ლონდონის „ჩელსიმ“ 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო გოლად ლიუის ბეიკერის მიერ „არსენალის“ სარეზერვო გუნდის კარში გატანილი ბურთი დასახელდა.
გულშემატკივრებს ათი ლამაზი გოლიდან ერთი საუკეთესო უნდა ამოერჩიათ და როგორც გითხარით, ყველაზე მეტი ხმა ბეიკერის მიერ გატანილმა ბურთმა მოაგროვა, რომლის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვე გთავაზობთ.
თითქოს, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მიჩვეულნი ვყავდით, რომ ნებისმიერი გემოვნების გოლს იტანდა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალო მოკვდავების გაოცება განაგრძობს. „რეალის“ თავდამსხმელმა „ვალენსიასთან“ გამართული მატჩის უკანასკნელ წუთებზე მორიგი საოცარი სილამაზის გოლი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდი საშინაო მარცხისგან იხსნა (2:2).
სწორედ რონალდუს მიერ ქუსლით გატანილი შედევრი დაასახელა უეფამ კვირის გოლად.
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩ სიტიმ“ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „ლივერპული“ მიიღო. ბრენდან როჯერსის გუნდმა დღეს მიჯრით მე-11 გამარჯვება ჩაიწერა.
„წითლებმა“ ანგარიში მე-4 წუთზე, რაჰიმ სტერლინგის შორეული ძლიერი დარტყმით გახსნეს. უკვე მე-11 წუთზე მერსისაიდელები ანგარიშით 2:0 იგებდნენ, გოლი სტერლინგის მახვილგონივრული პასით ლუის სუარესმა გაიტანა. საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ სტერლინგი დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო იყო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მეკარე სიმონ მინიოლეს შეცდომის შემდეგ გარი ჰუპერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 62-ე წუთზე სტერლინგმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. 77-ე წუთზე მასპინძელთა შოტლანდიელმა ნახევარმცველმა რობერტ სნოდგრასმა შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:3.
ამრიგად, „ლივერპულმა“ ლიდერობა გაიმყარა და სანატრელ ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მერსისაიდულმა გუნდმა მადევარ „ჩელსისთან“ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. „ლივერპულსა“ და ჟოზე მოურინიოს გუნდს შორის მატჩი 27 აპრილს, „ენფილდზე“ შედგება.
ინგლისის პრემიერლიგა 35-ე ტური „ნორვიჩ სიტი“ — „ლივერპული“ 2:3 (0:2) გოლები: ჰუპერი 54′, სნოდგრასი 77′ — სტერლინგი 4′, 62′, სუარესი 11′. გაფრთხილებები: სნოდგრასი 29′, თარნერი 45′, ჰაუსონი 72′ — შკრტელი 65′, ფლანაგანი 79′. მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა. კატალონიურმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა, რომელიც „ნოუ კამპზე“ გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ მე-5 წუთზევე დაწინაურდა და შემდეგ კარი მშრალად შეინახა. ამრიგად მადრიდულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 2:1 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) სასიკეთო ფაქტი ის იყო, რომ ჩავი ერნანდესს მატჩის მიმდინარეობისას გაკეთებული ასი გადაცემიდან ასივე ზუსტი გამოუვიდა, რაც ამ სტატისტიკური მონაცემის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
როგორც ამბობენ, კატალონიელი ნახევარმცველი ფეხბურთს მიღმაც სამაგალითო პიროვნებაა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩავისთან, რომელშიც ის სწორედ არასაფეხბურთო კუთხით არის წარმოჩენილი.
— ვინ არის თქვენი კერპი სპორტში?
— ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ვფიქრობ, ბოლო 20-წლეულის საუკეთესო ნახევარმცველი პოლ სქოულზია. ის მისაბაძი ფიგურაა. რაც შეეხება „ბარსელონას“ ცენტრალურ ნახევარმცველებს, აქ ჩემი გმირი პეპ გვარდიოლა იყო.
— ვინ იქნებოდით, რომ არა სპორტსმენი?
— სხვა მრავალი ფეხბურთელის მსგავსად, თამაში „ლა მასიაში“, 11 წლის ასაკში დავიწყე. ვერ წარმომიდგენია, „ბარსელონას“ მოთამაშე რომ არ ვიყო. უფრო წარმოუდგენელია, საერთოდ ფეხბურთს რომ არ ვთამაშობდე. სხვაგან თამაშის სურვილი არც მაქვს.
— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?
— თამაშის მნიშვნელობის თვალსაზრისით მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებულ ფინალურ მატჩზე უდიდესს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო თამაშს, ეს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოხდა, როცა მეტოქე ანგარიშით 5:0 დავამარცხეთ. მაშინ საოცარი გრძნობა დამეუფლა, გასახდელში ვიყავით და საკუთარ თავს აპლოდისმენტებით ვასაჩუქრებდით. ეს იყო სურეალისტური გამოცდილება.
— და ყველაზე ცუდი მომენტი?
— ეს ის მომენტი იყო, როცა გავიგეთ, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის კიბო ჰქონდა. ამ ამბავმა ყველაფერი განზე გაწია. მახსოვს, ის ისევე გვამხნევებდა, როგორც ჩვენ ვამხნევებდით მას.
— თქვენს სახლში ხანძარი რომ იყოს, რომელ ერთ ნივთს გადაარჩენდით?
— მხოლოდ იმას, რისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია. ვერანაირი თანხა ვერ შეცვლის იმ მაისურს, რომელიც მეცვა მაშინ, როცა თავს ზემოთ მსოფლიოს თასი ავწიე.
— რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
— “Losing My Religion”. R.E.M. – საერთოდ მომწონს ამ ჯგუფის შემოქმედება.
— რომელ სატელევიზიო გადაცემას არ ტოვებთ?
— საერთოდ, ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ. ან ფილმებს ვუყურებ, ანდაც – ფეხბურთს. ინგლისის პრემიერლიგის მატჩებისთვის თვალ-ყურის მიდევნება ერთი სიამოვნებაა, ვუყურებ კინოფილმებსაც. აი, ასე ვისვენებ.
— სამ ცნობილ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის შეხვდებოდით და რატომ მათ?
— ავირჩევდი რობერტ დე ნიროს, ბრიუს სპრინგსტინსა და დიეგო მარადონას. ეს არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ასპექტებით ვაფასებ.
— კერძების მომზადება თუ შეგიძლიათ?
— კულინარიულ საქმეში საკმაოდ ძლიერი ვარ, თუმცა რთულად მოსამზადებელ კერძებს არ ვეკარები. როგორც წესი, მაკარონს ვუმატებ შემწვარ ქათამს და ვასხამ მცირე ოდენობით ზეითუნის ზეთს.
— სად გიყვართ დასვენება?
— იბიცა ბევრი ესპანელი ფეხბურთელის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. თუ ამ ადგილს ზაფხულში ეწვევით, საკმაოდ ბევრ ცნობილ მსახიობსა და მუსიკოსს წააწყდებით. ასე რომ, იბიცაზე ფეხბურთელებისთვის არავის სცალია.
— თქვენი ცხოვრების ამსახველ ფილმში, ვის ისურვებდით თქვენი როლის შემსრულებლად?
— მაღალი ფეხბურთელი არ ვარ, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, ვინმე მეთ დეიმონის მსგავსს ავარჩევდი.
— გვითხარით თქვენი რაიმე საიდუმლო…
— „ბერნაბეუზე“ ვთამაშობდით. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი. მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჩემთან რაული მოვიდა, ყურში მწვდა და დამშვიდებისკენ მომიწოდა. ახლა ის ჩემი დიდი მეგობარია, მაგრამ მაშინ ასეთი რამ მითხრა: „იცოდე შენი ადგილი, ბიჭო! აქ ჩვენი იერარქია გვაქვს“.
ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ — „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით 1989 წლის 15 აპრილს „ჰილსბროუს“ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივრებს მიაგეს პატივი. ტრადიციულად, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მერსისაიდელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგად, „წითლებმა“ მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ლუის სუარესმა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რამდენიმე მოძრაობით მის წინ მყოფი მცველები და მეკარე ერთდროულად ჩამოიცილა და დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლები კიდევ უფრო საოცარი აღმაფრენით ათამაშდნენ, „ქალაქელებს“ კი არაფერი გამოსდიოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა იაია ტურემ მუხლი დაიშავა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. 26-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში მარტინ შკრტელი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა — 2:0. ისეთი თამაში მიდიოდა, ვერ გაარჩევდით, „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ხვდებოდა თუ ცხრილის ფსკერზე მყოფ კლუბს. ტაიმის მიწურულს „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.
მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. მერსისაიდელთა უწინდელი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გადნა. სრულ სათამაშო უპირატესობას მანუელ პელეგრინის გუნდი დაეუფლა. სტუმრები აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც შედეგიც გამოიღო. 57-ე წუთზე „ქალაქელთა“ შეტევის მარჯვენა ფრთიდან განხორციელებულმა კომბინაციამ მერსისაიდელთა დაცვა თამაშს გამოთიშა, დავიდ სილვამ კი ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც მარცხენა ფრთიდან დავიდ სილვას მიერ დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ „წითლები“ გონს მოეგნენ. ბუნებრივია, „მანჩესტერ სიტის“ ფრეც ხელს აძლევდა, მერსისაიდელებს კი მხოლოდ 3 ქულა აწყობდათ. ბრენდან როჯერსის გუნდმა 78-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა — 3:2. მატჩის კომპენსირებულ დროში უხეში თამაშისთვის მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გააძევეს, თუმც ამას დარჩენილ დროში ზეგავლენა არ მოუხდენია.
ამრიგად, „ლივერპულმა“ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბერკეტები ხელთ იგდო. მართალია, „სიტის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა მერსისაიდელები „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ და თუ „წითლები“ დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებენ, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მეორე ადგილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს დაკავებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.
ინგლისის პრემიერლიგა 34-ე ტური „ლივერპული“ — „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (2:0)
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა გოლეადორის, დიეგო კოსტას თამაში საეჭვო იყო, თუმცა გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი სასტარტო განაცხადში მაინც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, დიეგო სიმეონემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კოსტამ პირველი ტაიმის შუაწელს ტკივილი იგრძნო და ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მის ნაცვლად თამაშში ბრაზილიელი დიეგო ჩაერთო. მანამდე ტრავმის გამო კატალონიელებს ხერარ პიკე გამოაკლდათ. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია. სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში იხილეს გოლები: 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დიეგომ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მეკარე პინტოს ახლო ზედა კუთხეში გაუტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს გოლი მართლაც რომ თვალსასეირო გამოუვიდა.„ბარსელონა“, ტრადიციულად, ბურთს ფლობდა და მათ ტერიტორიულ უპრატესობას გოლიც მოჰყვა: 71-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ გაიყვანა ნეიმარი, ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1. მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა ლიონელ მესის მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმულს კურტუა გაუმკლავდა.
საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც 9 აპრილს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.
უეფას ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალი (პირველი მატჩი) „ბარსელონა“ — „ატლეტიკო“ 1:1 (0:0)
გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი. „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველი 45 წუთის შემდეგ ბურთის ფლობის პროცენტული შეფარდება სტუმართა სასარგებლოდ 27% – 73% -ზე იყო, ბავარიელებს ჰქონდათ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი ინგლისელებს მიეცათ, როდესაც დანი უელბეკი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეფექტურად თამაში მოინდომა და მანუელ ნოიერს ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა, თუმცა ეს უყაირათოდ გააკეთა და გერმანელმა კიპერმაც ადვილად მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. მანამდე იყო არიენ რობენის სახიფათო დარტყმული, რომელიც დავიდ დე ხეამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. კიდევ ერთი საიტერესო ეპიზოდი „წითელი ეშმაკების“ საჯარიმო მოედანზე შეიქმნა, როდესაც მასპინძელთა ჰოლანდიელ მცველ ალექსანდერ ბიუტნერს ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალიომ ამ მომენტში პენალტი არ დანიშნა. ასე თუ ისე, ტაიმი უგოლოდ მიიწურა, თუმცა ბავარიელთა უპირატესობა აშკარა იყო და დევიდ მოიესსაც სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმე უნდა შეეცვალა.
მეორე ტაიმის სტარტზე ვეტერანი რაიან გიგზის ნაცვლად მოედანზე გაცილებით ენერგიული სინძი კაგავა შემოვიდა, რომელმაც მასპინძელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ინგლისელებმა მოედნის შუა ხაზში თამაში გამოასწორეს და ხელთ ინიციატივაც იგდეს. შედეგად, 58-ე წუთზე მათ ერთ-ერთ შეტევას კუთხური, კუთხურს კი გოლი მოჰყვა, რომელიც „ბაიერნის“ საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფმა ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები კვლავ გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. 66-ე წუთზე შეტევა არიენ რობენმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე რაფინია მოძებნა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც შეცვლაზე შემოსულმა მარიო მანჯუკიჩმა თავით ბურთი ბასტიან შვაინშტაიგერს დაუგდო და გერმანელმაც ახლო მანძილიდან დე ხეას აუღებელი დაურტყა — 1:1.
