ლორია: “ცუდად არ გვითამაშია”

ავსტრიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. უბრალოდ, ისეთი გოლები გავუშვით, რომლის მიღებაც არ შეიძებოდა. რაც ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თავები უნდა ავწიოთ და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.”

“აღვნიშნავ გულშემატკივრის აქტიურობას. მადლობა, მათ!” – განაცხადა ლორიამ.

 

დვალიშვილი: “ზაგრების “დინამოში” ჩვენზე გამოცდილი მოთამაშეები არიან”

მატჩის შემდეგ, თბილისის “დინამოს” მოთამაშემ, ლადო დვალიშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“ალბათ, შეხვედრა ყველაზე რთული სცენარით განვითარდა. ჩვენ მოსაგებად გავედით მოედანზე, თუმცა ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მივიღეთ. უკვე, შეხვედრის მეცხრე წუთისთვის 4 გოლი გვქონდა გასატანი. გოლის გატანის შემდეგ ზაგრების გუნდი დაცვიდან გვეთამაშა. მოკლედ, ისე ქნეს, როგორც საჭირო იყო.”

“სწორედ ასე უნდა იასპარეზო სტუმრად, მით უმეტეს, მაშინ, როცა საკუთარ მოედანზე სოლიდური სხვაობით გაქვს მოგებული. მათ ეს კარგად იციან. ზაგრებული კლუბი ამ მხრივ გამოცდილია,” – განაცხადა დვალიშვილმა.

 

კარლო ანჩელოტი: “მე რევოლუცია არ მსურს!”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ამერიკულ ტელევიზია ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბავარიულ კლუბზე, თავის სამწვრთნელო ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– მიუნხენში გატარებული ორი კვირის შემდეგ, როგორია თქვენი შთაბეჭილება კლუბზე, გუნდსა და ქალაქზე?
– თავიდანვე მივხვდი, რომ აქ კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებდი. “ბაიერნი” ბრწყინვალე კლუბია, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, ქალაქი კი ძალიან ლამაზია. ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და ზოგადად, ვფიქრობ, რომ სეზონს კარგი შემადგენლობით ვხვდებით.

– უკვე მოასწარით თუ არა გუნდის კარგად შეფასება?
– ჯერ-ჯერობით ბევრი ფეხბურთელი შვებულებაშია. თუმცა, ჩემი აზრით, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რაც ჩვენთვის კარგია.

– თქვენ მსოფლიოს უდიდეს კლუბებში გიმუშავიათ, სადაც დიდ ფეხბურთელებს წვრნიდით. როგორ უყურებთ ახალ გამოწვევას?
– ჩემთვის გამოწვევა ყოველთვის ასეთია: ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, შემდეგ სწორი სტრატეგიის შერჩევა, რათა ჩემს ბიჭებს თამაში გაუადვილდეთ. ყველას თავისებური ხასიათი აქვს.

– სამწვრთნელო კარიერა “რეჯანაში” დაიწყეთ. როგორ შეიცვალა მწვრნელობა გასული ოცი წლის მანძილზე?
– ყველაფერი ძალიან შეიცვალა. ოცი წლის წინ ჩემი საქმე განსხვავებული იყო. მაშინ 16 ფეხბურთელი უნდა გყოლოდა, კვირაში კი მხოლოდ ერთ მატჩს ატარებდი. ახლა 25 გყავს და სამ დღეში ერთ შეხვედრას ატარებ. დღესდღეისობით, მოედანზე ბევრი ვარჯიში აუცილებელი აღარაა, რადგან შეგიძლია, ფეხბურთელს ბევრი რამ ვიდეოს საშუალებით აუხსნა.

– ამ დროის მანძილზე, როგორ შეიცვალეთ თქვენ როგორც მწვრთნელი?
– ჩემი სტილი არ შეცვლილა. უკვე ვთქვი, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით მატჩის მიმდინარეობისას სწორი გადაწვყეტილება უნდა მივიღო.

– დღესდღეისობით, მწვრთნელობაში ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია?
– მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიგოლოგიაა. 25 ფეხბურთელს წვრთნი, იქიდან კი მხოლოდ 11 უნდა ათამაშო. დარჩენილი 14 მოთამაშეს მოტივაცია უნდა შეუნარჩუნო და ვფიქრობ, ყველაზე რთული სწორედ ესაა. თამაში ყველას უნდა. მათ უნდა აუხსნა, რომ გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურები არიან, თუნდაც მაშინ, როცა არ თამაშობენ.

