ნედვედი: “იუვეს” ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ კენჭისყრაზე “ბებერ სინიორას” მეტოქედ “მონაკო” ერგო.

“მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ნახევარფინალში გასვლის რეალურ პერსპექტივას ვხედავ. ჩვენ შანსი გვაქვს, თუმცა დაპირისპირება ანგარიშით 0:0 იწყება. საბედნიეროდ, შორს წასვლა არ მოგვიწევს. საპასუხო შეხვედრას საკუთარ სახლთან ახლოს ჩავატარებთ.

ვნახოთ, ვინ გააღწევს ნახევარფინალში. მე ყოველთვის ფრთხილი ვარ. “მონაკომ” ტურნირს “არსენალი” გამოთიშა. თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩს კონცენტრირებული არ შეხვდი, დიდი შანსია, რომ განზე დარჩე”, – ნედვედის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი მატჩი ტურინში, 14 აპრილს გაიმართება.

 

პირლო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდვას ჯერჯერობით არ აპირებს.

“მინდა, რომ ფეხბურთი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვითამაშო. მე სპორტის ეს სახეობა ისევ ისე მიყვარს, როგორც 15 წლის ასაკში მიყვარდა. თუ ერთხელაც გავიღვიძებ და ვიგრძნობ, რომ ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, მაშინ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა”, – პირლოს სიტყვებს A bola აქვეყნებს.

ცნობისთვის, ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

პირლომ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა იტალიის ნაკრებში დაბრუნება.

“ანტონიო კონტემ დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა მზად, რომ ევრო-2016-ზე გუნდს დავხმარებოდი. მან ჩემი დარწმუნება შეძლო”, – აღნიშნა პირლომ.

 

“რეალი” მორატას დაბრუნებას აპირებს

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალი” ალვარო მორატას დაბრუნებას აპირებს, რომელმაც ტურინის “იუვენტუსში” თავი კარგად წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი “ბებერ სინიორას” 20 მილიონ ევროდ მიჰყიდა, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს 30 მილიონ ევროდ, 2015/16 წლების სეზონის შემდეგ კი 35 მილიონ ევროდ ფეხბურთელის დაბრუნების უფლება ეძლევა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ალვარომ მორატამ 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

 

ინძაგი: “პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხი (1:3) შეაფასა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ჩემმა გუნდმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი. ყველამ კარგად იცის, რაოდენ რთულია სტუმრად “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში. ასე რომ არ იყოს, “ბებერი სინიორა” ამ სეზონში ამდენ ქულას ვერ მოაგროვებდა.

ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში ვიყავით. შანსიც გვქონდა, რომ ანგარიში 2:2 გაგვეხადა. პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა.

დავმარცხდით, მაგრამ ეს მატჩი შესაძლოა, ახალი სასტარტო წერტილი გახდეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ტევესი: “იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის “ოქროს ბურთის” მოგება რთულია”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისთვის და იტალიის სერია A-ში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით ძნელია “ოქროს ბურთის” მოგება.

“ოქროს ბურთის” მოგება რთულია, მით უფრო, თუ იტალიური ფეხბურთის თავისებურებას გავითვალისწინებთ. სერია A-ში იმდენი გოლი არ გადის, რამდენიც სხვა ლიგებში.

ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება ადვილი არ არის, თანაც ისეთ ლიგაში, რომელშიც ტაქტიკურ და ფიზიკურ მხარეს დიდი ყურადღება ექცევა. თუ მიჯრით მეოთხედაც გავხდებით ჩემპიონები, ეს ჩვენს ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებს”, – ციტირებს ტევესის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ბუფონმა დი ნატალეს სილა გააწნა

იტალიის სერია A-ს XXI ტურში “უდინეზესა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “ბებერი სინიორას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მეტოქე გუნდის ვეტერან კაპიტან ანტონიო დი ნატალეს ორიგინალურად მიესალმა. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ჯიჯიმ დი ნატალეს სილა გააწნა. ეს, რა თქმა უნდა, მეგობრული ჟესტი იყო.

მატჩი უგოლოდ დასრულდა.

