FBI-მ ფიფაში კორუფციული სქემა გაშიფრა — დაკავებულია 14 პირი

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ორგანიზაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან მსოფლიო ფეხბურთის მმარველი ორგანოს ვიცეპრეზიდენტი ჯეფრი ვები და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მარია მარინი. სულ დაკავებულია 14 პირი. აქედან ოთხი პიროვნება უკვე დამნაშავედ ცნეს.

გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო ხელმძღვანელობს. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინა შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში ფიფას მაღალჩინოსნების დაკავება. დაკავებულების ექსტრადირება აშშ-ში მოხდება.

კორუფციული სქემა

დაკავებულები რეკეტში, თაღლითობაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი. საუბარია 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხაზე. აშშ-ის გენპროკურორმა ლორეტი ლინჩმა წარმოადგინა კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც, ფიფას მაღალჩინოსნები ქრთამის მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიას ემხრობოდნენ, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ სამაუწყებლო კომპანიებსა და კორპორატიულ სპონსორებს სატელევიზიო და მარკეტინგულ უფლებებს გადასცემდა. ლინჩის თქმით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

“ფიფას მაღალჩინოსნებმა ზიანი მიაყენეს აშშ-ის საფინანსო სისტემას, დაარღვიეს აშშ-ის კანონები. მათ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად სამხრეთ აფრიკის არჩევისთვის ქრთამი მიიღეს”, – ციტირებს BBC ლინჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან. როგორც ცნობილია, საქართველო  ალი ბინ ალ ჰუსეინს უჭერს მხარს.

 

პლატინი: “ბლატერს ვუმეორებ ლენარტ იოჰანსონის მიმართ მის მიერვე თქმულ სიტყვებს”

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს იოზეფ ბლატერი უხელმძღვანელებს, ფიფას ნდობის პრობლემა ექნება.

“ჩვენ არ მოვტყუვდებით. ბლატერს ფიფას ხელმძღვანელობა იმიტომ არ სურს, რომ მისია ჯერ არ დაუსრულებია. ის ამ ორგანიზაციაშია უკვე 40 წელია და ასეთი განცხადება ნამდვილად არ არის დამაჯერებელი. მას ხვალინდელი დღის ეშინია.

მან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა და მესმის, რომ სიცარიელის შიში აქვს. თუმცა, თუ მას მართლა უყვარს ფიფა, ორგანიზაციაზე მანამდე უნდა ეფიქრა.

სანამ ბლატერი სათავეშია, ფიფას მუდამ ექნება ნდობის პრობლემა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს კი ორგანიზაციის ავტორიტეტზე გავლენას ახდენს.

დარწმუნებული ვარ, ალი ბინ ალ ჰუსეინი, რომელსაც პირადად ვიცნობ, შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.

Lennart Johansson - Joseph  Blatter

უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიფას ახალი ლიდერი, ახალი სისხლი და სუფთა ჰაერი სჭირდება. პირადულად ბლატერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას პატივს ვცემ, რადგან ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიუღია. უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაც მომენტში წასვლის დრო დგება, ტახტის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადო. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ზეპმა ლენარტ იოჰანსონს 2007 წელს, როდესაც უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა დავაყენე”, – პლატინის სიტყვები ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

Luis Figo - Michael van Praag

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ რამდენიმე დღის წინათ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ფიგუმ მოგვინებით განმარტა, რომ წინასაარჩევნო მარათონი არადემოკრატიულ ხასიათს ატარებს.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს დარჩენილი ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილება ერთმანეთს.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნა განმარტა

როგორც მოგახსენეთ, ლუიშ ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პორტუგალიელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზები სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტა.

“გადაწყვეტილება მიღებულია. მონაწილეობას არ მივიღებ პროცესში, ფიფას არჩევნები რომ ჰქვია. საკუთარ თავთან ფიქრისა და დანარჩენ ორ კანდიდატთან მსჯელობის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ იმას, რაც 29 მაისს ციურიხში მოხდება, ნორმალური არჩევნები არ უნდა ეწოდოს.

კანდიდატურების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე არცერთი საჯარო დებატი არ გამართულა. ვინმე ნორმალურად მიიჩნევს იმას, რომ არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია წინასაარჩევნო პროგრამა?

ეს პროცესი მხოლოდ ერთ პირს ემსახურება. აქედან ფეხბურთი ვერაფერს ვერ მოიგებს. ჩემი თვალით ვნახე ფედერაციის პრეზიდენტები, რომლებიც ფიფას ხელმძღვანელს ეშმაკს უწოდებდნენ, შემდეგ კი იგივე ხალხი მას იესო ქრისტეს ადარებდა. ეს ვინმემ კი არ მითხრა, ჩემი თვალით ვნახე”, – აღნიშნა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმაც. მან საკუთარი კანდიდატურა იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.

ამრიგად, ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რატომ არ იღებს პლატინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 29 მაისს ჩატარდება.