– ეს ყველაზე რთული ნაწილია?
– დიახ, ასეა. ტექნოლოგია რთული არაა, რადგან მისი საშუალებით ხსნი, თუ როგორ უნდა ითამაშოს კონკრეტულმა ფეხბურთელმა.

– ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი ტაქტიკით ათამაშებდა “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ბოლო სამი წლის მანძილზე. რა ცვლილებას უნდა ველოდოთ თქვენი მოსვლის შემდეგ?
– მე რევოლუცია არ მსურს, რადგან ამ გუნდმა გვარდიოლას ხელში კარგი ფეხბურთი ითამაშა, ამიტომ ბევრი რამის შეცვლა არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები მაქვს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

– გიფიქრიათ თუ არა რომელიმე ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე?
– არა. მე ყოველდღიური მუშაობა მომწონს, მომწონს, როდესაც ყოველდღე მოედანზე ვარ. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. თუმცა, ამჟამად ჩემი სურვილი კლუბში მუშაობაა. ნაკრების გაწვრთნა რთულიცაა, რადგან ვარჯიშისა და გუნდის მომზადების დრო არ გაქვს. ამიტომაცაა, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი მატჩი სანახაობით ვერ გამოირჩეოდა. ნაკრებში კარგი ფეხბურთის თამაში რთულია.

– ამ დროს, დაცვითი ფეხბურთის თამაში ადვილია…
– დიახ, რა თქმა უნდა. როცა ბურთი გიჭირავს, რაღაც უნდა შექმნა. უბურთოდ კი მხოლოდ თავს იცავ, ამიტომ ეს უფრო ადვილია.

– ხომ არ გეშინიათ იმის, რომ მალე გუნდების დიდი უმეტესობა დაცვით ფეხბურთსა და კონტრ-შეტევებზე თამაშს მიანიჭებს უპირატესობას?
– მე არ მეშინია, რადგან ფეხბურთი ყოველთვის ასეთი იყო. იყო დრო, როცა ბურთის დაჭერით წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იყო და იყო დრო, როცა კონტრ-შეტევით უკეთეს შედეგებს აღწევდნენ. ეს ფეხბურთია, რაიმე ახალს ვერ ვხედავ.

– ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თქვით, რომ არიგო საკის “მილანს” ბურთის დაჭერაც და კონტ-შეტევაზე თამაშიც შეეძლო. იმ გუნდში ამის ბალანსი იყო. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ის იდეალური ფეხბურთი?
– ჩემი აზრით, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია. ბურთთან ერთად კარგად უნდა მოქმედებდე და უბურთოდ ყოფნის დროსაც, ასე უნდა იყოს.

– ზაფხულში თქვენი ყოფილი კლუბების – “მილანისა” და “რეალის” წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. იქნება თუ არა ეს მატჩები თქვენთვის განსაკუთრებული?
– რა თქმა უნდა. მე “მილანის” ფეხბურთელი და მწვრთნელი ვიყავი. იქ 13 წელი გავატარე და დიდ წარმატებას მივაღწიე. “რეალში” ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემთვის ორივე მატჩი განსაკუთრებული იქნება.

– როგორ ფიქრობთ, ამხანაგური მატჩებისათვის, როცა დიდ კლუბებს ეთამაშებით, ფეხბურთელების მომზადება უფრო ადვილია?
– დიდი კლუბების წინააღმდეგ ფეხბურთელები უფრო დიდი მოტივაციითა და კონცენტრაციით თამაშობენ. ასეთ მატჩებს უამრავი ადამიანი უყურებს. ყველამ იცის, რომ ამხანაგურ შეხვედრაში შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მთავარი ისაა, რომ კარგად ითამაშო და სეზონს სასურველი ფორმით შეხვდე.

“ალაშკერტის” მწვრთნელი: “ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო”

“ალაშკერტის” მწვრთნელმა, აბრაჰამ ხაშმანიანმა დღევანდელი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველი თამაში ორი ბურთის სხვაობით წავაგეთ და მეორე მატჩში უნდა შეგვეტია. სწორედ ეს დავავალე ბიჭებს. ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო. დიდი ძალებით გადავედით წინ და თავდაცვა კარგად ვერ მოვახერხეთ, რამაც, საბოლოო ჯამში, ის გამოიწვია, რომ  “დინამომ” გაგვიტანა და უარეს დღეში ჩავვარდით.”