სება ჯოვინკო – სხვა კონტინენტზე გადასული „ჭიანჭველა“

ერთი კვირის წინ სებასტიან ჯოვინკოს კანადურ „ტორონტოში“ ტრანსფერი დადასტურდა. ხვალ, 26 იანვარს, სებას 28 წელი შეუსრულდება. ასაკიდანვე ჩანს, რომ სებასტიან ჯოვინკო აშშ-ში სათამაშოდ გადასასვლელად ჯერ ახალგაზრდაა. სხვა მხვრივ, იგი არც კაკა, არც ტიერი ანრი და არც დევიდ ბექჰემია – სებას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სულ ათი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „იუვენტუსში“ მას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„პარმადან“ მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ „ატომური ჭიანჭველა“ მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, მასიმილიანო ალეგრის მოსვლის შემდეგ კი მისთვის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ სერია ა-ში სულ შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან ძირითად შემადგენლობაში მან ორი შეხვედრა დაიწყო, თუმცა ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. ერთადერთხელ სებამ თავი იტალიის თასის მატჩში გამოიჩინა. თუ „პარმაში“ მეორე სეზონს არ ჩავთვლით, შედეგიანობით ჯოვინკო ვერც ადრე გამოირჩეოდა. სებასტიანი იმ ფეხბურთელის კლასიკური მაგალითია, რომელიც მშობლიურ კლუბში თავს ვერაფრით იმკვიდრებს. მაშინაც კი, როდესაც, თითქოს, მას უკვე ხშირად თამაში უნდა დაეწყო, კლუბის ხელმძღვანელობამ სებას პოზიციაზე ახალი მოთამაშეები მოიყვანა და მას ახალი გამოცდა მოუწყო. თანაც, „იუვეს“ სათამაშო სქემაში მისი პოზიციის მოთამაშე ვერც ხვდებოდა. პატარა და ტექნიკური სება ბევრ გუნდს გამოადგებოდა, რომელთა შორისაც „იუვენტუსი“ ნამდვილად არ არის. ძირითად შემადგენლობაში ვიდალის ან პირლოს შეცვლა სებასტიანს ვერ გამოუვიდოდა, ხოლო მეტოქის კართან ხიფათის შექმნაზე თუ ვისაუბრებთ, ამ კომპონენტში იგი ვერც კარლოს ტევესს სჯობნიდა.

Sebastian_Giovinco_(Formica_Atomica)_Juventus

მასიმილიანო ალეგრი „ატომურ ჭიანჭველას“ პირლოს ან ტევესის ნაცვლად ათამაშებდა. ხშირად ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებული საუბრები არავის უკვირს. ჯოვინკოს გვარს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, იყო „ტორინოში“ გადასვლის ვარიანტიც, რათა მას მშობლიური ქალაქი არ დაეტოვებინა, თუმცა მისი ხილვა თავად „ხარების“ გულშემატკივრებმაც არ ისურვეს, მათთვის „იუვეს“ აღზრდილის საყვარელი გუნდის მაისურში ხილვა მიუღებელი აღმოჩნდა. იყვნენ ისეთ კლუბებიც, რომლებიც ჯოვინკოს კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა შემდეგომ კლუბს სათანადო თანხას ვერ უხდიდნენ. „

„ტორონტო“ MLS-ის ყველაზე ცნობილი და მდიდარი კლუბი ნამდვილად არ არის, თუმცა მას გულშემატკივრები და ფინანსები საკმარისად გააჩნია. სხვათაშორის, კანადური კლუბის კაპიტანი მაიკლ ბრედლია, რომელსაც „კიევოში“ და „რომაში“ თამაშის გამოცდილება გააჩნია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ თავისი გამოცდილებით იგი ახალ თანაგუნდელს ადაპტაციაში ხელს შეუწყობს. ჯოვინკოს დახმარებით, „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში უფრო მაღლა აიწევს და წარმატებას მიაღწევს. მსგავსი რამ „ლოს-ანეჯეს გალაქსის“ ერთ-ერთ ლიდერ რობი კინს გამოუვიდა, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონატიც მოიგო. ჯოვინკო, ალბათ, მსგავს წარმატებას ვერ მიაღწევს, თუმცა მას წარმატებული სათამაშო მონაკვეთის ჩატარება ნამდვილად შეუძლია. სებას წარუმატებლობაში „იუვენტუსის“ დადანაშაულება არ შეუძლია – კლუბმა მას მეორე შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან, უბრალოდ, ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, სებამ უკკე თვითონაც აღიარა, რომ მისი კლასი ამბიციებს ვერ შეესაბამებოდა, ამიტომაც კონტინენტის შეცვლა ასე ადრე გადაწყვიტა. დიახ, ჯოვინკომ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მას ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლია. „ატომურ ჭიანჭველას“ MLS-ის ვარსკვლავად ჩამოყალიბების შანსიც უჩნდება. იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით კლუბს, რომელიც ჯოვინკოს, ხელფასის სახით, ხუთ მილიონ ევროს გადაუხდიდა. ტურინში მის თამაშს 2,2 მილიონ ევროდ აფასებდნენ. ასე რომ, სებასტიანის გადაწყვეტილების გაგება სავსებით შესაძლებელია. ახალ ქვეყანაში ჯოვინკო მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება, მის სახელს გულშემატკივრები ადგილობრივ გამოცემებში ხშირად ნახავენ. „ტორონტოში“ თამაშის კიდევ ერთი დადებით მხარე ქალაქი უნდა იყოს, რომელშიც სება თავისუფალ დროს საინტერესოდ უნდა ატარებდეს.

ვინ იცის, იქნებ, კომპიუტერთან მჯდომმა ანტონიო კონტემ ერთ დღესაც „ტორონტოს“ თამაშის ყურება გადაწყვიტოს და თავისი ყოფილი ფეხბურთელის გამოსვლა ნახოს. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მას ადრეც ჰქონდა, თუმცა მაშინ იგი გუნდთან ერთად მუსაობდა და მთლიან დროს ჯოვინკოს ყოველთვის ვერ უთმობდა, თანაც მოედანზე იგი მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან ჩნდებოდა, ამიტომაც სრულყოფილად მისი გამოსვლის შეფასება არც თუ ისე ადვილი იქნებოდა.

