ლუის სუარესი — „ლივერპულის“ ლიდერი

2011 წლის ზამთარში ლუის სუარესი ამსტერდამის „აიაქსიდან“ „ლივერპულში“ გადაბარგდა. მაშინ მერსისაიდულმა გუნდმა ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 22,8 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, რაც იმ დროისთვის კლუბის სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო. „წითლების“ ხელმძღვანელები და გულშემატკივრები სუარესს დიდი იმედებით შეხვდნენ და მას 7-ნომრიანი მაისურიც უბოძეს, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულ კენი დალგლიშს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით სუარესმა აღიარა, რომ ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, თორემ 7-ნომრიანი მაისურის არჩევას ვერ გაბედავდა.

სუარესის მოსვლამ „ლივერპულის“ შეტევითი ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. 2012 წლის თებერვალში ურუგვაელმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის რიგებში პირველი ტიტულიც მოიგო — ინგლისის ლიგის თასი. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სუარესმა უკვე 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. სულ კი, ურუგვაელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 96 მატჩი ჩაატარა, აქტივში 61 გატანილი გოლი და 31 საგოლე გადაცემა აქვს.

გთავაზობთ 2013/2014 წლების სეზონში სუარესის მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

იუბილარ ნეიმარის საუკეთესო გოლები „ბარსელონას“ რიგებში

დღეს „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერ ნეიმარს 22 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ნეიმარი „ბარსელონაში“ ბრაზილიიდან გადავიდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში „სანტოსის“ რიგებში ასპარეზობდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი 57 მილიონი ევრო დაუჯდა.

გთავაზობთ „ბარსელონას“ რიგებში ნეიმარის მიერ გატანილ ათ საუკეთესო გოლს.

 

ნეიმარმა „ბარსელონა“ მადრიდს დააშორა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVI ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა რიგებიდან დუბლი გაიფორმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა. სტუმართაგან თავი გამოიჩინა მცველმა მატეო მუსაკიომ.

ნეიმარმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა. პენალტის დანიშვნის მიზეზი მარიოს მიერ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაში გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მუსაკიომ კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ნეიმარმა 68-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 43 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიცია გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ამავე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნასთან“ ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, რითაც მესამეადგილოსან „სამეფო კლუბსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა. მეორე პოზიციაზე 40 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ გახლავთ, რომელიც დღეს „ვალენსიას“ მიიღებს.

რაც შეეხება „ვილიარეალს“, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მე-5 პოზიციაზე დარჩა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVI ტური
„ბარსელონა“–„ვილიარეალი“ 2:1
გოლები: ნეიმარი 30′ (პენ), 68′ – მუსაკიო 48′.
გაფრთხილებები: ნეიმარი 85′ – ტრიხორესი 38′.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო გოლის სამი პრეტენდენტი

ფიფამ წლის საუკეთესო გოლის წოდებისთვის სამი პრეტენდენტი დაასახელა. ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ: „პარი სენ-ჟერმენის“ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლისაბონის „ბენფიკას“ სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი და „ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი.

ხმის მიცემა გულშემატკივრებს ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ ვებ-გვერდებზე შეუძლიათ.

წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების  ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

ბექა დოგრაშვილი

როცა რონალდუ არაა, „რეალში“ ბეილი მეფობს (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XV ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუაწელს, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს: ანგარიში 33-ე წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, მოგვიანებით უელსელის პასით თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. 64-ე წუთზე ბეილმა მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და „რეალის“ უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, უელსელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:0.

ამრიგად, ბეილმა „სამეფო კლუბის“ რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს ტრავმირებული კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც გვერდს ირინა შეიკი უმშვენებდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XV ტური
„რეალი“-„ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)

გოლები: ბეილი 33′, 64′, 89′, ბენზემა 36′.
გაფრთხილებები: პეპე 71′ – ლუის სასტრე 81′.

უხვგოლიანი და დრამატული მერსისაიდული დერბი

ინგლისის პრემიერლიგის XII ტური მერსისაიდული დერბით გაიხსნა – „ევერტონმა“ „გუდისონ პარკზე“ თანაქალაქელი „ლივერპული“ მიიღო. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში, დრამატულად წარიმართა. დაძაბულ თამაშს სტადიონის ატმოსფერო კიდევ უფრო ალამაზებდა.

მაყურებელმა სწრაფი გოლი იხილა: შეხვედრის მეხუთე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ „ლურჯებმა“ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს, რითაც ისარგებლა ფილიპე კოუტინიომ და „წითლები“ დააწინაურა, თუმცა ბრენდან როჯერსის გუნდის ქომაგებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად სამ წუთში „ევერტონმა“ ანგარიში გაათანაბრა: გოლი ამჯერადაც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა – მოედნის ცენტრალური ზონიდან ლეიტონ ბეინსის ჩაწოდების შემდეგ ბრძოლა როს ბარკლიმ მოიგო, ბურთი კართან კიდევ უფრო ახლოს მყოფ კევინ მირალასს მიუვიდა, რომელსაც ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია. მე-19 წუთზე „ლივერპული“ ისევ დაწინაურდა. საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა ლუის სუარესმა, რომელმაც ბურთი ცოცხალ კედელს შორის გაატარა და მოჭრილი დარტყმით „წითლები“ წინ გაიყვანა. პირველი ტაიმიდან გამოსარჩევი კიდევ ის გახლავთ, რომ მირალასი მოედნიდან გაძევებას გადაურჩა. ბელგიელმა თავდამსხმელმა გაშლილი ფეხით მძიმე დარტყმა მიაყენა სუარესს, ურუგვაელ ფეხბურთელს სისხლიც წამოუვიდა.  „ლივერპულის“ ფორვარდი, საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა. ორწუთიანი ფიქრის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ფილ დაუდმა მირალასს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

პირველი ტაიმი „ლივერპულმა“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ანალოგიურ ტემპში წარიმართა. „ევერტონი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, „ლივერპული“ თავის შანსს კონტრშეტევებზე ელოდა და სტუმრებს მე-60 წუთზე გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მეტოქის კარის წინ რამდენიმე მეტრში მდგარმა ჯო ალენმა ბურთი ააცილა, თანაც უელსელ ნახევარმცველს ხელს არავინ უშლიდა. ეს ეპიზოდი ნამდვილად შევა კურიოზულ აცილებათა ვიდეოში. რამდენიმე წუთში კარგი შანსი ჰქონდა რომელუ ლუკაკუსაც, თუმცა ახალგაზრდა ბელგიელს მეკარემ აჯობა და ბურთი ჰაერიდან ცალი ხელით მოუხსნა.

72-ე წუთზე ლუკაკუმ მაინც გაიტანა. მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მინიოლემ უხეიროდ მოიგერია, ბურთს „ლივერპულის“ საჯარიმო მოედანზე „ევერტონის“ ფეხბურთელები დაეუფლნენ, შეტევა გაგრძელდა, მაკკარტიმ კარის წინ მყოფი ლუკაკუ მოძებნდა, ბელგიელმა ფორვარდმა ისარგებლა არეულობით და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

82-ე წუთზე „ევერტონი“ სულაც წინ გაიჭრა. გოლი ამჯერადაც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა –  მათი შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ყველას ლუკაკუმ აჯობა და მინიოლეს კარის ბადე მეორედ შეარხია.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა. 89-ე წუთზე ანგარიში კვლავ გათანაბრდა – ჯარიმიდან სტივ ჯერარდის ჩაწოდების შემდეგ თავით შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა დაარტყა და გაიტანა – 3:3.

საბოლოო ჯამში, მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა. მაყურებელმა დაძაბული, დრამატული მატჩი იხილა, რომელსაც არც გოლები აკლდა, არც ვნებათაღელვა და არც აღმაფრენა.

მეორეადგილოსანმა „ლივერპულმა“ 12 ტურის შემდეგ აქტივში 24 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება „ევერტონს“, „კანფეტებმა“ 21 ქულას მოუყარეს თავი და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

ინგლისის პრემიერლიგა
XII ტური
„ევერტონი“-„ლივერპული“ 3:3 (1:2)

„ევერტონი“: ჰოვარდი, ჯაგელკა, ბეინსი (დეულოფე 50′), დისტინი, პიენაარი (სტოუნსი 84′), ბერი, კოულმენი, მაკკარტი, ბარკლი, მირალასი (ოსმანი 88′), ლუკაკუ.
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ფლანაგანი, ლუკასი (სტარიჯი 79′), ალენი (მოზესი 68′), ჰენდერსონი, ჯერარდი, კოუტინიო, სუარესი.
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: მირალასი 8′, ლუკაკუ 72′, 82′ – კოუტინიო 5′, სუარესი 19′, სტარიჯი 89′.
გაფრთხილებები: ბრაკლი 31′, მირალასი 36′, დისტინი 89′ – ალენი 62′, ლუკასი 67′, სუარესი 79′.
მთავარი მსაჯი: ფილ დაუდი.

ბექა დოგრაშვილი

პუშკაშის ჯილდოს პრეტენდენტები ცნობილია – წლის საუკეთესო გოლები

ფერენც პუშკაშის ჯილდო წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა. დღეს ფიფამ იმ ათი ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, ვისაც ამ პრიზის მოგების შანსი ექნება. ნეიმარმა, რომელმაც 2011 წელს უკვე გახდა ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი, წელს გამართულ კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრებს მართლაც თვალსასეირო გოლი გაუტანა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასული წლის 13 ნოემრებს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ შვედმა ფეხბურთელმა ეს გოლი შარშან გაიტანა, 2013 წლის საუკეთესო გოლების სიაშია, რადგან გასულ წელს ამ გოლის გათვალისწინება დროში ვერ მოესწრო.

ჯილდოსთვის იბრძოლებენ: პეტერ ანკერსენი („ესბიორგი“, დანია), ლიზა დე ვანა („სკაი ბლუ“, ახალი ზელანდია), ანტონიო დი ნატალე („უდინეზე“, იტალია), პანაიოტის კონე („ბოლონია“, იტალია), დანიელ ლუდუენია („პაჩუკა“, მექსიკა), ნემანია მატიჩი („ბენფიკა“, პორტუგალია), ლუიზა ნესიბი („ლიონი“, საფრანგეთი), ხუან მანუელ ოლივეირა („ნაუტიკო“, ბრაზილია), ნეიმარი („ბარსელონა“, ბრაზილიის ნაკრები), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, შვედეთის ნაკრები).

ხმის მიცემა გულშემატკივრებს ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ ვებ-გვერდებზე შეუძლიათ. 9 დეკემბერს კანდიდატთა რაოდენობა ათიდან სამამდე შემცირდება.

წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების  ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსი“-„ნაპოლი“ 3:0 – ერთი თაღლითობა, ორი შედევრი

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ნაპოლი“ მიიღო. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ფერნანდო ლორენტემ ანგარიში გახსნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათელი გახდა, რომ მსაჯები შეცდნენ – ბასკი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, „ბიანკონერი“ დებიუტშივე დაწინაურდა. მაყურებლებს მეორე გოლის სანახავდ საკმაო ლოდინი მოუხდათ, თუმცა ამ დროის გახარჯვა დანარჩენ ორ გოლად ღირდა. 74-ე წუთზე ანდრეა პირლომ ანგარიშში სხვაობა საჯარიმო დარტყმით გაზარდა. საბოლოო შედეგი პოლ პოგბამ დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მე-80 წუთზე იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა – 3:0. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პეპე რეინას კარის მიმართულებით ბურთი 101 კმ/სთ სიჩქარით გაგზავნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლები 83-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან სწრაფი კონტშეტევის ჩაშლისთვის მთავარმა არბიტრმა ტურინელთა მცველ ანჯელო ოგბონას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა და ლიდერ „რომასთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „ნაპოლის“, რაფაელ ბენიტესის გუნდი 28 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

იტალიის სერია A
XII ტური
„იუვენტუსი“–„ნაპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: ლორენტე 2′, პირლო 74′, პოგბა 80′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 51′, ოგბონა 57′, ვიდალი 72′ – ჰამშიკი 61′.
გაძევება: ოგბონა 83′.

ბექა დოგრაშვილი

„ნიუკასლმა“ „ჩელსი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტური „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის შემდგარი მატჩით გაიხსნა. „სენტ ჯეიმს პარკზე“ გამართული სეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ის, ბევრისთვის მოულოდნელად, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.

მეორე ტაიმში „ნიუკასლმა“ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა: ანგარიში 68-ე წუთზე იოან გუფრანმა გახსნა, 89-ე წუთზე კი „კაჭკაჭების“ უპირატესობა ლოიკ რემიმ გაზარდა.

მეორე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ აქტივში 20 ქულა დარჩა, „ნიუკასლმა“ კი 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ტურის დარჩენილი მატჩები ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ასე რომ, სატურნირო მდგომარეობის შეცვლა მოსალოდნელია.

ინგლისის პრემიერლიგა
მე-10 ტური
„ნიუკასლი“-„ჩელსი“ 2:0 (0:0)

გოლები: გუფრანი 68′, რემი 89′.
გაფრთხილებები: სისოკო 42′, რემი 90′ – დავიდ ლუისი 75′, რამირესი 77′.

 

ათკაციანი „ინტერი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუზავდა

იტალიის სერია А-ს მერვე ტური „ტორინოსა“ და მილანის „ინტერს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ანგარიშით 3:3 დასრულდა. სტუმართაგან გოლები ფრედი გუარინმა და ორჯერ როდრიგო პალასიომ გაიტანეს. „ტორინოს“ მხრიდან გატანილი გოლებით თავი ალექსანდრ ფერნერუდმა, ჩირო იმობილემ და ნიკოლა ბელომომ გამოიჩინეს.

აღსანიშანვია, რომ მატჩის მე-5 წუთზე „ინტერი“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, რადგან მთავარმა მსაჯმა მილანელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი გააძევა. მე-7 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ალესიო ჩერჩიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

სერია А
მერვე ტური
„ტორინო“-„ინტერი“ 3:3 (1:1)

გოლები: ფერნერუდი 21′, იმობილე 53′, ბელომო 90′ – გუარინი 45+1′, პალასიო 55′, 71′.
გამოუყენებელი პენალტი: ჩერჩი 7′.
გაფრთხილებები: გაცი 32′, ფერნერუდი 37′, იმობილე 80′ – ტაიდერი 26′, კამბიასო 78′.
გაძევება: ჰანდანოვიჩი 5′.