ფრიდრიხი: „რიბერიზე მეტად ამ ტიტულს არავინ იმსახურებდა“

გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველისთვის არნე ფრიდრიხისთვის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შესახებაც მან თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„მაპატიეთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ხუმრობას ჰგავს. რონალდუ – მსოფლიო დონის შემსრულებელია, თუმცა ამ პრიზს რიბერიზე მეტად არავინ იმსახურებდა“, – თვლის ფრიდრიხი.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრიშტიანუ რონალდუ: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას დავესწრები“

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემაა, დაესწრება თუ არა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა რონალდუს ლეო მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოდიში არ მიიღო და არც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდუმ გადაწყვეტილება შეცვალა.

„ცერემონიას დავესწრები. არ ვიცი, ვის გადასცემენ მთავარ ჯილდოს: მე, მესის თუ რიბერის. ჩემი საქმის გაკეთებას ვცდილობ, „რეალს“ გოლებითა და კარგი თამაშით ვეხმარები. თუ „ოქროს ბურთს“ დავისაკუთრებ, გამიხარდება. თუ ვერა, არც ეს იქნება პრობლემა, ჩემთვის არაფერი შეიცვლება, ცხოვრება ჩვეულ რითმში გაგრძელდება“, – რონალდუს სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ იგი მიმდინარე სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს.

„ეშტადიუ და ლუჟზე“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესანიშნავი იქნებოდა. „რეალში“ ყველას ტიტულის მეათე მოგების სურვილი აქვს. ფეხბურთელები საოცრად მოტივირებულნი არიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძია, რათა 2014 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟური საკლუბო ტურნირი სწორედ ჩვენ მოვიგოთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მარკამ“ საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2013 წლის საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელსაც მართლაც გასაოცარი სეზონი ჰქონდა.

რონალდუმ ხმათა 24,5 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა 1-ის წარმომადგენელი, „რედ ბულის“ გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა. მან ხმათა 21 პროცენტი მიიღო.

მესამე პოზიცია NBA-ს ვარსკვლავმა, „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა, რომელსაც ხმათა 16 პროცენტი ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ 9 პროცენტით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა 2013 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსები შეაფასა და თავისი ფავორიტებიც დაასახელა.

„ვფიქრობ, გუნდური ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვანია. რიბერის უპირატესობა სწორედ ამაში აქვს, 2013 წელს „ბაიერნთან“ ერთად მან ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. თანაც, ფრანკმა ამ ტიტულების მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა. იგი დიდი ჩემპიონია.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დღესდღეობით სხვებზე უკეთესად თამაშობს. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის კვლავ მესი რჩება“, – აცხადებს ჯიჯი.

ალექსანდრე მატევოსოვი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

დუბაიში გამართულ Globe Soccer Awards-ის ტრადიციულ გალა-კონცერტზე წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა გამოავლინეს. გამარჯვებული მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ირკვევა.

წლის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს, რომელმაც ხმათა 58 პროცენტი მოაგროვა. მეორე პოზიციაზე „ბარსელონას“ არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც ხმების 9 პროცენტი ერგო. მესამე ადგილი „ბარსელონას“ და ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველებმა – ანდრეს ინიესტამ და მესუთ იოზილმა გაინაწილეს – 4-4 პროცენტით.

წლის საუკეთესო მწვრთნელად ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი ანტონიო კონტე დაასახელეს, რომელმაც დორტმუნდის „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი და „ნაპოლის“ ხელმძღვანელი რაფალ ბენიტესი ჩამოიტოვა.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ რიბერიზე მეტად იმსახურებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის არიენ რობენის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უნდა დაასახელონ.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ წლის 23 საუკეთესო მოთამაშეს შორის მეც ვიქნებოდი“, – განუცხადა რობენმა Voetbal International-თან საუბრისას.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები რონალდუ და მესი არიან. წელს მათ რიბერიც შეუერთდა“.

„იქედან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური პრიზია, ვფიქრობ, იგი რონალდუს უნდა გადასცენ. კრიშტიანუ მას ნამდვილად იმსახურებს“, – აღნიშნა ჰოლანდიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენტუ: „უსამართლო იქნება, თუ რონალდუ „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს“

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუ დარწმუნებულია, რომ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მის თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუს დაასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი მადრიდის „რეალის“ ლიდერის გარდა, ასევე ლიონელ მესისა და ფრანკ რიბერის აქვთ.

„უსამართლო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბურთს“ არ გადასცემენ. მან ეს ტიტული ჯერ კიდევ მაშინ დაიმსახურა, როდესაც „რეალთან“ ერთად 2011/2012 წლების ლა ლიგის გათამაშება მოიგო. ნებისმიერ შემთხვევაში, თავისი სამუშაო მან უკვე შეასრულა და საკუთარი შესაძლებლობები ყველას გვიჩვენა. მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ დაჯილდოვების ცერემონიალს ველოდოთ“, – განაცხადა ბენტუმ.

„პორტუგალიელი ხალხი კრიშტიანუს არასდროს გადაიყვარებს. იგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და თავისი საქმის პროფესიონალია“, – დაასრულა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ საკუთარი სოციალური ქსელი გახსნა

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ხუთშაბათს საკუთარი სოციალური ქსელის Viva Ronaldo-ს პრეზენტაცია გამართა.

Viva Ronaldo – ინგლისურენოვანი ინტერაქტიული საიტია, რომელზეც პორტუგალიელი ფეხბურთელის თაყვანისმცემლებს საყვარელ მოთამაშეზე სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარების საშუალება ექნებათ.

გარდა ამისა, აღნიშნულ საიტზე კრიშტიანუს მონაწილეობით მიმდინარე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟის ნახვაც იქნება შესაძლებელი. საიტი მომხმარებლებს საინტერესო კონკურსებსაც შესთავაზებს, რომელთა მოგების შემდეგ გულშემატკივრები რონალდუს ავტოგრაფს, მაისურებსა და შეხვედრებზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებენ.

საიტის მთავარი სერვისი კი პირადად პორტუგალიელისთვის შეტყობინების გაგზავნაა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ: „კატასტროფა არ იქნება, თუ „ოქროს ბურთს“ ვერ მოვიგებ“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს, მისთვის ეს კატასტროფა არ იქნება.

„ეს ტიტული მოთამაშის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. დიახ, ბევრი ფეხბურთელისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რისი არ მესმის. ეს ხომ ინდივიდუალური პრიზია. რა თქმა უნდა, მესიამოვნება, თუ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელებენ, მაგრამ, წინაამღდეგ შემთხვევაში, თავის მოკვლას არ ვაპირებ. არის არაერთი დიდებული მოთამაშე, რომელსაც „ოქროს ბურთი“ მოგებული არ აქვს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ ვარჯიში დაიწყო

ხუთშაბათს მადრიდის „რეალმა“ ხატივას „ოლიმპიკთან“ ესპანეთის თასის მატჩამდე ბოლოს ივარჯიშა.

თანაგუნდელებს აღნიშნულ ვარჯიშზე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა, რომელიც აქამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ისვენებდა.

„ოლიმპიკთან“ მატჩში „ბლანკოსის“ ლიდერი ნამდვილად არ ითამაშებს, რადგან მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში წითელი ბარათის მიღებისთვის იგი დისკვალიფიცირებულია.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩის დუბლს რონალდუმ ჰეთთრიკით უპასუხა

დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის რაუნდის ყველაზე საინტერესო მატჩი.

პორტუგალიაში მინიმალური ანაგრიშით მარცხის შემდეგ შვედეთის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსები მაინც ჰქონდა. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი უფრო აქტიურად პორტუგალიელებმა ჩაატარეს, რამდენიმე მომენტის შექმნა მასპინძლებმაც შეძლეს, თუმცა პირველ 45 წუთში გოლები არც ერთი და არც მეორე გუნდის კარში გასულა.

მეორე ნახევრის მე-5 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ შვედებმა სასურველი შედეგის მიღწევის შანსები დაკარგეს, რადგან მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად, მათ სამი გოლი უნდა გაეტანათ, თანაც, საკუთარ კარში ბურთი აღარ უნდა გაეშვათ. იმედები სტადიონზე შეკრებილ ადგილობრივ გულშემატკვირებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4-წუთიან მონაკვეთში დაუბრუნა. პსჟ-ს ფორვარდმა 68-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, კიდევ ორი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუს არ გასჭირვებია, რომელმაც ისაკსონის კარი 77-ე და 79-ე წუთებზე აიღო, რითაც, სხვათაშორის, ზლატანის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება პაულუ ბენტუს გუნდმა იზეიმა, რომელიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

შვედეთი – პორტუგალია 2:3

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 68′, 72′ – რონალდუ 50′, 77′, 79′

შვედეთი: ისაკსონი, ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, მარტინ ოლსონი, კაჩანიკლიჩი (დურმაზი 82′), ჩელსტრემი, ელმი (სვენსონი 46′), ლარსონი (გერნდტი 90′), ელმანდერი, იბრაჰიმოვიჩი

პორტუგალია: რუი პატრისიუ; ჟოაუ პერეირა, პეპე, ალვეშ, კოენტრაუ (ანტუნიეში 53′); მოუტინიო, ველოზუ, მეირელეში (ვილიამ კარვალიო 74′); რონალდუ, ალმეიდა (რიკარდო კოშტა 82′), ნანი

გაფრთხილებები: ოლსონი, სვენსონი, ჩელსტრემი, ანტონსონი – ნანი

ალექსანდრე მატევოსოვი