მოურინიო: „ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. დიდ ინტერესს იწვევს „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გასამართი მატჩი.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

„ისტორიულად „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს ის „ბარსელონა“ აღარ არის , რასაც ადრე ვუყურებდით.

მათ ლეო მესის სახით განსაკუთერებული მოთამაშე ჰყავთ, გუნდში სხვა კარგი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“. „სიტის“ გამარჯვების შანსი აქვს“, – მოურინიოს სიტყვები itv-მ გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი მოურინიოს მხრიდან მის შეურაცხყოფას გამოეხმაურა

ინგლისის თასის გათამაშებაზე ლონდონის „არსენალსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩის (2:1) შემდეგ, „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა „ჩელსის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ მოურინიომ ვენგერს წაგებების სპეციალისტი უწოდა.

„არ მინდა, სულელურ და უპატივცემულო კომენტარს გამოვეხმაურო. ჩემს პრესკონფერენციებზე მის შესახებ არ მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ მასზე ლაპარაკს. ამ განცხადებამ „ჩელსი“ უფრო უნდა შეაცბუნოს, ვიდრე მე“, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

 

მოურინიო: „ლივერპულს“ პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი აქვს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ „ლივერპულს“ ინგლისის პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი აქვს.

„როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ფავორიტები, ხალხს ჰგონია, რომ ამით ჩვენს მოწინააღმდეგეებზე ზეწოლას ვახდენ. სინამდვილეში ასე არ ვფიქრობ. პრემიერლიგაში არიან გუნდები, რომლებსაც წარმატების უკეთესი შანსი აქვთ, ვიდრე ჩვენ. მაგალითად, „ლივერპული“. მათ დიდი უპირატესობა აქვთ: არ თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე.

სეზონის ბოლო ნაწილი კიდევ უფრო რთული იქნება: ყველა იბრძოლებს ქულებისთვის. ზოგს ქულა ჩემპიონობისთვის სჭირდება, ზოგს კი იმისთვის, რომ პრემიერლიგიდან არ გავარდეს“, – განაცხადა მოურინიომ „სქაი სპორტსის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

უცნაურმა ხმაურმა მოურინიოს პრესკონფერენცია შეაწყვეტინა (ვიდეო)

უცნაურმა ხმაურმა ჟოზე მოურინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაუშალა. სავარაუდოდ ხმა “ჩელსის” ერთ-ერთ ფეხბურთელს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ბევრმა აღნიშნულ ხმაში უცენზურო სიტყვაც გაიგონა. თუმცა, მოურინიო ამ სიტუაციამ გაახალისა.

მატამ მოურინიოს მადლობა გადაუხადა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა ხუან მატამ განაცხადა, რომ „ჩელსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვამ იგი კიდევ გააძლიერა.

„მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომელთან ერთადაც „ჩელსიში“ ვიმუშავე. ყველა მათგანმა ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემდი. ამ ადამიანთა წყალობით, უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდი.

ჟოზე მოურინიოს მადლობას ვუხდი, რადგან მისი დახმარებით სიმშვიდის შენარჩუნება ვისწავლე. ამის წყალობით, კარგი განწყობაც შევინარჩუნე და თავდაუზოგავად მუშაობასაც ვაგრძელებ“, – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „მე „ჩელსის“ ვეკუთვნი, „ჩელსი“ კი მე მეკუთვნის“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონში დიდი ხნით დარჩენას იმედოვნებს.

„შემდეგ სამუშაო ადგილზე არ ვფიქრობ, რადგან „ჩელსის“ დატოვება საერთოდ არ მსურს. ამ საკითხზე მხოლოდ მაშინ ვიზრუნებ, თუ კლუბი ჩემს გაშვებას გადაწყვეტს.

მე „ჩელსის“ ვეკუთვნი, „ჩელსი“ კი მე მეკუთვნის. აქ დიდი ხნით ვარ.

როდესაც გუნდში დაბრუნება გადავწყვიტე, არ ვიცოდი, მიმიღებდნენ თუ არა“, – განუცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა London Evening Standard-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „აზარი ნიჭიერ ფეხბურთელზე მეტია“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ჰალ სიტისთან“ მოგებულ მატჩის შემდეგ ედენ აზარის თამაში აღნიშნა.

„ჩვენმა კლუბმა ამ ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაიხადა. საფრანგეთის ჩემპიონატის მოთამაშის სანაცვლოდ ასეთი თანხა „ჩელსიმ“ იმიტომ გადაიხადა, რომ მისი ძალიან სჯეროდა. ახლა ედენი ნიჭიერ მოთამაშეზე მეტია.

აზარი ის ფეხბურთელია, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, იგი გუნდზე თამაშობს. ამჟამად მას ბრწყინვალე პერიოდი აქვს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიოს რუნიზე საუბარი არ სურს

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელის უეინ რუნის ლონდონურ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„ამ თემაზე საუბარი არ მსურს. რამდენიმე დღეში ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩი გველის და ვფიქრობ, ახლა მეტოქის მოთამაშეზე საუბარი ლამაზი არ იქნება. შეგიძლიათ, თავად რუნის გაესაუბროთ. მსგავს საკითხებზე ფეხბურთელს ან კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. უეინის კონტრაქტი „იუნაიტედს“ ეკუთვნის“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: “ინგლისში ძალიან ბევრი უცხოელი მწვრთნელია”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი მწვრთნელი მუშაობს.

შეგახსებებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი “ჩელსის” 2004-2007 წლებში წვრთნიდა, ხოლო ლონდონურ კლუბში სამუშაოდ გასულ ზაფხულში დაბრუნდა.

“შესაძლოა, ჩემს საწინააღმდეგოდ ვსაუბრობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი მწვრთნელი საუბრობს. ჩემი აზრით, ბრიტანელებიც ძალიან ძლიერი ტაქტიკოსებიც არიან და ამიტომ მათაც შეუძლიათ მუშაობა”, – ამბობს მოურინიო.

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „სუარესი ისე დავარდა, თითქოს, მას ზურგში ესროლეს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი გააკრიტიკა, რომელიც მის გუნდთან მატჩის ბოლოს სიმულაციის წყალობით, პენალტის გამომუშავებას ცდილობდა.

„ასპილიკუეტას უკვე ჰქონდა ბურთი, როდესაც სუარესი მიწაზე ეშვებოდა. იგი ამას ისე აკეთებდა, თითქოს, საცურაო აუზში ხტებოდა. უები ამ ეპიზოდისგან ათ მეტრში იყო და მან შეცდომა დაუშვა, როდესაც სუარესს ყვითელი ბარათი არ უჩვენა. ასე მაშინ ვარდებიან, როდესაც ზურგში ტყვია ხვდებათ.

ბრენდან როჯერი სუარეთან კარგად მუშაობს და, რა თქმა უნდა, იგი შეიცვალა, თუმცა, მსგავსი სიტუაციებისას ლუისი თავის უკულტურობას ამჟღავნებს. ამ მოთამაშეს მისი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამო დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, კარგი იქნება, თუ იგი ასე აღარ მოიქცევა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „იმედია, სუარესმა მცირე ტრავმა მიიღო და ჩვენთან ვერ ითამაშებს“

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „პენსიონერების“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ხუმრობით ისურვა, რომ ლუის სუარესი მცირეოდენი ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს. ურუგვაელ ფეხბურთელს დაზიანება არ მიუღია, თუმცა პორტუგალიელ სპეციალისტს მისი უქმობის იმედი მაინც აქვს.

„იქნებ „მანჩესტერ სიტისთან“ გამართულ მატჩში სუარესმა მცირეოდენი ტრავმა მიიღო? სერიოზულ დაზიანებას არ ვუსურვებ. მხოლოდ მცირე, ოთხდღიანი ტრავმაც საკმარისია, რომ ჩვენს წინააღმდეგ თამაში ვერ შეძლოს“, – მოურინიოს სიტყვები ბრიტანულმა „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა.

მატჩი „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი