ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, თუმცა საინტერესოა, ორიგინალია თუ არა ტიტული, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ.

ჩემპიონთა ლიგა (უწინდელი სახელწოდება ჩემპიონთა თასი) 1955-1956 წლების სეზონიდან თამაშდება. ტურნირის პირველი თასი დიზაინით დღევანდელისგან განსხვავებული იყო და ის ევროპის ჩემპიონატის ტიტულს უფრო ჩამოჰგავდა. 1967 წელს ეს თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა “რეალს”, რომელსაც იმ დროს გათამაშება ექვსჯერ ჰქონდა მოგებული. ამის შემდეგ ახალი და დღეს არსებული დიზაინის მქონე თასი დამზადდა. მოზრდილი სახელურების გამო ჯილდოს მეტსახელად “დიდი ყურები” შეარქვეს. ეს თასი პირველად გლაზგოს “სელტიკმა” მოიგო, თუმცა შოტლანდიურ კლუბს ტიტული სამუდამო საკუთრებაში არ გადაეცა. დადგენილი წესის თანახმად, ამისთვის საჭირო იყო ტურნირის ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოგება. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ნამდვილი თასი საკუთრებაში ათი თვის ვადით ეძლეოდა, რის შემდეგაც ტიტული უეფაში ბრუნდებოდა, გუნდს კი შემცირებული ასლი ეძლეოდა.

1970-1973 წლებში ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირი მიჯრით სამჯერ მოიგო და გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ტროფეი საკუთრებაში გადაეცა, რის შემდეგაც ახალი ორიგინალი თასი ჩამოისხა. 1973-1976 წლებში იგივე გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნმა” და მასაც გადაეცა ტურნირის ორიგინალი ჯილდო სამუდამო საკუთრებაში. 1994 წელს “მილანმა” გათამაშება მეხუთედ მოიგო და ტიტული სამუდამოდ დაისაკუთრა. 2005 წელს “ლივერპული” გახდა უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ტურნირის ორიგინალი თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა. ამრიგად, მხოლოდ ხუთ კლუბს უდგას მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ნამდვილი თასი.

2008-2009 წლების სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს კლუბებს სამუდამო საკუთრებაში აღარ გადასცემს. ტურნირის მეექვსე ორიგინალი თასი უეფაში ინახება, გამარჯვებულ გუნდებს კი მისი ზუსტი ზომის ასლი გადაეცემათ, რომელზეც მოგებული კლუბის სახელწოდებაა ამოტვიფრული. გარდა ამისა, გამარჯვებულ კლუბებს სურვილისამებრ ტურნირის ორიგინალი თასის ასლის დამზადება შეუძლიათ, თუმცა კოპია ზომით მისი ნამდვილი ანალოგის მაქსიმუმ 80 პროცენტი უნდა იყოს. ახალი წესის თანახმად, კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მეხუთედ ან ზედიზედ მესამედ მოიგებს, სათამაშო ფორმაზე სპეციალური ნიშნის გამოსახვის უფლება ეძლევა.

ჩემპიონთა ლიგის თასის თანამედროვე დიზაინი წარმოადგენს 73,5 სანტიმეტრის ვერცხლის ამფორას, რომელიც შეიგნიდან მოოქროვილია. ტიტული 7,5 კილოგრამს იწონის და მისი ნომინალური ღირებულება ათი ათასი შვეიცარიული ფრანკია. თასზე წინა მხარეს გამოსახულია უეფას ლოგო, ცენტრში კი ფრანგულად აწერია “COUPE DES CLUBS CHAMPIONS EUROPÉENS” (“ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი”). ჯილდო 1967 წელს შვეიცარიელმა იუველირმა იურგ შტადელმანმა დაამზადა.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორიგინალ თასს აღარ იღებს, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ტურნირის პრესტიჟულობასა და მისი მოგების სურვილს.

მამარდასთან ბრძოლა წაგებულია – იასპერ სილესენი “ვალენსიას” ტოვებს

“ვალენსიას” 33 წლის ნიდერლანდელი გოლკიპერი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად დატოვებს.

“ვალენსიას” მისი შენარჩუნება დიდი ხელფასის გამო არ სურს, ხოლო, სილესენი მიხვდა, რომ მამარდაშვილთან ბრძოლა პირველი მეკარეობისთვის პირწმინდად წააგო და ურჩევნია, კლუბი შეიცვალოს.

არადა, სეზონის დასაწყისში ვინ იფიქრებდა, მე-2 გუნდისთვის შეძენილი გოლკიპერი “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს მოუგებდა, რომელიც ნიდერლანდების ნაკრების ძირითადის წევრია.

გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ ესპანეთში ადაპტაციაში ყველაზე მეტად სწორედ იასპერი დაეხმარა.

“ღამურები” სილესენის გაყიდვას აპირებენ და დაახლოებით, 5-10 მილიონის მიღებას.

გიორგი პაპუნაშვილი – “ტორპედოს” სეზონის ყველაზე ცუდი ტრანსფერი?

გიორგი პაპუნაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” სეზონის დაწყების წინ შეუერთდა, 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ზუსტად 0 გოლი და 0 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

პაპუნაშვილმა ეროვნულ ლიგაში 15 მატჩიდან 11 ძირითადში დაიწყო და საკმარისი დრო ეძლეოდა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერცერთხელ შეძლო.

გასულ თამაშებში პაპუს შეხვედრაში 1 საგოლე მომენტი მაინც ექმნებოდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ მომენტში ვერ გაჰქონდა.

“ტორპედოს” ყოფილი მწვრთნელის, გია ცეცაძის აზრით, ეს მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ხდება. ის, რომ ფეხბურთელს ბოლო 3 წელია პრაქტიკულად ერთი სეზონიც კი წარმატებული არ ჰქონია და ახლა საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული.

არადა, გიორგი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. სხვადასხვა დროის განმავლობაში “ვერდერის”, “აპოლონის”, “სარაგოსას”, “რასინგისა” და თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა.

არჩილ ბერიძე და მამუკა ჯუღელი ნეაპოლში მიდიან

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ sport-express-თან ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერზე ისაუბრა.

“კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ცოტა ხნის წინ “ნაპოლის” წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ბათუმში. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ ყოფილა და კონტრაქტის სრული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”

“იქნებ, პირველ მატჩში მაინც მოხერხდეს ხვიჩას თამაში. ეს ჩემი დიდი ოცნებაა. მე კვარაცხელიას აგენთ მამუკა ჯუღელთან ერთად რამდენიმე დღეში ნეაპოლში წავალ და იქ ყველაფერი გადაწყდება. მჯერა, რომ შესაძლებელია მოლაპარაკება. საკვალიფიკაციოზე ფეხბურთელს შეუძლია ერთი გუნდისთვის თამაში, ჯგუფურ ტურნირზე კი უკვე მეორეში”, – განაცხადა ბერიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” სურს ქართველი იტალიაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე იხილოს.

კარლო ანჩელოტი — მატჩამდე თქმული

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — “ლივერპული” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“ფეხბურთი შეიცვალა და მე შევძელი ამ ცვლილებებთან ადაპტაცია. 2003 წელს ჩატარებული ჩემი პირველი ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეს პოზიტიური ცვლილებებია. ფეხბურთი ძალიან საინტერესო შოუა და ცვლილებებს ვეჩვევი, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს.

კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულს” ხშირად გადავეკვეთე. პირველად ეს 1984 წელს, რომის ფინალში მოხდა. მაშინ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. შემდეგ იყო 2005 და 2007 წლების ფინალი. ჩვენი მეტოქეობა, რა თქმა უნდა, გამძაფრდა იმ პერიოდში, როდესაც “ევერტონში” ვმუშაობდი.

მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც თამაში რთულია. “ლივერპული” ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ფიზიკურად მშვენივრად არის მომზადებული. კარგია, რომ გადამწყვეტ მატჩში ასეთ მეტოქეს ვხვდებით.

“ლივერპულს” 2018 წლის ფინალისთვის “რეალზე” შურისძიება სურს? 1981 წლის პარიზის ფინალის გამო არც “რეალი” აპირებს რაიმეს დათმობას. არ ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება, გაიმარჯვებს უფრო გაბედული და ქარიზმატული”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “ლივერპულსა” და “რეალს” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

იურგენ კლოპი — მატჩამდე თქმული

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — “ლივერპული” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“გუნდში კარგი, ძალიან კარგი განწყობაა. ძალიან გვიხარია, რომ აქამდე მოვედით. ფაბინიოც და ტიაგო ალკანტარაც კარგად არიან. ფაბინიომ ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა. ტიაგომ გუშინ ივარჯიშა და დღესაც ივარჯიშებს.

“რეალი” ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოგება უკვე მეხუთედ შეუძლია, მწვრთნელს კი – მეოთხედ. ამ გამოცდილებას ვერ იყიდი, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფინალში მესამედ გავედით და ეს ძალიან კარგი ფაქტია.

მოჰამედ სალაჰისთვის განსაკუთრებული მატჩია. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა რაღაცები გვძენს მოტივაციას. ეს ნორმალურია. 2018 წლის ფინალი სალაჰისთვის ერთადერთი მოტივაცია არ არის. ნორმალურია ის, რომ მას ყველაფრის გამოსწორება უნდა.

სადიო მანე კარიერის საუკეთესო ფორმაშია. ვარჯიშებსა და მატჩებში მისი ცქერა ერთი სიამოვნებაა. ეს სეზონი მისთვის და მთლიანად ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.

მგონია, რომ ნაბი კეიტაც კარიერის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს. მან სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა.

გამარჯვება დიდი მიღწევა იქნება. თუ ფეხბურთში ერკვევით, უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ, რითაც ძალიან ვამაყობ.

არ ვიცი, რომელი გუნდია ფავორიტი. “რეალს” გამოცდილების ხარჯზე ფავორიტად დავასახელებდი, მაგრამ მინდა, რომ ჩვენც იმავე დონეზე ვიყოთ. როდესაც ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე ვთამაშობთ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში ძალზედ რთულია. ყველაფერი უნდა გავავეკთო იმისთვის, რომ ჩემმა გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენოს. ახლა სხვა არფერი მაღელვებს.

რასაც არ უნდა აკეთებდე, გამოცდილებას უნდა იძენდე. ახალ სამსახურში პირველი დღეები საუკეთესო არ ყოფილა. უნდა ისწავლო, როგორ მოიგო. ამის სწავლა რთული გზით მომიწია – ცხოვრებაში ბევრი ფინალი წავაგე.

ტაქტიკის მხრივ რაღაც მოულოდნელი რომ გავაკეთო, ჩემი ფეხბურთელები იფიქრებენ, რომ ვნერვიულობ. თუ ყველაფერს სწორად აკეთებ, ფინალშიც ანალოგიურად უნდა მოიქცე”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მატჩი “ლივერპულსა” და “რეალს” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თურქული მედია: შოთა არველაძეს ლუის სუარესის დამატება სურს

თურქული პრესის ინფორმაციით, “ჰალ სიტის” ურუგვაელი ლუის სუარესის დამატება სურს და გუნდის მფლობელი აჯუნ ილიჯალი უახლოეს დღეებში სუარესთან ერთად ამას ვახშამზე განიხილავს.

ილიჯალმა ურუგვაელთან შეხვედრა დანიშნა და ლუისიც თანახმაა.

საქმეში, შესაძლოა, შოთა არველაძეც ჩაერთოს, რომელიც  “აიაქსი” 4 წელი თამაშობდა, როგორც სუარესი და შოთა მის შესაძლო გადაბირებას  დიდი სიხარულით შეხვდა.

35 წლის ფეხბურთელმა მადრიდის “ატლეტიკო” დატოვა და ჯერჯერობით, ახალი კლუბის ძიებაშია.

“ბაიერნის” ფანები მამარდაშვილის დამატებას ითხოვენ

ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილის მიმართ განსაკუთრებული აქტიურობაა გრანდების მხრიდან და ფანები მისით დაინტერესებას მიუნხენის “ბაიერნს” სთხოვენ.

“ბაიერნი ბოლო წლებში სატრანსფერო ბაზარზე ნაკლებად აქტიური იყო. ნიუბელი 25 წლის არის და შესაძლოა, სწორედ ის იყოს ნოიერის შემცვლელი, მაგრამ დროა, გეგმა ბ შევიმუშავოთ და გიორგი მამარდაშვილის შეძენაზე ვიფიქროთ.”

“იყიდე, გაანათხოვრე “ვალენსიაში” და გყავდეს მე-2 მეკარედ ნოიერის წასვლამდე. შემდეგ ორი იმედისმომცემი გოლკიპერი გეყოლება. თუ ნიუბელი უკეთესი გამოდგა, გიორგის ყოველთვის კარგ ფასად გაყიდი”

“ალბათ არ გახსოვთ, რომ “ბაიერნი” მხოლოდ გერმანელ მეკარეებს ეძებს, რომლებიც შემდგომში ნაკრების პირველი ნომრები ხდებიან და არა ვიღაც უსახელოს საქართველოდან”

“ვინმეს სერიოზულად მიაჩნია ულრაიხი ნოიერის შემცვლელად?”

“კვარაცხელიას იგივე დაემართა. ჩვენი ხელმძღვანელობა უბრალოდ უტვინოა. მისით იყვნენ დაინტერესებულნი და მერე მალევე დაავიწყდათ” – წერენ “რეკორდმაისტერის” გულშემატკივრები

ნოიერი 36 წლისაა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ულრაიხი 33 წლის, ნიუბელი კი “მონაკოშია” განათხოვრებული.

“რომას” ფანების შეძახილი: “ძაკანის შვილი ძანიოლოსია!” (ვიდეო)

26 მაისს, “რომამ” უეფას კონფერენს ლიგის მოგება რომის ქუჩებში საკუთარ ფანებთან ერთად აღნიშნა.

ზეიმის დროს, რამდენიმეჯერ “რომას” ფანებისაგან ისმოდა შეძახილი: “ძაკანის შვილი ძანიოლოსია!”

მატია ძაკანი “ლაციოს” ფეხბურთელია, რომლის მეგობარი გოგონა კიარა ნასტი ახლა მისგან ორსულადაა. აღსანიშნავია, რომ ნასტის რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა “რომას” ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოსთან ჰქონდა. “ჯალოროსის” ფანების შეძახილი სწორედ ამ ამბავს უკავშირდება.

რა ხდება არველაძის თავს და რატომ მოუნდა ლობჟანიძე-მიქაუტაძე შოთას?

რამდენიმე კვირის წინ დავწერეთ, რომ შოთა არველაძეს თავის გუნდებში ქართველი არ ფეხბურთელები არ მიჰყავს.

შოთა თითქმის ყველა ინტერვიუში ახსენებდა, რომ კვარაცხელია “ნაპოლიში” წავიდა, მამარდა “ვალენსიაში” და სხვა რადარზე არავინ ჩანდა. მოულოდნელად, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა ჟორჟ მიქაუტაძისა და საბა ლობჟანიძის დამატებით არის დაინტერესებული.

რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ასეთი შემობრუნება ქართველი ფეხბურთელებისადმი არველაძის, მაგრამ როგორც ჩანს, არველაძეს “ჰალში” ქართველების მიწვევა სერიოზულად აქვს განხილული და მხოლოდ იმ მოთამაშეებს დაადგა თვალი, რომლებიც ინგლისში წასვლას შეძლებენ.

მიქაუტაძე ბელგიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ფრანგული პასპორტიც აქვს და ბრიტანულ სამუშაო ვიზას მარტივად მიიღებს. ლობჟანიძე მუდმივად ნაკრების წევრია, თურქეთის სუპერ ლიგაში ასპარეზობს და გოლი+ასისტის მაჩვენებელი 15-ზე მეტია.

გარდა ამისა, ორივე მათგანი საკმაოდ სწრაფია და მეტად შეეგუებიან ძალისმიერ ინგლისურ ფეხბურთს.

როგორც HullLive წერს, “ჰალ სიტიმ” საბას თაობაზე შეთავაზება უკვე გაუკეთა “ჰათაისფორს”.

“ჰალის” მფლობელი, თურქი მულტიმილიონერი აჯუნ ილიჯალი არველაძეს ახალ სეზონში პრემიერ ლიგაში გადამსვლელ შემადგენლობას დაპირდა.

კვარაცხელიას “ნაპოლიში” კონკურენტს მიუყვანენ? “მილანის” შემტევი

იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხორვატი ანტე რებიჩი დატოვებს და კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს.

ვარაუდობენ, რომ “ნაპოლის” ჩრდ.მაკედონიელი ელიფ ელმასი “მილანში” გადავა და სანაცვლოდ, “მილანი” რებიჩს გაუშვებს.

პოზიციურად ანტე შეგვიძლია ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად ჩავთვალოთ. რებიჩს ეს სეზონი ნაკლებად პროდუქტიული გამოუვიდა და ყველა ტურნირზე 3 გოლსა და 2 საგოლე პასს მოუყარა თავი.

“ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ქართველის ეიმედება, თუმცა ხელმძღვანელობა ცდილობს ინსინიეს შემცვლელად მინიმუმ 2 მოთამაშე ჰყავდეთ.

“ჰათაისფორი” ადასტურებს: “ჰალმა” ლობჟანიძის თაობაზე მოგვმართა”

შოთა არველაძის “ჰალ სიტი” საქართველოს ნაკრებისა და “ჰათაისფორის” გარემარბ საბა ლობჟანიძეს ინგლისურ გუნდში იწვევს. ეს ინფორმაცია თურქული კლუბის ვიცეპრეზიდენტმა მუსტაფა ოზათმა დაადასტურა.

“ჰალ სიტიმ” საბა ლობჟანიძისა და აუბ ელ-ქააბის თაობაზე წინადადებით მოგვმართა. ჩვენ ეს საკითხი კლუბის დირექტორთა საბჭოსთან ერთად განვიხილეთ, თუმცა სატრანსფერო საფასური ჯერ არ დაგვიდგენია”, – ციტირებს ოზათის სიტყვებს Ajansspor-ი.

საბა ლობჟანიძემ 2021-2022 წლების სეზონში “ჰათაისფორის” ფორმით 40 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ოთხ მილიონ ევროდ აფასებს.