის „ინტერის“ ნახევარმცველისთვის ფრედი გუარინისთვის იბრძოლებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, „არისტოკრატები“ კოლუმბიელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდისთვის არიან მზად. გარდა ამისა, ლონდონში წარმატებით თამაშის შემთხვევაში, მილანური კლუბი ბონუსებსაც მიიღებს.

ცნობისთვის, „ინტერის“ ხელმძღვანელებს სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ სწორედ აღნიშნული თანხის მიღება სურთ. ამავე დროს, გამორიცხული არ არის, „ნერაძურის“ მენეჯერებმა გუარინის ტრანსფერში დავიდ ლუისის ან დემბა ბას ჩართვა ისურვონ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რომამ“ წაუგებელი სერია ბოლო წუთზე გააგრძელა, „ინტერი“ სახლში „სამპდორიას“ დაუზავდა

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-14 ტური გუშინ დაიწყო. „პარმამ“ შინ „ბოლონიასთან“ ფრედ – 1:1 ითამაშა. იგივე ანგარიშით „ჯენოასა“ და „ტორინოს“ მატჩი დასრულდა.

დღეს კი, როგორც უკვე გაცნობეთ, „მილანმა“ სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „კატანიას“ 1:3 სძლია.

ბერგამოში „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წაუგებელი „რომა“ მიიღო. ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე ბრივიომ გახსნა. მასპინძლები შეხვედრას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე იგებდნენ. საბოლოოდ, ანგარიში „ჯალოროსის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროოტმანმა გაათანაბრა, რომელმაც თავისი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელა.

„ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′

„ატალანტა“: კონსილი; სკალონი (ლუკინი 75′), დელო გროსო (ბონავენტურა 30′), კანინი, ბრივიო; კაცოლა, ჩიგარინი, კარმონა; მორალესი, დენისი, ბრიენცა (კონე 66′)

„რომა“: დე სანკტისი; მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო; მარკინიო (პიანიჩი 62′), დე როსი (ლიაიჩი 57′), სტროოტმანი, ბრედლი; ფლორენცი (რიჩი 87′), ჟერვინიო

გაფრთხილებები: ჩიგარინი, კანინი, დენისი – ბენატია, ლიაიჩი

3 ქულის მოპოვება ვერც მილანის „ინტერმა“ მოახერხა, რომელმაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გენუის „სამპდორია“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში ასევე ბოლო წუთებზე გათანაბრდა. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა. საბოლოოდ, წონასწორობა 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რენან ფერნანდეს გარსიამ აღადგინა.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 1:1
გოლები: გუარინი 17′ – რენანი 89′

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 63′), კამბიასო, ალვარესი (ბელფოდილი 85′), ძანეტი, გუარინი (მუდინგაი 82′), პალასიო

„სამპდორია“: და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტერდელო (რეჯინი 43′), ანდრეა კოსტა, პალომბო, ობიანგი (რენანი 86′), გაბიადინი, ედერი, სორიანი, პოცი (სანსონე 73′)

გაფრთხილებები: ალვარესი, კამპანიარო, გუარინი – გაბიადინი, ანდრეა კოსტა, ედერი

სხვა მატჩები შედეგები:

„კალიარი“ – „სასუოლო“ 2:2
გოლები: ნენე 73′, საუ 87′ – მარცორატი 14′, ძაძა 20′

„კიევო“ – „ლივორნო“ 3:0
გოლები: რიგონი 36, თერუ 56′, პალოსკი 79′

დღეს ტურის კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართება – „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ მიიღებს. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ უმასპინძლებს, ხოლო ზეგ ერთმანეთს რომის „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერის“ გამარჯვება და ძანეტის დაბრუნება

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანის „ინტერმა“ „ლივორნოს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმარი გუნდის მეკარე უხეშად შეცდა და საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა. დიდი ხნის განმავლობაში „ინტერი“ მინიმალური უპირატესონით იგებდა. აღსანიშნავია, რომ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ხავიერ ძანეტი, რომელმაც 91-ე წუთზე მასპინძელთა მეორე საგოლე ეპიზოდი წამოიწყო, შეტევა მატეო კოვაჩიჩმა განავითარა, გოლით კი იუტო ნაგატომომ დააგვირგვინა.

„ინტერმა“ აქტივში 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე პოზიციები გაიმყარა. „ლივორნო“ 12 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

სერია A
ტური XII
„ინტერი“-„ლივორნო“ 2:0 (1:0)

გოლები: ბარდი 30′ (ა.გ.), ნაგატომო 90+1′.
გაფრთხილებები: რანოკია 32′, სამუელი 33′, როლანდუ 90+4′ – დუნკანი 24′, პაულინიო 73′, შიატარელა 82′.

 

40 წლის ხავიერ ძანეტი „ინტერის“ განაცხადში ბრუნდება

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერი“ „უდინეზეს“ ესტუმრება. „ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის განაცხადში 6-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიყვანა უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ძანეტიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა პენსიაზე გასვლა არ ისურვა.

„აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ. მოვლენების დაჩქარება არ მინდა. ვფიქრობ, იანვრამდე თამაშს შევძლებ.

კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და თამაშია. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“, – განაცხადა ძანეტიმ.

მატჩი „უდინეზესა“ და „ინტერს“ შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ათკაციანი „ინტერი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუზავდა

იტალიის სერია А-ს მერვე ტური „ტორინოსა“ და მილანის „ინტერს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ანგარიშით 3:3 დასრულდა. სტუმართაგან გოლები ფრედი გუარინმა და ორჯერ როდრიგო პალასიომ გაიტანეს. „ტორინოს“ მხრიდან გატანილი გოლებით თავი ალექსანდრ ფერნერუდმა, ჩირო იმობილემ და ნიკოლა ბელომომ გამოიჩინეს.

აღსანიშანვია, რომ მატჩის მე-5 წუთზე „ინტერი“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, რადგან მთავარმა მსაჯმა მილანელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი გააძევა. მე-7 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ალესიო ჩერჩიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

სერია А
მერვე ტური
„ტორინო“-„ინტერი“ 3:3 (1:1)

გოლები: ფერნერუდი 21′, იმობილე 53′, ბელომო 90′ – გუარინი 45+1′, პალასიო 55′, 71′.
გამოუყენებელი პენალტი: ჩერჩი 7′.
გაფრთხილებები: გაცი 32′, ფერნერუდი 37′, იმობილე 80′ – ტაიდერი 26′, კამბიასო 78′.
გაძევება: ჰანდანოვიჩი 5′.

მაცარი: „თამაშით „რომამ“ ვერ გვაჯობა“

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთვნელი ვალტერ მაცარი თვლის, რომ „რომასთან“ ანგარიშით 0:3 წაგებული შეხვედრის შედეგი არც ისე ლოგიკურია, რადგან თამაშით მეტოქემ მის გუნდს ვერ აჯობა.

„თამაშით „რომას“ არაფერი დავუთმეთ. „ინტერი“ კარგად მოქმედებდა, თუმცა „ჯალოროსის“ ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც მატჩის სცენარის შეცვლა შუძლიათ. პირველ რიგში საუბარი რა თქმა უნდა ტოტიზეა“, – აცხადებს მაცარი.

„რომასთან“ უფრო კარგად ვითამაშეთ, ვიდრე „ფიორენტინასთან“, რომელიც დავამარცხეს. მეორე ტაიმში ბურთი დე სანკტისის კარში უბრალოდ არ შედიოდა. ეს ფეხბურთია, მეტოქემ რამდენიმე კონტრშეტევაზე დაგვიჭრა, მსაჯი კი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ თამაშის ჩვენებას გავაგრძელებთ და შესაბამისად, სასურველ შედეგებსაც მივაღწევთ“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი