კლოპმა გერმანიის თასის წილისყრის ნაცვლად სერიალს უყურა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრისთვის თვალყური არ მიუდევნებია. მისი გუნდი 28 აპრილს, მიუნხენში, “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში “არმინია” “ვოლფსბურგს” შეხვდება.

“წილისყრისთვის არ მიყურებია, რადგან ისედაც ვიცოდი, რომ “ბაიერნი” შეგვხვდებოდა. ამის ნაცვლად სერიალ “კანონსა და წესრიგს” ვუყურე, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო სისტემის სპეციფიკურობებს ეხება. კარგია, რომ მატჩი მიუნხენში ჩატარდება. როგორც წესი, იქ კარგად ვთამაშობთ ხოლმე. არა მგონია, რომ შანსი არ გვქონდეს”, – კლოპის კომენტარი “ბორუსიას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

“მილანს” გუნდის თავკაცად იურგენ კლოპი სურს

“მილანის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაცის, იურგენ კლოპის კანდიდატურას განიხილავს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” აქვეყნებს.

მანამდე გავრცელებული ცნობით, “როსონერი” ზაფხულში ფილიპო ინძაგის გათავისუფლებას და მის ნაცვლად “ფიორენტინას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას მოწვევას აპირებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა “ვიოლაში” დარჩენა გადაწყვიტა.

ახლა “მილანი” ინძაგის შემცვლელად კლოპის კანდიდატურას განიხილავს. TMW-ის ცნობით, თუ “როსონერი” იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ვერონასთან” დამარცხდება, ინძაგის პოსტიდან გაათავისუფლებენ.

 

კლოპი “დორტმუნდის” დატოვებას არ აპირებს

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კლუბის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდი შედეგები აქვს.

“მესმის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მსგავსი აზრები გიჩნდებათ, თუმცა მე კვლავაც მზად ვარ, გუნდის თამაშზე პასუხისმგებლობა ავიღო”, – აღნიშნა კლოპმა გერმანიის ბუნდესლიგის XIII ტურში “აინტრახტთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:2).

“ასი პროცენტით დარწმუნებულნი ვართ, რომ იურგენ კლოპთან ერთად ამ რთული სიტუაციიდან გამოვალთ”, – განაცხადა “ბორუსიას” მენეჯერმა მიხაელ ცორკმა.

 

კლოპი ინგლისურ კლუბებთან მოსალაპარაკებლად მზადაა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მომავალში რომელიმე ინგლისურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს გერმანული გუნდი ლონდონში ადგილობრივ “არსენალს” საჩემპიონთალიგო მატჩში დაუპირისპირდება.

“ჩემი აზრით, ინგლისი არის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც უნდა ვიმუშაო გერმანიის შემდეგ. ინგლისური ენა გერმანულის გარდა ერთადერთია, რომელსაც ასე თუ ისე ვფლობ. ასე რომ, თუ ვინმე დამიკავშირდება, მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ”, – კლოპის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” 2008 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, ორჯერ დაისაკუთრა გერმანიის სუპერთასი. 2012/13 წლების სეზონში კლოპის “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ახლა კლუბს სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია უკავია.

 

გვარდიოლა: „ალბათ, შეცდომა დავუშვი“

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგა, სადაც მიუნხენის „ბაიერნმა“ გათამაშების მეორეადგილოსან დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ საუბრობდა.

„ბორუსიას“ ვულოცავ. პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე ნახევარშიც რაღაც გვაკლდა. აქამდე დაცვაში ძალზედ საიმედოდ ვთამაშობდით, მაგრამ „ბორუსიასთან“ ეს ვერ მოვახერხეთ. ალბათ შეცდომა დავუშვი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ შეხვედრაში ცოტა სხვანაირად თამაში გადავწყვიტე. რაც არ უნდა იყოს, თავს იმით ვერ გავიმართლებ, რომ გუნდის როტაციას მივმართე“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

კლოპი: „ბუნდესლიგაში მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს საქმე მოგვარებული“

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგება, სადაც მიუნხენის „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება. ბავარიელებს ბუნდესსასალათე უკვე განაღდებული აქვთ. სამაგიეროდ, დანარჩენი პოზიციებისთვის მიდის ბრძოლა.