ეს ანგარიში სრულიადაც არ აკმაყოფილებდათ მასპინძლებს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოიესმა გარისკა და ბიუტნერის ნაცვლად ეშლი იანგი შეუშვა მოედანზე, მოგვიანებით უელბეკის მაგივრად ხავიერ ერნანდესი გამოვიდა. ამ უკანასკნელმა გუნდისთვის სახეირო ის გააკეთა, რომ ხავი მარტინესს თამაშის წესი დაარღვევინა, რითვისაც ბასკმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ უკვე შვაინშტაიგერი ეუხეშა უეინ რუნის, რის გამოც გერმანელმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრას ისიც გამოტოვებს. ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოკლებით ხოსეპ გვარდიოლას სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა და საინტერესოა, როგორ გაართმევს ამ პრობლემას თავს „ბაიერნი“.
საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ყველაფერი „ალიანს არენაზე“, 9 აპრილს გასამართ შეხვედრაში გადაწყდება.
უეფას ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალი (პირველი მატჩი) „მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“ 1:1 (0:0)
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, სადაც მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ მიიღო. შეხვედრა მეტად დრამატულ ბრძოლაში წარიმართა, მაყურებელმა კი შვიდი გატანილი გოლი იხილა.
ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლეო მესიმ ანდრეს ინიესტა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ესპანელმა ნახევარმცველმაც მარცხენა ფეხით პირველი გოლი გაიტანა.
მადრიდელებმა ანგარიში მე-20 წუთზე გაათანაბრეს: ანხელ დი მარიას მიერ ჩამოწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმო მოედანზე კარიმ ბენზემა გამოეხმაურა, რომლის თავური დარტყმაც ვიქტორ ვალდესისთვის აუღებელი აღმოჩნდა. ზუსტად ოთხ წუთში იმავე დი მარიამ ბენზემას მეორე საგოლე პასი გაუკეთა, ამჯერად ფრანგმა თავდამსხმელმა ფეხით გაიტანა. საერთოდაც, დი მარია ორივე გუნდის შემადგენლობიდან პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„სამეფო კლუბი“ დაწინაურდა და თითქოს მადრიდელებმა გამარჯვებისა ირწმუნეს, თუმცა ეს ნაადრევად მოუვიდათ. ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე „რეალის“ საჯარიმო მოედანზე ნეიმარი-მესის მიერ გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა და ანგარიშიც გათანაბრდა — 2:2. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა უნდიანო მალიენკომ „ბარსელონას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ დანიელ ალვესმა კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო მოედნის გარეთ წააქცია. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „რეალი“ კვლავ დაწინაურდა — 3:2.
ზუსტად 10 წუთში თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. სერხიო რამოსმა ხელსაყრელ პოზიციაზე გასული ნეიმარი წააქცია, რისთვისაც ესპანელი მცველი მოედნიდან გააძევეს. პენალტი ზუსტად ლეო მესიმ დაარტყა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა.
მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე არბიტრმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კვლავ მადრიდელთა კარის მიმართულებით. ამჯერად ინიესტას წინააღმდეგ ჩაბი ალონსომ დაარღვია თამაშის წესი. პენალტის შესრულება კვლავ მესიმ ითავა და ანგარიში 3:4 გახდა. ამრიგად, მესი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და გახდა „ბარსელონას“ პირველი მოთამაშე, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალთან“ ჰეთ-თრიკი ორჯერ გაიფორმა. მესი „ელ კლასიკოს“ საუკეთესო ბომბარდირიც შეიქნა, მის ანგარიშზე 21 გატანილი ბურთია.
საბოლოო ჯამში, „ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა.
ამ ყველაფრით იხეირა მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც თავისი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს 70 ქულით ჩაუდგა სათავეში. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან „რეალს“. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება მესამე პოზიციაზე მყოფი „ბარსელონა“.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი 29-ე ტური „რეალი“—„ბარსელონა“ 3:4 (2:2)
„ოლიმპიაკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განმეორებით გასამართ მატჩს მშვენიერი განწყობით ხვდება. გუნდი საბერძნეთის ჩემპიონი ისტორიაში 41-ედ გახდა.
„წითელ-თეთრებმა“ საბერძნეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „პანათინაიკოსი“ მიიღეს და დაუძინებელი მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, რითაც სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდეს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა, რითაც „ბორჯღალოსნებმა“ მეშვიდედ მოიპოვეს ევროპის ერთა თასი და „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ შეინარჩუნეს.
სოციალურ ქსელში ქართველი მორაგბეების გამარჯვების აღსანიშნავი მოლხენის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.
თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართული მატჩი მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა.
მას შემდეგ, რაც სტუმართა თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში გახსნა, „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში გაეჩერებინა.
სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორს“ ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვლება.