იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ იუწყება, რომ ანტონიო კასანო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარუმატებლად გამოსვლის გამო ჯანლუიჯი ბუფონს ადანაშაულებს. წყაროს თანახმად, კასანომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიცვა და განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილებას დანიელე დე როსი და ჯანლუიჯი ბუფონი იღებდნენ, რამაც დანარჩენ მოთამაშეებზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.
„მხოლოდ მაშინ მოვიგეთ, როცა შენ არ ითამაშე“, – წყაროს ცნობით, ეს სიტყვები უთხრა კასანომ ბუფონს ბრაზილიიდან სამშობლოში გამგზავრებისას.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა მეკარემ ტრავმის გამო ტურნირის სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ კარს ბუფონის ნაცვლად, სალვატორე სირიგუ იცავდა.
ბუფონმა „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კასანოსთან კონფლიქტი უარყო.
„არ მესმის, რატომ სურს პრესას სიტუაციის დაძაბვა“, – აღნიშნა იტალიელმა კიპერმა.