ახლა ყველაზე დიდ ინტერესს ის იწვევს, თუ ვინ დაიკავებს ბუნდესლიგის მეორე ადგილს. გელზენკირხენის „შალკემ“ გუშინ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში „ბორუსიას“ გაუთანაბრდა, თუმცა დორტმუნდელები ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით არ ჩამოქვეითებულან. „შალკესთან“ 3-ქულიანი სხვაობის აღსადგენად „ბორუსიას“ „ალიანს არენაზე“ „ბაიერნის“ დამარცხება მართებს. მართალია, ბავარიელებმა ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოედანზე უმოტივაციოდ გავლენ. ბოლოს და ბოლოს, მათ არენაზე სათამაშოდ ბოლო წლების ყველაზე მედგარი კონკურენტი გამოვა.
დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „შალკესთან“ დაპირისპირებამდე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მის გუნდზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

„ბორუსიას“ ყველაფერი რიგზე აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო საკუთარი ძალების რწმენა არ დაგვიკარგავს. ყველას როდი შეუძლია ყოველ წელს ნახევარფინალამდე გასვლა. რამდენიმე მშვენიერი გუნდი სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო ადრეულ ეტაპზეც გამოვარდა ტურნირიდან. დავისაჯეთ იმიტომ, რომ მადრიდში ცუდად ვითამაშეთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მარცხი არ უნდა დავივიწყოთ.

ჩვენთვის გერმანიის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ ქულები სჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვდეს. ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ გუნდს აქვს საქმე მოგვარებული, ეს „ბაიერნია“. დანარჩენები დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას განაგრძობენ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კლოპმა.

მატჩი „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ამ კვირის საკონკურსო მატჩთა სიაშია შეტანილი.

ბექა დოგრაშვილი

კლოპი დააჯარიმეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არასპორტული საქციელისთვის 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ შორის გამართული მატჩის (1:2) კომპენსირებულ დროში კლოპი ერთ-ერთ არბიტრთან მივიდა და დაუყვირა.

„ბორუსიას“ თავკაცისგან ამგვარი ქმედება პირველი არ გახლავთ. გემახსოვრებათ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც უღრიალა კლოპმა დამხმარე მსაჯს.

ბექა დოგრაშვილი

კლოპმა რუსი თარჯიმანი გააკრიტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გასამართ მატჩამდე მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახალისო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის პრესკონფერენციაზე მოწვეული თარჯიმანი, როგორც ჩანს,
ფეხბურთისგან საკმაოდ შორს მდგარი ადამიანი იყო. ამის გამო გერმანელ სპეციალისტს რამდენჯერმე მოუწია კომენტარის გამეორება. ბოლოს კი, კლოპმა თარჯიმანს ასეთი რამ უთხრა:

„იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამის სწორად გადათარგმნა შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ ამ კაცს ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ცხოვრებაში არ უყურებია“.

თარჯიმანი კლოპს დაეთანხმა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

კლოპი: „ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.

„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „კლოპი მაგარი კაცია“

ალბათ, გახსოვთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და იურგენ კლოპს შორის საჯარო დიალოგი რომ შედგა. მაშინ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა გერმანელ სპეციალისტს ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდა დორტმუნდის „ბორუსიაში“. კლოპმა კი უპასუხა, რომ ზლატანის ხელში ჩასაგდებად მთელი გუნდის გაყიდვა მოუწევდა. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და დაიწყო სპეკულირება იმის შესახებ, რომ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იბრაჰიმოვიჩს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად წაიყვანდა, თუმცა ამ ჭორებს თავად ზლატანმა დაუსვა წერტილი.

„იურგენ კლოპი მაგარი კაცია! მომწონს, როგორ თამაშობს დორტმუნდის „ბორუსია“ გიჟი კლოპის თავკაცობით. თუმცა, მე მათთან ერთად თამაში არ შემიძლია. ბუნდესლიგაში ვერ გადავალ, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მინდა თამაში“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.

შვედმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“ დამაჯერებლად ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც თითქმის გაინაღდა.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი სამი კანდიდატი

ფიფამ 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის სამი კანდიდატი დაასახელა. ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეცილებიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი.

ეს ჯილდო 2010 წლიდან მოქმედებს და მისი მფლობელები არიან: ჟოზე მოურინიო (2010), ხოსეპ გვარდიოლა (2011) და ვისენტე დელ ბოსკე (2012).

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

კლოპმა მხითარიანს ბოდიში მოუხადა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურში „მაინცის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის კომპენსირებულ დროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დამატებით დროში „ბორუსიამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. პენალტის შესასრულებლად ჰენრიხ მხითარიანი გაეშურა, თუმცა ბოლო მომენტში სომეხ ნახევარმცველს რობერტ ლევანდოვსკიმ უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი პოლონელს უნდა დაერტყა. საბოლოო ჯამში, პენალტი ლევანდოვსკიმ დაარტყა და გაიტანა კიდეც.

„ეს ჩემი ბრალია. მხითარიანი სამართლიანად განაწყენდა, თუმცა თავად მე ვთქვი, რომ პენალტს მეცხრე ნომერი დაარტყამდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მხითარიანს ბოდიში უკვე მოვუხადე. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ეს პენალტი აუცილებლად გაგვეტანა. რა თქმა უნდა, მიკისაც (მხითარიანის შემოკლებული სახელი) შეეძლო, კარგად დაერტყა“, – კლოპის სიტყვები „ბორუსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბორუსიამ“ სტუმრად „მაინცი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ორი გოლი ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი