ლევანდოვსკი „ოქროს ბურთს“ რიბერის მისცემდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იმსახურებს.

„პირადად მე ხმას რიბერის მივცემდი. მართალია, რონალდუ ინდივიდუალური შესაძლებლობებით მას სჯობს, თუმცა ფრანკი მცველებს ხშირად ეხმარება, ისევე, როგორც მთელ გუნდს. გარდა ამისა, რიბერიმ „ბაიერნთან“ ერთად გასულ სეზონში ყველა ტიტული მოიგო“, – განაცხადა პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რიბერი: „ბუნდესლიგა – მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ფრანკ რიბერის აზრით, გერმანიის ბუნდესლიგა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა.

„ბოლო წლებში ბუნდესლიგის დონემ საგრძნობლად აიწია. რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, შესაძლოა, საუკეთესოც კი. უბრალოდ, „აინრახტის“ „ბორდოსთან“ გასვლაზე მოგებულ მატჩს უყურეთ. გერმანიის ჩემპიონატში ფრანკფურტელები კი მხოლოდ მე-16 ადგილს იკავებენ. ეს ადასტურებს იმას, რომ სხვა ლიგის წარმომადგენელთა ფონზე, ბუნდესლიგის გუნდები ძლიერები არიან. ევროპაში ახლა სწორედ გერმანიის პირველობა დომინირებს“, – განაცხადა რიბერიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში სამი კანდიდატი დარჩა

„ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთაგან სამი კანდიდატი დარჩა: მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი. გამარჯვებულის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გასამართ დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებეთ, რომ თავდაპირველად „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა 23-კაციანი სია გამოაქვეყნეს. დარჩენილ სამ კანდიდატს შორის გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

რიბერის „ოქროს ბურთი“ კარიერის განმავლობაში ჯერ არ მოუგია; რონალდუმ ეს ჯილდო 2008 წელს დაისაკუთრა; რაც შეეხება მესის, არგენტინელი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად მიჯრით ოთხჯერ გამოაცხადეს – 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

რონალდოს ვარაუდი, თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. ფეხბურთის სპეციალისტები სამ მთავარ კანდიდატს გამოყოფენ – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი.

„ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ კვლავ მესი მოიგებს.

მესიმ გასულ ხუთ წელიწადში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავად იქცა. მისი ტრავმა სერიოზული არ არის და დასვენებით ბატარეების შევსება შეუძლია“, – რონალდოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

თავად რონალდოს „ოქროს ბურთი“ კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული – 1997 და 2002 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

მიშელ პლატინი: „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება“

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ „ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენა წელს ძალიან რთული იქნება. თავად ფრანგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიჯრით სამჯერ დაისაკუთრა – 1983, 1984 და 1985 წლებში.

„ჩემი აზრით, ფავორიტები არიან ლეო მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. მესი და რონალდუ ფანტასტიურად თამაშობენ, რიბერიმ კი ყველაფერი მოიგო, რაც შესაძლებელი იყო.

სამივე დიდებული ფეხბურთელია. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

გამოკითხვის ხანგრძლივობის გაზრდის ინიციატორი ფიფა გახლდათ და ეს კრიშტიანო რონალდუს მიერ შვედეთის ნაკრების კარში გატანილ ჰეთ-თრიკს დაემთხვა.  არ არის გამორიცხული, ფიფას ეს რონალდუს მოსათაფლად გაეკეთებინა. (იცინის).

გამიკვირდა, როცა 2010 წელს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა ვერ მოიგო. ჩემი აზრით, მაშინ პრიზს ჩავი და ინიესტა იმსახურებდნენ. საბოლოო ჯამში, ჯილდო მესის ერგო. ლეოც დიდებული მოთამაშეა, თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების წევრი უნდა ყოფილიყო“, – პლატინის სიტყვები ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ფიფამ რიბერის ფოტოსესია გააუქმა ანუ „ოქროს ბურთს“ რონალდუ მოიგებს?

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიფამ ფრანკ რიბერისთან დაგეგმილი ფოტოსესია გააუქმა.

უცხოელი სპორტული ჟურნალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დაწინაურდა.

არც ის არის გამორიცხული, რომ რიბერის ფოტოსესიის გაუქმება გამოკითხვის ვადის გახანგრძლივებას გამოეწვია.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა დაბალი აქტივობის გამო 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების თავკაცები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ.

9 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ რომელი სამი ფეხბურთელი იბრძოლებს „ოქროს ბურთისთვის“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვეში: „რონალდუ სხვებზე ძლიერია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს „ოქროს ბურთი“.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, კრიშტიანო რონალდუს სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„კრიშტიანო რონალდუ, რა თქმა უნდა, ამ დროისთვის სხვებს აღემატება, თუმცა თუ მესის არ მისცემენ „ოქროს ბურთს“, ჯილდო ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. მე ასე მოვიქცეოდი, რადგან „ოქროს ბურთის“ მისაღებად გუნდთან ერთად რაიმე ტიტული უნდა გქონდეს მოგებული“, – ციტირებს დანიელ ალვეშის სიტყვებს Football Espana.

თავად რონალდუ ზეპ ბლატერთან მომხდარი ინციდენტის გამო დაჯილდოების ცერემონიალზე მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ და ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დაბალი აქტივობის გამო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის პერიოდი გაახანგრძლივა.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი: “ოქროს ბურთს ვიმსახურებ”

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ გასულ სეზონში, მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში ყველა ტიტულის მოპოვება მოახერხა.

“ვცდილობ, რომ ოქროს ბურთზე საერთოდ არ ვიფიქრო, მაგრამ ჩემმა ცოლმა მისთვის სახლში ადგილი უკვე გაამზადა. “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოვიგე. არ ვიცი მოვიპოვებ თუ არა მას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთს ვიმსახურებ”, – ამბობს რიბერი.

მათეუსი: „რიბერიმ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა“

წარსულში ცნობილი მოთამაშისა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტის ლოთარ მათუსის აზრით, 2013 წლის „ოქროს ბურთის“ მოგება მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ დაიმსახურა.
„ფრანკმა უეფასგან ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო, რაც მის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებსაც ზრდის. რა თქმა უნდა, მან ეს ჯილდო დაიმსახურა. იგი ბევრს მუშაობს და მას „ბაიერნისთვის“ მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ჩემი აზრით, სამეულში რიბერი, ლამი და ლევანდოვსკი უნდა შევიდნენ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტიტული კვლავ მესის გადასცენ“, – განაცხადა მათეუსმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

რიბერი – ზიდანის უმცროსი ძმა

Fanebi.com-ი გთავაზობთ ფრანკ რიბერის შესახებ იმ ფაქტებს, რაც აქამდე არ იცოდით.

1983

7 აპრილს ფრანგულ ქალაქ ბულონ-სიურ-მერში ქვეყნიერებას მოევლინა ფრანკ რიბერი.

1985

ავტომობილი, რომლითაც რიბერის ოჯახი მგზავრობდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა. გამგზავრებამდე 2 წლის ფრანკის მამას შვილისთვის უსაფრთხოების ქამრის შეკვრა დაავიწყდა, რიბერიმ თავი საქარე მინას დაარტყა. სწორედ ამ პერიოდიდან აქვს მას სახის მარჯვენა მხარეს ორი გრძელი იარა. წლების შემდეგ, როდესაც ის მარსელის „ოლიმპიკში“ პოპულარული ფეხბურთელი გახდა, ადგილობრივმა მაღაზიამ ჰელოუინის დღეობაზე გასაყიდად რიბერის ნიღბები გამოიტანა – რა თქმა უნდა, საშინელი ნაიარევით. ფეხბურთელს პლასტიკური ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა: „ეს იარები ძალას მმატებს. ბავშვობაში დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა… იარებს არ მოვიშლი, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ!“

1989

დაიწყო ფეხბურთის თამაში კლუბ „კონტი ბულონში“.

შემდეგ თამაშობდა „ლილისა“ და „ბულონის“ ახალგაზრდულ გუნდებში. 19 წლის ასაკში ასპარეზობდა ქალაქ ალესის გუნდ „ოლიმპიკში“, 20 წლის ასაკში – „ბრესტში“. გარდა ამისა, რიბერი მშენებლობაზეც მუშაობდა.

2004

გააფორმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი – გახდა „მეცის“ ფეხბურთელი.

2005

იანვარში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა თურქულ „გალათასარაიში“, სადაც პირველი ტიტული მოიგო – თურქეთის თასი. რიბერის თქმით, თებერვლიდან კლუბი არ უხდიდა ხელფასს. 2005/06 წლების სეზონის დასაწყისში ის მარსელის „ოლიმპიკში“ გადაბარგდა.

2006

27 მაისს ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. „სამფეროვანთა“ რიგებში პირველი გოლი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების კარში გაიტანა. ფინალური მატჩის მე-100 წუთზე ის დავიდ ტრეზეგემ შეცვალა, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ვერ გაიტანა. გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ფრანგებს ოქროს მედლების ფასად დაუჯდათ.

იმავე წელს, რიბერიმ მეუღლისადმი სიყვარული ისლამის მიღებით გამოხატა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაახლოვა ის ზიდანთან, რომელსაც უფროს ძმას უწოდებს. ფრანკის მეორე სახელი ბილალ იუსუფ მოჰამედია. ყოველი მატჩის დაწყებამდე გულმხურვალედ ლოცულობს. რიბერის ორი ქალიშვილი ჰყავს – ჰიზია და შაჰინეზი და ერთი ვაჟი – სეიფ-ალ-ისლამი.

2007

7 ივლისს გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ (ფრანკის დაბევება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალსაც“ სურდათ) ფეხბურთელი, რომელმაც მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. იმ დროისთვის ეს ბუნდესლიგის სარეკორდო თანხა იყო. კონტრაქტი 2011 წლამდე გააფორმა. მიიღო 7-ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე მეჰმეთ შოლი ატარებდა. ცოტა ხნის შემდეგ, შოლმა რიბერი მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო „შვიდიანად“  მონათლა. „ბაიერნში“ რიბერიმ სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე ჯილდო გერმანიაში ერთხელ მიიღო.

2008

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან გამართული მატჩის მე-10 წუთზე, ჯანლუკა ძამბროტასთან ორთაბრძოლისას ფეხის მყესები გადაიგლიჯა, რის გამოც მთელი 14 კვირა გაუცდა.

2009

პოდოლსკისთან ერთად ბაზაზე, სახურავიდან ოლივერ კანს სათლით წყალი გადაასხა. სხვა ისტორიებიც გადახდენია თავს… დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა 2014 წლის იანვარშია ჩანიშნული.

2010

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ ეტაპზე, „ლიონის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციის გამო კი, მილანის „ინტერთან“ ფინალური შეხვედრა (0:2) გამოტოვა. ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელთა რიგს შეუერთდა, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების  მთავარი მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2011

11,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რითაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრანგი სპორტსმენი გახდა. ამის მიუხედავად, 2010/11 წლების სეზონში მან ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. ლუი ვან გაალის თავკაცობის დროს, თავს შედარებით უხერხულად გრძნობდა. იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ, თავი შედარებით თავისუფლად იგრძნო და უკეთაც ათამაშდა.

2012

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შესვენებისას გასახდელში არიენ რობენს სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ ამის გამო მოიბოდიშა და ჯარიმის სახით 50 ათასი ევრო გადაიხადა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის 97-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. პენალტების სერიაში ლონდონის „ჩელსიმ“ გაიმარჯვა.

2013

„ბაიერნში“ ყველაფერი მოიგო, 52 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა და 27 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ თქვა, ღამე მეუღლესთან და ჩემს ტიტულებთან ერთად გავატარეო. გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ფრანგმა თანაგუნდელებმა რიბერის მაისური აჩუქეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „კაიზერ ფრანკი“. „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

ევროპის საუკეთესო ასისტენტი

ბოლო ორ სეზონში ფრანკ რიბერი საგოლე გადაცემების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის ლიდერად მოგვევლინა (12 – 2011/12 სეზონში, 14 – 2012/13 სეზონში). ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში რიბერიმ 5-5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2011/12 წლების სეზონის ტურნირზე ზუსტი გადაცემების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა.

2012/13 წლების სეზონში რიბერიმ „ბაიერნის“ ფორმით 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სისტემით „გოლი+პასი“ მოაგროვა 40 (13+27) ქულა.

ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 სეზონის საგოლე გადაცემების რაოდენობა

* ლიდერი ტურნირის შედეგების მიხედვით

ბექა დოგრაშვილი

კონფლიქტი რიბერისა და ულიეს შორის

ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (6:0) შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ცნობილ ფრანგ სპეციალისტს, ჟერარ ულიეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეხვედრის შემდეგ ულიე კარიმ ბენზემასა და ერიკ აბიდალთან შესახვედრად გაეშურა. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამ მოთამაშეებს „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დროს თავკაცობდა. ულიეს გზად რიბერი გადაეღობა, რომელმაც 66 წლის სპეციალისტი უცენზურო სიტყვებით „შეამკო“. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საქმეში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური პერსონალი ჩაერთო.

რიბერის უკმაყოფილების მიზეზი ულიეს მიერ სექტემბრის თვეში ნათქვამი სიტყვები გახლდათ.

„რიბერი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელსაც გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეუძლია. ასეთები მესი და რონალდუ არიან“, – განაცხადა მაშინ ულიემ.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი: „მოედანზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე მესი და რონალდუ“

მიუნხენის  „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ საკუთარი თავი  „ოქროს ბურთის“ სხვა პრეტენდენტებს შეადარა.

„მე მოედანზე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე მესი და კრიშტიანო რონალდუ. გაცილებით ხშირად ვეხმარები მცველებს და გაცილებით მეტ შედეგიან გადაცემას ვაკეთებ.

კარგი იქნებოდა  „ოქროს ბურთის“ მოპოვება. ახლა საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი და ეს მოედანზეც ჩანს.

ფორმის პიკში ვარ, ბევრს ვიტან და ჩემი თამაშისგან დიდ სიამოვნებასაც ვიღებ“, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმანული გამოცემა  „კიკერი“.

ბექა დოგრაშვილი