ახალ გუნდში ჯოვინკოს გაცილებით მეტი მოვალეობა ექნება. ასე რომ, ვარსკვლავობა მას გარანტირებული სულაც არ აქვს. გამორიცხული არაა, „ატომურმა ჭიანჭველამ“ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლოს და ლიდერის როლი ვერ შეასრულოს. ასეა თუ ისე, ყველაფერს მალე გავიგებთ, თანაც, სებას „იუვენტუსიდან“ ლამაზად და დასამახსოვრებლად წასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს – „ტორონტოს“ იგი მხოლოდ მიმდინარე ევროპული სეზონის დამთავრების შემდეგ შეუერთდება.

ალეგრი: “იტალიაში მარცხის აღიარება არ შეუძლიათ”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” გათამაშების ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მსაჯები “იუვეს” დაეხმარნენ, რაზეც მოგვიანებით “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“სასაცილოა. არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება რომ დავიწყოთ, ქაოსს მივიღებთ. როდესაც მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ყველა კმაყოფილია. როდესაც პირიქით ხდება, უთანხმოება წარმოიშვება ხოლმე.

“სამპდორიასთან” გამართული მატჩი მახსენდება, როდესაც არბიტრი ჩვენ საწინააღმდეგოდ ორჯერ შეცდა. შეცდომას ყველა უშვებს: ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და პრეზიდენტებიც და რატომ არ შეიძლება, რომ მსაჯი შეცდეს? დიდებული მატჩის შემდეგ რა საჭიროა სკანდალის მოწყობა?

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ასეთი სანახაობრივი საღამოს გაფუჭებას ცდილობს. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ასეთია იტალიური ფეხბურთი – მარცხს არავინ აღიარებს. თუ არბიტრებს ერთ შეცდომაზე გამოვეკიდებით, მალე აღარავინ იმსაჯებს”, – ალეგრის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

“ნაპოლის” მფლობელი: “მსაჯთა ეს ექვსეული დიდი ხნით უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “ნაპოლი” შინ ტურინის “იუვენტუსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა შეხვედრაში მონაწილე მსაჯები გააკრიტიკა.

“იუვენტუსი” ძლიერი გუნდია და როდესაც მას არბიტრები ეხმარებიან, დაუმარცხებელი ხდება.

არანორმალურია, როდესაც ექვსი მსაჯი თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ ორ ფეხბურთელს ვერ ამჩნევს. ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, ან არაკეთილსინდისიერ მუშაობასთან.

ეს ექვსეული დიდი ხნით უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football italia.

 

“იუვე” სნეიდერში 7 მილიონს იხდის, “გალა” 12-13 მილიონს ითხოვს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაი” უესლი სნეიდერის ტურინის “იუვენტუსში” გაშვების წინააღმდეგი არ არის და “ბებერ სინიორას” ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე დადგენილი თანხა შეუმცირა კიდეც. კერძოდ, თუ აქამდე თურქები ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა მზად არიან, სნეიდერი 12-13 მილიონ ევროდ დათმონ.

ამის მიუხედავად, “იუვენტუსი” მაინც ჭირვეულობს და ჰოლანდიელის სანაცვლოდ მხოლოდ შვიდ მილიონ ევროს იხდის.

წყაროს ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე ბევრი უკლიათ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

 

“დერბი დელა იტალია” ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს XVII ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” მილანის “ინტერი” მიიღო. შეხვედრაში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ეფექტური მოძრაობით ხელსაყრელ პოზიციაზე გადაინაცვლა და კარლოს ტევესს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამ უკანაკსნელმა კი ბურთი ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გადაგზავნა.

“ნერიაძურიმ” ანგარიშის გათანაბრება 64-ე წუთზე შეძლო: ფრედი გუარინის პასის შემდეგ მაურო იკარდიმ “იუვენტუსის” კარის შორეულ კუთხეში დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

Mauro Icardi

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა “ინტერში” ახლადგადასული ლუკას პოდოლსკი, რომლისთვისაც ეს სადებიუტო შეხვედრა გახლდათ.

Lukas Podolski

მატჩის 86-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მატეო კოვაჩიჩი გააძევა.

სატურნირო ცხრილს “იუვენტუსი” 40 ქულით ლიდერობს. “ინტერს” 22 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XVII ტური:
“იუვენტუსი” — “ინტერი” 1:1 (1:0)

გოლები: ტევესი 5′ — იკარდი 64′.
გაფრთხილებები: მორატა 71′, ბონუჩი 82′ — იკარდი 66′, რანოკია 67′, დამბროზიო 75′, ჟუანი 80′, მედელი 84′.
გაძევება: კოვაჩიჩი 86′.

“იუვენტუსს” სნეიდერი სურს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაის” შემტევი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში მოექცა.

წყაროს თანახმად, “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობამ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჯერდან შაჩირიზე მაღალი ფასის გამო უარი თქვა და 30 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთო.

როგორც მოგეხსენებათ, სნეიდერს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2009-დან 2013 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, უესლი სნეიდერმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.