ლიონელ მესი და სკეიტბორდი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იყენებს სკეიტბროდს “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი.

ყველა გზა ლეოსთან მიდის

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა 2013 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსები შეაფასა და თავისი ფავორიტებიც დაასახელა.

„ვფიქრობ, გუნდური ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვანია. რიბერის უპირატესობა სწორედ ამაში აქვს, 2013 წელს „ბაიერნთან“ ერთად მან ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. თანაც, ფრანკმა ამ ტიტულების მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა. იგი დიდი ჩემპიონია.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დღესდღეობით სხვებზე უკეთესად თამაშობს. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის კვლავ მესი რჩება“, – აცხადებს ჯიჯი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალბა: “მესის ოქროს ბურთი არ ჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ლიონელ მესის ოქროს ბურთი არ ჭირდება, რადგან ის ისედაც საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ წელს ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატატ კრიშტიანო რონალდუ ითვლება.

“ნამდვილად არ ვიცი, ვინ მიიღებს ოქროს ბურთს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მესის ის არ ჭირდება, რადგან ლიონელი ისედაც საუკეთესოა”, – ამბობს ალბა.

„ბარსელონა“ მესისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

როგორც ჩანს, კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელები თავის მთავარ ვარსკვლავთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

დიდი ალბათობით, საშობაო არდადეგებიდან კატალონიის დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ „ბლაუგრანასის“ ათიანი თავის მოქმედ ხელშეკრულებას გაახანგძლივებს.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და უახლოეს დროში მოთამაშის იურისტები კატალონიელთა პრეზიდენტს სანდრო როსელს შეხვდებიან და მასთან საბოლოოდ ყველა დეტალსაც შეათანხმებენ.

შეგახენებთ, რომ გასულ კვირას როსელმა განაცხადა, რომ მესი სულ მალე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღეურებადი ფეხბურთელი გახდება, რადგან იგი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია.

გეტყვით იმასაც, რომ მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2018 წლის ივნისამდე აკავშირებთ. კონტრაქტის მიხედვით, იმ კლუბს, რომელსაც ლეოს შეძენის სურვილი ექნება, 250 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალკანტარა: „რიბერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„ბარსელონას“ ყოფილი და მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელი ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას აზრით, 2013 წლის საუკეთესო მოთამაშდ ფრანკ რიბერი უნდა დასახელდეს.

„მე მესის გულშემატკვიარი ვარ, თუმცა რიბერი ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მიმდინარე წელს მან „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. ლიონელი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში მასზე უკეთესი არავინ იყოს. მაგრამ, მიმდინარე წლის შედეგებიდან გამომდინარე, საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს რიბერი იმსახურებს“ , – განაცხადა ალკანტარამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში სამი კანდიდატი დარჩა

„ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთაგან სამი კანდიდატი დარჩა: მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი. გამარჯვებულის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გასამართ დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებეთ, რომ თავდაპირველად „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა 23-კაციანი სია გამოაქვეყნეს. დარჩენილ სამ კანდიდატს შორის გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

რიბერის „ოქროს ბურთი“ კარიერის განმავლობაში ჯერ არ მოუგია; რონალდუმ ეს ჯილდო 2008 წელს დაისაკუთრა; რაც შეეხება მესის, არგენტინელი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად მიჯრით ოთხჯერ გამოაცხადეს – 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

კობი ბრაიანტი ლიონელ მესის წინაამღდეგ: Turkish Airlines-ის ახალი რეკლამა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი და კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ლიონელ მესი Turkish Airlines-ის მორიგ რეკლამაში გადაიღეს:

ბუფონმა თქვა, ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე თვლის, რომ „ოქროს ბურთი“ მის თანაგუნდელ ანდრეა პირლოს უნდა გადაეცეს. იტალიელმა კიპერმა პირველი ადგილი სწორედ „ბებერი ქალბატონის“ ნახევარმცველს მიაკუთვნა, მეორე ადგილი – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს, მესამე კი – „ბარსელონას“ ფორვარ ლეო მესის.

„ხმა პირლოსს, რონალდუსა და მესის მივეცი, სწორედ ამ თანმიმდევრობით“, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა დაბალი აქტივობის გამო 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების თავკაცები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ.

პრეტენდენტები არიან:

გარეტ ბეილი (უელსი), ედისონ კავანი (ურუგვაი), რადამელ ფალკა (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტომას მიულერი (გერმანია), მანუელ ნოიერი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ნეიმარი (ბრაზილია), მესუთ იოზილი (გერმანია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), არიენ რობენი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), ლუის სუარესი (ურუგვაი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), იაია ტურე (კოტ დივუარი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ჩავი (ესპანეთი).

პრეტენდენტთა ეს გაფართოებული შემადგენლობა 9 დეკემბერს სამ ფეხბურთელამდე შემცირდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აგუეროს შეძენის თხოვნით მიმართა

„ბარსეოონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის სერხიო აგუეროს შეძენა სთხოვა, რის შესახებაც ცნობას ესპანური პრესა ავრცელებს.

ზაფხულს „ბლაუგრანსის“ მენეჯერები აგუეროს შეძენის ვარიანტს განიხილავდნენ და მის აგენტსაც კი დაუკავშირდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ნეიმარის დამატება უფრო ისურვეს. ასეა თუ ისე, მესის თხოვნის შემდეგ, გამორიცხული არ არის, „ბარსელონამ“ აგუეროსთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს.

სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელთან ერთ-ერთი დაახლოებული პირის თქმით, სერხიო „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პსჟ-ს პრეზიდენტი: „მესის სანაცვლოდ „ბარსელონა“ საკმაოდ ბევრს ითხოვს“

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ლიონელ მესის გადაბირებაზე არ ფიქრობს.
„მესისთან არ მისაუბრია, რადგან მის შეძენაზე არ ვფიქრობთ. აღნიშნულ თემაზე „ბარსელონას“ პრეზიდენტს უნდა გაესაუბროთ და ჰკითხოთ, გაუშვებს თუ არა იგი თავისი გუნდის ლიდერს. მესის სანაცვლოდ იმ თანხის გადახდა, რომელსაც კატალონიური კლუბი ითხოვს, არარეალურია. მე რეალისტი ვარ, ეს თანხა კი არარეალურია“, – განაცხადა ნასერ ალ-ჰეილაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტის მიხედვით, იგი სამუშაო ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი 250 მილიონ ევროს გადაიხდის.
ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნი“ მესის გადაბირებას შეეცდება

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ყიდვას ცდილობდა.

„კომპანია „ადიდასს“ სურდა, რომ მესის რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში ეთამაშა, რისთვისაც 125 მილიონი ევროს გამოყოფისთვისაც იყო მზად. ეს იმ თანხის ნახევარია, რომელიც ლიონელის კონტრაქტში არის მითითებული. თანხის მეორე ნაწილის გადასახდელად კი ერთდროულად სამი კლუბი იყო მზად. ამ კლუბებს შორის ერთ-ერთი, როგორც ჩანს, „ბაიერნი“ იყო, რომელიც მესის შეძენას შემდეგ ზაფხულსაც შეეცდება“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი