დი მარია: „მოურინიომ ბევრი რამ მასწავლა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ აღნიშნა, რომ „ბლანკოსის“ ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მას ბევრი რამ ასწავლა.

„მოურინიომ უფრო ძლიერ ფეხბურთელად გამხადა. მან ბევრი რამ მასწავლა და როგორც ფეხბურთელმა მის ხელში პროგრესს მივაღწიე. გარდა ამისა, მოურინიომ ახალ პოზიციაზე თამაშის საშუალება მომცა და გუნდისთვის ბოლომდე ბრძოლა მასწავლა. მსურს, ყველაფრისთვის ჟოზეს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დი მარიამ.

„წარუმატებელი თამაშის შემდეგ პრესკონფერენციებზე მოურინიო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. კლუბის ხელმძღვანელებთან მას ჩინებული ურთიერთობები აკავშირებდა, მოთამაშეები კი კარგის მეტს, მასზე არაფერს ამბობდნენ. ბევრ არგენტინელს ვიცნობ, რომელიც ჟოზეს შესახებ იგივეს გეტყვით“, – დაასრულა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის პირველი დღის მატჩებიდან გამოსაყოფია „ბაზელსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის დაფიქსირებული შედეგი. შვეიცარიელებმა 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის თამაში არ მოეწონა, თუმცა ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს არც იმის თქმა დაავიწყდა, რომ „ჩელსიმ“ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ჩელსიმ“ ცუდი მატჩი ჩაატარა და დამსახურებული მარცხი იწვნია. ჩემი გუნდის თამაში პირველივე წუთებიდანვე არ მომეწონა. დაცვაში შეცდომების დაშვება სასტარტო წუთებიდანვე დავიწყეთ. მხოლოდ მეორე ტაიმში მოვახერხეთ კონტროლის დაწესება. მომეჩვენა, რომ ჩემი გუნდი გადაიღალა. ფეხბურთელებმა სანაკრებო შეხვედრებიც ჩაატარეს. ალბათ, გუნდის როტაციას უფრო ხშირად უნდა მივმართო, მაგრამ „ვესტ ჰემთან“ ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და შემადგენლობას ვერ შვცვლიდი. როდესაც გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს, რთულია განაცხადის შეცვლა.

მარცხის მიუხედავად, კარგია, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ჯგუფის პირველ პოზიციაზე გასვლისთვის ვიბრძოლოთ.

უნდა დავისვენოთ და უქმეებზე გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ“, – მოურინიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

დალაქი ჟოზე მოურინიო

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ არაორდინალური კაცია, ეს არახალი ამბავია. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი საკუთარ თავს „განსაკუთრებულს“ ტყუილად როდი უწოდებს.

პრესკონფერენციებზე უცნაურ კითხვებს ყველგან სვამენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც შვეიცარიაა. „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის Vტურში „ბაზელს“ სტუმრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი, მოურინიოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ შეიჭრა თმა.

შეიძლება მიაქციეთ ყურადღება, რომ სანაკრებო პაუზამდე მოურინიოს უფრო დიდი თმა ჰქონდა, შემდეგ კი შეთხელებული ვარცხნილობით დაბრუნდა, რამაც ჟურნალისტის დაინტერესება გამოიწვია.

მოურინიომ აღნიშნა, რომ თმის შესაჭრელი მოწყობილობა ფერნანდო ტორესისგან ითხოვა და ახალი ვარცხნილობა თავადვე დაიყენა.

„ზოგიერთს არ შეუძლია ის, რაც მე შემიძლია. ორიოდ თვეში ძველებურად მექნება თმა. ზოგიერთს ეს არ ძალუძს.
თმის შეთხელება გადავწყვიტე. ფერნანდოსგან თმის შესაჭრელი მანქანა ვითხოვე, დავჯექი სარკის წინ და თვითონვე შევიჭერი. ასე უფრო იაფია.
სანამ სახლში დავრუნდებოდი, ჩემს მეუღლეს ფოტო გავუგზავნე, რომ გამეგო, შემეძლო თუ არა შინ დაბრუნება. ქალბატონ მოურინიოს არავითარი პრობლემა არ ჰქონია“, – აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

საინტერესოა, ვინ იგულისხმა მოურინიომ, როცა თქვა, რომ ზოგიერთს თმის გაზრდა არ შეუძლია. გამოითქვა მოსაზრება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ფრაზით ოსტატურად დასცინა ტორესის ყოფილ თავკაც და „ნაპოლის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს.

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი: ,,მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ,,სელესაოს’’ თავდამსხმელი ნეიმარი დაიცვა, რომელსაც ლონდონის ,,ჩელსის’’ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სიმულანტი უწოდა.

,,მოურინიო მედიას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. მოურინიო ხვდება, რომ ნეიმარმა თითქმის უკვე მიაღწია ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს დონეს. შესაძლოა, ,,ჩელსის’’ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბარსელონა” შეხვდეს და პორტუგალიელი ამისთვის უკვე ემზადება, საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებს ავრცელებს. მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ. რას ვიზამთ, ეს მისი სტილია”, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ,,გარდიანი”.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ პრემიერლიგის ლიდერების შანსები შეაფასა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერებისა და მისი გუნდის კონკურენტების შესახებ ისაუბრა.

„ლივერპულს“ არ აქვს შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაიკავოს, თუმცა მერსისაიდელები ევროთასებზე არ თამაშობენ და ეს სერიოზული უპირატესობაა.

„მანჩესტერ სიტის“ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი მდიდარი ისტორიის გათვალისწინებით ყოველთვის ითვლებოდა ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად.

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ზაფხულში მშვენიერი სატრანსფერო კამპანია აწარმოა და ახლა მათ ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავთ.

რაც შეეხება „არსენალს“, აქ არსენ ვენგერის ფაქტორი უნდა გამოვყო, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს კლუბის სისტემას. ჩემმა ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა „არსენალი“ სერიოზულად გააძლიერა“, – მოურინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერმა მოურინიოს კვლავ ვერ აჯობა

არსენ ვენგერისთვის ლონდონის „ჩელსის“ ახლანდელი მთავარი მწვრთვნელი ჟოზე მოურინიო – ყველაზე უხერხული მეტოქეა. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ მომზადებული „არისტოკრატები“ „მეთოფეებს“ არასდროს დაუმარცხებიათ, რისი გამოსწორების შანსიც მათ ინგლისის ლიგის თასის მატჩში მიეცათ. ეს ძალიან კარგად არსენ ვენგერსაც ესმოდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირისათვის საკმაოდ საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა – ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა შორის მხოლოდ მესუთ იოზილს და ოლივიე ჟირუს არ უთამაშიათ.

მოურინიო, რომელიც თავისი გუნდის რთული კალენდრით უკმაყოფილო იყო, თავიდან ახალგაზრდა მოთამაშეების დაყენებასაც კი აპირებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თავის ოპონენტს ასეთი საჩქარი არ გაუკეთა. ჟოზემ ათი ცვლილება გააკეთა, რის მიუხედავად, მისი გუნდი მაინც შესანიშნავად თამაშობდა.

სათქმელია, რომ განსაკუთრებული მომენტებით ვერც ერთი და ვერც მეორე გუნდი გამოირჩეოდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბურთის უკეთესი ფლობა „ლურჯთა“ სასარგებლოდ დაფიქსირდა. თავიდან კასორლამ კუთხურის კარგად შესრულება ვერ შეძლო, რის შემდეგაც „არსენალს“ ტრადიციული პრობლემები შექმნა. პირველი გოლი კარლ ჯენკინსონის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც მეკარე ფაბიანსკის არც თუ ისე კარგი გადაცემა გაუკეთა, რითაც ასპილიკუეტამ ისარგებლა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პოლონელი გოლკიპერის მოტყუება არ გაუჭირდა.

მეორე ტაიმში „არსენალი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ „ჩელსი“ მეტოქეს ბევრი რამის გაკეთების საშუალებას უბრალოდ არ აძლევდა. სიტუაცია არც ჟირუსა და იოზილის გამოჩენით შეცვლილა. მეტიც, ამ ორი ფეხბურთელის მოედანზე შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში მოურინიოს შეგირდებმა მეორე გოლიც აღნიშნეს, რომელიც ხუან მატამ გაიტანა.
საბოლოოდ, 0:2 და ვენგერი მოურინიოს დამარცხებას კვლავ ვერ ახერხებს.
„არსენალი“ – „ჩელსი“ 0:2
გოლები: ასპილიკუეტა 25′, მატა 66′„არსენალი“: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, ვერმალენი, კოშელნი, მონრეალი, უილშირი, რემსი (პარკი 80′), კასორლა, როსიცკი, მიაჩი (იოზილი 62′), ბენდტნერი (ჟირუ 66′)
„ჩელსი“: შვარცერი, ასპილიკუეტა, კეიჰილი, ლუისი, ბერტრანდი, ესიენი, მიკელი, დე ბრიუინე (რამირესი 68′), მატა (კალასი 90+3′), ვილიანი, ეტოო (ბა 80′)
 

