2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდით ამაყობს, თუმცა სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი უნდა მოსულიყო.
– შეაფასეთ დღევანდელი მატჩი.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ვამაყობ, როგორც მწვრთნელი და ალბათ, მთელი საქართველო ამაყობს იმით, რომ ასეთი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა ქართული ფეხბურთისთვის ასეთ რთულ პერიოდში. იქნებ, ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოვიდეს. საფრანგეთის ნაკრები არის გუნდი, რომელიც ასეთი დონის ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მათ დღეს არაფერი დავუთმეთ. იმ ხალხმა, ალბათ წააგო, ვინც დღეს სტადიონზე არ მოვიდა, თუმცა ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მათ ჩვენი ცუდი შედეგებით ხელი ვკარით. ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა და ის ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ამისთვის ფინეთის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. იმედია, მომდევნო მატჩზე მეტი ხალხი მოვა.
– ვის გამოარჩევდით და რა გახდა ამ შედეგის ძირითადი მიზეზი?
– ვინმეს გამორჩევა რთულია. მთელმა გუნდმა, შეცვლებზე შემოსულმა ფეხბურთელებმა წვლილი შეიტანეს და გულშემატკივრებს ეს საღამო აჩუქეს. არ მჩვევია მატჩის შემდეგ ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა და ამისთვის მადლობას ვიხდი. თუ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენსას მივაღწევთ. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და ერთ-ორ წელიწადში ისინი მეტს გააკეთებენ. ვფიქრობ, მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიზანს რეალურად შევხედავთ თვალებში.
– მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდმა ყველაზე ძლიერად ითამაშა, ამ პერიოდში გვქონდა მომენტებიც. შესვენებაზე ეს დაავალეთ გუნდს?
– ჩვენ მეტისმეტად დავაფასეთ საფრანგეთი. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტი ძალით წინ წასულიყვნენ. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდმა კარგად ითამაშა, ხალხიც გვერდში დაგვიდგა. ასეთი დონის გუნდის დამარცხება ადვილი არ არის. სახლში უკეთ ვთამაშობთ. ძლიერ სპარინგ-პარტნიორს თუ არ სურს, მას ძალით ვერ ჩამოიყვან, არადა, შინ ასეთი მატჩების ჩატარება თავდაჯერებას შეგვმატებდა.
– საფრანგეთის ნაკრებისგან მეტს ველოდით. ეს ხომ არ იყო მათი მხრიდან ქართველთა დაუფასებლობა?
– ისე ამბობ, თითქოს გეწყინა ეს შედეგი. ამაზე რომ გიპასუხო, ვინანებ, ამიტომ არ გეტყვი.
– გასახდელში ჩაეხუტეთ თარგამაძეს?
– კი. იგონებენ, თითქოს ნაკრებში დაძაბულობაა. რომელ ჩიტს მოაქვს ეს ამბები? ეს რა ბოღმა ჩიტი ყოფილა?!
– როგორ მოახერხებთ ფინეთის ნაკრებისთვის გუნდის ისე გადაწყობას, რომ პირველ ნომრად ითამაშოთ. საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში გამარჯვება სჭირდება.
– უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთებიდან ხუთი თავდამსხმელი უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტაქტიკა რომ გავამხილოთ, შეიძლება მეტოქემ დაამუშაოს.
– დღეს სათამაშო დისციპლინაც იგრძნობოდა. რა განსახვავება იყო დღევანდელსა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის?
– როცა ამხანაგურ შეხვედრებს ვიგებთ, ზოგიერთები ამბობენ, ეს რათ გვინდაო და როცა ვაგებთ, მაშინ მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ასეთი მატჩები. 31 მატჩიდან 19 გასვლაზე რომ ატარებ, 19-ივეს ვერ მოიგებ, თუმცა ფეხბურთელებმა უნდა შეიგნონ, რომ გუნდისთვის და ქვეყნისთვის ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია და ოფიციალურიც. როცა გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ ჩემი გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძოლებდა. ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც 0:6 და 0:5 აგებდა. მაშინ ხალხი ტრიბუნაზე გინების მეტს არაფერს აკეთებდა, ანდაც სტადიონიდან მიდიოდნენ.
– ფინეთის ნაკრებთან თქვენს მე-11 გამარჯვებას მოიპოვებთ?
– დაპირებები არ მიყვარს. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მომდევნო მატჩსაც ისე ითამაშებს, როგორც დღეს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. ხალხი კი, რომელიც სტადიონზე არ მოვა, ბევრს ინანებს.
– როგორც ჩანს, ეს არის გუნდის ოპტიმალური ტაქტიკა. გარკვეულმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ყველაზე კარგად ამ ფორმაციით ვითამაშეთ და ასე გაგრძელდება?!
– ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ყაზახეთის ნაკრებტან გამართულ მატჩში ორი-სამი და ხუთი ფორვარდით ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. დაცვაშიც უნდა შეგეძლოს ტამაში. რომ არ დააფასებ მეტოქეს, ასეტი იაღლიში მოგივა. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთისთვის ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ვიდრე ყაზახეთან ჩვენი მარცხი.
ბექა დოგრაშვილი