“მეორე ტაიმში მეტოქე მოდუნდა და შევძელით გათანაბრება,მაგრამ  შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ანგარიშის გაზრდა. ვულოცავ “დინამოს”. ჩემს ბიჭებს კი მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთეს. ამ რესურსით უფრო დიდ მიზნებზე ფიქრი რთულია.”

წყარო: armfootball.com

 

“ალაშკერტი” – “დინამო”: მატჩის წინ

19 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. Fanebi.Com-ი აღნიშნული მატჩის პრევიუს გთავაზობთ…

ერევნის “ალაშკერტი” VS თბილისის “დინამო”

მოედანი: რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი

დაწყების დრო: 19 ივლისი, 19:00 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მუჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)

“დინამომ” წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და პირდაპირ აღმოჩნდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამ საფეხურზე თბილისურ გუნდს არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა “ალაშკერტის” სახით. პირველ შეხვედრაში თბილისლები მატჩის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ ეს სტატუსი გაამართლეს და სომხეთის ჩემპიონი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 2:0.

17 ივლისს, “დინამო” სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა.

dinamo 1

ფეხბურთელებმა 18 ივლისს, დილით მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს.

dinamo2

აღსანიშნავია, რომ გუნდში მხოლოდ ერთი დანაკლისია. ვარჯიშზე დაზიანება მიიღო ველევმა და ის გუნდს სომხეთში არ გაჰყვა. მცირე ტრავმა აღენიშნება ლობჟანიძეს, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია პირველი შეხვედრის 50-ე წუთზე.  სხვა მხრივ, ყველა “დინამოელი” მწყობრშია. გუნდში არც დისკვალიფიკაციას უჩივიან. მეტიც, ერთადერთი ყვითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილს აქვს, რომელიც მან შემოსვლიდან 2 წუთში მიიღო, თუმცა სულ ცოტა ხანში  სწორედ მან “დინამო” დააწინაურა!

Fanebi.Com-თან ქართული კლუბის მოთამაშემ, უკვე ნახსენებმა კიტეიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს: “2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

მოკლედ, ქართულ გუნდს როგორც კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდინციები, ასევე ბარათების არქონაც უწყობს ხელს, რათა წარმატებას მიაღწიოს.

გადავიდეთ სომხურ “ალაშკერტზე”. ეს გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ქვეყნის ჩემპიონია. მას “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება პირველი საფეხურიდან მოუწია. “ალაშკერტი” ანდორის კლუბს, “სანტა კოლომას” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:0 ითამაშა. სომხეთში კი მან მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველ მატჩში “დინამოსთან” “ალაშკერტი” სუსტად გამოიყურებოდა და დამარცხდა კიდეც.

ჩვენი ინფორმაციით, სომხურ კლუბში მნიშვნელოვანი ტრამვები არ არის და გუნდს ყველა ფეხბურთელი უნდა დაეხმაროს. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას… “სანტა კოლომასთან” გამართულ განმეორებით შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო მანასიანმა და, შესაბამისად, მას მოუწია თბილისში ჩატარებული მატჩის გამოტოვება. წესით, მან განმეორებითი თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. აქვე გეტვყით, რომ თითო-თითო ყვითელი ბარათი აქვთ: ტასიჩს, ბარეღამიანს, მინასიანს და პოღოსიანს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებული უკვე მესამე ეტაპზე შეხვედება ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის გამარჯვებულს. პირველი მატჩი ამ კლუბებს შორის მაკედონიაში გაიმართა და ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

თბილისის “დინამოს” სავააუდო შემადგენლობა: სკრიბე – ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი – ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური – დვალიშვილი, ქვილითაია.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

cats

 

ერევნის “ალაშკერტის” სავარაუდო შემადგენლობა: კასპაროვი – პოღოსიანი, მინასიანი, იედიგარიანი, ტაშიჩი – დაშიანი, სავინი, მურადიანი, ვოსკანიანი – მანასიანი, გრიგორიანი.

მთავარი მწვრთნელი: აბრაჰამ ხაშმანიანი.

 

ოთარ კაკაბაძე:”საფრანგეთი პორტუგალიასთან ფავორიტია”

“ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ Fanebi.Com-თან კომენტარი “ხიმნასტიკის” ქართველმა ლეგიონერმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

“ორივე გუნდმა ძალიან დიდი ბრძოლები გადაიტანა აქამდე მოსასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ფავორიტი მაინც “საფრანგეთია”. ეს ნაკრები პორტუგალიას ბევრ ასპექტში ჯობს. თანაც, ისინი მასპინძლები არიან. ვთვლი, რომ სწორედ ფრანგები იმსახურებენ გამარჯვებას. ფინალის სტატუსიდან გამომდინარე, ძალინა დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ქართველმა მარჯვენა მცველმა.

 

ნიკა კვეკვესკირი:”ევრო 2016″-ის ფინალში რთულია ფავორიტის დასახელება, მაგრამ…”

რამდენიმე დღის წინ გაირკვა “ევრო 2016” წლის ფინალისტები, სადაც ერთმანეთს პორტუგალიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. ამასთან დაკავშირებით Fanebi.Com-მა დაიწყო გამოკითხვის ჩატარება ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან. ჩვენ ვეკითხებით მათ აღნიშნული თამაშის ფავორიტისა და მატჩის სცენარის შესახებ აზრს.

ამჯერად ჩვენი საიტის რესპოდენტი საქართველოს ნაკრებისა და აზერბაიჯანული “გაბალას” ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირა.

“ფინალის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან რთულია ფავორიტის დასახელება. ეს ხომ დასკვნითი მატჩია, სადაც არავინ იცის რა მოხდება. მიუხედავად ამისა, თუ ვინმე არის საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ფავორიტი, ესენი ტურნირის მასპინძლები არიან. ამას, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზი აქვს: ფრანგები ყველა რგოლში ძალიან ძლიერები არიან, მათ დაბალანსებული გუნდი ჰყავთ.”

“საფრანგეთის ნაკრები არაა ერთ კაცზე დამოკიდებული, როგორც პორტუგალია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პორტუგალიელები, ჩემი აზრით, მეორე ნომრად ითამაშებენ. ისინი ე.წ. “მძიმე” ანუ თავდაცვაზე ორიენტირებული ნახევარდაცვით შეეცდებიან, რომ იგივე სცენარით წარმართონ შეხვედრა, როგორც ეს ხორვატიასთან გააკეთეს,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ნიკა კვეკვესკირმა.

ჟირუ:”ძალიან ემოციური ღამე იყო”

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მართალია, გერმანია უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირელი ტაიმის მიწურულს გოლის გატანა საკვანძო მომენტი იყო ჩვენს გამარჯვებაში.”

“საბოლოო ჯამში, ემოციური ღამე გამოვიდა. ჩვენ დიდ ბრძოლაში უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ და ფინალის საგზური დავისაკუთრეთ. ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ ყველაზე მთავარი მომენტი წინაა. არ უნდა მოვდუნდეთ და კვირას გასამართ შეხვედრაზე გადავერთოთ. გვინდა, რომ აღნიშნულ დღეს წარმატებულად დავასრულოთ ტურნირი და ამით ისტორია დავწეროთ,” – განაცხადა საფრანგეთის ნაკრებისა და “არსენალის” შემტევმა.

ჩავი: “დღევანდელი იტალიის ნაკრები “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ნაზავია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა ევრო 2016-ის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთსა და იტალიას შორის გასამართი შეხვედრის წინ, იტალიურ გაზეთ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა.

ჩავიმ ორშაბათს გასამართ მატჩზე, გუნდების ძლიერ მხარეებზე, წინა დაპირისპირებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– ისევ იტალია-ესპანეთი…
– ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ორივე გუნდს არ გაუმართლა. კარგი იქნებოდა, თუ ამ დაპირისპირებას ნახევარფინალში ან ფინალში ვიხილავდით. ესპანეთმაც და იტალიამაც ორ-ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ანტონიო კონტეს ბრწყინვალე დაცვის ხაზი ჰყავს.

– ალბათ, დაცვის ხაზზე ყურადღება იმიტომ გაამახვილეთ, რომ იტალია შეტევაში ძველებურად კარგი აღარ არის.
– დიახ, თქვენ აღარ გყავთ თავდამსხმელი, რომელსაც ვარსკვლავს ვუწოდებთ, მაგრამ გყავთ ედერი და გრაციანო პელე, რომლებსაც გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. არ დაგავიწყდეთ, რომ სტანდარტულების დროს, შეტევაში დანიელე დე როსი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მიდიან – ამ ფეხბურთელებს მეტოქის კარის დალაშქვრა ეხერხებათ.

– ჩვენ ლორენცო ინსინიეს სახით გვყავს კარგი, ტექნიკური თავდამსხმელი.
– ასევე, ჩირო იმობილე. იტალიის ნაკრებს სათადარიგოთა სკამზე ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. პელე და ედერი, ფიზიკურად, უფრო ძლიერები არიან. თუ საჭირო იქნება, ინსინიეს და იმობილეს თამაშში ჩართვა შეიძლება.

– როგორ თამაშს ელით?
– საინტერესოს. ბურთი უფრო მეტად ესპანეთის ნაკრებს ექნება, ხოლო როცა მას იტალიელები მიიღებენ, მაშინ სახიფათო შეტევას უნდა ველოდოთ. როცა ესპანეთის ნაკრებს ბურთი არ აქვს, გუნდი კარგად ვერ თამაშობს, ხოლო იტალიის ნაკრების შემთხვევაში, საწინააღმდეგო ვითარებაა – კონტეს ბიჭები ბურთის გარეშეც კარგად მოქმედებენ. იტალიას ბრძოლა უყვარს, ესპანეთს კი მისი ყოველთვის ეშინოდა. “სკუადრა აძურას” წინააღმდეგ არაერთხელ მომიგია, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ შეიძლებოდა, დავმარცხებულიყავით.

– დღესდღეისობით, იტალიის ნაკრების დაცვა დამაჯერებელია…
– რა თქმა უნდა. თქვენ მაშინაც კი არ ნერვიულობთ, როცა ანგარიში 0:0-ია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გუნდები ერთმანეთს ასე ადრე არ უნდა შეხვედროდნენ.

– რომ არა ესპანეთის ხორვატიასთან მარცხი, ეს ასე არ იქნებოდა…
– ხორვატიის ნაკრებთან დამარცხება, ძალიან დიდი შეცდომაა. მოგების შემთხვევაში, ესპანეთს მერვედფინალში უფრო ადვილი მეტოქე ეყოლებოდა. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

– თქვენ გითამაშიათ როგორც დონადონის, ასევე პრანდელის იტალიის ნაკრებთან. ახლა გუნდს კონტე წვრთნის. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა?
– პრანდელის გუნდში უფრო ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობდნენ. 2008 წლის იტალიის ნაკრები (მაშინ მწვრთნელი დონადონი იყო – ავტ.) წარმატების მიღწევას კონტრ-შეტევაზე თამაშით ცდილობდა. დღესდღეისობით, თქვენ ბურთის კონტროლი შეგიძლიათ. ცხადია, ეს იტალიის მთავარი პლუსი არ არის, მაგრამ გყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ.

– რას იტყვით ანტონიო კონტეზე?
– მან “იუვენტუსში” დაამტკიცა, რომ ძლიერი სპეციალისტია. მისი გუნდი თავს კარგად იცავდა და უბურთოდ შესანიშნავად მოქმედებდა. ჩემი აზრით, იტალიის დღევანდელი ნაკრების სტილი “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” სათამაშო სტილის ნაზავია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თამაშობს “სკუადრა აძურაში”, თქვენ ყოველთვის საშიშები ხართ.

– ტაქტიკურად, როგორ იმოქმედებს იტალიის ნაკრები ორშაბათს გასამართ მატჩში?
– თქვენ 3-5-2 განლაგებით თამაშობთ, რაც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. მაგალითად, ესპანეთის ნაკრებს პრესინგის გაკეთება გაუჭირდება. ჩვენი ცენტრალური მცველები თქვენს ორ ცენტრალურ თავდამსმელზე იქნებიან ორიენტირებულები, თუმცა მათ ერთი ფლანგის მცველის დახმარებაც დასჭირდებათ. ცხადია, ასეთ სიტუაციაში კანდრევა ან ფლორენცი უყურადღებოდ დარჩება, ამიტომ დელ ბოსკემ რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს. 2014 წლის მუნდიალზე ჩილემაც და ჰოლანდიამაც ჩვენს წინააღმდეგ ასეთი ტაქტიკა არჩია, ჩვენ კი ორივე შემთხვევაში დავმარცხდით.