— გსურთ, რომ პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერი აირჩიონ?
— უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ფიფას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. წინა არჩევნებზე მხარი ბლატერს დავუჭირე, თუმცა ახლა ამას აღარ ვიზამ. ფიფას სუფთა ჰაერი სჭირდება.

— თუ ასეა, თავად თქვენ რატომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
— მე ფიფასა და უეფას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უეფა ავირჩიე. ეს ევროპული ფეხბურთია, აქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატები ტარდება. თავს ფეხბურთში უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე პოლიტიკაში.

— ფიფაში მართლაც არის კორუფცია?
— სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაურია. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი სიმართლეც იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის დროს რაღაც ისე არ მოხდა, მაშინ ტურნირის მასპინძელი ხელახლა უნდა ავირჩიოთ.

 

ფიფას ვიცეპრეზიდენტი: “ასეთ პირობებში რუსეთში მუნდიალის ჩატარება არ შეიძლება”

ფიფას ვიცეპრეზიდენტი და კონკაკაფის ხელმძღვანელი ჯეფრი უები თვლის, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს. მიზეზი რასიზმის პრობლემაა, რომელმაც უახლოესი წარსულის განმავლობაში არაერთხელ იჩინა თავი.

“ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება რასიზმის პრობლემის გამო ფიფასთვის დიდი გამოწვევაა. მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მუშაობის გატარებაა საჭირო. ამას რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკოც აღიარებს, რომელიც ამავე დროს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

იმედია, მათ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ. კარგი შესაძლებლობაა უახლოეს სამ წელიწადში ამის გამოსასწორებლად, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატის ასეთ პირობებში ჩატარება”, – ჯეფრი უების კომენტარი ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

2021 წლის კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება

ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2021 წელს გასამართი კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ტარდება ხოლმე და პლანეტის უმთავრესი ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მოიხსენიება.

“მეტეოროლოგიური პირობების გამო 2021 წლის კონფედერაციის თასი ყატარში არ ჩატარდება. ტურნირს აზიის რომელიმე ქვეყანაში გავმართავთ”, – ციტირებსა ვალკეს სიტყვებს A Bola.

წინასწარი ინფორმაციით, ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 26 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

 

ფიგუ 2022 წლის მუნდიალის ზამთარში ჩატარებას მხარს უჭერს

ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების იდეა მოსწონს, რის შესახებაც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა.

„მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეს სწორი გადაწყვეტილებაა. 2022 წლის მუნდიალი მოთამაშეთა და გულშემატკივართათვის ოპტიმალურ პირობებში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ფიგუმ.

ცნობისთვის, მსგავსი კომენტარი დღეს ფრანც ბეკენბაუერმაც გააკეთა.

2022 წლის მუნდიალი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ამ ინფორმაციას გამოცემა Sports Illustrated-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში ფიფა ყატარს მუნდიალის შემოდგომა-ზამთრის კვეთაზე ჩატარების რეკომენდაციას მისცემს, უკვე მარტის თვეში კი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

ამრიგად, მუნდიალის გამო ევროპულ ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად სწორედ ნოემბერ-დეკემბერი დაასახელა.

 

ფიგუს ფიფა-ს პრეზიდენტობა სურს

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ ფიფა-ს პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა.

„ფეხბურთის ბედი მადარდებს. ფიფა-ს ის სისტემა, რომელიც ბოლო წლებში არსებობს, არ მომწონს. თუ ინტერნეტში სიტყვა „ფიფა“-ს მოძებნით, მაშინვე სიტყვა „სკანდალსაც“ იპოვით.

პირველ რიგში, ორგანიზაცია უკეთესობისკენ უნდა შევცვალოთ. ფეხბურთში ბევრ გავლენიან ადამიანს ვიცნობ. შარშან ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი მოვინახულე და ადამიანის უარყოფითი რეაქცია ვნახე. ვფიქრობ, არჩეული კურსისა და ხელმძღვანელობის შეცვლის დრო დადგა“, – აცხადებს ფიგუ.

„ოქროს ბურთი 2014“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

გამოკითხვაში საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოსტის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა. მისი ხმები ასე გადაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია); 3. არიენ რობენი („ბაიერნი“, ჰოლანდია).

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

აქვე შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის შედეგების სრული სია: „ოქროს ბურთის“ შედეგები

 

“ოქროს ბურთი” რონალდუს საკუთრებაა

“ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო, საერთო ჯამში კი – მისთვის ეს მესამე “ოქროს ბურთია”. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

“ჩემს შვილს ვხედავ, ჩემს ოჯახსა და დედას ვხედავ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ კონკურსში მხარი დამიჭირა: ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დაუვიწყარი წელი. ამ ჯილდოს მოგება უნიკალური მიღწევაა. ასეთივე სულისკვეთებით მუშაობას გავაგრძელებ. მინდა, რომ მომავალშიც მოვიგო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტიტულები. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავხდე, თუმცა ეს ახალ მსხვერპლს მოითხოვს”, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს “რეალთან” ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მანამდე 2008 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.

 

მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.