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიომ ტორესის გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესმა ბოლო წუთზე გაიტანა.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმდენად გაახარა ამ გოლმა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ხალხის მასებს შეერია და გამარჯვება ლონდონური კლუბის ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

რას აპირებს მოურინიო „ელ კლასიკოს“ დროს?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს გასამართი „ელ კლასიკოსთვის“ თვალყურის მიდევნებას არ აპირებს.

„ელ კლასიკო“ არ მაინტერესებს. თუ მკითხავთ, მინდა თუ არა, რომ რომელიმე გუნდმა, მოიგოს, გიპასუხებთ, რომ ერთ-ერთის გამარჯვება მინდა. არ ვაპირებ, რომ შაბათ საღამოს სიმშვიდე დავირღვიო, რადგან კვირას მნიშვნელოვანი მატჩი მელის. ოჯახთან ერთად სადილობას და შემდეგ დაძინებას ვგეგმავ“, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს „მარკა“.

ამ უქმეებზე მოურინიოს „ჩელსისაც“ უწევს სერიოზულ მეტოქესთან შეხვედრა: კვირას, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.

„კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თავდამსხმელებით. ისინი გოლებს ვერ იტანდნენ, თუმცა მუყაითად მუშაობდნენ. გასული კვირა ფერნანდო ტორესისთვის და სამუელ ეტოოსთვის პოზიტიური გამოდგა, მათ გაიტანეს გოლები და დიდი სიხარული გვაჩუქეს“, – დაამატა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ლამპარდი სირთულეებს მშვენივრად უმკლავდება“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთვნელმა ჟოზე მოურინიომ „არისტოკრატთა“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

„არამგონია, 20 წლისა და 35 წლის ასაკში ყველამ ერთნაირად მოახერხოს თამაში. ასაკის მატებასთან ერთად, ფეხბურთელი ახალ სირთულეებს უნდა გაუკლავდეს, რაც ლამპარდს მშვენივრად გამოსდის. ამით ფრენკი ჩემთვის სასურველი ტაქტიკის არჩევის საშუალებას მაძლევს“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩავი: „მადრიდში ცდილობენ, ნეიმარს სიმულანტის იარლიყი მიაკერონ“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თვლის, რომ კლუბის ახალწვეულ ნეიმარის მიმართ მადრიდში შავი პიარის აგორებას ცდილობენ.

ცოტა ხნის წინათ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს სიმულაციაში დასდეს ბრალი. კერძოდ, მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნეიმარი სიმულანტია და იქვე ისიც დაამატა, რომ ამ მოვლენას ყველამ უნდა ებრძოლოს.

„ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ბევრი მტერი გვყავს. მადრიდში ცდილობენ, ნეიმარს ეთიკის დამრღვევი ფეხბურთელის იარლიყი მიაკერონ, რისთვისაც რაღაც მასალებს ეძებენ. ის ყურადღების ცენტრშია, თუმცა სიმულანტი არ გახლავთ“, – აღნიშნა ჩავიმ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ვარ“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის „სამეფო კლუბის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელის თქმით, მან მადრიდში უნიკალურ შედეგს მიაღწია.

„მე „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ვარ: 100 ქულა, 121 გოლი და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. ჩვენ ვაჯობეთ „ბარსელონას“, რომელსაც იმ პერიოდში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა და თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა. ეს უნიკალური შედეგია“, – განაცხადა მოურინიომ ESPN-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2010–2013 წლებში მუშაობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში თითო-თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2011–12), ქვეყნის თასი (2010–11) და სუპერთასი (2012).

ბექა დოგრაშვილი

ბენზემა „ჩელსიში“?

ევროპული პრესა კვლავ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის კარიმ ბენზემას მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

პორტუგალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ ბენზემას წასვლა უარყო, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გამორიცხული მაინც არ არის.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქარიმის შეძენის სურვილი ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთვნელს ჟოზე მოურინიოს აქვს, რომელმაც ბენზემას შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

ალექსანდრე მატევოსოვი