– 2014 წლის მუნდიალზე ცუდი თამაშის შემდეგ, დელ ბოსკემ ახალი გუნდი ააშენა.

– ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უფრო კარგად თამაშობს. დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდივართ, მეტოქე გუნდი კი ბურთს იშვიათად იღებს, რაც მათ საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევთ. დღეს, ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ინიესტა და ბუსკეტსი – ამ ორს შეუძლია, რომ გუნდი გააერთიანოს. სერხიოს ბურთის დაჭერა შეუძლია, ანდრესი კი შეტევის ორგანიზებას ცდილობს. ვფიქრობ, დღეს, ინიესტა და ბუსკეტსი მთლიანად ესპანეთში საუკეთესოები არიან.



– ესპანეთის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალია ანგარიშით 4:0 დაამარცხა. რას იტყოდით ამ მატჩზე?

– მაშინ ჩვენმა გუნდმა დელ ბოსკეს ხელში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ფინალამდე, რამდენიმე შეხვედრა არადამაჯერებლად ჩავატარეთ და ცოტათი ვნერვიულობდით კიდეც. თუმცა, ფინალში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.

რაული : „ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს“

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ, რომელიც ამჟამად კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს და “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, FIFA.COM-თან ინტერვიუში აღნიშნა რომ, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს საფეხბურთო კუთხით და სათამაშო დონე დღითი-დღე უმჯობესდება.

– ლა ლიგისა და ბუნდესლიგის შემდეგ, “ნიუ იორკ კოსმოსთან” კონტრაქტის გაფორმება რამ გადაგაწყვეტინათ?

– მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ამერიკაში კარიერის გაგრძელება, პირველ რიგში არის ფეხბურთის სიყვარული და “ნიუ-იორკ კოსმოსის” მიმზიდველი პროექტი. ვთვლი, რომ ფეხბურთი ამერიკაში დღიდი-დღე ვითარდება, ჩემი ცოდნით და გამოცდილებით კი შევეცდები ხელი შევუწყო პროგრესს.

– აქტიური საფეხბურთო ცხოვრების სამწვრთნელო საქმიანობაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?

– ფეხბურთი ჩემი ვნებაა და ახლა ჩემი ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას, რომ აქტიურად ვითამაშო ფეხბურთი. ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყობ ხელს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე უკეთ არაფერი მესმის და ვფიქრობ, ჩემი ცოდნა ბევრ მოთამაშესაც სასიკეთოდ გამოადგება.

– “ნიუ-იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისური უკვე დაკავებული იყო და მისმა მფლობელმა ის უყოყმანოდ გადმოგცათ…

– “რეალში” მქონდა პატივი მეტარებინა 7-ნომრიანი მაისური, “შალკეში” და ყატარში გადასვლისას ტრადიცია გავაგრძელე. ნიუ-იორკში გადმოსვლისას გარსიამ უყოყმანოდ დამითმო მაისური, ამას კი ძალიან ვაფასებ.

ალთუნაშვილი: “გამარჯვება ჩვენი მონდომებისა და შრომის ხარჯზე მოხდა”

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 27-ე სეზონის პირველმა ტურმა აიღო სათავე. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, ცხინვალის “ცხინვალი” ტურნირის დებიუტანტ “საბურთალოსთან” 1-2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, სტუმართა ახალგაზრდა 22-იანმა, სანდრო ალთუნაშვილმა Fanebi.Com-თან კომენტარი გააკეთა.

“პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ ესეთი დებიუტი გვქონდა და გამარჯვებით დავიწყეთ სეზონი. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ცოტა სწრაფი თამაში გვაკლდა, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ და ეს შედეგშიც აისახა. გამარჯვება კი ღირსეულად მოვიპოვეთ და ეს ჩვენი მონდომების და შრომის ხარჯზე მოხდა.

მიზნებს რაც შეეხება, შევეცდებით, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი წლევანდელ სეზონში. ღირსეულად ვიასპარეზოთ უმაღლეს ლიგაში და კიდევ, ერთის თქმა მინდა: ეს გამარჯვება გუნდის გენერალურ დირექტორს, კახა ჭუმბურიძეს მივუძღვენით, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს”.

ინტერვიუ გიო ქინქლაძესთან

სამშაბათს, “დინამო არენაზე” “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. მატჩის ელჩი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, რომელთანაც უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

— რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის უეფას სუპერთასის მასპინძლობა?
— ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია. მადლობას ვუხდი უეფას, ჩვენს მთავრობასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მატჩის ჩვენს ქალაქში ჩატარებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს.

— რამდენად არის თბილისი საფეხბურთო კერა?
— თბილისი საფეხბურთო ქალაქია, განსაკუთრებული ქომაგებით. მათ მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებათ და უმალ გეტყვიან, ვის აქვს დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი. მათ ისეთი მატჩებისთვის და ფეხბურთელებისთვის აქვთ ნაცქერი, რომ ფეხბურთი საკმაოდ ღრმად შეისწავლეს. დღესდღეობით ამ გულშემატკივრებს ნაკლებად აქვთ ინგლისში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში თავიანთი ემოციების ყოველკვირეულად გამოხატვის საშუალება, ეს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებზე ხდება, თუმცა ადრე სხვაგვარად იყო. ჩვენ საკმაოდ ემოციური ფანები გვყავს, ფეხბურთი კი ყოველთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

— თქვენი ბავშვობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
— თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშეს, რომლებიც ჩვენთვის გმირები იყვნენ. განსაკუთრებით კი დავით ყიფიანს ვბაძავდი. ფეხბურთელობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ყიფიანი არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ ზუსტად 10 ნომერი იყო, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონდა. მისი ტექნიკა და სათამო სტილი არამხოლოდ მე, არამედ მთელ ქვეყანას აღაფრთოვანებდა. იშვიათია ასეთი ფეხბურთელი.

— კარიერის განმავლობაში ცნობილი იყავით ჰიპნოზის მომგვრელი დრიბლინგების შესრულებით. რას ფიქრობთ ლიონელ მესიზე, რისი გაკეთება შეუძლია მას ბურთით?
— სერ ალექს ფერგიუსონი ერთ-ერთ ინტერვიუში მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს. დიეგო მარადონა ძალიან მიყვარს, მაგრამ მესი ნამდვილი მოვლენაა. იგი საკლუბო დონეზე წარმოუდგენლად ასპარეზობს. ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში ითამაშო, მაგრამ არა – მთელი ამ წლების მანძილზე. მან ეს თამასა თავიდანვე ძალიან მაღლა ასწია.

— რას ფიქრობთ “ბარსელონასა” და “სევილიაზე”?
— ასეთი დიდი კლუბებისთვის მთავარი ტიტულების მოპოვებაა. ძალიან მომწონს “ბარსელონას” სათამაშო სტილი, დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი თამაშის ცქერით. “სევილიაც” კარგი გუნდია. მათ ევროპის ლიგა მეოთხედ მოიგეს. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.

— რას ნიშნავს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თამაში?
— ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა თამაში. მენატრება ის დრო, როდესაც მატვეი ბლანტერის “ფეხბურთის მარშის” თანხლებით გუნდები მოედანზე გამოდიოდნენ. ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის.

— თქვენი კარიერიდან ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტი რომელია?
— ალბათ, დღე, როდესაც თბილისის “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი და ასევე, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა.

— თქვენ ახლა “ცხინვალის” სპორტული დირექტორი ხართ, რომელმაც ამ სეზონში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა…
— ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრს არაფერს მოველოდით, თუმცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ფეხბურთელები არ გყავს, როგორებსაც ვართ მიჩვეულნი. ვწუხვარ, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

— რას ურჩევდეით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იწყებენ თამაშს?
— უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ფეხბურთელი ვარჯიშისა და თამაშის გარდა სხვა რამეზე არ უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, საჭირო კონდიციებშიც უნდა იყო. საქართველოში ტალანტები იბადებიან და მათ მხოლოდ თავიანთი უნარები უნდა განავითარონ, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლონ.