იგუაინი: „ბორუსია“ დავამარცხეთ, ახლა „მილანის“ ჯერია“

„ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში, „მილანის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ნეაპოლური კლუბი კარგ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რაფაელ ბენიტესის გუნდმა შინ დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

„ნაპოლი“ კარგ ფორმაშია“. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. გუშინ ძალიან რთულ მეტოქეს ვძლიეთ, ახლა კი „მილანის“ ჯერია“, – აღნიშნა იგუაინმა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში „ბორუსიას“ პირველი გოლი გაუტანა.

ცნობისთვის, „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ინიესტამ საუკეთესო მეტოქეთა სია შეადგინა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე საუკეთესო მოთამაშეთა სია შეადგინა, რომელთა წინააღმდეგაც მას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში უთამაშია.

„საუკეთესო მეკარე – პეტრ ჩეხი. საუკეთესო მცველი – პაოლო მალდინი. საუკეთესო ნახევარმცველი – ანდრეა პირლო. საუკეთესო თავდამსხმელი – რაიან გიგზი“, – ციტირებს ინიესტას სიტყვებს barcastuff-ის მიკრობლოგი.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონა“ პირველ შეხვედრას ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18 სექტემბერს, „ნოუ კამპზე“ შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მესის დაუცხრომელი წყურვილი

გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის კლუბთან ერთად მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, თუმცა ეს იმის სურვილს არ ანელებს, რომ არგენტინელმა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

„ყოველთვის ვისწრაფით ახალი მიღწევებისკენ. მას შემდეგ, რაც გასულ წელს მადრიდის „რეალმა“ საჩემპიონო ტიტული აგვართვა, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ეროვნული ჩემპიონატის მოგებამ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის სხვაობა აშკარად გამოჩნდა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა ეს უკვე წარსულია. წინ უნდა ვიყუროთ“, – ამბობს მესი უეფას ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თქმა არ უნდა იმას, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე რეაბილიტაცია სურს, თუმცა ამისთვის გუნდმა ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს. არადა, კატალონიურ გრანდს საკმაოდ რთული მეტოქეები შეხვდა: „მილანი“, ამსტერდამის „აიაქსი“ და გლაზგოს „სელტიკი“.

„რთული ჯგუფია, თუმცა ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია, პირველი ნაბიჯების გაკეთებაც კი რთული იქნება. წელს საკმაოდ თანაბარი ჯგუფებია და კარგ თამაშებს მოველი. ვიმედოვნებ, ჩვენს საუკეთესო დონეს ვაჩვენებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
ჩვენს ჯგუფში სახელგანთქმული გუნდები მოხვდნენ. მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. „აიაქსს“ არცთუ ისე კარგად ვიცნობთ, თუმცა ამსტერდამული გუნდის თამაშები ნანახი გვაქვს. ასე რომ, საინტერესო ჯგუფია“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა მესის ხერარდო მარტინესსთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს, ისინი ხომ ერთი ქალაქიდან არიან – როსარიოდან.

„ახალ თავკაცს ძალიან მალე შევეჩვიეთ. ვცდილობთ, მისი მოთხოვნები შევასრულოთ, ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რასაც აქამდე ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ახალია, რომელსაც ახალი იდეები ამოძრავებს, თუმცა ჩვენი განწყობა არ შეცვლილა – სეზონი მაქსიმალურად კარგად უნდა დავიწყოთ, რათა ყველა ფრონტზე წარმატებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

მოგეხსენებათ, ევროპის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელეს. ლეო მესიმ ჩვეული თავმდაბლობით გააკეთა ამის შესახებ კომენტარი.

„მახარებს ის ფაქტი, რომ მესამედ მოვხვდი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და მიხარია, რომ მათ კონკურენციას ვუწევ. რიბერიმ ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო“, – განაცხადა მესიმ.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „იუვენტუსს“ შეუძლია, „ჩელსის“ 2012 წლის გზა გაიაროს“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 2012 წლის ლონდონის „ჩელსის“ ჰგავს. კერძოდ, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, კარლოს ტევესს იმ დიდიე დროგბას ფუნქციების შეთავსება შეუძლია, რომელმაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში უდიდესი როლი შეასრულა.

„იუვენტუსს“ შეუძლია „ჩელსის“ 2012 წლის გზის გავლა. იტალიის ჩემპიონი ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კარლოს ტევესის ყიდვა კი მათთვის ამ ნამცხვრის მინანქრით დაფარვაა. მგონია, რომ ტევესს მიმდინარე სეზონში შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის „ჩელსის“ დიდიე დროგბა“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვებს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი