იაია ტურე: “ბარსასთან” ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შეეფერება”

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მერვედფინალური ეტაპის დასკვნითი დღეა. “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე, რომელიც მანამდე სწორედ “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, იმედს არ კარგავს, რომ მისი გუნდი “ბლაუგრანას” ბარიერს დაძლევს.

“მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გველის და იმედი გვაქვს, რომ საკუთარი თავის წარმოჩენას შევძლებთ. მფლობელებმა დიდი თანხა დახარჯეს იმისთვის, რომ “მანჩესტერ სიტი” ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ექციათ. ამიტომ, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამ სტატუსის მატარებელ კლუბს შეეფერება. ასეთ სიტუაციაში პირველად არ ვართ. ვეცდებით, ეს ამოცანა გადავჭრათ ჩვენი ფანებისთვის, კლუბისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ დრომდე გვეხმარება”, – იაია ტურეს სიტყვები “დეილი სთარმა” გამოაქვეყნა.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

იაია ტურე: “თუ “ბარსას” დავამარცხებთ, ფინალამდეც გავალთ”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი შედგება. “ქალაქელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა იაია ტურემ აღნიშნა, რომ კატალონიური გუნდი ტურნირზე ყველაზე ძლიერ მეტოქედ ითვლება და მისი ძლევის შემთხვევაში, “სიტის” ფინალში გასვლაც შეეძლება.

“თუ “ბარსელონას” დამარცხებას შევძლებთ, ფინალამდეც გავალთ. ამ ტურნირზე ყველაზე ძნელად მოსაგები გუნდი სწორედ “ბარსაა”. მე თავის დროზე კატალონიურ გუნდში ვთამაშობდი და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ”, – ტურეს სიტყვები “დეილი სთარმა” გამოაქვეყნა.

მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ფელიქს ბრიხის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მანჩინი: “ტურეს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბის მხრიდან იაია ტურეს მიმართ დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა.

“ტურესთან ერთად მიმუშავია და მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, თუმცა ამ ეტაპზე ის “მანჩესტერ სიტიში” თამაშობს. ახლა ამ ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football-italia.

იტალიური წყაროების ცნობით, “ინტერმა” მთავარ სატრანსფერო მიზნად სწორედ იაია ტურე დაისახა. თავად კოტ დივუარელმა ნახევარმცველმა კი განაცხადა, რომ არ იცის, თუ რომელ გუნდში დაიწყებს მომავალ სეზონს.

იაია ტურეს “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

 

აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, გუნდი და სიმბოლური ნაკრები

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე ზედიზედ მეოთხედ გახდა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ამ წოდებისთვის ბრძოლაში კოტ დივუარელმა მოთამაშემ “ლილის” ნიგერიელი მეკარე ვინსენტ ენიამა და დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაამარცხა.

გამოკითხვაში აფრიკული ქვეყნის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ან ტექნიკურმა დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

წლის საუკეთესო აფრიკულ გუნდად ალჟირის ნაკრები დასახელდა.

ასევე დაკომპლექტდა აფრიკის წლის სიმბოლური ნაკრები, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: ვინსენტ ენიამა (“ლილი”/ნიგერია);
მცველები: ჟენ კასუსულა (“მაზემბე”/კონგო), მეჰდი ბენატია (“ბაიერნი”/მაროკო), სტეფან მბია (“სევილია”/კამერუნი), კვადვო ასამოა (“იუვენტუსი”/განა);
ნახევარმცველები: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”/კოტ დივუარი), იასინ ბრაჰიმი (“პორტუ”/ალჟირი), ფახრედინ ბენ იუსეფი (“სფაქსიენი”/”მეცი”/ტუნისი), აჰმედ მუსა (ცსკა/ნიგერია);
თავდამსხმელები: ასამოა გიანი (“ალ აინი”/განა), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”/გაბონი).

 

ვინ იბრძოლებს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის

დღეს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ერთმანეთს შეეცილებიან “ლილის” ნიგერიელი მეკარე ვინსენტ ენიამა, დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და “მანჩესტერ სიტის” კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე, რომელიც ბოლო სამი წელიწადია, ამ წოდებას არავის უთმობს.

წლის საუკეთესო აფრიკული ნაკრების ჯილდოზე წარდგენილნი არიან ალჟირის, ლიბიისა და ნიგერიის ეროვნული გუნდები.

 

იაია ტურე “პსჟ”-ში შესაძლო გადასვლის შესახებ

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ “პარი სენ-ჟერმენში” მისი შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული კოტ დივუარელი ფეხბურთელის გადაბირებით.

“ჯერჯერობით არ ვიცი, რას ელიან ჩემგან. რა მოხდება ხვალ, ეს არავინ არ იცის. მთავარია, ჩემი საქმე გავაგრძელო.

ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანი დიდ კლუბში თამაში და ტიტულების მოგებაა. დიდ კლუბს კარს ვერასდროს დაუხურავ”, – ციტირებს იაია ტურეს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კოტ დივუარელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

 

იაია ტურემ საჩუქრით ბოდიში მოუხადა ბავშვს, რომელსაც მატჩის დროს ბურთი გაარტყა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიმდინარეობისას “ქალაქელთა” ნახევარმცველ იაია ტურეს მიერ დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე მჯდარ 5 წლის გოგონას მოხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა დიდსულოვნება გამოიჩინა და “ქუინს პარკის” მცირეწლოვან გულშემატკივარს საკუთარი მაისური აჩუქა – წარწერით: “მაპატიე”.

მოგვიანებით ტურემ სოციალურ ქსელში დაწერა:

“დავმშვიდდი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვინერვიულე. ტელეფონით ახლახან ვესაუბრე საყვარელ ქლოის (გოგონას სახელია) და მის მამიკოს. მოხარული ვარ, რომ კარგად არის”.

გოგონამ მაისური “ქუინს პარკ რეინჯერსისგანაც” მიიღო.

Kit

პელეგრინის ებოლას ვირუსის არ ეშინია

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრნიმ განაცხადა, რომ დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული ებოლას ვირუსიის არ ეშინია. “ქალაქელთა” ჩილელმა თავკაცმა განაცხადა, რომ კოტ დივუარიდან ახლახანს დაბრუნებული იაია ტურე სრულიად ჯანმრთელია, ასე რომ კლუბში ამ მხრივ სიმშვიდე სუფევს.

“არ ვთვლი, ამის გამო განგაშის ატეხვა აუცილებელი იყოს. იაია ჯანმრთელადაა და არა მგონია, რაიმე პრობლემა წარმოგვექმნას”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს tuttomercatoweb-ი.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94

 

კოტ დივუარი — იაპონია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოტ დივუარისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში კეისუკე ჰონდამ მე-16 წუთზე გახსნა, 64-ე წუთზე ვილფრედ ბონიმ გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი ჟერვინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დაასახელეს.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 50 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.

 

იაია ტურე: „ზოგიერთი აფრიკელს ჯერ კიდევ ცხოველად თვლის“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ფერადკანიან ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევიან. კოტ დივუარელი მოთამაშე თანაკლუბელ სამირ ნასრის დაეთანხმა, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ტურე უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო.

„ზოგიერთი ამ დრომდე თვლის, რომ აფრიკელი ცხოველია და არა – ადამიანი. ნასრის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიმართლეა. ნამდვილი აღიარება გულშემატკივრებისგან მოდის, მაგრამ როცა კარგად თამაშობ და პრესაში საკმარისად არ გაღიარებენ, ამას არ უნდა შეეგუო.

აფრიკის ნებისმიერ ნაწილში რომ იკითხოთ, ვინ არის მესი, მაშინვე გიპასუხებენ. იკითხეთ ევროპაში, ვინ არის იაია ტურე. იცით, რას გიპასუხებენ?! „მის შესახებ გამიგია, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობ“. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო, ჩვემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლეგენდა. არც მათ აფასებენ სათანადოდ. ვამაყობ, რომ აფრიკელი ვარ. მინდა, დავამტკიცო, რომ აფრიკელებს ევროპელებზე და სამხრეთ ამერიკელებზე არანაკლებ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში“, – იაია ტურეს სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოსკოვის „ცსკას“ გულშემატკივრებმა ტურეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. აფრიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ამის შესახებ აცნობა, თუმცა მსაჯმა მომხდარი ინციდენტი პროტოკოლში არ შეიტანა. სამაგიეროდ, მოსკოველები უეფამ დასაჯა და „ცსკას“ ერთი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე თამაში მიუსაჯა.

ბექა დოგრაშვილი